არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ძველი დროის სპორტული შეჯიბრებები

ძველი დროის სპორტული შეჯიბრებები

ძველი დროის სპორტული შეჯიბრებები

და გამარჯვების მნიშვნელობა

„შეჯიბრების ყველა მონაწილე ყველაფერში თავშეკავებას ავლენს“. „ვერც ერთი მოასპარეზე ვერ მიიღებს გვირგვინს, თუ შეჯიბრების წესებს არ დაიცავს“ (1 კორინთელთა 9:25, აქ; 2 ტიმოთე 2:5, აქ).

პავლე მოციქულის მიერ მოხსენიებული სპორტული შეჯიბრებები ძველი ბერძნული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი იყო. რას მოგვითხრობს ისტორია ამ შეჯიბრებებსა და იქ გამეფებულ ატმოსფეროზე?

არც ისე დიდი ხნის წინ რომის კოლიზეიში ბერძნული შეჯიბრებებისადმი მიძღვნილი გამოფენა, „ნიკე — შეჯიბრება და გამარჯვება“ (Nike—Il gioco e la vittoria), მოეწყო *. გამოფენის ექსპონატები გარკვეულწილად პასუხს სცემს ზემოთ დასმულ კითხვას და გვეხმარება, დავფიქრდეთ სპორტული შეჯიბრებების შესახებ ქრისტიანულ თვალსაზრისზე.

სპორტული შეჯიბრებების ისტორია

საბერძნეთი არ იყო პირველი ქვეყანა, სადაც სპორტული შეჯიბრებები იმართებოდა. და მაინც, დაახლოებით ძვ. წ. VIII საუკუნეში ბერძენმა პოეტმა, ჰომეროსმა, მაშინდელი საზოგადოება საგმირო საქმეების მოქმედთა გაიდეალებითა და მეტოქეობის სულით გაჟღენთილ საზოგადოებად აღწერა, სადაც უაღრესად ფასობდა სამხედრო საქმეში დახელოვნებულობა და ათლეტიზმი. როგორც გამოფენის დროს აღინიშნა, პირველი ბერძნული დღესასწაულები ღვთაებების პატივსაცემად იმართებოდა გმირების დაკრძალვის დროს. მაგალითად, ასეთ სცენას აღწერს ჰომეროსის პოემა „ილიადა“, რომელიც ბერძნული ლიტერატურის დღემდე მოღწეული უძველესი ნაწარმოებია. პოემაში მოთხრობილია, აქილევსის თანამებრძოლებმა, სახელოვანმა მეომრებმა, პატროკლუსის დაკრძალვის ცერემონიალის დროს როგორ დააწყვეს იარაღი და გამართეს შეჯიბრება, რათა ენახვებინათ თავიანთი სიმარჯვე მუშტი-კრივში, ჭიდაობაში, ბადროს ტყორცნასა და ეტლით რბოლაში.

ასეთი საზეიმო ასპარეზობები საბერძნეთში ბევრ ადგილას იმართებოდა. ზემოთ აღნიშნული გამოფენისადმი მიძღვნილ წიგნში ნათქვამია: „ამ საზეიმო ასპარეზობების დროს ბერძნებს შესაძლებლობა ეძლეოდათ, თავიანთი ღვთაებების პატივსაცემად დროებით შეეჩერებინათ გაუთავებელი და ხშირი მოძალადეობრივი კონფლიქტები და მშვიდობიან ათლეტურ შეჯიბრებებში ეჯერებინათ გული მათთვის დამახასიათებელი მეტოქეობის სულის გამოვლენით“.

