არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არაფორმალურად ქადაგება ინგლისურენოვან ტერიტორიაზე მექსიკაში

არაფორმალურად ქადაგება ინგლისურენოვან ტერიტორიაზე მექსიკაში

არაფორმალურად ქადაგება ინგლისურენოვან ტერიტორიაზე მექსიკაში

პავლე მოციქულმა, სანამ თავის თანამსახურებს ელოდებოდა ათენში, ისარგებლა შემთხვევით და არაფორმალურად იქადაგა. ბიბლია მოგვითხრობს: „ელაპარაკებოდა . . . იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე“ (საქმეები 17:17). იუდეიდან გალილეაში მიმავალმა იესომ ერთ ჭასთან არაფორმალურად უქადაგა სამარიელ ქალს (იოანე 4:3—26). თქვენც სარგებლობთ ნებისმიერი ხელსაყრელი შესაძლებლობით, რათა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა იქადაგოთ?

მექსიკაში ინგლისურენოვან ტერიტორიაზე არაფორმალურად ქადაგების განსაკუთრებული შესაძლებლობა არსებობს. იქ შეხვდებით კურორტებზე დასასვენებლად ჩამოსულ ტურისტებს, უნივერსიტეტის ახალ-ახალ სტუდენტებს, პარკებსა თუ რესტორნებში მოსიარულე პენსიონერ უცხოელებს. ინგლისურის მცოდნე ბევრი იეჰოვას მოწმე დახელოვნდა ასეთ ადამიანებთან საუბრის დაწყებაში. ისინი შესაძლებლობას ეძებენ, რომ უქადაგონ ნებისმიერს, ვინც უცხოელს ჰგავს ან ლაპარაკობს ინგლისურად. მოდი ვნახოთ, როგორ ახერხებენ ამას.

ხშირად ის მოწმეები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან არიან ჩასული მექსიკაში და ინგლისურენოვან ტერიტორიაზე მსახურობენ, უბრალოდ ეცნობიან უცხოელებს და შემდეგ ეკითხებიან, საიდან არიან. ამას კი ლოგიკურად მოჰყვება საპასუხო კითხვა, თუ თვითონ მოწმეები რას აკეთებენ მექსიკაში. ეს ჩვენს და-ძმებს ქრისტიანული მრწამსის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, გლორიას — რომელიც ოახაკაში ინგლისურენოვან ტერიტორიაზე საქადაგებლად გადავიდა, რადგან იქ დიდი საჭიროებაა — ასეთი სახით უადვილდება საუბრის დაწყება. ერთხელ ის, როდესაც ქადაგების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე ინგლისიდან ჩამოსულმა წყვილმა გააჩერა. ცოლმა წამოიძახა: „თვალებს არ ვუჯერებ, რომ ოახაკას ქუჩაში შავკანიან ქალს შევხვდი!“ გლორიას წყენის ნაცვლად გაეცინა. შემდეგ მათ შორის მეგობრული საუბარი გაიბა. წყვილმა ჰკითხა მას, თუ რატომ იყო მექსიკაში. ქალმა გლორია ყავაზე დაპატიჟა სახლში. გლორია ესტუმრა მათ და შესთავაზა ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, მაგრამ ქალმა უარი თქვა მათ აღებაზე, რადგან ათეისტი იყო. გლორიამ მიუგო, რომ მოსწონდა ათეისტებთან საუბარი და სურდა მისი თვალსაზრისის გაგება სტატიის „საჭიროა თაყვანისცემის ადგილები?“ შესახებ. ქალი დათანხმდა და უთხრა: „თუ ჩემს დარწმუნებას შეძლებთ, მართლაც სასწაულს მოახდენთ“. მას შემდეგ ამ ქალთან, ყავის ერთად დალევის დროს, რამდენჯერმე საინტერესო საუბარი შედგა. მოგვიანებით ეს წყვილი ინგლისში დაბრუნდა, მაგრამ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გრძელდებოდა ამ ქალთან ბიბლიურ თემებზე მსჯელობა.

