არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გამოავლინეთ სიკეთე მტრულად განწყობილ ქვეყნიერებაში

გამოავლინეთ სიკეთე მტრულად განწყობილ ქვეყნიერებაში

გამოავლინეთ სიკეთე მტრულად განწყობილ ქვეყნიერებაში

«ადამიანის სწრაფვა [„სასურველი თვისება ადამიანში“, აქ] მისი სიკეთეა» (იგავები 19:22).

1. რატომ შეიძლება იყოს ძნელი სიკეთის გამოვლენა?

კეთილ ადამიანად თვლით თავს? თუ ასეა, მაშინ დღევანდელ ქვეყნიერებაში ცხოვრება თქვენთვის ადვილი არ იქნება. სიკეთე ბიბლიაში „სულის ნაყოფად“ არის მოხსენიებული, მაგრამ რატომ არის სიკეთის გამოვლენა ასე რთული ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ ქვეყნებშიც? (გალატელთა 5:22). როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, ამ კითხვაზე გარკვეულწილად მოციქულ იოანეს სიტყვებიც გვცემს პასუხს — მთელი ქვეყნიერება ბოროტი სულიერი ქმნილების, სატანა ეშმაკის, ძალაუფლებაშია (1 იოანე 5:19). იესო ქრისტემ სატანას „წუთისოფლის მთავარი“ უწოდა (იოანე 14:30). ამგვარად, ეს ქვეყნიერება ბაძავს თავის მეამბოხე მმართველს, რომლისთვისაც ურჩობა და ბოროტებაა დამახასიათებელი (ეფესელთა 2:2).

2. რამ შეიძლება მოახდინოს ჩვენზე გავლენა სიკეთის გამოვლენასთან დაკავშირებით?

2 ცხოვრება არ არის ადვილი, როცა ადამიანები ცუდად გვექცევიან. ცუდად შესაძლოა მოგვეპყრონ უარყოფითად განწყობილი მეზობლები, სრულიად უცნობები, აგრეთვე მეგობრები და ოჯახის წევრებიც კი, რომლებმაც შეიძლება ზოგჯერ დაუფიქრებლად გვაწყენინონ. ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ერთმანეთს უხეშად ეპყრობიან, უყვირიან და ლანძღავენ, ხშირად გულგატეხილობას იწვევს. მათმა საქციელმა შესაძლოა ჩვენც უარყოფითად განგვაწყოს და აღგვძრას, რომ ვინც ცუდად მოგვეპყრობა, იმ ადამიანს ჩვენც ცუდად მოვეპყროთ. ასეთმა განწყობამ საბოლოოდ შესაძლოა სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც კი შეგვიქმნას (რომაელთა 12:17).

3. რა სერიოზულ პრობლემებს ხვდებიან ადამიანები, რომელთა გამოც შესაძლოა სიკეთის კეთების სურვილი დაკარგონ?

3 შესაძლოა მსოფლიო მასშტაბით შექმნილი დაძაბული მდგომარეობის გამოც გაგვიჭირდეს სიკეთის გამოვლენა. მაგალითად, კაცობრიობა შიშით ცხოვრობს — ყოველთვის არსებობს ტერორისტული აქტების მოხდენის საფრთხე და იმის საშიშროება, რომ ესა თუ ის სახელმწიფო ბიოლოგიურ ან ატომურ იარაღს გამოიყენებს. გარდა ამისა, მილიონობით ადამიანს სიღატაკეში უწევს ცხოვრება — არა აქვთ საკმარისი საზრდო, ნორმალური სახლი, ტანსაცმელი და ხელი არ მიუწვდებათ მკურნალობაზე. სიკეთის კეთება არც ისეთი ადვილი ხდება, როცა მდგომარეობა სრულიად უიმედო ჩანს (ეკლესიასტე 7:7).

4. რა მცდარ დასკვნამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი სიკეთის გამოვლენასთან დაკავშირებით?

