როცა უსინათლო ვიყავი, თვალი სწორედ მაშინ ამეხილა
ბიოგრაფია
როცა უსინათლო ვიყავი, თვალი სწორედ მაშინ ამეხილა
მოგვითხრო ეგონ ჰაუსერმა
მხედველობის დაკარგვიდან ორი თვის გასვლის შემდეგ, ასე ვთქვათ, თვალები ამეხილა და შევიცანი ბიბლიური ჭეშმარიტება, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ყურადღებას არ ვაქცევდი.
როცა ვფიქრდები იმაზე, თუ როგორ გავატარე სამოცდაათ წელზე მეტი, ჩემი ცხოვრებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. მაგრამ ერთი რამის შეცვლა რომ შემძლებოდა, აუცილებლად შევცვლიდი — ვისურვებდი, უფრო ადრე გამეგო იეჰოვა ღმერთის შესახებ.
დავიბადე 1927 წელს ურუგვაიში — არგენტინასა და ბრაზილიას შორის მდებარე პატარა ქვეყანაში, რომელიც რუკაზე ფორმით მსხალს წააგავს. ატლანტის ოკეანის მხრიდან ურუგვაის ლამაზი სანაპიროები ამშვენებს. მის მოსახლეობას ძირითადად იტალიელი და ესპანელი იმიგრანტების შთამომავლები შეადგენენ. მაგრამ ჩემი მშობლები უნგრელი იმიგრანტები იყვნენ. პატარა რომ ვიყავი, ისეთ უბანში ვცხოვრობდით, სადაც ხალხი ღარიბი იყო, მაგრამ მეზობლებს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებდათ. საჭირო არ იყო კარ-ფანჯრის ჩარაზვა. ჩვენ შორის არ არსებობდა რასობრივი სიძულვილი. უცხოელები და ადგილობრივები, შავკანიანები და თეთრკანიანები — ყველა ერთმანეთის მეგობრები ვიყავით.
ჩემი მშობლები აქტიური კათოლიკეები იყვნენ და მეც, ათი წლის ასაკში, ეკლესიაში მსახურება დავიწყე. როცა გავიზარდე, ადგილობრივ მრევლთან ერთად ვმსახურობდი და ეპისკოპოსის ერთ-ერთი კონსულტანტი ვიყავი. მოგვიანებით, როცა მედიცინის სფეროში დავიწყე მოღვაწეობა, ვენესუელაში კათოლიკური ეკლესიის მიერ ორგანიზებულ სემინარზე მიმიწვიეს. ჯგუფს, რომელშიც გინეკოლოგები ვიყავით გაერთიანებული, ბაზარზე გამოსული ორალური კონტრაცეპტივების გამოკვლევა დაგვევალა.
სტუდენტობის დროინდელი შთაბეჭდილებები
სამედიცინოზე სწავლის პერიოდში, როცა სულ უფრო მეტს ვიგებდი ადამიანის სხეულის შესახებ, ჩემზე უფრო და უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ის, თუ რა დიდი სიბრძნით არის სხეული შექმნილი. მაოცებდა ტრავმის შემდეგ ორგანიზმის თვითგანკურნებისა და აღდგენის უნარი; მაგალითად, როცა ღვიძლი ან რომელიმე ნეკნი ნაწილობრივი მოკვეთის ან ტრავმის შემდეგ კვლავ იზრდება და ნორმალურ ზომას უბრუნდება.
ამავე დროს, საქმე მქონდა უბედური შემთხვევების არაერთ მსხვერპლთან და დამამწუხრებელი იყო, როცა ისინი სისხლის გადასხმის გამო იღუპებოდნენ. დღემდე მახსოვს, რამდენად რთული იყო სისხლის გადასხმით გამოწვეული გართულებების გამო დაღუპული პაციენტების ნათესავებთან დალაპარაკება. ხშირ შემთხვევაში ნათესავები ვერ იგებდნენ, რომ პაციენტის სიკვდილის მიზეზი სისხლის გადასხმა იყო. ექიმები მათ სხვა მიზეზებს ეუბნებოდნენ. მას შემდეგ ბევრმა წელმა განვლო, მაგრამ მახსოვს, რომ სისხლის გადასხმისადმი მაინცდამაინც დადებითად არ ვიყავი განწყობილი და ბოლოს ეჭვის თვალით დავუწყე ყურება. ნეტავ სისხლის სიწმინდესთან დაკავშირებით იეჰოვას კანონი მცოდნოდა! მაშინ, ალბათ, ამ საკითხთან დაკავშირებით გაურკვევლობაში აღარ ვიქნებოდი (საქმეები 15:19, 20).