სხვა შემთხვევისას გლორია გამოელაპარაკა ვაშინგტონიდან ჩამოსულ სტუდენტს, სარონს, რომელიც ოახაკაში ნებაყოფლობით ასრულებდა სამუშაოს პრაქტიკის გასავლელად. გლორიამ სარონი შეაქო ასეთი მცდელობისთვის და შემდეგ აუხსნა, თავად რატომ იმყოფებოდა მექსიკაში. ამას მოჰყვა საინტერესო საუბარი ბიბლიაზე. მათ ისაუბრეს, თუ რას გააკეთებს ღმერთი არა მხოლოდ ღარიბთათვის, არამედ ყველასთვის. სარონი გაკვირვებული იყო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მას არასდროს ულაპარაკია მოწმეებთან, მექსიკაში კი პირველად სწორედ იეჰოვას მოწმე გაიცნო. სარონი დათანხმდა ბიბლიის შესწავლაზე და მაშინვე დაიწყო ქრისტიანულ შეხვედრებზე სიარული.

სამოთხისმაგვარ პირობებში ყოფნის ძლიერი სურვილით აღძრული ბევრი უცხოელი მექსიკაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ადგილებში გადადის საცხოვრებლად. ლორელი ამ სიტუაციით სარგებლობს, რათა ადამიანებთან საუბარი დაიწყოს აკაპულკოში. ის ხალხს ეკითხება, აკაპულკო უფრო ჰგავს სამოთხეს თუ ის მხარე, საიდანაც ჩამოვიდნენ და რა მოსწონთ ამ მხარეში. შემდეგ უხსნის, რომ მალე მთელი დედამიწა გადაიქცევა ნამდვილ სამოთხედ. ერთ კანადელ ქალთან, რომელსაც ვეტერინარულ კლინიკაში შეხვდა, ამ მეთოდით ქადაგების დაწყებას ბიბლიის შესწავლა მოჰყვა. თქვენს მხარეშიც ხომ არ იქნებოდა ეფექტური ასეთი სახით ქადაგება?

‘ქუჩებში და მოედნებზე’

ხშირად ქუჩებში და მოედნებზე საუბრის დაწყება შესაძლებელია კითხვით: „ლაპარაკობთ ინგლისურად?“ ბევრმა მექსიკელმა იცის ინგლისური. მათ ენის ცოდნა შეიძლება თავიანთი პროფესიის გამო სჭირდებოდეთ; ენის ცოდნის მიზეზი ხშირად ისიც არის, რომ ადრე ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდნენ.

მოწმე წყვილი მიუახლოვდა ხანდაზმულ ქალბატონს, რომელიც ინვალიდის სავარძელში იჯდა და მომვლელ ქალს მოჰყავდა. მოწმეებმა ჰკითხეს ინვალიდ ქალს, ლაპარაკობდა თუ არა ინგლისურად. მან ინგლისური იცოდა, რადგან მრავალი წელი ცხოვრობდა ამერიკაში. ქალმა გამოართვა მათ „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. ეს ჟურნალები მას არასდროს წაეკითხა. ამავე დროს, თავისი სახელი (კონსუელო) და მისამართი ჩააწერინა. ოთხი დღის შემდეგ მას მოწმეებმა მიაკითხეს. აღმოჩნდა, რომ ეს ქალი მოხუცთა სახლში ცხოვრობდა, რომელზეც კათოლიკე მონაზვნები ზრუნავდნენ. თავიდან რთული იყო კონსუელოსთან შეხვედრა, რადგან მონაზვნებმა ეჭვის თვალით შეხედეს სტუმრებს და უთხრეს, რომ კონსუელო ვერ მიიღებდა მათ. წყვილმა პირდაპირ სთხოვა მონაზვნებს, კონსუელოსთვის ეთქვათ, რომ სურდათ მისი ნახვა. კონსუელომ ძალიან თბილად მიიღო ისინი. მას შემდეგ ამ 86 წლის ქალბატონს, მონაზვნების უარყოფითი რეპლიკების მიუხედავად, რეგულარულად უტარდება ბიბლიის შესწავლა. ის რამდენჯერმე ქრისტიანულ შეხვედრასაც დაესწრო.