4 ადამიანმა შეიძლება ადვილად დაასკვნას, რომ სიკეთის გამოვლენა სულაც არ არის საჭირო და ეს თვისება სისუსტის ნიშნადაც კი მიიჩნიოს. მას შეიძლება ისეთი გრძნობა დაეუფლოს, რომ მის სიკეთეს ბოროტად იყენებენ; განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ასე, თუ მას სხვები უხეშად ეპყრობიან (ფსალმუნები 72:2—9). მაგრამ ბიბლია გვეუბნება: „მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს“ (იგავები 15:1, სსგ). სიმშვიდე და სიკეთე სულიწმიდის ნაყოფის შემადგენელი ნაწილია. ეს თვისებები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და მათ გამოვლენას კარგი შედეგები მოჰყვება დაძაბული მდგომარეობისას.

5. სადა და როდის უნდა გამოვავლინოთ სიკეთე?

5 ღვთის სულიწმიდის ნაყოფის გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანებისთვის. ამიტომაც უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისი შემადგენელი ერთ-ერთი თვისების — სიკეთის გამოვლენა. შესაძლებელია ამ მტრულად განწყობილ ქვეყნიერებაში სიკეთის გამოვლენა? და თუ შესაძლებელია, სად და როდის შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ სატანის ზეგავლენას ჩვენში სიკეთის ჩახშობის ნებას არ ვაძლევთ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით? განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია სიკეთის გამოვლენა ოჯახში, სამსახურში, სკოლაში, სამეზობლოში, მსახურებაში და თანამორწმუნეთა შორის.

სიკეთე ოჯახის წევრებს შორის

6. რატომ არის სიკეთე ამდენად მნიშვნელოვანი ოჯახში და როგორ შეიძლება მისი გამოვლენა?

6 იეჰოვასგან კურთხევისა და ხელმძღვანელობის მისაღებად საჭიროა სულის ნაყოფის სრულად განვითარება (ეფესელთა 4:32). ახლა ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისათვის ერთმანეთისადმი სიკეთის გამოვლენა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ქმარმა და ცოლმა სიკეთე და მზრუნველობა უნდა გამოავლინონ, როგორც ერთმანეთისადმი, ისე შვილებისადმი (ეფესელთა 5:28—33; 6:1, 2). ასეთი სიკეთე უნდა ჩანდეს ოჯახის წევრებს შორის საუბრებში, მშობლებისადმი შვილების მიერ პატივისცემის გამოვლენასა და შვილებისადმი მშობლების სწორად მოპყრობაში. კარგი იქნება, შეეცადოთ ერთმანეთის შექებას, ხოლო ბრალდებასა და კრიტიკას მოერიდოთ.

7, 8. ა) რას უნდა მოვერიდოთ, თუ გვსურს ჭეშმარიტი სიკეთე გამოვავლინოთ ოჯახის წევრების მიმართ? ბ) როგორ უწყობს ხელს კარგი ურთიერთობა ოჯახური კვანძების განმტკიცებას? გ) როგორ შეგიძლიათ საკუთარ ოჯახში სიკეთის გამოვლენა?

7 საკუთარი ოჯახის წევრებისადმი სიკეთის გამოვლენაში ისიც იგულისხმება, რომ მივდიოთ პავლე მოციქულის რჩევას: „განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა“. ქრისტიანული ოჯახების წევრები ყოველთვის პატივისცემით უნდა ელაპარაკონ ერთმანეთს. რატომ? იმიტომ, რომ კარგი ურთიერთობა ძლიერი და ჯანსაღი ოჯახების არსებობის საწინდარია. უთანხმოებისას მდგომარეობის შესამსუბუქებლად პრობლემის გადაჭრას შეეცადეთ და არა იმას, რომ კამათში გაიმარჯვოთ. ბედნიერი ოჯახის წევრები გულწრფელად ცდილობენ ერთმანეთისადმი სიკეთისა და ყურადღების გამოვლენას (კოლასელთა 3:8, 12—14).