ხალხისთვის დახმარების გაწევის შედეგად მიღებული კმაყოფილება
მოგვიანებით ქირურგად დავიწყე მუშაობა და სანტა-ლუსიას სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორად დავინიშნე. ამავე დროს, ბიოლოგიურ მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტთანაც ვთანამშრომლობდი. ცხოვრებით კმაყოფილი ვიყავი. ხალხს ვკურნავდი, ტკივილებს ვუმსუბუქებდი, ხშირ შემთხვევებში სიცოცხლეს ვუნარჩუნებდი და მშობიარე ქალებს ვეხმარებოდი, ახალი სიცოცხლე მოვლინებულიყო ქვეყნიერებაზე. იმ შემთხვევების გამო, რომლებიც სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით წარსულში მქონდა, გადასხმას თავს ვარიდებდი და ათასობით ოპერაციას უსისხლოდ ვაკეთებდი. სისხლდენას კასრიდან სითხის გაჟონვას ვადარებდი. ასეთ შემთხვევაში კი ერთადერთი გამოსავალი კასრის შეკეთებაა და არა მისი პერიოდულად ავსება.
იეჰოვას მოწმე პაციენტთა მკურნალობა
იეჰოვას მოწმეებს 60-იან წლებში გავეცანი, როცა მათ ჩვენს კლინიკაში უსისხლო ოპერაციების გაკეთება დაიწყეს. არასდროს დამავიწყდება ერთი პაციენტის, პიონერის, სახელად მერსედეს გონსალესის შემთხვევა. მას ანემიის იმდენად მძიმე ფორმა ჰქონდა, რომ უნივერსიტეტის საავადმყოფოს ექიმებმა უარი თქვეს მისთვის ოპერაციის გაკეთებაზე, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ ვერ გადაიტანდა. მიუხედავად იმისა, რომ სისხლს კარგავდა, ჩვენს კლინიკაში გავუკეთეთ ოპერაცია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პაციენტმა კიდევ 30 წელი, სიცოცხლის ბოლომდე, იმსახურა პიონერად და არც ისე დიდი ხნის წინ 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ის, თუ როგორ სიყვარულს ავლენდნენ იეჰოვას მოწმეები თანამორწმუნეებისადმი, რომლებიც ჩვენი პაციენტები იყვნენ. შემოვლის დროს სიამოვნებით ვუსმენდი ხოლმე მათ, როცა თავიანთ რწმენაზე მელაპარაკებოდნენ და პუბლიკაციებსაც ვიღებდი. აზრად არასდროს გამივლია, რომ მალე მხოლოდ მათი ექიმი კი არა, სულიერი ძმაც ვიქნებოდი.
მოწმეებს უფრო მეტად დავუახლოვდი, როცა ბიატრისზე, ჩემი პაციენტის ქალიშვილზე, დავქორწინდი. მისი ოჯახის წევრთა უმრავლესობა უკვე იეჰოვას მოწმე იყო და ჩვენი ქორწილის შემდეგ ჩემი მეუღლეც იეჰოვას მოწმე გახდა. მე კი ჩემს საქმეში ვიყავი ჩაფლული. მედიცინის სფეროში გარკვეული აღიარებაც კი მოვიპოვე. ცხოვრებით მართლაც რომ არ ვიყავი უკმაყოფილო. რას წარმოვიდგენდი, რომ თავს დიდი უბედურება დამატყდებოდა.
