არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხელს უშლის ნეიტრალიტეტი ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენას?

ხელს უშლის ნეიტრალიტეტი ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენას?

ხელს უშლის ნეიტრალიტეტი ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენას?

ქრისტიანობა უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ ბიბლიის კითხვას, ლოცვას და კვირაობით საგალობლების შესრულებას. ქრისტიანობა მოითხოვს საქმეებს — ღვთისთვის და ადამიანებისთვის მოქმედებას. ბიბლიაში ნათქვამია: „გვიყვარდეს არა სიტყვებით და არა ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“ (1 იოანე 3:18). იესო გულწრფელად იყო დაინტერესებული სხვებით და ქრისტიანებს სურთ, მიჰბაძონ მას. პავლე მოციქული თანამორწმუნეებს მოუწოდებდა, ყოველთვის ‘ეუხვათ უფლის საქმეში’ (1 კორინთელთა 15:58). მაგრამ რა შედის უფლის საქმეში? გულისხმობს ის მმართველობის ფორმის შეცვლის მცდელობას ღარიბთა და ჩაგრულთა სასარგებლოდ? ასე მოქმედებდა თავად იესო?

იესოს სთხოვდნენ, პოლიტიკაში მიეღო მონაწილეობა ან ამა თუ იმ მხარეს მიმხრობოდა, მაგრამ მან უკუაგდო ეს წინადადებები. იესომ უარყო სატანის მიერ შეთავაზებული ქვეყნიერების ყველა სამეფოს მართვის შესაძლებლობა. მან არ ისურვა მონაწილეობა გადასახადებთან დაკავშირებით წამოჭრილ კამათში და გაეცალა პოპულარულ სახალხო მოძრაობაში მონაწილეებს, როდესაც მისი გამეფება მოისურვეს (მათე 4:8—10; 22:17—21; იოანე 6:15). მაგრამ ნეიტრალური პოზიციის დაკავება მას არ უშლიდა ხელს სხვებისთვის სიკეთის გაკეთებაში.

იესოს მთელი ყურადღება იმაზე ჰქონდა გადატანილი, რაც სხვებს მარადიულ კეთილდღეობას მოუტანდა. იესომ ხუთი ათასი ადამიანის დაპურებითა და ავადმყოფობების განკურნებით დროებითი შვება მოუტანა ადამიანთა მცირე ჯგუფს, მაგრამ მისი სწავლებები მთელ კაცობრიობას მარადიული კურთხევების მიღების შესაძლებლობას აძლევს. იესო ცნობილი გახდა არა როგორც ჰუმანიტარული დახმარებების ორგანიზატორი, არამედ როგორც „მოძღვარი“ (მათე 26:18; მარკოზი 5:35; იოანე 11:28). მან თქვა: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო“ (იოანე 18:37).

პოლიტიკაზე გაცილებით უკეთეს საქმიანობაში მონაწილეობა

ჭეშმარიტება, რომელსაც იესო ასწავლიდა, პოლიტიკური თეორია არ იყო. მის სწავლებაში უმთავრესი ადგილი ეკავა სამეფოს, რომლის მეფეც თვითონ უნდა ყოფილიყო (ლუკა 4:43). ეს სამეფო არის ზეციერი მთავრობა, რომელიც შეცვლის ყველა ადამიანურ მმართველობას და მარადიულ მშვიდობას მოუტანს კაცობრიობას (ესაია 9:6, 7; 11:9; დანიელი 2:44). ამიტომ, ეს სამეფო კაცობრიობის ერთადერთი ჭეშმარიტი იმედია. განა მომავლის ასეთი უტყუარი იმედის გაცხადებით უფრო მეტად არ ვლინდება სიყვარული, ვიდრე იმისკენ მოწოდებით, რომ ადამიანებზე დავამყაროთ ბედნიერი მომავლის იმედი? ბიბლიაში ნათქვამია: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა, ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმავე დღეს გაქრება მისი აზრები. ნეტარ არს, ვისი შემწეცაა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე“ (ფსალმუნები 145:3—5). აქედან გამომდინარე, ნაცვლად იმისა, რომ თავისი მოწაფეებისთვის უკეთესი მმართველობის ფორმის ჩამოყალიბების შესახებ ქადაგება დაევალებინა, იესომ მათ ასწავლა, ექადაგათ „სახარება სასუფეველზე“, ანუ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა (მათე 10:6, 7; 24:14).

სწორედ ამას მოიცავს „უფლის საქმე“, რომლის შესრულებაც მინდობილი აქვთ ქრისტიან მქადაგებლებს. ღვთის სამეფოს ქვეშევრდომებს ერთმანეთის სიყვარული მოეთხოვებათ; ეს კი იმის გარანტიაა, რომ სამეფო ბოლოს მოუღებს სიღარიბეს იმით, რომ კაცობრიობის რესურსებს სამართლიანად გაანაწილებს (ფსალმუნები 71:8, 12, 13). ეს მართლაც რომ სასიხარულო ცნობაა, რომელიც აუცილებლად უნდა მივიდეს ყველას ყურამდე.

დღეს იეჰოვას მოწმეები „უფლის საქმეს“ ორგანიზებულად ასრულებენ 235 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. იესოს რჩევის თანახმად, ისინი პატივისცემით ეკიდებიან ნებისმიერ მთავრობას (მათე 22:21). მაგრამ ისინი მიჰყვებიან იესოს მიერ თავისი მიმდევრებისთვის ნათქვამ სიტყვებსაც: „არ ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან“ (იოანე 15:19).

