არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის ნება დედამიწაზე

ღვთის ნება დედამიწაზე

ღვთის ნება დედამიწაზე

იესომ თავის მოწაფეებს ასწავლა, ელოცათ: „იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“. ამ სიტყვებს მათ ეუბნებოდა პიროვნება, რომელიც ერთ დროს ზეცაში მამასთან ცხოვრობდა (მათე 6:10; იოანე 1:18; 3:13; 8:42). განკაცებამდე იესო მომსწრე იყო დროისა, როდესაც ზეცაში და დედამიწაზე ყველაფერი ღვთის ნებისამებრ სრულდებოდა. ეს იყო შესანიშნავი და კმაყოფილების მომგვრელი დრო (იგავები 8:27—31).

ღმერთმა თავდაპირველად შექმნა სულიერი ქმნილებები — ‘ანგელოზნი, ძალით ძლიერნი და მისი სიტყვის შემსრულებელნი’. ისინი იყვნენ და არიან ‘მსახურნი ღვთისა, მისი ნების შემსრულებელნი’ (ფსალმუნები 102:20, 21). ჰქონდათ მათ ნების თავისუფლება? დიახ. დედამიწის შექმნისას ეს „ღვთის ძენი ყიჟინებდნენ“ (იობი 38:7). მათი ‘ყიჟინი’ იმის მაჩვენებელი იყო, რომ ძალიან მოსწონდათ ღვთის ნება და თავიანთ ნებას ღვთისას უსაბამებდნენ.

ღმერთმა შექმნა დედამიწა და ის ადამიანთა საცხოვრებლად მოამზადა, რის შემდეგაც პირველი მამაკაცი და ქალი შექმნა (დაბადება, 1-ლი თავი). იმსახურებდა თუ არა ესეც ‘ყიჟინით’ გამოხმაურებას? ღვთის შთაგონებით დაწერილ ცნობაში ნათქვამია: „იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და ძალზე კარგი იყო“. დიახ, ყოველივე უზადო, სრულყოფილი იყო (დაბადება 1:31).

რა განზრახვა ჰქონდა ღმერთს პირველ წყვილსა და მათ შთამომავლებთან დაკავშირებით? დაბადების 1:28-ის თანახმად, ეს განზრახვაც ძალიან კარგი იყო: «აკურთხა ისინი ღმერთმა და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას; და ბატონობდეთ ზღვის თევზებზე და ციურ ფრინველებზე, და ყოველ ცხოველზე, რომელიც კი მიწაზე დაცოცავს“». ამ საუცხოო დავალების შესასრულებლად პირველ წყვილსა და მათ შთამომავლებს სულ — მარადიულად — უნდა ეცოცხლათ. არაფერი იყო ტრაგედიის, უსამართლობის, გულისტკივილისა თუ სიკვდილის მომასწავებელი.

ეს იყო დრო, როდესაც ღვთის ნება სრულდებოდა როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე. ღვთის ნების შესრულება ყველას დიდ სიამოვნებას მიანიჭებდა. მაგრამ რა მოხდა?

ღვთის ნების შესრულება მოულოდნელად რაღაც პრობლემამ დააბრკოლა. არა, ეს არ ყოფილა ისეთი პრობლემა, რომლის გადაჭრაც შეუძლებელია. მაგრამ მან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გულისტკივილი, მწუხარება მოიტანა, რამაც კაცობრიობის მიმართ ღვთის ნებასთან დაკავშირებით გაუგებრობის ატმოსფერო შექმნა. ამ პრობლემის მსხვერპლნი გავხდით ყველა. რა არის ეს პრობლემა?

