როგორ მივაღწიოთ ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებას?
როგორ მივაღწიოთ ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებას?
როგორც ამბობენ, ყველას სურს დიდხანს სიცოცხლე, დაბერება კი — არავის. ბევრს, ვინც საპენსიო ასაკს უახლოვდება, უფრო მეტი დრო რჩება საკუთარი თავისთვის და პასუხისმგებლობებისგან თავისუფლდება. მაგრამ ასეთ ადამიანებს ეშინიათ, რომ მათი ცხოვრება უმიზნო, აზრს მოკლებული გახდება. ისინი იმის გამოც წუხან, რომ მარტო დარჩებიან, სიხარულს მოკლებულნი იქნებიან და ჯანმრთელობა გაუუარესდებათ.
მაშ, როგორ მივაღწიოთ ბედნიერ ცხოვრებას? კარგ მეგობრებსა და მოსიყვარულე ოჯახს სიხარული მოაქვთ როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ხანდაზმულთათვის. მაგრამ ბედნიერებას მხოლოდ ის არ უწყობს ხელს, რისი გაკეთებაც სხვებს შეუძლიათ ხანდაზმულთა ცხოვრების გასამდიდრებლად. ამ მხრივ უფრო მნიშვნელოვანია, თავად ხანდაზმულებს რისი გაკეთება შეუძლიათ სხვებისთვის.
ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მიმდინარე გამოკვლევის შედეგად, რომელშიც 423 ხანდაზმულმა წყვილმა მიიღო მონაწილეობა, ასეთი რამ გამოჩნდა: „სხვებისთვის დახმარების გაწევამ შეიძლება ჩვენი სიცოცხლის გახანგრძლივებას შეუწყოს ხელი“. გამოკვლევის ორგანიზატორმა, სტეფან ბრაუნმა, ახსნა: „ამ გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სხვებთან ურთიერთობას იმ შემთხვევაში მოაქვს ჩვენთვის სარგებლობა, როდესაც გავცემთ და არა — ვიღებთ“. ასეთ გაცემაში შეიძლება შედიოდეს საოჯახო საქმეებში ვინმესთვის დახმარება, სხვების ბავშვებზე ზრუნვა, სხვადასხვა თხოვნის შესრულება ან მათი ყურადღებით მოსმენა, ვისაც საუბარი სურს.
დაახლოებით 2000 წლის წინათ იესომ თქვა: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35). ხანგრძლივი და ბედნიერი სიცოცხლე არ არის დამოკიდებული დიდ საბანკო ანგარიშზე ან სიბერის შემაჩერებელ მკურნალობაზე თუ დიეტების დაცვაზე. ასეთი ცხოვრების მიღწევა შესაძლებელია იმით, რომ განაგრძო აქტიური ცხოვრება და სხვების სასარგებლოდ გამოიყენო საკუთარი დრო, ენერგია და ძალები.
მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დაცულნი ვიყოთ დაბერებისგან, ავადმყოფობისა და სიკვდილისგან. მხოლოდ ღვთის სამეფო აღმოფხვრის მათ. ღვთის სამეფოს მმართველობის შედეგად ავადმყოფობა წარსულს ჩაჰბარდება და თვით ‘სიკვდილიც აღარ იქნება’ (გამოცხადება 21:3, 4; ესაია 33:24). მორჩილი ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე სამოთხეში, სადაც მათ ბედნიერებას არ ექნება საზღვარი (ლუკა 23:43). იეჰოვას მოწმეები სიხარულით ეხმარებიან სხვებს იმის გაგებაში, თუ როგორ მიაღწიონ, ბიბლიიდან გამომდინარე, ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებას.