არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხედავთ თუ არა ნათლად ჯილდოს?

ხედავთ თუ არა ნათლად ჯილდოს?

ხედავთ თუ არა ნათლად ჯილდოს?

დაავადება ნელ-ნელა ვითარდება. თავიდან ის აზიანებს პერიფერიულ მხედველობას. მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში კი — ცენტრალურ მხედველობასაც. ბოლოს მან შეიძლება მხედველობის სრული დაკარგვაც გამოიწვიოს. რა დაავადებაზეა აქ საუბარი? გლაუკომაზე, რომელიც დაბრმავების ყველაზე ხშირი მიზეზია.

როგორც ფიზიკური მხედველობა შეიძლება დავკარგოთ თანდათანობით და შეუმჩნევლად, ასევე შეიძლება დავკარგოთ უფრო ძვირფასი — სულიერი მხედველობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, სულიერი საქმეები ჩვენი მხედველობის ცენტრალურ ნაწილში გვქონდეს მოქცეული.

ნათლად ვხედავდეთ ჯილდოს

ჩვენი ფიზიკური თვალისთვის „უხილავ“ რამეებს შორის არის მარადიული ცხოვრების დიდებული ჯილდო, რომელსაც იეჰოვა თავის ერთგულებს ჰპირდება (2 კორინთელთა 4:18). რა თქმა უნდა, უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ქრისტიანები ღმერთს ემსახურებიან, მისდამი სიყვარულია (მათე 22:37). მიუხედავად ამისა, იეჰოვას სურს, რომ მთელი გულით მოველოდეთ ჯილდოს მიღებას. ღმერთს უნდა, რომ მასში ვხედავდეთ გულუხვ მამას, რომელიც „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელთა 11:6, აქ). ამიტომ ყველა, ვინც ნამდვილად იცნობს ღმერთს და ვისაც უყვარს ის, ძალიან აფასებს მის მიერ აღთქმულ კურთხევებს და მთელი გულით მოელის მათ შესრულებას (რომაელთა 8:19, 24, 25).

ამ ჟურნალისა და „გამოიღვიძეთ!“–ის მრავალი მკითხველი სიამოვნებით ათვალიერებს დედამიწაზე მომავალი სამოთხის ამსახველ სურათებს. რასაკვირველია, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორი იქნება სამოთხედ ქცეული დედამიწა. ამ ჟურნალებში მოცემული სურათებიც მხატვრის ფანტაზიით შესრულებული ნახატებია, რომლებიც ბიბლიურ მუხლებში — მაგალითად ესაიას 11:6—9–ში — მოცემული სიტყვების საფუძველზეა შექმნილი. მიუხედავად ამისა, ერთმა ქრისტიანმა ქალმა თქვა: «როდესაც „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“–ში სამოთხის სურათებს ვნახულობ, ისევე დაკვირვებით ვათვალიერებ მათ, როგორც ტურისტულ რუკას. ვცდილობ, საკუთარი თავი წარმოვიდგინო ამ სამოთხეში, რადგან ღვთის მიერ დანიშნულ დროს სწორედ იქ ცხოვრების იმედი მაქვს».

მსგავსი გრძნობა ჰქონდა მოციქულ პავლეს თავისი „მოწოდების“ მიმართ. ის არ ფიქრობდა, რომ უკვე მიაღწია ამ მოწოდებას, რადგან მის მისაღებად ბოლომდე ერთგული უნდა დარჩენილიყო. და მაინც, პავლე განაგრძობდა ‘იმისკენ ლტოლვას, რაც მის წინ იყო’ (ფილიპელთა 3:13, 14). მსგავსად ამისა, იესომაც „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა“, აიტანა წამების ძელზე სიკვდილი (ებრაელთა 12:2, აქ).

ოდესმე გაგჩენიათ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, გადახვალთ თუ არა ახალ ქვეყნიერებაში? ძალიან კარგია, რომ ზედმეტად თავდაჯერებულები არა ვართ, რადგან მარადიული ცხოვრების ჯილდოს მიღება-არმიღება, ერთგულების ბოლომდე შენარჩუნებაზეა დამოკიდებული (მათე 24:13). მაგრამ, როდესაც მაქსიმალურად ვცდილობთ ღვთის მოთხოვნების შესაბამისად მოქცევას, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჯილდოს მივიღებთ. გახსოვდეთ, იეჰოვას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9). თუ მივენდობით იეჰოვას, ის დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში. მართლაც, მისი ბუნებისთვის უცხოა ადამიანებში — რომლებიც გულწრფელად ცდილობენ მის მოსაწონად მოქცევას — იმის ძებნა, რის გამოც მათ არ დააჯილდოებდა (ფსალმუნები 102:8—11; 129:3, 4; ეზეკიელი 18:32).