საბერძნეთის ქალაქებში ტრადიციად აქციეს თაყვანისცემის ცენტრებში ადამიანთა გარკვეული ჯგუფების მიწვევა, სადაც ღვთაებების პატივსაცემად ათლეტური შეჯიბრებები იმართებოდა. დროთა განმავლობაში ყველაზე პოპულარული გახდა ოთხი საზეიმო ასპარეზობა: ზევსის პატივსაცემად დაწესებული ოლიმპიური და ნემეური თამაშები, აპოლონის სადიდებელი პითიური ასპარეზობანი და პოსეიდონის პატივსაცემად მოწყობილი ისთმიური თამაშობანი. ამ ასპარეზობებმა იმდენად დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რომ პანელინური, საყოველთაო ბერძნულის, სტატუსი მოიპოვა; ეს იმას ნიშნავდა, რომ მათში ბერძნული სამყაროს ყველა წარმომადგენელს შეეძლო მონაწილეობა. ამ საზეიმო ასპარეზობების დროს მსხვერპლს სწირავდნენ და ლოცვებს წარმოთქვამდნენ, აგრეთვე ღვთაებების პატივსაცემად განსაკუთრებულ სპორტულ ან ხელოვანთა შეჯიბრებებს აწყობდნენ.

ყველაზე პოპულარული და უძველესი საზეიმო ასპარეზობები იმართებოდა ქალაქ ოლიმპიაში ზევსის პატივსაცემად. გადმოცემების თანახმად, ისინი ძვ. წ. 776 წლიდან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ეწყობოდა. მეორე მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო პითიური ასპარეზობა, რომელიც დელფოში, ყველაზე ცნობილი ორაკულის მახლობლად ეწყობოდა. ამ დროს იმართებოდა სპორტული შეჯიბრებები, მაგრამ ეს ზეიმი აპოლონის, პოეზიისა და მუსიკის მფარველის, პატივსაცემად ეწყობოდა. ამიტომ მთავარი ყურადღება სიმღერასა და ცეკვას ეთმობოდა.

შეჯიბრების სახეობები

თანამედროვე სპორტული შეჯიბრებებისგან განსხვავებით ძველი დროის სპორტული სახეობები საკმაოდ მცირე იყო და მათში მხოლოდ მამაკაცები იღებდნენ მონაწილეობას. ძველი დროის ოლიმპიურ თამაშებში ათზე მეტი სახეობა არასდროს ყოფილა. კოლიზეიში გამოფენილმა ქანდაკებებმა, რელიეფურმა გამოსახულებებმა, მოზაიკურმა სურათებმა და კერამიკულ ვაზებზე გაკეთებულმა მოხატულობებმა ამ შეჯიბრებების შესახებ დაახლოებითი წარმოდგენა შეუქმნა დამთვალიერებლებს.

ძველად სირბილში შეჯიბრება სამ დისტანციაზე ეწყობოდა: პირველი დაახლოებით 200-მეტრიანი დისტანციის გარბენას მოითხოვდა, მეორე — ორმაგი დისტანციის (თანამედროვე 400 მეტრზე რბენის მსგავსი), ხოლო მესამე, მარათონული რბენა, დაახლოებით 4 500 მეტრის დისტანციას მოიცავდა. სპორტსმენები სრულიად შიშვლები იღებდნენ მონაწილეობას სირბილში. ხუთჭიდში ხუთი სახეობა შედიოდა: სირბილი, სიგრძეზე ხტომა, ბადროს და შუბის ტყორცნა და ჭიდაობა. ასპარეზობაში აგრეთვე შედიოდა კრივი და პანკრატიონი. ეს უკანასკნელი აღიწერება „სპორტის სასტიკ სახეობად, რომელიც აერთიანებდა ჭიდაობასა და მუშტი-კრივს შიშველი ხელებით“. ასევე იმართებოდა ასპარეზობა ეტლით რბოლაში. საასპარეზო დისტანცია 1 600 მეტრზე მეტს მოიცავდა; ეტლი მსუბუქი და უკანა მხრიდან ღია იყო, რომელშიც აბამდნენ ორ ან ოთხ კვიცს ან ცხენს.

მუშტი-კრივი ძალიან სასტიკი შეჯიბრება იყო და ზოგჯერ სიკვდილითაც კი მთავრდებოდა. ამ შეჯიბრების მონაწილეებს ხელებზე გადახვეული ჰქონდათ უხეში ტყავის ქამრები, რომლებშიც ჩასმული იყო ლითონის პატარა ნატეხები. ადვილი წარმოსადგენია, რატომ ვერ იცნო ოთხსაათიანი ბრძოლის შემდეგ ერთმა მოკრივემ, სახელად სტრატოფონტემ, საკუთარი თავი სარკეში. ძველი დროის ქანდაკებები და მოზაიკური ნაკეთობები ადასტურებს, რომ ამ შეჯიბრებისას მონაწილეები საშინლად სახიჩრდებოდნენ.

ჭიდაობის დროს მოჭიდავეებს მოწინააღმდეგისთვის მხოლოდ წელს ზევით შეეძლოთ წაევლოთ ხელი. ამ ორთაბრძოლაში გამარჯვებული ის იყო, ვინც სამჯერ დასცემდა მეტოქეს მიწაზე. ამის საპირისპიროდ, პანკრატიონში ყველანაირი მოძრაობა იყო ნებადართული. მონაწილეებს შეეძლოთ წიხლი ამოერტყათ, მუშტი დაერტყათ და კიდურები გადაეგრიხათ მეტოქისათვის. აკრძალული იყო მხოლოდ თვალის ამოთხრა, მოწინააღმდეგის დაკაწვრა და კბენა. შეჯიბრების მიზანი იყო, მოწინააღმდეგე მიწაზე დაენარცხებინათ და აეძულებინათ, დამარცხებულად ეღიარებინა თავი. ზოგისთვის ეს შეჯიბრი „ოლიმპიური თამაშებიდან ყველაზე საინტერესო სანახაობად ითვლებოდა“.

გადმოცემის თანახმად, პანკრატიონში ყველაზე ცნობილი ორთაბრძოლა ძვ. წ. 564 წელს ოლიმპიური თამაშების ფინალში შედგა. ათლეტმა, სახელად არაჰიონმა, რომელიც მოწინააღმდეგემ თითქმის დაახრჩო, სიცოცხლის ბოლო წუთებში მას ფეხის თითი მოსტეხა. ეს უკანასკნელი ტკივილისგან იმდენად გამწარდა, რომ არაჰიონის სიკვდილის წინ თავი დამარცხებულად აღიარა. მსაჯებმა გამარჯვებულად არაჰიონის გვამი გამოაცხადეს!

ასპარეზობა ეტლით რბოლაში ყველაზე პრესტიჟული იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა დიდგვაროვნებს შორის, რადგან გამარჯვებულად ის კი არ ითვლებოდა, ვინც ეტლს მართავდა, არამედ ეტლისა და ცხენების პატრონი. მნიშვნელოვან მომენტად ითვლებოდა შეჯიბრების პირველი ეტაპი, როდესაც ეტლზე ამხედრებულები იმავე ბილიკის ხაზზე უნდა დარჩენილიყვნენ, საიდანაც დაიწყეს რბოლა. აგრეთვე მაყურებელი დიდი ინტერესით უყურებდა, თუ როგორ უვლიდნენ გვერდს ეტლები ბოძებს, რომლებიც მრგვალი საასპარეზო მოედნის ორ საპირისპირო მხარეს იყო ჩადგმული. წესების დარღვევა შეიძლება უბედური შემთხვევების მიზეზი გამხდარიყო, რაც ამ პოპულარულ შეჯიბრებას სანახაობრივად კიდევ უფრო ამძაფრებდა.

ჯილდო

„ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, — აღნიშნა პავლე მოციქულმა, — მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს“ (1 კორინთელთა 9:24). ყველაზე მთავარი ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება იყო. არავინ ჯილდოვდებოდა ვერცხლის ან ბრინჯაოს მედლით, არავინ იღებდა მეორე ან მესამე ადგილს. «გამარჯვება, „ნიკე“ იყო ათლეტის უმთავრესი მიზანი, — აღინიშნა გამოფენაზე. — მხოლოდ ბრძოლაში გამარჯვება იქნებოდა მისთვის კმაყოფილების მომტანი, რადგან მხოლოდ „ნიკე“ აირეკლავდა მის ნამდვილ პიროვნებას, ფიზიკურ და მორალურ თვისებებს და მხოლოდ ამის შედეგად განდიდდებოდა ის თავის მშობლიურ მხარეში». ჰომეროსის „ილიადაში“ გამოთქმული თვალსაზრისი კარგად ირეკლავს ამ განწყობას: „ვისწავლე ყოველთვის თავის გამოჩენა“.

პანელინურ თამაშებში გამარჯვებულის ჯილდო სიმბოლური იყო — ფოთლებისგან გაკეთებული გვირგვინი. პავლემ მას „ხრწნადი გვირგვინი“ უწოდა (1 კორინთელთა 9:25). მაგრამ ამ ჯილდოს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ის წარმოადგენდა თავად ბუნების ძალას, რომელიც თავის ძლიერებას ანიჭებდა გამარჯვებულს. გამარჯვება, რომლის მიღწევასაც მთელი ძალებით ცდილობდნენ, ღვთაებების კეთილგანწყობილების მოპოვებას ნიშნავდა. გამოფენის ექსპონატებზე დაკვირვებით დამთვალიერებლებს ძველი დროის მოქანდაკეებისა და მხატვრების ნამუშევრებში შეეძლოთ დაენახათ, თუ როგორ ადგამს გვირგვინს გამარჯვებულს „ნიკე“ — გამარჯვების ფრთოსანი ბერძნული ქალღმერთი. ოლიმპიური თამაშების დროს გამარჯვება ნებისმიერი ათლეტის კარიერის უმაღლესი მწვერვალი იყო.

ოლიმპიური თამაშების დროს გვირგვინს ველური ზეთისხილის ფოთლებისგან აკეთებდნენ, ისთმიური თამაშებისას — ფიჭვისგან, პითიური თამაშობებისას — დაფნისგან, ხოლო ნემეური ასპარეზობისას — ველური ნიახურისგან. ზოგჯერ თამაშების ორგანიზატორები ფულად ან სხვაგვარ პრიზებს აწესებდნენ, რათა საუკეთესო ათლეტები მიეზიდათ. გამოფენაზე წარმოდგენილი რამდენიმე მოხატული ვაზა ჯილდოს სახით იყო გადაცემული პანელინური თამაშობების დროს, რომლებიც ტარდებოდა ათენში ქალღმერთ ათენას პატივსაცემად. თავის დროზე ამ ამფორებში ინახებოდა ატიკიდან ჩამოტანილი ძვირადღირებული ზეთი. ერთ-ერთი ასეთი ამფორის ერთ მხარეს გამოსახულია ქალღმერთი და იქვე გაკეთებულია წარწერა: „ათენის შეჯიბრებების დროს მოპოვებული ჯილდო“. მეორე მხარეს კი გამოსახულია იმ სპორტის სახეობა, რომელშიც, როგორც ჩანს, ათლეტმა მოიპოვა გამარჯვება.

გამარჯვების მოპოვების შედეგად ათლეტები სახელს უთქვამდნენ თავიანთ მშობლიურ ქალაქებსაც, სადაც მათ გმირებად აღიარებდნენ. გამარჯვებულებს თანამოქალაქეები საზეიმო პროცესიით ხვდებოდნენ. მათ პატივსაცემად აღმართავდნენ ქანდაკებებს, რომლებიც მოწმობდა ღვთაებების კეთილგანწყობაზე. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, ძნელად წარმოსადგენი იყო უბრალო მოკვდავთათვის. პოეტები თავიანთ ლექსებში ხოტბას ასხამდნენ ათლეტთა სიმამაცეს. გამარჯვებულებს საპატიო ადგილი ეკავათ საზოგადოებრივი ცერემონიების დროს და ისინი ფულად ანაზღაურებას იღებდნენ.

ბერძნული გიმნაზიები და ათლეტები

სპორტული შეჯიბრებები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მოქალაქე-მეომრის ჩამოყალიბებაში. საბერძნეთის ყველა ქალაქში არსებობდა გიმნაზიები, სადაც ყმაწვილებს ფიზიკურად წვრთნიდნენ და, ამავე დროს, მათ სხვადასხვა მეცნიერებებსაც ასწავლიდნენ. გიმნაზიაში რელიგიაც ისწავლებოდა. გიმნაზიის შენობებს აგებდნენ დიდი, ღია სავარჯიშო მოედნების ირგვლივ. შენობის შიდა მხარეს, მოედნის გარშემო სვეტებიანი დახურული გალერეა და სხვა გადახურული ადგილები იყო, სადაც ბიბლიოთეკა და საკლასო ოთახები ჰქონდათ. ასეთ სასწავლებლებში უმთავრესად სწავლობდნენ შეძლებული ოჯახების შვილები, რომელთაც შეეძლოთ მუშაობის ნაცვლად განათლებისთვის მიეძღვნათ დრო. აქ ათლეტები ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ინტენსიურ მომზადებას გადიოდნენ გამოცდილი მწვრთნელების დახმარებით, რომლებიც დიეტასაც უნიშნავდნენ მათ და აგრეთვე აკონტროლებდნენ, იკავებდნენ თუ არა თავს სქესობრივი კავშირისგან.

კოლიზეიში მოწყობილი გამოფენა დამთვალიერებლებს ანტიკური ხანის ათლეტების შესანიშნავი გამოსახულებების ხილვის შესაძლებლობას აძლევდა. ეს ხელოვნების ნიმუშები უმთავრესად ბერძნული ორიგინალების რომაული ასლები იყო. რადგან ძველი ბერძნული იდეოლოგიის თანახმად, ფიზიკური სრულყოფილება უტოლდებოდა ზნეობრივს და მას მხოლოდ არისტოკრატები ფლობდნენ, გამარჯვებულ ათლეტთა დახვეწილი აღნაგობა ფილოსოფიური იდეალის განსახიერებას წარმოადგენდა. რომაელებისთვის ისინი მხოლოდ ხელოვნების ნიმუშები იყო; ბევრი ასეთი ნამუშევარი მათ არენებს, აბანოებს, ვილებსა და სასახლეებს ამშვენებდა.

რომაელებს შორის მოძალადეობრივი სანახაობები ყოველთვის პოპულარულად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ ბერძნული თამაშობებიდან ყველაზე დიდ მოწონებას მუშტი-კრივი, ჭიდაობა და პანკრატიონი იმსახურებდა. რომაელები ასეთ სპორტულ შეჯიბრებებს ორთაბრძოლებად კი არ მიიჩნევდნენ (როდესაც ორი თანაბარი ძალის მქონე ადამიანი უპირისპირდებოდა ერთმანეთს, რათა გამოვლენილიყო გამარჯვებული), არამედ უბრალო სანახაობად. თავდაპირველი წარმოდგენა სპორტზე — მაღალი საზოგადოების წარმომადგენელ მებრძოლ-ათლეტთა კოლექტიური მონაწილეობა შეჯიბრებებში, რაც მათი განათლების ნაწილი იყო — დროთა განმავლობაში შეიცვალა. რომაელებმა ბერძნული თამაშობები აბაზანის მიღებამდე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ვარჯიშებად და სპორტულ სანახაობად აქციეს, რომელშიც დაბალი ფენის პროფესიონალი ათლეტები იღებდნენ მონაწილეობას, როგორც ეს, მაგალითად, გლადიატორთა ორთაბრძოლებში იყო.

ქრისტიანები და სპორტული შეჯიბრებები

სპორტული თამაშობების რელიგიური ხასიათი ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც პირველი საუკუნის ქრისტიანები უარს ამბობდნენ მათში მონაწილეობაზე, რადგან „რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან?“ (2 კორინთელთა 6:14, 16). რისი თქმა შეიძლება სპორტის თანამედროვე სახეობებზე?