იგავების 1:20-ში ნათქვამია: „სიბრძნე ქუჩაში შემოსძახებს, მოედნებზე გამოსცემს თავის ხმას“. მოდი ვნახოთ, რა მოხდა ქალაქ სან-მიგელ-დე-ალიენდეს ერთ სკვერში. ერთხელ, დილით ადრე რალფი მიუახლოვდა შუა ხნის მამაკაცს, რომელიც სკამზე იჯდა. მას ძალიან გაუკვირდა, როდესაც რალფმა „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ შესთავაზა. მან რალფს თავისი ისტორია მოუყვა.

ეს მამაკაცი ვიეტნამის ომის ვეტერანი იყო. ბრძოლის დროს მრავალი დახოცილის ნახვით გამოწვეული ემოციური სტრესის შედეგად მას ნერვული მოშლილობა დაემართა. ის ფრონტის ხაზიდან გაგზავნეს სამხედრო ბანაკში. იქ მის მოვალეობაში შედიოდა მკვდარი ჯარისკაცების სხეულის დაბანა, რათა მათი ცხედრები ამერიკაში გადაესვენებინათ. მას შემდეგ 30 წელი გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ გამუდმებით ხედავს კოშმარებს და შიშის გრძნობა ეუფლება. იმ დილით სკვერში ყოფნის დროს ის გულში ლოცულობდა დახმარების მისაღებად.

ამ ვეტერანმა ლიტერატურა და სამეფო დარბაზში მოსაწვევი ბარათიც აიღო. შეხვედრაზე დასწრების შემდეგ მან თქვა, რომ ორი საათის განმავლობაში, სანამ შეხვედრაზე იმყოფებოდა, 30 წლის მანძილზე პირველად იგრძნო შინაგანი სიმშვიდე. ეს მამაკაცი მხოლოდ ორი კვირით იყო ჩასული სან-მიგელ-დე-ალიენდეში, მაგრამ რამდენჯერმე ჩაუტარდა ბიბლიის შესწავლა და წასვლამდე კრების შეხვედრებსაც დაესწრო. მოწმეებმა იზრუნეს, რომ მასთან შესწავლა გაგრძელებულიყო.

არაფორმალურად ქადაგება სამსახურსა და სასწავლებელში

გიცნობენ სამსახურში იეჰოვას მოწმედ? ადრიანი, რომელიც დამსვენებლებს საცხოვრებელი ბინების დაქირავებაში ეხმარება სან-ლუკას კონცხზე, ყველას ეუბნება, რომ იეჰოვას მოწმეა. მისი თანამშრომელი ქალი, ჯუდი, ყვება: «სამი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, იეჰოვას მოწმე გახდებიო, ვუპასუხებდი — „არასოდეს!“». ერთხელ ბიბლიის წაკითხვა გადავწყვიტე. ვფიქრობდი, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო რთული, რადგან მიყვარდა კითხვა. მაგრამ ექვსი გვერდის წაკითხვის შემდეგ დავინახე, რომ დახმარება მესაჭიროებოდა. ერთადერთი პიროვნება, რომელზეც ვფიქრობდი, რომ დამეხმარებოდა, ჩემი თანამშრომელი, ადრიანი, იყო. მომწონდა მასთან საუბარი, რადგან სამსახურში მხოლოდ ის იყო პატიოსანი ადამიანი“. ადრიანმა დაუყოვნებლივ შესთავაზა ჯუდის, რომ თავის საცოლესთან, ქეითთან, ერთად ესტუმრებოდა და ყველა კითხვაზე სიამოვნებით უპასუხებდა. ქეითმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო მასთან და მალე ჯუდი მოინათლა როგორც იეჰოვას მოწმე.