იმის ცოდნა, თუ რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას თავისი ხალხის მიმართ, იმედს გვინერგავს; იმედის ქონა კი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც — რწმენის (1 კორინთელთა 13:13). ბერძნული სიტყვა, რომელიც „იმედად“ ითარგმნა, ბიბლიაში მთელი გულით „კარგის მოლოდინის“ აზრსაც ატარებს. პავლეს ასეთი იმედი ჰქონდა მხედველობაში, როდესაც დაწერა: „გვსურს, რომ ყოველი თქვენგანი, იმედის სისრულისათვის იჩენდეს იმავე ერთგულებას ბოლომდე, რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენით და სულგრძელობით იმკვიდრებენ აღთქმებს“ (ებრაელთა 6:11, 12). თუ განვაგრძობთ იეჰოვასადმი ერთგულად მსახურებას, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი იმედი რეალობად იქცევა. წუთისოფელში არსებული მრავალი მისწრაფებისგან განსხვავებით, ეს იმედი „არ გაგვაწბილებს“ (რომაელთა 5:5, აქ). მაშ, რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ ყოველთვის ნათლად გვედგას თვალწინ ჩვენი იმედი?

როგორ შეგვიძლია სულიერი მხედველობის გაუმჯობესება?

ფიზიკური თვალი შეუძლებელია ერთდროულად ორ რამეზე იყოს ფოკუსირებული. იმავეს თქმა შეიძლება სულიერ მხედველობაზეც. თუ ყურადღების ცენტრში ის გვაქვს, რასაც დღევანდელი სისტემა გვთავაზობს, ცხადია, ღვთის მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებას არ ექნება მთავარი ადგილი ჩვენს გონებაში. დროთა განმავლობაში ამ ბუნდოვანმა, პერიფერიული მხედველობით აღქმულმა წარმოსახვითმა სურათმა შეიძლება დაკარგოს თავისი მიმზიდველობა და გაგვიქრეს კიდეც თვალთა ხედვიდან. რა სამწუხარო იქნება, ეს რომ მოხდეს! (ლუკა 21:34). ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ‘სუფთა თვალი’, რომელიც ღვთის სამეფოსა და მარადიული ცხოვრების ჯილდოზეა ფოკუსირებული (მათე 6:22).

თვალის სუფთად შენარჩუნება ყოველთვის არ არის ადვილი. ცხოვრებაში ვხვდებით ყოველდღიურ პრობლემებს, რომლებიც ყურადღების მიქცევას საჭიროებს; ვხვდებით ასევე ხელის შემშლელ ფაქტორებს, ზოგჯერ ცდუნებებსაც კი. როგორ შეგვიძლია ასეთ მდგომარეობაში მთელი ყურადღება სამეფოსა და ღვთის მიერ აღთქმული ახალი ქვეყნიერებისკენ გვქონდეს მიპყრობილი ისე, რომ სხვა აუცილებელი საქმეებიც არ უგულებელვყოთ? განვიხილოთ სამი საშუალება.

ყოველდღიურად ისწავლეთ ღვთის სიტყვა. ბიბლიის რეგულარულად კითხვა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების შესწავლა გვეხმარება იმაში, რომ ჩვენს გონებაში მთავარი ადგილი სულიერ საკითხებს ეჭიროს. შეიძლება უკვე წლებია, რაც ღვთის სიტყვას ვსწავლობთ, მაგრამ უნდა განვაგრძოთ ამის კეთება ზუსტად ისევე, როგორც ფიზიკური საკვების მიღებას განვაგრძობთ სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ცხადია, ჩვენ ჭამას არ ვწყვეტთ იმის გამო, რომ აქამდე უკვე ათასჯერ გვიჭამია. ასე რომ, იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად კარგად ვართ ბიბლიასთან გაცნობილი, საჭიროა, განვაგრძოთ მისი შესწავლა — რეგულარულად მივიღოთ სულიერი საზრდო, რათა ამის საშუალებით იმედი თვალწინ ნათლად გვედგას და ძლიერი რწმენა და სიყვარული შევინარჩუნოთ (ფსალმუნები 1:1—3).