ზოგმა, ვინც ჩაბმული იყო პოლიტიკაში, ბიბლიის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ თვალსაზრისი შეიცვალა. ერთმა იტალიელმა პოლიტიკოსმა, რომელიც ეკლესიის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის, „კათოლიკური მოქმედების“, წევრი იყო, თქვა: „ერთ დროს პოლიტიკაში ჩავები, რადგან ვფიქრობდი, რომ ადამიანს დიდი წვლილი უნდა შეეტანა პოლიტიკაში და საზოგადოების სოციალურ განვითარებაში“. მას შემდეგ, რაც ქალაქის მერის თანამდებობიდან გადადგა, რათა, როგორც იეჰოვას მოწმეს, ღვთის სამეფოს შესახებ ექადაგა, მან ახსნა, რატომ არის ფუჭი პოლიტიკაში ჩაბმული გულწრფელი ადამიანების მცდელობა: „დღევანდელ მსოფლიოს ვერ შეცვლი; კეთილი განზრახვებით აღძრული ადამიანთა მცირე ჯგუფი კი ცდილობს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ რამდენადაც უმრავლესობა უკანონობის მოქმედია, ისინი ვერაფერს ხდებიან“.

მართალია ჭეშმარიტი ქრისტიანები არ მონაწილეობენ პოლიტიკაში და კაცობრიობის ერთადერთ რეალურ იმედზე ქადაგებენ, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ, სხვებს პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინონ. ის ადამიანები, რომლებსაც მოწმეები ეხმარებიან ღვთის სამეფოს ქვეშევრდომებად გახდომაში, იცვლიან მტრულ განწყობილებას, პატივისცემით ეკიდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, იუმჯობესებენ ოჯახურ ცხოვრებას და სიმდიდრისადმი გაწონასწორებულ თვალსაზრისს ივითარებენ. რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან ადამიანებს ღმერთთან ახლო ურთიერთობის დამყარებაში.

ღვთის სამეფოს შესახებ მქადაგებლებს სარგებლობა მოაქვთ საზოგადოებისთვის. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ისინი ადამიანებს იმ მმართველობაზე დაიმედებას ურჩევენ, რომელიც რეალურია და უსასრულო მშვიდობას მოუტანს ღვთის ყველა მოყვარულს. ნეიტრალური პოზიციის დაკავების შედეგად ამ ქრისტიანებს შესაძლებლობა აქვთ, ყველაზე პრაქტიკული და ხანგრძლივი შედეგების მომტანი დახმარება აღმოუჩინონ ადამიანებს.

[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

პოლიტიკაში მონაწილეობის ნაცვლად ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება

სიყმაწვილეში ატილამ ბელენის (ბრაზილია) ადგილობრივი მღვდლებისგან შეიტყო კათოლიკური ეკლესიის მიერ ჩამოყალიბებული მიმდინარეობის შესახებ, რომლის სწავლების თანახმადაც, ეკლესიას აქტიური მონაწილეობა უნდა მიეღო სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში. მას ძალიან მოეწონა აზრი იმის თაობაზე, რომ კაცობრიობა საბოლოოდ ამ გზით გათავისუფლდებოდა ჩაგვრისგან; ამიტომ შეუერთდა ამ მიმდინარეობის აქტივისტთა ჯგუფს, სადაც ისწავლა, ორგანიზება გაეწია საპროტესტო გამოსვლებისთვის და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიებისთვის.

ატილა აგრეთვე სიამოვნებით ასწავლიდა აქტივისტების ჯგუფის წევრების შვილებს წიგნის „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“ მეშვეობით *. წიგნში საუბარი იყო კარგ საქციელსა და მთავრობისადმი მორჩილებაზე. ამან ატილა დააფიქრა იმის შესახებ, თუ რატომ არ მიჰყვებოდნენ ამ მიმდინარეობის მომხრეები მაღალ მორალურ ნორმებს, რომელთა შესახებაც იესო ასწავლიდა და რატომ ივიწყებდა ზოგი მათგანი დაჩაგრულ ხალხს, როდესაც ძალაუფლებას იგდებდნენ ხელში. მან მიატოვა ზემოაღნიშნულ საქმიანობაში მონაწილეობა. ცოტა ხნის შემდეგ მის კარზე იეჰოვას მოწმეებმა დააკაკუნეს და ღვთის სამეფოს შესახებ ესაუბრნენ. მალე მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და გაიგო, თუ რა მოუღებს სინამდვილეში ბოლოს ადამიანთა ჩაგვრას.

შესწავლის პერიოდში ატილა ესწრებოდა კათოლიკურ სემინარს, რომელზეც განიხილებოდა რწმენასა დ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები. „რწმენა და პოლიტიკა ერთი და იმავე მონეტის ორი მხარეა“, — ახსნეს სემინარის წამყვანებმა. ატილა სამეფო დარბაზშიც დაესწრო ქრისტიანულ შეხვედრას. მან ძალიან დიდი სხვაობა დაინახა. პირველ რიგში მან შენიშნა, რომ სამეფო დარბაზში არავინ ეწეოდა, არავინ სვამდა და უხამსად არავინ ხუმრობდა. ატილამ გადაწყვიტა, იეჰოვას მოწმეებთან ერთად მიეღო მონაწილეობა სამქადაგებლო საქმიანობაში, რის შემდეგაც მალევე მოინათლა. ამჟამად მას ესმის, რატომ ვერ გადაჭრის ზემოთ მოხსენიებული მიმდინარეობა ღარიბთა პრობლემებს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 15 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათები 6 გვერდზე]

ქრისტიან მსახურებს ნეიტრალიტეტი ხელს არ უშლის სხვებისთვის დახმარების აღმოჩენაში.