ცხადია, თანამედროვე სპორტული შეჯიბრებები არ ეწყობა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად. მაგრამ განა სიმართლე არ არის, რომ სპორტის ზოგი სახეობის გარშემო ლამის რელიგიური განწყობაა შექმნილი, როგორც ეს ანტიკურ ხანაში იყო? გარდა ამისა, ბოლო წლებში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა სპორტსმენები გამარჯვების მისაღწევად დოპინგს იღებენ, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას და თვით სიცოცხლეს.

ქრისტიანთათვის ასეთ საქმიანობაში წინსვლა არ არის არსებითად მნიშვნელოვანი. ღვთის თვალში მიმზიდველს გვხდის „გულის დაფარული კაცის“ სულიერი თვისებები (1 პეტრე 3:3, 4). გვესმის, რომ ყველას, ვინც სპორტულ თამაშებში მონაწილეობს, არა აქვს ძლიერი მეტოქეობის სული, მაგრამ უმრავლესობისთვის ეს დამახასიათებელია. შეგვიწყობს ხელს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა იმაში, რომ მივყვეთ ბიბლიაში მოცემულ გაფრთხილებას: „არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით“? განა ასეთი ურთიერთობა ჩვენში ‘მტრობას, ჩხუბს, შურს, რისხვას, შუღლსა და უთანხმოებას’ არ აღძრავს? (ფილიპელთა 2:3; გალატელთა 5:19—21).

სპორტის ბევრი თანამედროვე სახეობა პოტენციურად მოძალადეობრივია. კარგია, რომ ყველას, ვისაც მოსწონს სპორტის ასეთი სახეობები, ახსოვდეს ფსალმუნების 10:5-ში ჩაწერილი სიტყვები: „უფალი გამოსცდის მართალსა და ბოროტს, ხოლო ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“.

ფიზიკური ვარჯიში, თუ სათანადო ადგილზეა ცხოვრებაში, შეიძლება სასიამოვნო იყოს. პავლე მოციქულმაც აღნიშნა, რომ „ფიზიკური ვარჯიში მეტ-ნაკლებად სასარგებლოა“ (1 ტიმოთე 4:7—10, აქ). როდესაც პავლე ბერძნულ თამაშებზე საუბრობდა, მან ისინი მხოლოდ მაგალითის სახით გამოიყენა იმის დასანახვებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანთათვის თავშეკავებისა და მოთმინების ქონა. პავლეს უმთავრესი მიზანი ღვთის მიერ აღთქმული მარადიული სიცოცხლის „ჯილდოს“ მიღება იყო (1 კორინთელთა 9:24—27; 1 ტიმოთე 6:12). ამ მხრივ ის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს ჩვენთვის.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 ბერძნული სიტყვა „ნიკე“ ნიშნავს გამარჯვებას.

[ჩარჩო⁄სურათები 31 გვერდზე]

მოკრივე ორთაბრძოლის შემდეგ

ეს ძვ. წ. IV საუკუნის ბრინჯაოს სკულპტურა აჩვენებს, როგორ სახიჩრდებოდნენ მუშტი-კრივში მონაწილენი. რომში მოწყობილი გამოფენის ექსპონატების კატალოგში ნათქვამია: «დამქანცველ ბრძოლაში ჩაბმული მოკრივის შეუპოვრობა . . . რის დროსაც „ჭრილობა ჭრილობის წილ უნდა მიყენებულიყო“, სამაგალითოდ ითვლებოდა». კატალოგში აგრეთვე აღნიშნულია: „წინა ორთაბრძოლაში მიყენებულ ჭრილობებს ახალი ემატებოდა“.

[სურათი 29 გვერდზე]

ეტლით რბოლა ძველი დროის სპორტულ შეჯიბრებებს შორის ყველაზე პრესტიჟულად ითვლებოდა.

[სურათი 30 გვერდზე]

ძველი დროის მხატვრების ნამუშევრებზე გამოსახულია, თუ როგორ ადგამს გამარჯვებულს გვირგვინს „ნიკე“, გამარჯვების ფრთოსანი ქალღმერთი.