მადლიერებით იფიქრეთ ღვთის სიტყვაზე. რატომ არის დაფიქრება მნიშვნელოვანი? ორი მიზეზის გამო. პირველი: დაფიქრება საშუალებას გვაძლევს, ავითვისოთ წაკითხული და მოწოდებული ინფორმაციისთვის დიდი მადლიერება განვივითაროთ. მეორე: დაფიქრება გვეხმარება, არ დაგვავიწყდეს იეჰოვა, მისი შესანიშნავი საქმეები და იმედი, რომელიც მან მოგვცა. მაგალითად, ისრაელებმა, რომლებმაც მოსესთან ერთად დატოვეს ეგვიპტე, საკუთარი თვალით იხილეს იეჰოვას დიდებული ძალის გამოვლენა; აგრეთვე დაინახეს, როგორ იცავდა მათ ღმერთი სიყვარულით, როდესაც სამკვიდროსკენ მიუძღოდა. მაგრამ, როგორც კი ისრაელები აღთქმული მიწისკენ მიმავალ გზაზე უდაბნომდე მივიდნენ, მაშინვე დრტვინვა დაიწყეს, რითაც რწმენის სერიოზული ნაკლებობა გამოავლინეს (ფსალმუნები 77:11—17). რამ გამოიწვია ეს?

ხალხმა ყურადღება იეჰოვასაგან და მათთვის მიცემული შესანიშნავი იმედისგან საკუთარ კეთილდღეობასა და ხორცის სურვილებზე გადაიტანა. საოცარი ნიშნებისა და სასწაულების მიუხედავად, რომელთა თვითმხილველნიც იყვნენ, მრავალი ისრაელი ურწმუნო მდრტვინავი გახდა. „აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი“, — ნათქვამია ფსალმუნების 105:13–ში. ასეთი დაუდევრობა, რომელსაც გამართლება არ ჰქონდა, იმ თაობას ძვირად დაუჯდა — ისინი აღთქმულ ქვეყანაში ვერ შევიდნენ.

ამგვარად, როდესაც საღვთო წერილს ან ბიბლიის შესასწავლ დამხმარე პუბლიკაციებს კითხულობთ, დრო გამოყავით, რათა წაკითხულზე დაფიქრდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სულიერი ჯანმრთელობისა და ზრდისთვის. მაგალითად, როდესაც 105–ე ფსალმუნს კითხულობთ (რომლის მონაკვეთიც ზემოთ იყო მოყვანილი), იფიქრეთ იეჰოვას თვისებებზე. შენიშნეთ, რამდენად მომთმენი და გულმოწყალე იყო ის ისრაელების მიმართ. მხედველობიდან არ გამოგრჩეთ, როგორ გააკეთა მან ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ხალხი აღთქმულ ქვეყანაში შეეყვანა. ყურადღება მიაქციეთ, როგორ უჯანყდებოდნენ გამუდმებით ისრაელები ღმერთს. წარმოიდგინეთ იეჰოვას გულისტკივილი, როდესაც ეს უმადური ხალხი უსულგულოდ უკიდურესობამდე სცდიდა მის მოწყალებასა და მოთმინებას. გარდა ამისა, 30–ე და31–ე მუხლებზე დაფიქრება, რომლებშიც სამართლიანობის მხარეს ფინხასის მტკიცედ და გაბედულად გამოსვლაა მოხსენიებული, გვარწმუნებს, რომ იეჰოვა არ ივიწყებს თავის ერთგულ ადამიანებს და მათ გულუხვად აჯილდოებს.

გამოიყენეთ ბიბლიური პრინციპები. ბიბლიურ პრინციპებს როცა ვიყენებთ, ვხედავთ, რომ იეჰოვას რჩევები სასარგებლოა. იგავების 3:5, 6–ში ნათქვამია: „დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“. დაფიქრდით იმ ფსიქიკურ, ემოციურ და ფიზიკურ პრობლემებზე, რომლებიც მრავალს უზნეო ცხოვრებამ მოუტანა. ეს ხალხი წუთიერი სიამოვნების მიღების უარყოფით შედეგებს წლების განმავლობაში ან მთელი ცხოვრებაც კი იმკის. მათგან სრულიად განსხვავებით, „ვიწრო გზაზე“ მდგომნი წინასწარ ტკბებიან იმის წარმოდგენით, თუ როგორი იქნება ახალ სისტემაში ცხოვრება; და ეს მათ სიცოცხლის ბილიკზე დარჩენაში ეხმარება (მათე 7:13, 14; ფსალმუნები 33:9).