თავს უბედურება მატყდება
ერთ-ერთი დიდი უბედურება, რაც კი შეიძლება ქირურგს დაატყდეს თავს, მხედველობის დაკარგვაა. მე სწორედ ეს დამემართა. სრულიად მოულოდნელად, ორივე თვალის ბადურა დამიზიანდა. დავბრმავდი. არ ვიცოდი, აღმიდგებოდა თუ არა მხედველობა. ოპერაციის შემდეგ თვალებახვეული ვიწექი. ასეთმა მდგომარეობამ დეპრესიაში ჩამაგდო. სასოწარკვეთილება დამეუფლა და თავს იმდენად ზედმეტად ვგრძნობდი, რომ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება გადავწყვიტე. ჩემი პალატა მეთოთხმეტე სართულზე იყო. ერთხელაც საწოლიდან ავდექი და კედელ-კედელ ფანჯრის ძებნა დავიწყე. მინდოდა, გადავმხტარიყავი. მაგრამ საავადმყოფოს დერეფანში აღმოვჩნდი და ექთანმა პალატაში დამაბრუნა.
თავის მოკვლა მეტად აღარ მიცდია. მაგრამ ჩემს ბნელით მოცულ სამყაროში კვლავაც სასოწარკვეთილი და უკიდურესად გაღიზიანებული ვიყავი. მაშინ ღმერთს პირობა დავუდე, რომ თუ ოდესმე მხედველობა დამიბრუნდებოდა, ბიბლიას თავიდან ბოლომდე წავიკითხავდი. დროთა განმავლობაში მხედველობა ნაწილობრივ აღმიდგა და კითხვა შევძელი. მაგრამ ქირურგად მუშაობის გაგრძელება აღარ შემეძლო. და მაინც, როგორც ამბობენ, „ზოგი ჭირი მარგებელიაო“. მალე ამაში თავად დავრწმუნდი.
უხერხული დასაწყისი
დიდი შრიფტით დაბეჭდილი „იერუსალიმის ბიბლიის“ ყიდვა მინდოდა, მაგრამ გავიგე, რომ იეჰოვას მოწმეებს უფრო იაფი ბიბლია ჰქონდათ, რომლის სახლში მოტანაც ერთმა ახალგაზრდა მოწმემ შემომთავაზა. მეორე დღეს ის ჩემი სახლის კართან იდგა. კარი ჩემმა მეუღლემ გაუღო და გამოელაპარაკა. მე უხეშად გავძახე, რომ ფული თუ გადახდილი იყო, ჩემს სახლში აღარაფერი ესაქმებოდა და უნდა წასულიყო, რაც, მინდა გითხრათ, მან დაუყოვნებლივ გააკეთა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში დიდი როლს შეასრულებდა.
ერთხელ ცოლს ისეთ რამეს შევპირდი, რაც ვერ შევასრულე. ასე რომ, დანაშულის გამოსასყიდად და მისი გულის გასახარებლად, ვუთხარი, რომ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე გავყვებოდი. ის დღეც დადგა. დანაპირები არ დამვიწყებია და მასთან ერთად დავესწარი ამ შეხვედრას. მეგობრულმა ატმოსფერომ და გულთბილმა დამოკიდებულებამ პირდაპირ მომხიბლა. მოხსენების დაწყების შემდეგ გაკვირვებულმა აღმოვაჩინე, რომ სიტყვით სწორედ ის ახალგაზრდა გამოდიოდა, რომელიც ასე უტაქტოდ გავისტუმრე სახლიდან. მისი მოხსენება ჩემს გულს შეეხო და თავი უხერხულად ვიგრძენი, თავის დროზე ცუდად რომ მოვექეცი. როგორ შემეძლო მდგომარეობის გამოსწორება?
მეუღლეს ვთხოვე, ვახშამზე მოეწვია, მაგრამ მან მომიგო: „უფრო უკეთესი ხომ არ იქნებოდა, შენ რომ მოგეწვია? არსად წახვიდე და მალე თვითონ მოვა“. ცოლი მართალი აღმოჩნდა. ის თვითონ მოგვიახლოვდა მოსასალმებლად და სიამოვნებით მიიღო მოწვევა.
