არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნდა ერეოდეს სამღვდელოება პოლიტიკაში?

უნდა ერეოდეს სამღვდელოება პოლიტიკაში?

უნდა ერეოდეს სამღვდელოება პოლიტიკაში?

«კანადელმა არქიეპისკოპოსმა პილიგრიმებს უთხრა, რომ პოლიტიკაში ჩარევით ღარიბთა დახმარების შესაძლებლობა ეძლევათ . . . იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პოლიტიკური სისტემა არ მოქმედებს ღვთის ნებასთან შეთანხმებულად, „ჩვენ უნდა ჩავერიოთ პოლიტიკაში, რათა სამართალი აღვადგინოთ ღარიბთათვის“» (Catholic News).

უჩვეულო აღარ არის, როცა რელიგიური წინამძღოლები სახალხოდ გამოთქვამენ პოლიტიკურ საქმეებში მონაწილეობის სურვილს. იშვიათობა აღარც ის არის, რომ მათ პოლიტიკური თანამდებობები უკავიათ. ზოგი მათგანი ცდილობს პოლიტიკური გარდაქმნების გატარებას. სხვებს იმის გამო სცემენ პატივს და იხსენებენ, რომ რასობრივი თანასწორუფლებიანობის აღდგენისა და მონათმფლობელობის გაუქმების მხარდამჭერი მოძრაობა წამოიწყეს.

მიუხედავად ამისა, მრევლის დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მათი მოძღვრები პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ამა თუ იმ მხარეს ემხრობიან. „პროტესტანტული ეკლესიის მიმდევრები ზოგჯერ ეჭვის თვალით უყურებენ თავიანთ მოძღვართა აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ ასპარეზზე“, — ნათქვამია ერთ-ერთი ქრისტიანული ჟურნალის სტატიაში, რომელიც პოლიტიკურ თეოლოგიას ეხება (Christian Century). ბევრი მორწმუნე თვლის, რომ ეკლესია წმინდაა და ამიტომ მისი წარმომადგენლები არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკაში.

ეს წამოჭრის არაერთ დამაფიქრებელ კითხვას, რომლებიც სულერთი არ არის მათთვის, ვისაც სურს მსოფლიო მდგომარეობის გაუმჯობესება. შეუძლიათ ქრისტიანობის მქადაგებლებს გარდაქმნან პოლიტიკური სისტემა *? სურს ღმერთს, რომ სამღვდელოების პოლიტიკაში ჩარევამ მოიტანოს უკეთესი მმართველობა და ცხოვრება? იმ მიზნით ჩაეყარა ქრისტიანობას საფუძველი, რომ ახალი პოლიტიკური მიდგომა შემოეთავაზებინა?

როგორ ჩაება სამღვდელოება პოლიტიკაში?

ისტორიკოსი ჰენრი ჩადვიკი წიგნში „ადრეული ეკლესია“ წერს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანული კრება „არ იყო დაინტერესებული ამ ქვეყნიერებაში ძალაუფლების მოპოვებით“. ის იყო „არაპოლიტიკური, ყველაზე მშვიდი და პაციფისტური საზოგადოება“. წიგნში „ქრისტიანობის ისტორია“ ნათქვამია: „ქრისტიანებს შორის ფართოდ იყო გავრცელებული შეხედულება, რომ არც ერთ მათგანს არ უნდა ჰქონოდა პოლიტიკური თანამდებობა . . . III საუკუნის დასაწყისში იპოლიტემ თქვა, რომ ქრისტიანული ტრადიციის თანახმად სახელმწიფო მოხელე ეკლესიის წევრი რომ გამხდარიყო, უნდა გადამდგარიყო თავისი თანამდებობიდან“. მიუხედავად ამისა, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მსურველნი თანდათანობით გაბატონდნენ ბევრ ქრისტიანულ კრებაში და საკუთარ თავს საპატიო წოდებები მიანიჭეს (საქმეები 20:29, 30). ზოგს სურდა, რომ როგორც რელიგიური, ისე პოლიტიკური ლიდერი ყოფილიყო. ასეთ სასულიერო პირებს ამის შესაძლებლობა რომის მართვის სისტემაში მომხდარმა მოულოდნელმა ცვლილებამ მისცა.