8 სიკეთე დადებითი თვისებაა და სხვებისთვის კარგის კეთებისკენ აღგვძრავს. ამიტომაც ვცდილობთ, რომ მხარი დავუჭიროთ, ყურადღებით მოვეპყროთ და დავეხმაროთ ოჯახის წევრებს. როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი მცდელობაა საჭირო სიკეთის გამოსავლენად, რაც დადებითად აირეკლება მთელ ოჯახზე. შედეგად, ასეთი ოჯახი არა მხოლოდ კურთხევას მიიღებს ღვთისგან, არამედ კრების წევრებსა და სხვებს შორის განადიდებს სიკეთის ღმერთს, იეჰოვას (1 პეტრე 2:12).

სიკეთე სამსახურში

9, 10. აღწერეთ, რა ხასიათის პრობლემები შეიძლება წამოიჭრას სამსახურში და ახსენით, როგორ შეიძლება სიკეთის გამოვლენით მათი მოგვარება.

9 ქრისტიანისთვის ზოგჯერ შეიძლება არც ისე ადვილი იყოს ყოველდღიურ სამუშაო გარემოში თანამშრომელთა მიმართ სიკეთის გამოვლენა. სამსახურში გამეფებული მეტოქეობის სულით შესაძლოა ვინმე უფროსის თვალში თანამშრომლის რეპუტაციის შელახვას შეეცადოს და სიცრუით ან სხვადასხვა ხრიკებით სამსახურის დაკარგვის საშიშროება შეუქმნას (ეკლესიასტე 4:4). ადვილი არაა ასეთ დროს სიკეთის გამოვლენა. მაგრამ იეჰოვას მსახურმა არასდროს უნდა დაივიწყოს, რომ არ შეცდება, თუ სიკეთეს გამოავლენს და შეძლებისდაგვარად უნდა შეეცადოს, მოიპოვოს უარყოფითად განწყობილნი. ამაში შესაძლოა მზრუნველობის გამოვლენა იყოს დამხმარე. შეგიძლიათ თანამშრომლის მიმართ მზრუნველობა გამოავლინოთ, როცა ის ან მისი ოჯახის წევრი ავადმყოფობს. შესაძლოა ადამიანზე დადებითი გავლენა მისდამი ელემენტარული ინტერესის გამოვლენამაც კი მოახდინოს. დიახ, ქრისტიანი უნდა ეცადოს, ხელი შეუწყოს თანხმობასა და მშვიდობას, რამდენადაც მისი მხრივ შესაძლებელია. მზრუნველობით ნათქვამ კეთილ სიტყვას ზოგჯერ დადებითი ნაყოფი გამოაქვს.

10 სხვა შემთხვევებში, შესაძლოა სამსახურში უფროსი შეეცადოს, თანამშრომლებს თავს მოახვიოს საკუთარი აზრები და ყველა აიძულოს ამა თუ იმ ეროვნული მნიშვნელობის მოვლენაში ან არაბიბლიურ დღესასწაულში მონაწილეობის მიღება. თუ ქრისტიანს სინდისი ნებას არ რთავს მონაწილეობაზე, შესაძლოა ამან უთანხმოება გამოიწვიოს. ასეთ დროს გონივრული არ იქნება იმის დეტალურად ახსნა, თუ რამდენად არასწორი იქნებოდა მისი სურვილის შესრულება. ადამიანი, რომელიც ქრისტიანულ შეხედულებებს არ იზიარებს, ალბათ, მართებულად მიიჩნევს იმას, რაც კეთდება (1 პეტრე 2:21—23). შეგიძლიათ ტაქტიანად ახსნათ, პირადად რატომ არ მიიღებთ მონაწილეობას. სარკაზმზე სარკაზმითვე ნუ უპასუხებთ. ქრისტიანისთვის კარგი იქნება შემდეგი რჩევის გათვალისწინება: „თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით“ (რომაელთა 12:18).

სიკეთე სკოლაში

11. რა პრობლემებს ხვდებიან სკოლაში ბავშვები სხვა მოსწავლეების მიმართ სიკეთის გამოვლენასთან დაკავშირებით?

11 ბავშვებს შეიძლება ნამდვილად გაუჭირდეთ სკოლაში მოსწავლეებისადმი სიკეთის გამოვლენა. მოსწავლეები ხშირად თანაკლასელთა მხრიდან აღიარების მოპოვებას ცდილობენ. ზოგი ბიჭი აგრესიულად იქცევა და აბუჩად იგდებს ბავშვებს იმ მიზნით, რომ სხვებს თავი მოაწონოს (მათე 20:25). ზოგი მოსწავლე კი ცდილობს ნიჭით, სპორტული მონაცემებით თუ სხვა უნარით გამოიჩინოს თავი. პირადი ღირსებების წარმოჩენის მიზნით ისინი ხშირად უსამართლოდ ექცევიან თანაკლასელებს თუ სხვა მოსწავლეებს და ჰგონიათ, რომ ასეთი მოქმედებით სხვებზე უპირატესობას მოიპოვებენ. ქრისტიანი ახალგაზრდები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ არ მიბაძონ ასეთ მოსწავლეებს (მათე 20:26, 27). პავლე მოციქულმა თქვა, რომ „სიყვარული სულგრძელია და კეთილი“ და „სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს“. ამიტომაც ქრისტიანმა არ უნდა მიჰბაძოს ცუდ მაგალითს და სკოლაში მოსწავლეებთან ურთიერთობისას ბიბლიურ შეგონებას უნდა მისდიოს (1 კორინთელთა 13:4, აქ).

12. ა) რატომ შეიძლება გაუჭირდეთ ბავშვებს მასწავლებლების მიმართ სიკეთის გამოვლენა? ბ) ვის უნდა მიმართონ დახმარებისთვის ბავშვებმა, როცა მათზე თანატოლების ზეწოლა ძალიან დიდია?

12 ბავშვებმა მასწავლებლების მიმართაც უნდა გამოავლინონ სიკეთე. ბევრ მოსწავლეს უყვარს მასწავლებლების გაღიზიანება. ისინი ფიქრობენ, რომ გონებამახვილები ჩანან, როცა სასკოლო წესებს არღვევენ და, ამგვარად, მასწავლებლებისადმი უპატივცემლობას ავლენენ. ასეთმა მოსწავლეებმა შეიძლება თანატოლები დააშინონ და აიყოლიონ. როცა ქრისტიანი ახალგაზრდა უარს ამბობს მათსავით მოქცევაზე, მას შეიძლება დასცინონ ან შეურაცხყოფა მიაყენონ. მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ასეთი მოპყრობის გამო შეიძლება ქრისტიანს გაუჭირდეს სხვების მიმართ სიკეთის გამოვლენა. მაგრამ გახსოვდეთ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ იეჰოვას ერთგული მსახურები ვიყოთ. დარწმუნებულები იყავით, რომ ღმერთი თავისი სულით დაგეხმარებათ ცხოვრების ასეთ მძიმე მომენტებში (ფსალმუნები 36:28).

სიკეთის გამოვლენა მეზობლების მიმართ

13—15. რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი მეზობლების მიმართ სიკეთის გამოვლენაში და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ ხელისშემშლელ ფაქტორებს?

13 სადაც უნდა ცხოვრობდეთ — საკუთარ სახლში, ბინაში თუ სადმე სხვაგან — შეგიძლიათ იფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოავლინოთ მეზობლებისადმი სიკეთე და მზრუნველობა. სიკეთის გამოვლენა არც მეზობლების მიმართ არის ყოველთვის ადვილი.

14 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეზობლები უარყოფითად არიან განწყობილნი თქვენ მიმართ თქვენი რასის, ეროვნების ან რელიგიის გამო? რა უნდა ქნათ, თუ ზოგჯერ უხეშად გექცევიან ან სრულიად უგულებელგყოფენ? კარგი იქნება, როგორც იეჰოვას მსახურმა, მათდამი შეძლებისდაგვარად სიკეთე გამოავლინოთ. ასეთ შემთხვევაში გამორჩეული იქნებით სიკეთის კეთებით, სასიამოვნო შთაბეჭდილებას დატოვებთ და ნამდვილად განადიდებთ იეჰოვას, რომელიც სიკეთის განსახიერებაა. შესაძლოა, ადრე თუ გვიან მეზობელზე დადებითად იმოქმედოს თქვენმა სიკეთემ და მან თქვენდამი დამოკიდებულება შეიცვალოს. შეიძლება ის იეჰოვას თაყვანისმცემელიც კი გახდეს (1 პეტრე 2:12).

15 როგორ შეგვიძლია სიკეთის გამოვლენა? უპირველესად, საკუთარ ოჯახში სამაგალითო ქცევით და ერთმანეთის მიმართ სულის ნაყოფის გამოვლენით. შესაძლოა, ეს მეზობლებმა შენიშნონ. დროდადრო, ალბათ, მეზობლისთვის სიკეთის გაკეთების საშუალებაც მოგეცემათ. გახსოვდეთ, რომ სიკეთე სხვების კეთილდღეობით გულწრფელ დაინტერესებაში გამოიხატება (1 პეტრე 3:8—12).

სიკეთე მსახურებაში

16, 17. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი მსახურებაში სიკეთის გამოვლენა? ბ) როგორ შეგვიძლია სამქადაგებლო მსახურების ამა თუ იმ სფეროში სიკეთის გამოვლენა?

16 სიკეთე უნდა გამოვავლინოთ ქრისტიანულ მსახურებაშიც, როცა ვცდილობთ, ხალხს სახლებში, სამსახურებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ველაპარაკოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვემსახურებით იეჰოვას — ღმერთს, რომელიც ყოველთვის კეთილია (გამოსვლა 34:6, აქ).

17 როგორ უნდა გამოვავლინოთ მსახურებაში სიკეთე? მაგალითად, ქუჩაში ქადაგებისას სიკეთის გამოვლენა სათქმელის მოკლედ ჩამოყალიბებით და ტაქტიანობით შეგვიძლია. ტროტუარზე ხშირად საკმაოდ ბევრი ხალხი დადის, ამიტომ ფრთხილად იყავით, რომ ხელი არავის შეუშალოთ. აგრეთვე, როცა ბაზრებსა და მაღაზიებში ქადაგებთ, გამოავლინეთ სიკეთე და დიდხანს ნუ გაჩერდებით ერთ ადამიანთან; გახსოვდეთ, რომ გამყიდველები მომხმარებლებს უნდა მოემსახურონ.

18. რა როლს ასრულებს გამჭრიახობა მსახურებისას სიკეთის გამოვლენაში?

18 კარდაკარ მსახურებისას გამჭრიახობა გამოავლინეთ. დიდხანს არ ისაუბროთ კართან, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ცუდი ამინდია. შეგიძლიათ შენიშნოთ, როდის იღლება მობინადრე თქვენი მოსმენით ან ღიზიანდება კიდეც იმის გამო, რომ დიდხანს გაჩერდით? იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ, შეიძლება იეჰოვას მოწმეები მობინადრეებს საკმაოდ ხშირად აკითხავენ. ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებულად გმართებთ ყოველთვის ტაქტიანობის და თავაზიანობის და, ამგვარად, სიკეთის გამოვლენა (იგავები 17:14). ეცადეთ, გაუგოთ მობინადრეს, თუ რატომ არ შეუძლია კონკრეტულ შემთხვევაში თქვენი მოსმენა. გახსოვდეთ, რომ თქვენს შემდეგ, ალბათ, რომელიმე ძმას ან დას მოუწევს ამ ადამიანის მონახულება. თუ მობინადრე უხეშად გპასუხობთ, განსაკუთრებულად შეეცადეთ სიკეთის გამოვლენას. ხმას არ აუწიოთ და მკაცრი გამომეტყველება არ მიიღოთ. მშვიდად ილაპარაკეთ. ქრისტიანმა, რომელიც სიკეთეს ავლენს, მობინადრე კამათში არ უნდა გამოიწვიოს (მათე 10:11—14). იმავე ადამიანმა შეიძლება მოგვიანებით გამოთქვას სასიხარულო ცნობის მოსმენის სურვილი.

სიკეთე კრების შეხვედრებზე

19, 20. რატომ არის საჭირო სიკეთე კრებაში და როგორ შეგვიძლია მისი გამოვლენა?

19 არანაკლებ მნიშვნელოვანია სიკეთის გამოვლენა თანამორწმუნეების მიმართ (ებრაელთა 13:1). ჩვენ მსოფლიო საძმოს წევრები ვართ. ამიტომაც ერთმანეთის მიმართ სიკეთის გამოვლენა გვმართებს.

20 ერთ სამეფო დარბაზში თუ რამდენიმე კრება ატარებს შეხვედრებს, საჭიროა სხვადასხვა კრების წევრებმა ერთმანეთის მიმართ სიკეთე და პატივისცემა გამოავლინონ. მეტოქეობა ხელს არ უწყობს თანამშრომლობას, როცა შეხვედრების ჩატარების განრიგია დასადგენი ან დასუფთავების თუ დარბაზის შეკეთების საკითხებია მოსაგვარებელი. სიკეთე გამოავლინეთ და ანგარიში გაუწიეთ ერთმანეთს, თუმცა შესაძლოა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრები გქონდეთ. ასე თუ მოიქცევით, სიკეთე გაიმარჯვებს და იეჰოვა ნამდვილად გაკურთხებთ სხვების კეთილდღეობით დაინტერესებისთვის.

განაგრძეთ სიკეთის გამოვლენა

21, 22. რისი გაკეთება უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი კოლასელთა 3:12-ის თანახმად?

21 სიკეთე ბევრის მომცველი თვისებაა და ის ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. ამიტომაც ის ჩვენი ქრისტიანული პიროვნების განუყოფელ ნაწილად უნდა ვაქციოთ. სიკეთის გამოვლენა ჩვევადაც კი უნდა გავიხადოთ.

22 დაე თითოეულმა ჩვენგანმა ყოველდღიურად გამოვავლინოთ სიკეთე და ყველა პირადად შევეცადოთ, მივყვეთ პავლე მოციქულის რჩევას: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით, როგორც ღვთის რჩეულები, წმინდა და საყვარელი ადამიანები“ (კოლასელთა 3:12, აქ).

გახსოვთ თუ არა?

• რატომ შეიძლება გაუჭირდეს ქრისტიანს სიკეთის გამოვლენა?

• რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარ ოჯახში სიკეთის გამოვლენა?

• რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი იმაში, რომ სიკეთე გამოვავლინოთ სკოლაში, სამსახურში და სამეზობლოში?

• ახსენით, როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს სამქადაგებლო მსახურებაში სიკეთის გამოვლენა.

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 18 გვერდზე]

ერთმანეთის მიმართ სიკეთის გამოვლენა ხელს უწყობს ოჯახის სიმტკიცესა და ოჯახის წევრებს შორის კარგ ურთიერთობას.

[სურათი 19 გვერდზე]

შეგიძლიათ სიკეთე გამოავლინოთ, როცა თანამშრომელი ან მისი ოჯახის წევრი ავადმყოფობს.

[სურათი 20 გვერდზე]

იეჰოვა მხარს უჭერს მათ, ვინც დაცინვის მიუხედავად სიკეთის გამოვლენას განაგრძობს.

[სურათი 21 გვერდზე]

მეზობლისთვის დახმარების ხელის გაწოდება სიკეთის გამოვლენაა.