ღვთის ნება დაუმორჩილებლობის გამოვლენის დროს

„ღვთის [სულიერ] ძეთაგან“ ერთ-ერთმა, ეგოისტური მიზნებით აღძრულმა, გამონახა საშუალება, ხელი შეეშალა კაცობრიობის მიმართ ღვთის ნების შესრულებისთვის. რაც უფრო მეტად ფიქრობდა ეს სულიერი ქმნილება ამ საშუალებაზე, მით უფრო შესაძლებელი და მიმზიდველი ეჩვენებოდა (იაკობი 1:14, 15). ის შესაძლოა ფიქრობდა, რომ, თუ ადამიანთა პირველ წყვილს თავის მხარეს გადაიყვანდა და ისინი მას მოუსმენდნენ და არა ღმერთს, მაშინ ღმერთი იძულებული გახდებოდა, აეტანა მოქიშპე უზენაესი ხელისუფლების არსებობა. შესაძლებელია ის ფიქრობდა, რომ ღმერთი არ დასჯიდა ურჩებს, რადგან მათი დასჯა ღვთის განზრახვის ჩაშლის მაჩვენებელი იქნებოდა. იეჰოვა ღმერთს მოუწევდა, ცვლილებები შეეტანა თავის განზრახვაში და დაეშვა, რომ გარკვეული ძალაუფლება ჰქონოდა სატანას, რომელსაც მის მიერ შექმნილი ადამიანები დაემორჩილნენ. ღვთის წინააღმდეგ გამოსულ ამ ქმნილებას მოგვიანებით სათანადოდ ეწოდა სატანა, რაც „მოწინააღმდეგეს“ ნიშნავს (იობი 1:6).

თავისი სურვილის განსახორციელებლად სატანა ქალთან მივიდა და ჩააწვეთა აზრი, რომ არად ჩაეგდო ღვთის ნება და მორალურად დამოუკიდებელი გამხდარიყო. „არ მოკვდებით . . . და იქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“, — უთხრა მან ქალს (დაბადება 3:1—5). ევამ იფიქრა, რომ ამგვარად მოქმედება მას თავისუფლებას მიანიჭებდა და დაიჯერა, რომ ეს უკეთეს ცხოვრებას მოუტანდა. მოგვიანებით მან თავისი ქმარიც გადაიბირა (დაბადება 3:6).

ყოველივე ეს არ ყოფილა ღვთის ნება ამ წყვილთან დაკავშირებით. ეს მათი ნება იყო. ამგვარი კურსის აღება კი მათ სავალალო შედეგებს უქადდა. ღმერთს პირველი წყვილისთვის უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ ურჩობის გამოვლენით სასიკვდილო გზას დაადგებოდნენ (დაბადება 3:3). ადამიანები ისე არ იყვნენ შექმნილნი, რომ ღვთისგან დამოუკიდებლობას მათთვის წარმატება მოეტანა (იერემია 10:23). გარდა ამისა, ისინი არასრულყოფილები გახდებოდნენ და არასრულყოფილებასა და სიკვდილს შთამომავლებსაც გადასცემდნენ (რომაელთა 5:12). სატანას არ შეეძლო ამ სავალალო გავლენის გაქარწყლება და მათთვის თავდაპირველი მდგომარეობის დაბრუნება.

შეცვალა მოვლენების ამგვარად განვითარებამ ღვთის განზრახვა, ანუ ნება, კაცობრიობისა და დედამიწის მიმართ? არა (ესაია 55:9—11). მაგრამ წამოიჭრა კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გასცემოდა: მართლა შეიძლებოდა, რომ ადამიანები გამხდარიყვნენ „ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“, როგორც ეს სატანამ განაცხადა? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკმარისი დრო რომ გვქონოდა, შევძლებდით ცხოვრების ნებისმიერ სფეროში თავად გადაგვეწყვიტა, რა არის სიკეთე და რა — ბოროტება, რა არის სასარგებლო და რა — საზიანო? არის ღვთის მმართველობა საუკეთესო და იმსახურებს ის ამის გამო აბსოლუტურ მორჩილებას? იმსახურებს მისი ნება სრულად შესრულებას? როგორ უპასუხებდით ამ კითხვებზე?

ამ კითხვებზე ყველა გონიერი ქმნილებისთვის პასუხის გასაცემად ერთადერთი გზა არსებობდა — მათთვის, ვინც დამოუკიდებლობას ეძებდა, ღმერთს საშუალება უნდა მიეცა, ეცადათ და დაენახათ, რა გამოუვიდოდათ. წამოჭრილი პრობლემა მხოლოდ ურჩთა განადგურებით ვერ გადაიჭრებოდა. საჭირო იყო ადამიანების მიერ აღებული კურსის მიხედვით მოქმედებისთვის საკმაო პერიოდის გამოყოფა, რადგან ამგვარად ყველასთვის ნათელი გახდებოდა ღვთისგან დამოუკიდებლობის შედეგები. ღმერთმა ცხადყო, რომ სწორედ ასე გადაჭრიდა ამ პრობლემას. მან ქალს უთხრა, რომ შვილებს შობდა. ამგვარად წარმოიშობოდა ადამიანთა მოდგმა. ღვთის ამ გადაწყვეტილების წყალობით ვართ ჩვენ დღეს ცოცხალი! (დაბადება 3:16, 20).

ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ღმერთი ადამიანებსა და მის მოწინააღმდეგე სულიერ ძეს საშუალებას მისცემდა, მთლიანად საკუთარი სურვილისამებრ მოქცეულიყვნენ. ღმერთს უარი არ უთქვამს თავის უზენაესობაზე და არც თავისი განზრახვის შესრულება გადაუფიქრებია (ფსალმუნები 82:19). ეს მან ცხადყო წინასწარმეტყველების წარმოთქმით, რომელშიც მის წინააღმდეგ სხვების შემგულიანებლის საბოლოო განადგურებისა და ამით გამოწვეული ყოველგვარი ცუდი შედეგის მოსპობის შესახებ არის ლაპარაკი (დაბადება 3:15). ასე რომ, ადამიანებს თავიდანვე ჰქონდათ შვებით ამოსუნთქვის შესახებ დაპირება.

პირველი წყვილი და მათი შთამომავლები ღვთის მმართველობას ჩამოშორდნენ. ადამიანები ამ გადაწყვეტილების ყველა ცუდი შედეგისგან რომ დაეცვა, ღმერთს ნებისმიერ საკითხში მათთვის თავისი ნება უნდა მოეხვია. ეს კი იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ მათთვის საერთოდ არ მიეცა შესაძლებლობა, ეცადათ და ენახათ, რა გამოუვიდოდათ ღვთისგან დამოუკიდებლად.

ცხადია, ცალკეულ პიროვნებებს შეეძლოთ ღვთის მმართველობა აერჩიათ. მათ შეეძლოთ გაეგოთ, რა იყო ღვთის ნება კონკრეტული პერიოდის განმავლობაში და მაქსიმალურად შეესრულებინათ ის (ფსალმუნები 142:10). მიუხედავად ამისა, კაცობრიობის სრული დამოუკიდებლობის საკითხის მოგვარებამდე, ისინი უპრობლემოდ მაინც ვერ იცხოვრებდნენ.

პირველი წყვილის არჩევნის შედეგი მალევე გახდა აშკარა. ადამიანთა მოდგმის პირველმა ძემ, კაენმა, მოკლა თავისი ძმა, აბელი, რადგან „მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა — მართალი“ (1 იოანე 3:12). ეს არ იყო ღვთის ნება, რაც იქიდან ჩანს, რომ მან გააფრთხილა კაენი, მოგვიანებით კი დასაჯა ამგვარი მოქმედებისთვის (დაბადება 4:3—12). კაენმა სატანის მიერ შეთავაზებული მორალური დამოუკიდებლობა არჩია; ამგვარად, ის „ბოროტისაგან იყო“. სხვებიც მის მსგავსად მოიქცნენ.

ადამიანთა მოდგმის დასაბამიდან 1 500-ზე მეტი წლის შემდეგ „წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აღივსო იგი ძალადობით“ (დაბადება 6:11). აუცილებელი გახდა გადამწყვეტი ზომების მიღება, რათა ქვეყანა მოსპობას გადარჩენოდა. ღმერთი ასეც მოიქცა და დედამიწას წარღვნა მოუვლინა. ცოცხალი დატოვა ერთი მართალი ოჯახი — ნოე, მისი მეუღლე, ვაჟები და მათი მეუღლეები (დაბადება 7:1). ჩვენ, ყველანი, მათი შთამომავლები ვართ.

მას შემდეგ ღმერთი ყოველთვის ხელმძღვანელობდა იმ ადამიანებს, რომელთაც გულწრფელად სურდათ მისი ნების შესრულება. ღვთის შთაგონებით, ერთგული მამაკაცების მიერ, ჩაწერილ იქნა ეს სიტყვები ყველასთვის, ვისაც კი მისი ხელმძღვანელობის მიყოლა სურდა. ისინი ჩაწერილია ბიბლიაში (2 ტიმოთე 3:16). ღმერთმა სიყვარული გამოავლინა და ერთგულ ადამიანებს მასთან ურთიერთობის დამყარებისა და დამეგობრების საშუალებაც კი მისცა (ესაია 41:8, აქ). ღმერთი თავის ერთგულებს ძალას აძლევდა, რათა შესძლებოდათ იმ სირთულეებთან გამკლავება, რომლებიც კაცობრიობას დამოუკიდებლად არსებობის ათასწლეულების განმავლობაში ექნებოდა (ფსალმუნები 45:2; ფილიპელთა 4:13). მართლაც რომ ძალიან მადლიერები უნდა ვიყოთ ამისათვის!