ახ. წ. 312 წელს რომის წარმართი იმპერატორი კონსტანტინე დადებითად განეწყო ნომინალური ქრისტიანობის მიმართ. საოცარია, რომ ეპისკოპოსები გარიგებაზე წავიდნენ და სანაცვლოდ წარმართი იმპერატორის მიერ შეთავაზებული უპირატესობები მიიღეს. „ეკლესია სულ უფრო და უფრო ერეოდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში“, — წერს ჰენრი ჩადვიკი. რა გავლენა იქონია პოლიტიკაში ჩარევამ სასულიერო პირებზე?

რა გავლენა მოახდინა პოლიტიკაში ჩარევამ სამღვდელოებაზე?

განსაკუთრებით V საუკუნის გავლენიანმა კათოლიკე ღვთისმეტყველმა ავგუსტინემ დაუჭირა მხარი იმ აზრს, რომ ღმერთი სასულიერო პირებს პოლიტიკოსებად გამოიყენებდა. მისი წარმოდგენით ეკლესია გახდებოდა ერების მმართველი და მშვიდობას მოუტანდა კაცობრიობას. მაგრამ ისტორიკოსმა ჰ. ჯ. უელსმა დაწერა: „V—XV საუკუნეების ევროპის ისტორიამ ცხადყო, რომ ატაცებული იდეა — ღვთიური მსოფლიო მმართველობის დამყარება — ვერ განხორციელდა“. ქრისტიანულმა სამყარომ ევროპასაც კი ვერ მოუტანა მშვიდობა, რომ აღარაფერი ვთქვათ მთელ მსოფლიოზე. ქრისტიანობა ბევრის თვალში გაუფასურდა. რამ გამოიწვია ეს?

ბევრმა, ვინც ქრისტიანობის მქადაგებლად აცხადებდა თავს, პოლიტიკაში კეთილი განზრახვით დაიწყო ჩარევა, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ თავადვე გახდნენ ბოროტი საქმეების მონაწილენი. მარტინ ლუთერი, ბიბლიის მქადაგებელი და მთარგმნელი, ცნობილია იმით, რომ კათოლიკური ეკლესიის გარდაქმნას ცდილობდა. მაგრამ მან ეკლესიის დოქტრინების წინააღმდეგ გაბედულად გამოსვლის შედეგად სახელი გაითქვა მათ შორის, რომლებსაც პოლიტიკური განზრახვით სურდათ ამბოხება. ლუთერმა ბევრის თვალში პატივისცემა დაკარგა, როდესაც პოლიტიკურ საკითხებზე საკუთარი აზრის გამოთქმა დაიწყო. თავდაპირველად ის მხარს უჭერდა გლეხებს, რომლებიც აჯანყდნენ დიდგვაროვნების წინააღმდეგ. მოგვიანებით კი, როდესაც გლეხთა მოძრაობა ძალადობაში გადაიზარდა, მან დიდგვაროვნებს მოუწოდა, ჩაეხშოთ აჯანყება, რაც გააკეთეს კიდეც და ათასობით ადამიანი დაუნდობლად გაჟლიტეს. გასაკვირი არ არის, რომ გლეხები ლუთერს მოღალატედ მიიჩნევდნენ. ლუთერმა დიდგვაროვნებს იმისკენაც მოუწოდა, რომ კათოლიკე იმპერატორის წინააღმდეგ აღმდგარიყვნენ. ფაქტობრივად, ლუთერის მიმდევრები, რომლებიც პროტესტანტებად გახდნენ ცნობილნი, თავიდანვე პოლიტიკურ მოძრაობაში მონაწილეობდნენ. როგორ იმოქმედა ძალაუფლებამ ლუთერზე? ძალიან უარყოფითად. მაგალითად, თავდაპირველად ლუთერი წინააღმდეგი იყო, ძალა გამოეყენებინა განსხვავებული შეხედულების ადამიანების დასარწმუნებლად. მაგრამ მოგვიანებით თავის პოლიტიკურ მომხრეებს მოუწოდებდა, ცეცხლში დაეწვათ ისინი, ვინც ეწინააღმდეგებოდა ახალშობილთა ნათლობას.

