არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მდინარეებმა ტაში შემოჰკრან“

„მდინარეებმა ტაში შემოჰკრან“

იეჰოვას ქმნილებათა დიდებულება

„მდინარეებმა ტაში შემოჰკრან“

თუ თვალს გადაავლებთ მსოფლიოს რუკას, უმეტეს ადგილას შენიშნავთ ხმელეთის დიდ ნაწილზე გავლებულ კლაკნილ ხაზებს, რომლებიც კვეთენ ტრამალებს, უდაბნოებსა და მდელოებს. ისინი ველებს, კანიონებსა და ტყეებს შორისაც არის გავლებული (აბაკუმი 3:9). რუკაზე ამ კლაკნილი ხაზებით აღინიშნება მდინარეები, ჩვენი პლანეტის სასიცოცხლო არტერიები. წყლის ეს ნაკადები დედამიწის შემოქმედის, იეჰოვას, სიბრძნესა და ძალაზე მოწმობს. როდესაც მათ ვუკვირდებით, ფსალმუნმომღერლის მსგავსი გრძნობები გვეუფლება. ის გალობდა: „მდინარეებმა ტაში შემოჰკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ უფლის წინაშე“ (ფსალმუნები 97:8) *.

მდინარეები ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა კაცობრიობის ისტორიაში. ბიბლიაში მოხსენიებულია მდინარე, რომელიც ედემიდან გამოედინებოდა და ოთხ ტოტად იყოფოდა (დაბადება 2:10—14). ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია ახლო აღმოსავლეთში სწორედ იმ ნაყოფიერ ველებზე აღმოცენდა, სადაც მდინარე ტიგროსი და ევფრატი მოედინება. ჩინეთში, ეგვიპტესა და აზიის სამხრეთ ნაწილში დიდებული კულტურების არსებობა მდინარე ხუანხემ, ნილოსმა, განგმა და ინდმა განაპირობა.

გასაკვირი არ არის, რომ ადამიანებს ყოველთვის შიშნარევი მოწიწება ეუფლებოდათ მდინარეთა სიდიადის, გამოულეველი წყლის მარაგისა და სილამაზის შემხედვარეებს. მდინარე ნილოსის სიგრძე დაახლოებით 6 670 კილომეტრია. ყველაზე დიდ მდინარედ ითვლება სამხრეთ ამერიკაში მდებარე მდინარე ამაზონი. ზოგი მდინარე თავისი სიდიდით გამოირჩევა, სხვები კი — გასაოცარი სილამაზით. მაგალითად, ასეთია შედარებით პატარა, მაგრამ სწრაფი დინებით გამორჩეული მდინარე ტონე იაპონიაში.

რა განაპირობებს მდინარის დინებას? ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, გრავიტაცია. ის ხელს უწყობს წყლის ამაღლებული ადგილებიდან შედარებით დაბალი ადგილებისკენ დენას. ზოგჯერ ამის შედეგად წარმოიქმნება მქუხარე ჩანჩქერები. მათი სიძლიერე და დიდებულება ბიბლიაში ამგვარადაა აღწერილი: „აიმაღლეს მდინარეებმა, უფალო, აიმაღლეს მდინარეებმა თავიანთი ხმა, აიმაღლებენ მდინარენი თავიანთ ტალღებს ძლიერად“ (ფსალმუნები 92:3).

„ვინ გახსნა სადინარი ნიაღვრისათვის?“ — ჰკითხა იეჰოვამ ღვთისმოშიშ მამაკაცს, იობს (იობი 38:25). დიახ, საიდან მოდის ამდენი წყალი? ეს განპირობებულია ბუნებაში მიმდინარე რთული პროცესით, რომელსაც წყლის წრებრუნვა ეწოდება. მზის ენერგიისა და გრავიტაციის საშუალებით დედამიწაზე არსებული წყლები განუწყვეტლივ მოძრაობს. ხმელეთის ზედაპირიდან წყალი ორთქლის სახით ადის ატმოსფეროში. შემდეგ ის ცივდება და ნისლად ან ღრუბლად იქცევა. დროთა განმავლობაში ეს ატმოსფერული ტენი დედამიწაზე კვლავ თოვლის ან წვიმის სახით ბრუნდება. წყლის უმეტესი ნაწილი „ინახება“ ოკეანეებში, ტბებში, მდინარეებში, მყინვარებში, პოლარული ყინულის საფარებში და მიწისქვეშ.