საუბარი, რომელიც ჩვენ შორის იმ საღამოს შედგა, ჩემს ცხოვრებაში უამრავი ცვლილების დასაწყისი იყო. მან მაჩვენა წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“ *, მე კი ექვსი ცალი ასეთივე წიგნი გამოვუტანე, რომლებიც საავადმყოფოში ჩემმა პაციენტებმა, იეჰოვას მოწმეებმა, მაჩუქეს; მაგრამ ის ერთხელაც არ მქონდა წაკითხული. ვახშმის დროს და მის შემდეგაც კითხვას კითხვაზე ვუსვამდი. ის კი ყველა მათგანზე ბიბლიიდან მპასუხობდა. საუბარი გვიანობამდე გაგვიგრძელდა, უფრო სწორად დილამდე. წასვლის წინ მან ბიბლიის შესწავლა შემომთავაზა წიგნ „ჭეშმარიტების“ გამოყენებით. ეს წიგნი სამ თვეში დავამთავრეთ და შემდეგ გადავედით წიგნზე «„დაეცა დიდი ბაბილონი!“ ღვთის სამეფო მართავს!» *. ამის შემდეგ იეჰოვა ღმერთს თავი მივუძღვენი და მოვინათლე.
თავს კვლავ საჭიროდ ვგრძნობ
მხედველობის დაკარგვის წყალობით „გულის თვალები“ ამეხილა და დავინახე ბიბლიური ჭეშმარიტება, რომელსაც აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდი (ეფესელთა 1:18). იეჰოვასა და მისი სიყვარულით აღსავსე განზრახვების გაცნობამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. თავი კვლავ საჭიროდ და ბედნიერად ვიგრძენი. ხალხს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად ვეხმარები. მათ ვეხმარები სიცოცხლის გახანგრძლივებაში ახლა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვასწავლი, როგორ მიაღწიონ მარადიულ სიცოცხლეს მომავალ ახალ ქვეყნიერებაში.
მედიცინის უკანასკნელ მიღწევებს ყოველთვის თვალყურს ვადევნებ. აგრეთვე პირადად ჩავატარე გამოკვლევები სისხლის გადასხმის რისკის, ალტერნატიული მეთოდებით მკურნალობის, პაციენტის უფლებების დაცვისა და ბიოეთიკის საკითხებზე. მქონდა იმის შესაძლებლობებიც, რომ ეს ინფორმაცია გამეზიარებინა სხვა ექიმებისთვის სამედიცინო სემინარებზე სიტყვით გამოსვლისას. 1994 წელს დავესწარი უსისხლო ქირურგიის პირველ კონგრესს რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია) და მოხსენებითაც გამოვედი სისხლდენების თემაზე. ეს ინფორმაცია ნაწილობრივ შესულია ჩემ მიერ დაწერილ სტატიაში „სტრატეგიული წინადადება სისხლდენის გარეშე მკურნალობისთვის“ (Una propuesta: Estrategias para el Tratamiento de las Hemorragias), რომელიც გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალ „ჰემოთერაპიაში“.
ზეწოლის მიუხედავად ერთგულებას ვინარჩუნებ
სამედიცინო კარიერის დასაწყისში სისხლის გადასხმის მიმართ ჩემი ეჭვები ძირითადად მეცნიერულ ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული. როდესაც მე თვითონ აღმოვჩნდი პაციენტის როლში, დავინახე, რამდენად რთული ყოფილა სისხლის გადასხმაზე უარის თქმა და რწმენის შენარჩუნება ექიმების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად. სერიოზული ინფარქტის შემდეგ ორ საათზე მეტი მომიწია ქირურგისთვის ჩემი პოზიციის ახსნა. ის ჩემი კარგი მეგობრის შვილი იყო და მითხრა, რომ ჩემს სიკვდილს არ დაუშვებდა, თუ სისხლის გადასხმა სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იქნებოდა. მე გულში იეჰოვას მივმართე ლოცვით, რომ დახმარებოდა ექიმს, გაეგო ჩემი პოზიცია და პატივისცემით მოპყრობოდა, მიუხედავად იმისა, რომ არ იზიარებდა მას. საბოლოოდ ექიმმა აღმითქვა, რომ პატივს სცემდა ჩემს სურვილს.
ცოტა ხნის შემდეგ წინამდებარე ჯირკვლის ოპერაცია დამჭირდა. სისხლდენა დამეწყო. ამ დროს კიდევ ერთხელ მომიწია ექიმებისთვის ჩემი პოზიციის ახსნა და მიუხედავად იმისა, რომ სისხლის ორი მესამედი დავკარგე, სამედიცინო პერსონალი პატივისცემით მოეკიდა ჩემს პოზიციას.
დამოკიდებულების შეცვლა
ბიოეთიკის საერთაშორისო ასოციაციის წევრობის განმავლობაში საშუალება მქონდა თვალი მედევნებინა, როგორ იცვლებოდა თანდათანობით სამედიცინო პერსონალისა და ხელისუფლებების დამოკიდებულება პაციენტის უფლებებისადმი. ექიმებმა, რომლებიც თავად წყვეტდნენ, რა იყო პაციენტისთვის უკეთესი, განწყობილება შეიცვალეს. მათ პაციენტთა აზრის გათვალისწინება და მკურნალობამდე მათთვის საკმარისი ინფორმაციის მიცემა დაიწყეს. ახლა ისინი საშუალებას აძლევენ პაციენტებს, თვითონ აირჩიონ მკურნალობის მეთოდი. იეჰოვას მოწმეებს აღარ უყურებენ, როგორც ფანატიკოსებს, რომლებიც მკურნალობის ღირსი არ არიან. ამის ნაცვლად, მათ კარგად ინფორმირებულ პაციენტებად თვლიან, რომელთა უფლებებსაც პატივი უნდა სცენ. სამედიცინო სემინარებზე და სატელევიზიო გადაცემებში აღიარებულ პროფესორებს არაერთხელ უთქვამთ ასეთი აზრები: „იეჰოვას მოწმეებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ახლა გვესმის. . .“, „იეჰოვას მოწმეებისგან ვისწავლეთ, რომ. . .“, „მათ გვასწავლეს, როგორ გავუმჯობესებულიყავით“.
ნათქვამია, რომ სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და პირადი ღირსების გრძნობას აზრი არა აქვს მის გარეშე. დღეს ბევრი აღიარებს უმაღლეს იურიდიულ პრინციპს, რომ თითოეული ადამიანი თვითონ არის საკუთარი უფლებების პატრონი და ნებისმიერ სიტუაციაში მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს, რომელი უფლებაა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი. ამის წყალობით პირადი ღირსების გრძნობა, არჩევნის თავისუფლება და რელიგიური მრწამსი წინა პლანზე გამოდის. პაციენტი საკუთარი თავის პატრონია. ბევრ ექიმს დაეხმარა ამ საკითხების უკეთ დანახვაში იეჰოვას მოწმეების მიერ ჩამოყალიბებული სპეციალური სამსახური „საავადმყოფოების საინფორმაციო მომსახურება“.
ოჯახის დახმარების წყალობით იეჰოვას მსახურებაში თავს საჭიროდ ვგრძნობ და აგრეთვე ქრისტიანულ კრებაში უხუცესად ვმსახურობ. ზევითაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ უფრო ადრე არ გავიგე იეჰოვას შესახებ. და მაინც, უსაზღვროდ მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ მან გულის თვალები ამიხილა და დამანახა ახალ ქვეყნიერებაში ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით ცხოვრების დიდებული იმედი, სადაც არავინ იტყვის „ავადა ვარ“ (ესაია 33:24) *.
[სქოლიოები]
^ აბზ. 24 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
^ აბზ. 24 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
^ აბზ. 34 სანამ ეს სტატია გამოსაცემად მზადდებოდა, ძმა ეგონ ჰაუსერი გარდაიცვალა. იგი სიკვდილამდე ერთგული იყო და გვახარებს ის, რომ მისი იმედი აუცილებლად შესრულდება.
[სურათი 24 გვერდზე]
სანტა ლუსიაში საავადმყოფოში მუშაობის დროს.
[სურათი 26 გვერდზე]
მე და ჩემი მეუღლე ბეატრისი, 1995 წელი.