არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„კომპლუტენსიონ პოლიგლოტი“ ნაშრომი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა თარგმანის ისტორიაში

„კომპლუტენსიონ პოლიგლოტი“ ნაშრომი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა თარგმანის ისტორიაში

„კომპლუტენსიონ პოლიგლოტი“ ნაშრომი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა თარგმანის ისტორიაში

დაახლოებით 1455 წელს ბიბლიების გამოცემის საქმეში დიდი გარდატეხა მოხდა. იოჰან გუტენბერგმა ასაწყობ შრიფტიან საბეჭდ დაზგაზე პირველად დაბეჭდა წმინდა წერილები. როგორც იქნა, ბიბლია აღარ ვრცელდებოდა ხელნაწერების სახით და, ამგვარად, აღარც იშვიათობას წარმოადგენდა. ბოლოს და ბოლოს შესაძლებელი გახდა მისი დიდი რაოდენობით გამოცემა და წიგნის ფასმაც დაიკლო. მალე საღვთო წერილი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ წიგნად იქცა.

გუტენბერგმა პირველად ლათინურ ენაზე დაბეჭდილი ბიბლია გამოსცა. მაგრამ ევროპელი სწავლულები მალევე მიხვდნენ, რომ საჭირო იყო ბიბლიის სანდო ტექსტები დედნის ენაზე — ებრაულსა და ბერძნულზე. კათოლიკური ეკლესია ლათინურ ვულგატას ბიბლიის ერთადერთ მისაღებ თარგმანად მიიჩნევდა, მაგრამ მას ორი დიდი ნაკლი ჰქონდა. XVI საუკუნისთვის ხალხის უმრავლესობას ლათინური არ ესმოდა. გარდა ამისა, ათასზე მეტი წლის განმავლობაში ვულგატაში გადამწერთა მიერ დაშვებული საკმაოდ ბევრი შეცდომა დაგროვდა.

მთარგმნელებსა და სწავლულებს სჭირდებოდათ როგორც ბიბლია დედნის ენაზე, ისე ლათინურ ენაზე ბიბლიის შესწორებული თარგმანი. 1502 წელს კარდინალმა ხიმენეს დე სისნეროსმა, ესპანეთის დედოფალ ისაბელ I-ის სახელმწიფო მრჩეველმა და სულიერმა მოძღვარმა, გადაწყვიტა, გამოეცა მხოლოდ ერთი ნაშრომი, რითაც მათ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა. ეს ისტორიული მნიშვნელობის თარგმანი „კომპლუტენსიონ პოლიგლოტის“ სახელით გახდა ცნობილი. სისნეროსს სურდა, გამოეცა „პოლიგლოტი“, ანუ მრავალენოვანი ბიბლია, რომელშიც მოცემული იქნებოდა საუკეთესო ებრაული, ბერძნული და ლათინური ტექსტები; აგრეთვე არამეული ტექსტის გარკვეული მონაკვეთები. ბეჭდვითი საქმიანობა ახალი წამოწყებული იყო. ამიტომ „პოლიგლოტი“ ბეჭდვითი საქმის განვითარების ნიშანსვეტიც აღმოჩნდა.

სისნეროსმა ეს რთული საქმე იმით დაიწყო, რომ იყიდა ბევრი ებრაული ხელნაწერი, რომლებიც იმ დროს ესპანეთში მრავლად იყო. მან აგრეთვე შეაგროვა სხვადასხვა ბერძნული და ლათინური ხელნაწერები. სისნეროსს მათ საფუძველზე უნდა შეექმნა „პოლიგლოტი“. მან ამ საქმის შესრულება მიანდო სწავლულთა ჯგუფს, რომელსაც ალკალა-დე-ენარესში (ესპანეთი) ახლად დაფუძნებულ უნივერსიტეტში უნდა ემუშავა. ჯგუფში სათანამშრომლოდ მიწვეულთა შორის იყო ერაზმ როტერდამელი, მაგრამ ამ სახელგანთქმულმა ლინგვისტმა არ მიიღო მიწვევა.

სწავლულებმა ამ მონუმენტური ნაშრომის დასრულებას ათი წელი მოანდომეს. მის დაბეჭდვას კიდევ ოთხი წელი დასჭირდა. გამომცემლები მრავალ ტექნიკურ სირთულეს წააწყდნენ, რადგან ესპანელ მბეჭდავებს ტექსტის ასაწყობად არ ჰქონდათ ებრაული, ბერძნული და არამეული ასოები. ამ ენებზე ასოების დასამზადებლად სისნეროსმა დახელოვნებული მბეჭდავი არნალდო გილერმო ბროკარიო დაიქირავა. ბოლოს, 1514 წელს „პოლიგლოტის“ დაბეჭდვა დაიწყეს. 1517 წლის 10 ივლისს, კარდინალის სიკვდილამდე ოთხიოდე თვით ადრე, დასრულდა ექვსტომიანი ნაშრომის გამოცემა. სრულ კომპლექტად დაიბეჭდა დაახლოებით ექვსასი ეგზემპლარი. პარადოქსია, რომ ეს წიგნი სწორედ იმ დროს გამოიცა, როდესაც ესპანეთში ინკვიზიციამ უმაღლეს დონეს მიაღწია *.