რას ფიქრობთ სასწავლებელში არაფორმალურად ქადაგებაზე? ორი მოწმე უნივერსიტეტში ესპანურის ლექციებს ესწრებოდა. ერთხელ ისინი არ იყვნენ ლექციაზე, რადგან ქრისტიანული კონგრესი ჰქონდათ. მომდევნო ლექციაზე მათ სთხოვეს, ესპანურად მოეყოლათ, რა მოისმინეს. მათ ისარგებლეს შესაძლებლობით და თავიანთი ცოდნის მაქსიმუმი გამოიყენეს, რომ ესპანურად დაემოწმებინათ. ლექტორი, სახელად სილვია, ძალიან დაინტერესდა ბიბლიური წინასწარმეტყველებებით. ის დათანხმდა მათ ინგლისურად ბიბლიის შესწავლაზე და ამჟამად სასიხარულო ცნობის მაუწყებელია. მისი ოჯახის რამდენიმე წევრიც სწავლობს ბიბლიას. სილვია ამბობს: „აღმოვაჩინე ის, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვეძებდი“. დიახ, არაფორმალურ ქადაგებას შესანიშნავი ნაყოფის მოტანა შეუძლია.

სხვა შესაძლებლობების გამოყენება

სტუმართმოყვარეობის გამოვლენაც უწყობს ხელს ქადაგების დაწყებას. ჯიმსა და გეილს, რომლებიც სან-კარლოსში (სონორას შტატი) მსახურობენ, უკვე აქვთ ამის გამოცდილება. ქალი, რომელიც დილის 6 საათზე ძაღლს ასეირნებდა ქუჩაში, მათ ეზოსთან გაჩერდა და ტკბებოდა ეზოს სილამაზით. ჯიმმა და გეილმა ის ყავაზე დაპატიჟეს. ამ ქალმა, რომელიც 60 წლის იყო, პირველად გაიგო იეჰოვასა და მარადიული სიცოცხლის პერსპექტივის შესახებ. მასთან დაწყებულ იქნა ბიბლიის შესწავლა.

მსგავსად, ედრინიც ავლენს სიკეთეს უცხო ადამიანების მიმართ. ერთხელ, როდესაც ის ქალაქ კანკუნის ერთ რესტორანში სადილობდა, ერთი ახალგაზრდა მიუახლოვდა და ჰკითხა, კანადიდან ხომ არ იყო ჩამოსული. როდესაც ედრინმა დაუდასტურა, ახალგაზრდამ აუხსნა, რომ ის და დედამისი ცდილობდნენ, დახმარებოდნენ მის უმცროს დას სკოლაში დავალების მომზადებაში. მას კანადელებზე უნდა დაეწერა თემა. შემდეგ ამ ახალგაზრდის დედაც, რომელმაც ინგლისური იცოდა, შეუერთდა მათ და კითხვები დაუსვა ედრინს. მას შემდეგ, რაც თავაზიანად უპასუხა კანადელებთან დაკავშირებით დასმულ ყველა მის კითხვას, ედრინმა უთხრა: „მაგრამ კანადიდან ჩემი აქ ჩამოსვლის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ხალხს ბიბლიის შესწავლაში დავეხმარო. ხომ არ გაინტერესებთ?“ ქალმა ინტერესი გამოხატა. მას ათი წლის დატოვებული ჰქონდა თავისი ეკლესია და ცდილობდა დამოუკიდებლად გარკვეულიყო ბიბლიაში. მან ედრინს მისამართი და ტელეფონის ნომერი მისცა. შედეგად, მასთან შესანიშნავი ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

‘გაატანეთ პური წყალს’

ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე ლაპარაკის დასაწყებად ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენების შედეგად ხშირად ისეთ ადამიანებთან გვიწევს ქადაგება, რომლებსაც ძალიან ცოტა ან საერთოდ არაფერი სმენიათ სამეფოს შესახებ ცნობაზე. ერთხელ საპორტო ქალაქ სიუატანეხოში ხალხით სავსე კაფეში ერთმა მოწმემ უცხოელი წყვილი თავის მაგიდასთნ მიიწვია, რადგან აღარ იყო დასაჯდომი ადგილი. ეს წყვილი შვიდი წლის განმავლობაში იახტით მოგზაურობდა ერთი ადგილიდან მეორეზე. მათ უარყოფითი თვალსაზრისი გამოთქვეს იეჰოვას მოწმეებზე. ამ შეხვედრის შემდეგ მოწმე მათ იახტაზე ესტუმრა და თავისთან დაპატიჟა. ამ წყვილმა მოწმეს გამოართვა 20-ზე მეტი ჟურნალი და 5 წიგნი და შეჰპირდნენ, რომ მომდევნო პორტში გაჩერებისას დაუკავშირდებოდნენ იეჰოვას მოწმეებს.