ბიბლიური პრინციპების გამოყენება შეიძლება არც ისე ადვილი იყოს. ზოგჯერ შესაძლოა ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ არაბიბლიური გადაწყვეტილების მიღება დაეხმარება რთული სიტუაციიდან დაუყოვნებლივ თავის დაღწევაში. მაგალითად, როდესაც ვინმეს ეკონომიურად უჭირს, შეიძლება დადგეს ცდუნების წინაშე, მეორე ადგილზე გადაიტანოს სამეფოს ინტერესები. მაგრამ მათ, ვინც რწმენის შესაბამისად მოქმედებს და განაგრძობს სულიერის პირველ ადგილზე დაყენებას, ბიბლია არწმუნებს, რომ საბოლოოდ „მიეგებათ მადლი“ (ეკლესიასტე 8:12, სსგ). ქრისტიანს შეიძლება ზოგჯერ სამუშაოზე ჩვეულებრივზე მეტი საათების გატარება მოუწიოს. მაგრამ ის არასოდეს მოიქცევა ესავის მსგავსად, რომელმაც სულიერი უმნიშვნელოდ ჩათვალა და უგულებელყო (დაბადება 25:34; ებრაელთა 12:16).

იესომ ნათლად ახსნა, რა გვევალება ქრისტიანებს: ‘უპირველესად უნდა ვეძიოთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე’ (მათე 6:33). თუ ამგვარად მოვიქცევით, იეჰოვა ჩვენდამი მამობრივ სიყვარულს გამოავლენს და მოგვცემს ყოველივეს, რაც გვჭირდება. მას ნამდვილად არ სურს, რომ თავი დავიმძიმოთ იმ საზრუნავებით, რომლებზეც, თავისი სიტყვების თანახმად, თვითონ ზრუნავს. ასეთი საზრუნავები სულიერი გლაუკომის მსგავსია, რომელსაც თუ არ ვუმკურნალებთ, თანდათანობით დაგვივიწროვებს მხედველობის არეს; შედეგად, მატერიალური საზრუნავის მეტს ვეღარაფერს დავინახავთ და, საბოლოოდ, სულიერად დავბრმავდებით. თუ ამ მდგომარეობაში დავრჩებით, იეჰოვას დღე დაგვატყდება „როგორც მახე“. ეს მართლაც რომ სამწუხარო იქნება! (ლუკა 21:34—36).

იესო ნავეს ძის მსგავსად შეინარჩუნეთ სათანადოდ ფოკუსირებული თვალი

მოდი კვლავაც ღვთის სამეფოს დიდებული იმედისკენ გვქონდეს მიპყრობილი მზერა, სხვა ვალდებულებებს კი სათანადო ადგილი მივუჩინოთ. საღვთო წერილის შესწავლის, ნასწავლზე დაფიქრებისა და ბიბლიური პრინციპების გამოყენების საშუალებით, იესო ნავეს ძის მსგავსად, ჩვენც შევძლებთ გულდაჯერებულად ყოფნას, რომ ჩვენი იმედი აღსრულდება. აღთქმულ მიწაზე ისრაელების შეყვანის შემდეგ იესო ნავეს ძემ თქვა: „შეიცანით მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით, რომ არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა ყველა იმ სასიკეთო სიტყვიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს. ყოველივე აგიხდათ თქვენ და არ გაცუდებულა მათგან არც ერთი სიტყვა“ (იესო ნავეს ძე 23:14).

დაე სამეფოს იმედმა ძალები შეგმატოთ და დღეები გაგინათოთ და ეს აირეკლოს თქვენს აზრებზე, გრძნობებზე, გადაწყვეტილებებსა და საქმეებზე (იგავები 15:15; რომაელთა 12:12).

[სურათი 21 გვერდზე]

შეგპარვიათ ოდესმე ეჭვი იმასთან დაკავშირებით, გადახვალთ თუ არა ახალ ქვეყნიერებაში?

[სურათი 22 გვერდზე]

წაკითხულზე დაფიქრება ბიბლიის შესწავლის მნიშვნელოვანი ნაწილია.

[სურათები 23 გვერდზე]

მთელი ყურადღება სამეფოს ინტერესებისკენ გქონდეთ მიპყრობილი.