„პოლიგლოტის“ შინაარსი

„პოლიგლოტის“ თითოეული გვერდი უხვ ინფორმაციას აწვდიდა მკითხველს. ებრაული წერილების შემცველ ოთხ ტომში თითოეული გვერდის ცენტრში მოცემული იყო ლათინური „ვულგატა“; გარე სვეტში — ებრაული ტექსტი, ხოლო შიგნითა სვეტში — ბერძნული (თანდართული ლათინური სტრიქონობრივი თარგმანით). წიგნის მინდორზე ნახავდით მრავალი ებრაული სიტყვის ფუძეს. გვერდების ბოლოებში, რომლებზეც ხუთწიგნეული იყო მოცემული, გამომცემლებმა მოათავსეს „ონკელოსის თარგუმის“ (ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის არამეული პერიფრაზის) შესაბამისი ნაწილები ლათინურ თარგმანთან ერთად.

„პოლიგლოტის“ მეხუთე ტომში ბერძნული წერილები ორ სვეტად იყო მოთავსებული. ერთ სვეტში მოცემული იყო ტექსტი ბერძნულ ენაზე, მეორეში — „ვულგატიდან“ აღებული ლათინური ეკვივალენტი. ამ ორ ენაზე მოცემულ ტექსტებს მიწერილი ჰქონდა პატარა ასოები, რომლებიც მკითხველს თითოეულ სვეტში შესაბამისი ტექსტის პოვნის საშუალებას აძლევდა. „პოლიგლოტში“ ბერძნული წერილები, ანუ „ახალი აღთქმა“, პირველად გამოიცა დაბეჭდილი სახით სრულად, რასაც მალე ერაზმის მიერ მომზადებული ნაშრომის გამოცემა მოჰყვა.

სწავლულებს მეხუთე ტომის ტექსტი იმდენად გულმოდგინედ ჰქონდათ შემოწმებული, რომ მასში მხოლოდ 50 ბეჭდვითი შეცდომა იყო დაშვებული. ასეთი სკრუპულოზური შრომის გამო, თანამედროვე კრიტიკოსები ამ ნაშრომს მეტ უპირატესობას ანიჭებენ, ვიდრე ბერძნული წერილების ერაზმისეულ გამოცემას. ელეგანტური ბერძნული ლიტერები კარგად შეესაბამებოდა ძველი ხელნაწერების ლამაზ უნციალურ შრიფტს. თავის წიგნში, რომელიც XV საუკუნეში ბერძნული ტექსტების ბეჭდვას ეხება, რ. პროქტორი აღნიშნავს: „პირველად ესპანეთში დაბეჭდეს ბერძნული ტექსტები და ეს ბერძნული ლიტერები ოდესმე ჩამოსხმულ ბერძნულ ასოთაგან ყველაზე ლამაზია“ (The Printing of Greek in the Fifteenth Century).

„პოლიგლოტის“ მეექვსე ტომში მოცემული იყო ბიბლიის შესასწავლი სხვადასხვა დამხმარე საშუალებები: ებრაული და არამეული ლექსიკონები, ბერძნული, ებრაული და არამეული სახელების მნიშვნელობები, ებრაული ენის გრამატიკა და ლექსიკონების ლათინური საძიებელი. გასაკვირი არ არის, რომ „კომპლუტენსიონ პოლიგლოტი“ „ტიპოგრაფიული ხელოვნებისა და ბიბლეისტიკის მონუმენტად“ იქნა აღიარებული.

ამ ნაშრომის გამოცემისას სისნეროსის მიზანი იყო, „გაეღვივებინა საღვთო წერილისადმი მანამდე მიძინებულ ინტერესი“. მაგრამ არავითარი სურვილი არ ჰქონია, ბიბლია უბრალო ხალხისთვისაც გაეხადა ხელმისაწვდომი. მისი აზრით, „ღვთის სიტყვა საიდუმლოების საბურველში უნდა ყოფილიყო გახვეული, რათა უბრალო ხალხს ვერ გაეგო იგი“. მას აგრეთვე სჯეროდა, რომ „საღვთო წერილი მხოლოდ იმ სამ ძველ ენაზე უნდა არსებულიყო, რომლებზეც ღმერთმა თავისი ჯვარცმული ძის თავზემოთ მიჭედებული წარწერის გაკეთება დაუშვა“ *. ამიტომ „კომპლუტენსიონ პოლიგლოტში“ ესპანური თარგმანი არსად იყო ჩართული.

„ვულგატა“ თუ ორიგინალის ენებზე შესრულებული ტექსტები?

„პოლიგლოტის“ სტრუქტურა მასზე მომუშავე სწავლულებს შორის უთანხმოებას იწვევდა. ცნობილ ესპანელ სწავლულს ანტონიო დე ნებრიხას * უნდა გადაეხედა ვულგატის ტექსტისთვის, რომელსაც „პოლიგლოტში“ გამოიყენებდნენ. კათოლიკური ეკლესია იერონიმეს ვულგატას ერთადერთ ავტორიტეტულ თარგმანად კი მიიჩნევდა, მაგრამ ნებრიხამ დაინახა, რომ საჭირო იყო ვულგატას ებრაულ, არამეულ და ბერძნულ დედნებთან შედარება. მისი სურვილი იყო, შეესწორებინა ის აშკარა შეცდომები, რომლებიც ვულგატის იმ დროს არსებულ თარგმანებში იყო გაპარული.

ვულგატასა და ორიგინალის ენებზე შესრულებულ ტექსტებს შორის არსებული ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად ნებრიხამ მოუწოდა სისნეროსს: „კიდევ ერთხელ აანთეთ ჩვენი რელიგიის ორი ჩამქრალი ჩირაღდანი — ებრაული და ბერძნული ენები. დააჯილდოეთ ის ადამიანები, ვინც საკუთარი თავი ამ საქმის შესრულებას მიუძღვნა“. მან ასეთი წინადადებაც წამოაყენა: „ყოველთვის, როდესაც ახალი აღთქმის ლათინურ ხელნაწერში რაღაც შეუსაბამობას შევნიშნავთ, საჭიროა ისინი ბერძნულ ხელნაწერებს შევადაროთ. ყოველთვის, როდესაც შევნიშნავთ შეუსაბამობას სხვადასხვა ლათინურ ხელნაწერებსა თუ ძველი აღთქმის ლათინურ და ბერძნულ ხელნაწერებს შორის, სიზუსტის დასადგენად სარწმუნო ებრაულ დედანს უნდა მივმართოთ“.

როგორი იყო ამაზე სისნეროსის რეაქცია? „პოლიგლოტისთვის“ წამძღვარებულ პროლოგში მან თავისი აზრი დაუფარავად გამოხატა. „ნეტარი იერონიმეს ლათინური თარგმანი სინაგოგასა [ებრაული ტექსტსა] და აღმოსავლურ ეკლესიას [ბერძნულ ტექსტს] შორის მოვათავსეთ, სწორედ ისე, როგორც ქურდებს შორის იყო ჩამოკიდებული იესო, რომლითაც რომის, ანუ ლათინური, ეკლესიაა წარმოდგენილი“. ამგვარად, სისნეროსმა ნებრიხას არ მისცა იმის ნებართვა, რომ ლათინური ვულგატა დედნის ენაზე შესრულებული ტექსტების შესაბამისად შეესწორებინა. ბოლოს ნებრიხამ გადაწყვიტა, უარი ეთქვა ამ პროექტში მონაწილეობაზე, რადგან არ უნდოდა მისი სახელი დაკავშირებული ყოფილიყო ნაშრომთან, რომელსაც ასეთი ნაკლი ექნებოდა.

Comma Johanneum

ალკალა-დე-ენარესში შედგენილი „პოლიგლოტი“ ბიბლიის დედნის ენებზე გამოცემის გაუმჯობესების გზაზე წინ გადადგმული გიგანტური ნაბიჯი კი იყო, მაგრამ ტრადიცია ზოგჯერ ცოდნაზე იმარჯვებდა. ვულგატა იმდენად ავტორიტეტული იყო, რომ ზოგჯერ გამომცემლები თავს ვალდებულად თვლიდნენ, „ახალი აღთქმის“ ბერძნული ტექსტები ლათინური თარგმანის მიხედვით შეესწორებინათ და არა — პირიქით. ამის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს ერთი გაყალბებული ბიბლიური ფრაზა, რომელიც „Comma Johanneum“-ის * სახელწოდებით არის ცნობილი. არც ერთი ადრინდელი ბერძნული ხელნაწერი არ შეიცავს ამ ფრაზას, რომელიც, როგორც ჩანს, იოანეს მიერ თავისი წერილის დაწერიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ იქნა ჩამატებული. ის არც ვულგატის შედარებით ძველ ლათინურ ხელნაწერებში გვხვდება. ამიტომ ერაზმ როტერდამელმა თავის ბერძნულ „ახალ აღთქმაში“ არ ჩართო ბიბლიის ტექსტში გაკეთებული ეს გვიანდელი ჩანართი.