„იყოს ნება შენი“ — ყველგან და ყოველმხრივ

განა იმით, რაც დღემდე გააკეთა, ღმერთმა სრულად არ გამოხატა კაცობრიობისადმი თავისი ნება? ქრისტიანმა მოციქულმა პეტრემ დაწერა: „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). აქ სიმბოლური ენით ლაპარაკია კაცობრიობის ახალ მთავრობასა და ამ მთავრობის ქვეშევრდომობით მცხოვრებ ადამიანთა ახალ საზოგადოებაზე.

წინასწარმეტყველმა დანიელმა სავსებით ნათლად დაწერა: „იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა . . . იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44). ამ წინასწარმეტყველების თანახმად, დღევანდელი წარუმატებელი სისტემა განადგურდება და მას ღვთის სამეფო ანუ მთავრობა შეცვლის. ეს ნამდვილად სასიხარულო ცნობაა! კონფლიქტები და ეგოიზმი, რაც ასეა გავრცელებული დღევანდელ წუთისოფელში, ძალადობასთან და დედამიწის მოსპობის საშიშროებასთან ერთად, ერთ მშვენიერ დღეს დავიწყებას მიეცემა.

როდის მოხდება ყოველივე ეს? ერთხელ იესოს მოწაფეებმა იკითხეს: „როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?“ იესოს პასუხში ეს სიტყვებიც შედიოდა: «ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე [„სამეფოს შესახებ“, აქ] მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული» (მათე 24:3, 14).

საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღეს სამქადაგებლო საქმიანობა მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს. ალბათ, თქვენც ხედავთ, რომ ეს ასეა. თავის წიგნში „მათაც სწამთ“ პროფესორი ჩარლზ ბრადენი წერს: „იეჰოვას მოწმეებმა თავიანთი ქადაგებით, პირდაპირი გაგებით, მთელი დედამიწა შემოიარეს . . . მსოფლიოში არც ერთ რელიგიურ ჯგუფს არ გამოუვლენია იეჰოვას მოწმეებზე მეტი გულმოდგინება და შეუპოვრობა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელების მცდელობისას“. მოწმეები აქტიურად ქადაგებენ ამ სასიხარულო ცნობას დაახლოებით 400 ენაზე 230-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ ამ საქმიანობას ადრე არასოდეს მიუღია ასე გლობალური მასშტაბი. ეს კი ერთ-ერთია მრავალ მტკიცებათაგან, რომ ახლოვდება დრო, როდესაც ადამიანთა მთავრობებს ღვთის სამეფო შეცვლის.

სამეფო, რომლის შესახებაც იქადაგებდნენ იესოს სიტყვების თანახმად, სწორედ ის სამეფოა, რომელზეც მან გვასწავლა ლოცვა: «მოვიდეს სუფევა [„სამეფო“, აქ] შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა» (მათე 6:10). დიახ, ღმერთი ამ სამეფოს საშუალებით განახორციელებს კაცობრიობისა და დედამიწის მიმართ თავის განზრახვას, ნებას.

რას ნიშნავს ეს? ამ კითხვაზე პასუხს გამოცხადების 21:3, 4 გაგვცემს: «გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ». მაშინ ღვთის ნება ნამდვილად შესრულდება დედამიწაზეც და ზეცაშიც — ყველგან და ყოველმხრივ *. გსურთ ამის მომსწრე გახდეთ?

[სქოლიოები]

^ აბზ. 26 თუ გსურთ უფრო მეტი გაიგოთ ღვთის სამეფოს შესახებ, დაუკავშირდით თქვენს მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან ამ ჟურნალის მეორე გვერდზე მოცემულ რომელიმე მისამართზე წერილი გაგზავნეთ.

[სურათი 5 გვერდზე]

ღვთისგან დამოუკიდებლობამ უბედურება დაგვატეხა თავს.