ჯეფმა და დეფმა კანკუნში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სასადილოში შენიშნეს წყვილი, რომლებსაც ძალიან ლამაზი გოგონა ჰყავდათ. როდესაც მათ მოფერებითი სიტყვებით მიმართეს ბავშვს, მშობლებმა ისინი პიცაზე დაპატიჟეს. აღმოჩნდა, რომ ეს ოჯახი ინდოეთიდან იყო ჩამოსული. მათ არასდროს გაეგოთ იეჰოვას მოწმეების შესახებ და არც მათი ლიტერატურა ენახათ. ისინი სავაჭრო ცენტრიდან მოწმეების მიერ გამოცემული პუბლიკაციებით დაბრუნდნენ.

მსგავსი შემთხვევა მოხდა იუკატანის სანაპიროსთან მდებარე ერთ კუნძულზე. ახალდაქორწინებულმა ჩინელმა წყვილმა სურათის გადაღება სთხოვა ჯეფს, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა. აღმოჩნდა, რომ ისინი უკვე 12 წელი ცხოვრობდნენ ამერიკაში, მაგრამ არასდროს შეხვედროდნენ იეჰოვას მოწმეებს და არც არაფერი გაეგოთ მათ შესახებ. ამას სასიამოვნო საუბარი მოჰყვა. ჯეფმა წაახალისა ისინი, რომ მოეძებნათ მოწმეები, როდესაც სახლში დაბრუნდებოდნენ.

არაფორმალურად დამოწმების შესაძლებლობა შეიძლება თქვენს ქვეყანაში განსაკუთრებული მოვლენის დროსაც მოგეცეთ. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ეწვია მექსიკის პრეზიდენტს გუანახუატოს მახლობლად მდებარე რანჩოზე, რეპორტიორები მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ ამ მოვლენის გასაშუქებლად. ერთმა მოწმე წყვილმა გადაწყვიტა, ესარგებლა შესაძლებლობით და ექადაგა ინგლისურად. მათ მცდელობას საკმაოდ დადებითი შედეგები მოჰყვა. მაგალითად, ისინი შეხვდნენ ერთ რეპორტიორს, რომელიც ადრე კოსოვოსა და ქუვეითში მომხდარ ომებს აშუქებდა. ერთ-ერთი გადაღების დროს რეპორტიორის კოლეგას სნაიპერის მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა და მას ხელში ჩააკვდა. როდესაც ამ რეპორტიორმა აღდგომის იმედის შესახებ გაიგო, თვალზე ცრემლი მოადგა და მადლობა შესწირა ღმერთს, რომ ასეთი იმედის ჩამნერგავი ცნობის გაგების შესაძლებლობა მისცა. ის მადლობელი იყოს იმის გაგებით, რომ სიცოცხლეს აზრი ჰქონდა. მან აღნიშნა, რომ შეიძლება მეტად ვეღარ შეხვედროდა ამ წყვილს, მაგრამ აღდგომის შესახებ ბიბლიაში მოცემულ სასიხარულო ცნობას გულში ატარებდა.

ზემოთ მოყვანილი შემთხვევები აჩვენებს, რომ ხშირად რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა შედეგი მოჰყვება არაფორმალურ ქადაგებას. მიუხედავად ამისა, ბრძენმა მეფე სოლომონმა თქვა: „გაატანე შენი პური წყალს, რადგან მრავალი დღის შემდეგ ჰპოვებ მას“. მან აგრეთვე აღნიშნა: „დილით დათესე შენი თესლი და საღამოს ნუ დაასვენებ შენს ხელს, რადგან არ იცი, რომელი მიაღწევს წარმატებას: ეს თუ ის, თუ ორივე თანაბრად კარგია“ (ეკლესიასტე 11:1, 6). დიახ, გულმოდგინედ ‘გაატანეთ პური’ წყლებს და უხვად ‘თესეთ თესლი’, როგორც ამას პავლე და იესო აკეთებდნენ და კვლავაც აკეთებენ თანამედროვე დროში მცხოვრები მოწმეები მექსიკის ინგლისურენოვან ტერიტორიაზე.