ჟან კალვინი ცნობილი სასულიერო პირი იყო ჟენევაში, მაგრამ საბოლოოდ მან დიდი პოლიტიკური ძალაუფლებაც მოიპოვა. როდესაც მიგელ სერვეტმა დაასაბუთა, რომ სამება არ იყო საღვთო წერილზე დაფუძნებული სწავლება, კალვინმა ისარგებლა პოლიტიკური გავლენით და სერვეტის სიკვდილით დასჯას შეუწყო ხელი. სერვეტი კოცონზე დაწვეს. რა შემაძრწუნებელი გადახვევაა იესოს სწავლებებიდან!

შესაძლებელია ამ ადამიანებმა დაივიწყეს ბიბლიაში, 1 იოანეს 5:19–ში (აქ), ჩაწერილი სიტყვები: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“. გულწრფელად სურდათ მათ პოლიტიკური სისტემის გარდაქმნა თუ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და გავლენიანი მეგობრების შეძენის სურვილი იზიდავდათ? როგორც უნდა ყოფილიყო, მათ უნდა ხსომებოდათ იესოს მოწაფის, იაკობის, მიერ ღვთის შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები: „განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა, ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (იაკობი 4:4). იაკობმა იცოდა, რა ჰქონდა იესოს ნათქვამი თავის მიმდევრებზე: „არ არიან წუთისოფლისანი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა“ (იოანე 17:14).

თუმცა ბევრს ესმის, რომ ქრისტიანებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ქვეყნიერების ბოროტ საქმეებში, მათ არ სურთ, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაიცვან, ანუ ნამდვილად ‘არ იყვნენ წუთისოფლისანი’. ისინი ამბობენ, რომ ნეიტრალიტეტი ხელს უშლის ქრისტიანებს სხვებისადმი სიყვარულის აქტიურად გამოვლენაში. ისინი ფიქრობენ, რომ რელიგიურმა წინამძღოლებმა უნდა გამოთქვან საკუთარი შეხედულება პოლიტიკურ საკითხებზე და მონაწილეობა მიიღონ კორუფციისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ ნამდვილად ხელისშემშლელია ნეიტრალიტეტი, რის დაცვასაც იესო ასწავლიდა თავის მიმდევრებს, სხვებისადმი ზრუნვის გამოვლენაში? შეუძლია ქრისტიანს, არ ჩაერიოს უთანხმოების გამომწვევ პოლიტიკაში და ამავდროულად პრაქტიკულად დაეხმაროს სხვებს? ეს კითხვები მომდევნო სტატიაში განიხილება.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 პოლიტიკა განიმარტება როგორც „კლასების, ერებისა და სხვა სოციალური ჯგუფების ურთიერთობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფერო, რომლის ბირთვია სახელმწიფო ხელისუფლების დაპყრობის, შენარჩუნებისა და გამოყენების პრობლემა“ („ქართული საბჭოთა ენციკლოპედია“).

[სურათი 4 გვერდზე]

რელიგიური წინამძღოლები გარიგებაზე წავიდნენ ისეთ მმართველებთან, როგორიც იყო იმპერატორი კონსტანტინე, რათა პოლიტიკური ძალაუფლება ჩაეგდოთ ხელში.

[საავტორო უფლება]

Musée du Louvre, Paris

[სურათები 5 გვერდზე]

რატომ ჩაებნენ ცნობილი რელიგიური წინამძღოლები პოლიტიკაში?

ავგუსტინე

ლუთერი

კალვინი

[საავტორო უფლება]

Augustine: ICCD Photo; Calvin: Portrait by Holbein, from the book The History of Protestantism (Vol. II)