ამ საოცარი წრებრუნვის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ყველა მდინარე ზღვისკენ მიედინება, მაგრამ ზღვა არ ივსება. საიდანაც მდინარენი მოედინებიან, ისევ იქ ბრუნდებიან სადინებლად“ (ეკლესიასტე 1:7). მხოლოდ იეჰოვას, უსაზღვროდ ბრძენ, მზრუნველ და მოსიყვარულე ღმერთს, შეეძლო ასეთი სასწაულებრივი წრებრუნვის მოქმედებაში მოყვანა. რას გვეუბნება ასეთი დიდებული და საოცარი სისტემა ღვთის პიროვნების შესახებ? ის არის უაღრესად ბრძენი, მოსიყვარულე და მზრუნველი ღმერთი (ფსალმუნები 103:13—15, 24, 25; იგავები 3:19, 20).

მდინარეები, თავიანთი სიდიდისა და სიმრავლის მიუხედავად, მტკნარი წყლის მსოფლიო მარაგის მხოლოდ მცირე ნაწილს შეიცავს. მაგრამ მათი არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ერთ-ერთ წიგნში, სახელწოდებით „წყალი“, აღნიშნულია: „წყლის მიღებისა და მისი მართვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ადამიანის როგორც უმარტივესი, ისევე ურთულესი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ადამიანთა მიერ ამ ფაქტის აღიარება და შესაბამისად მოქმედება კაცობრიობის ისტორიაში გადამწყვეტ როლს ასრულებს“.

უკვე ათასობით წელია, რაც მდინარეები ადამიანებს სასმელი წყლით ამარაგებს და მოსავლის მოყვანის საშუალებას აძლევს. მდინარეების გასწვრივ მდებარე ნაყოფიერ მიწებზე შესანიშნავად იზრდება სხვადასხვა კულტურები. ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის გამოხატული ეს აზრი იეჰოვას ძველი დროის მსახურთა კურთხევისას: „რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ, შენი სადგომები, ისრაელ! როგორც გაშლილი მინდორ-ველები, როგორც ბაღები მდინარის პირას, როგორც უფლის დარგული ალვისხეები, როგორც კედარნი წყლის პირას“ (რიცხვნი 24:5, 6). მდინარეები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცხოველებისა და ფრინველებისთვისაც; მაგალითად, იხვებისთვის და ტურისთვის, რომლებსაც სურათზე ხედავთ. სინამდვილეში, რაც უფრო მეტს ვიგებთ მდინარეების შესახებ, მით უფრო აღვიძრებით იეჰოვასადმი მადლიერების გამოსახატავად.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 იხილეთ „იეჰოვას მოწმეების 2004 წლის კალენდარი“, მაისი/ივნისი.

[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]

იგუასუს ჩანჩქერი, რომელიც არგენტინისა და ბრაზილიის საზღვარზე მდებარეობს, ერთ-ერთ ყველაზე განიერ ჩანჩქერად ითვლება. მისი სიგანე 3 კილომეტრზე მეტია. ის ხელუხლებელ ტროპიკულ ტყეში მოედინება და თითქმის 300 პატარა ჩანჩქერისგან შედგება. წვიმის სეზონის დროს ამ ჩანჩქერიდან ყოველ ერთ წამში დაახლოებით 10 000 კუბური მეტრი წყალი გადმოსჩქეფს.

[სურათი 9 გვერდზე]

მდინარე ტონე, იაპონია.