„პოლიგლოტის“ გამომცემლებმა არ ისურვეს შეეცვალათ მუხლი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო ტრადიციული ვულგატის ნაწილი. ამგვარად, ლათინურ ტექსტში მათ შეინარჩუნეს ეს ყალბი ჩანართი და გადაწყვიტეს, ბერძნული ტექსტიც მის მიხედვით შეეცვალათ, რათა ორივე სვეტში მოთავსებული თარგმანი ერთმანეთის შესატყვისი ყოფილიყო.

საფუძველი ბიბლიის ახალი თარგმანებისთვის

„კომპულტენსიონ პოლიგლოტი“ მნიშვნელოვანი ნაშრომი მხოლოდ იმიტომ არ იყო, რომ მასში პირველად დაიბეჭდა ბერძნული წერილების სრული ვარიანტი და სეპტუაგინტა. როგორც ერაზმ როტერდამელის ბერძნული „ახალი აღთქმა“ იქცა ბერძნული წერილების საყოველთაოდ მიღებულ ტექსტად (სხვა მრავალ ენაზე ბიბლიის თარგმანებისთვის საფუძვლად), ისე „პოლიგლოტი“ გახდა ებრაულ-არამეული წერილებისთვის დახვეწილი ძირითადი ტექსტი *. უილიამ ტინდალმა ბიბლიის თავისი ინგლისური თარგმანის საფუძვლად „პოლიგლოტში“ მოცემული ებრაული ტექსტი გამოიყენა.

ამგვარად, „კომპლუტენსიონ პოლიგლოტზე“ მომუშავე სწავლულთა ჯგუფმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბიბლეისტიკის განვითარებაში. ეს ნაშრომი მაშინ გამოქვეყნდა, როდესაც მთელ ევროპაში ბიბლიისადმი მზარდი ინტერესის გაღვივებამ მთარგმნელები აღძრა, საღვთო წერილი უბრალო, ხალხისთვის გასაგებ ენაზე ეთარგმნათ. „პოლიგლოტი“ იმ მრავალსაფეხურიანი წამოწყების ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რომელმაც ხელი შეუწყო ბერძნული და ებრაული ტექსტების დახვეწასა და შენარჩუნებას. ყოველივე ეს კი შეესაბამება ღვთის განზრახვას იმასთან დაკავშირებით, რომ ‘ხალასი სიტყვა უფლისა’, ‘ღვთის სიტყვა, საუკუნოდ იდგეს’ (ფსალმუნები 17:31; ესაია 40:8; 1 პეტრე 1:25).

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 ექვსასი ეგზემპლარი ქაღალდზე დაიბეჭდა, ექვსი კი პერგამენტზე. 1984 წელს ძალიან შეზღუდული რაოდენობით გაკეთდა ამ ნაშრომის ფაქსიმილე (ზუსტი პირი, რომელიც გადაღებულია ფოტომექანიკური წესით).

^ აბზ. 12 ებრაული, ბერძნული და ლათინური (იოანე 19:20).

^ აბზ. 14 ნებრიხა ესპანელ ჰუმანისტებს (თავისუფლად მოაზროვნე სწავლულებს) შორის პიონერად არის მიჩნეული. 1942 წელს მან გამოსცა პირველი „Gramática castellana“ (კასტილიური ენის გრამატიკა). სამი წლის შემდეგ ნებრიხამ გადაწყვიტა, ცხოვრების დარჩენილი ნაწილი საღვთო წერილის შესწავლისთვის მიეძღვნა.

^ აბზ. 18 ბიბლიური მონაკვეთი, 1 იოანეს 5:7-ს ზოგ თარგმანში გაყალბებულია და შემდეგნაირად არის მოცემული: „რადგან სამნი მოწმობენ ცაზე: მამა, სიტყვა და სულიწმიდა, და ეს სამი ერთია“.

^ აბზ. 21 ბიბლიაზე ერაზმის მუშაობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ 1982 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 8—11 (ინგლ.).

[სურათი 29 გვერდზე]

კარდინალი ხიმენეს დე სისნეროსი

[საავტორო უფლება]

Biblioteca Histórica. Universidad Complutense de Madrid

[სურათი 30 გვერდზე]

ანტონიო დე ნებრიხა

[საავტორო უფლება]

Biblioteca Histórica. Universidad Complutense de Madrid

[სურათის საავტორო უფლება 28 გვერდზე]

Biblioteca Histórica. Universidad Complutense de Madrid