არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხანდაზმულებზე ზრუნვა ქრისტიანთა მოვალეობაა

ხანდაზმულებზე ზრუნვა ქრისტიანთა მოვალეობაა

ხანდაზმულებზე ზრუნვა ქრისტიანთა მოვალეობაა

„თქვენს სიბერემდე მე იგივე ვარ, და თქვენს ჭაღარამდე გზიდავთ თქვენ“ (ესაია 46:4).

1, 2. როგორ განსხვავდება ჩვენი ზეციერი მამის მზრუნველობა მშობლების მიერ გამოვლენილი ზრუნვისგან?

მოსიყვარულე მშობლები შვილების აღზრდაზე მათი დაბადებიდან ზრუნავენ და ამის კეთებას ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდშიც აგრძელებენ. მაშინაც კი, როდესაც შვილები სრულწლოვნები ხდებიან და საკუთარ ოჯახებს ქმნიან, მშობლები კვლავაც ავლენენ მათდამი სიყვარულით აღსავსე მზრუნველობას და დახმარებას უწევენ.

2 თუმცა მშობლები სურვილისამებრ ყველაფერს ვერ უკეთებენ შვილებს, ჩვენს ზეციერ მამას ყოველთვის შეუძლია თავისი ერთგული მსახურების მიმართ სიყვარულით აღსავსე მზრუნველობის გამოვლენა და მათი მხარდაჭერა. იეჰოვამ ძველ დროში მცხოვრებ თავის რჩეულ ხალხს ასეთი სიტყვებით მიმართა: „თქვენს სიბერემდე მე იგივე ვარ, და თქვენს ჭაღარამდე გზიდავთ თქვენ“ (ესაია 46:4). რა გამამხნევებელი სიტყვებია ეს ხანდაზმული ქრისტიანებისთვის! იეჰოვა არ მიატოვებს მათ, ვინც მისი ერთგული რჩება. უფრო მეტიც, ის პირობას აძლევს თავის ერთგულთ, რომ გააძლიერებს, მხარს დაუჭერს და უხელმძღვანელებს მთელი ცხოვრების მანძილზე, ხანდაზმულობის ასაკშიც კი (ფსალმუნები 47:15).

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 როგორ მივბაძოთ იეჰოვას ხანდაზმულებზე მასავით სიყვარულით ზრუნვაში? (ეფესელთა 5:1, 2). მოდი განვიხილოთ, როგორ შეუძლიათ სრულწლოვან შვილებს, კრების ზედამხედველებსა და ქრისტიანული კრების ცალკეულ წევრებს, იზრუნონ ჩვენი მსოფლიო საძმოს ასაკოვან წევრებზე.

შვილების ვალდებულება

4. რა ვალდებულება აკისრიათ ქრისტიან შვილებს მშობლების წინაშე?

4 „პატივი ეცი შენს მამას და დედას“ (ეფესელთა 6:2; გამოსვლა 20:12). პავლე მოციქულმა ებრაული წერილებიდან ამ უბრალო, მაგრამ მრავლისმთქმელი სიტყვების მოყვანით შვილებს შეახსენა, რა ვალდებულება აკისრიათ მშობლების წინაშე. როგორ უკავშირდება ეს სიტყვები ხანდაზმულებზე ზრუნვას? ქრისტიანობამდელ დროში მომხდარი გულში ჩამწვდომი ერთი შემთხვევა პასუხს გაგვცემს ამ კითხვაზე.

5. ა) რა ცხადყოფს, რომ იოსებმა არ დაივიწყა მამის წინაშე პირადი ვალდებულება? ბ) რას ნიშნავს მშობლების პატივისცემა და რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა ამ მხრივ იოსებმა?

5 იოსებს 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა თავის ხანდაზმულ მამასთან, პატრიარქ იაკობთან. მაგრამ აშკარად გამოჩნდა, რომ იოსებს არ ჰქონდა დაკარგული მამისადმი სიყვარული. როდესაც მან საკუთარი ვინაობა გაუმხილა თავის ძმებს, ჰკითხა: „კიდევ ცოცხალია მამაჩემი?“ (დაბადება 43:7, 27; 45:3). იმ პერიოდში ქანაანში შიმშილობა იყო, ამიტომ იოსებმა მამამისს შეუთვალა: „ჩამოდი ჩემთან, ნუ დააყოვნებ! და იცხოვრებ გოშენის ქვეყანაში, და იქნები ჩემს მახლობლად . . . და მე გარჩენ შენ“ (დაბადება 45:9—11; 47:12). დიახ, ხანში შესული მშობლების პატივისცემა ნიშნავს მათთვის მფარველობის გაწევას და მატერიალურ მხარდაჭერას იმ დროს, როდესაც არ შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა (1 მეფეთა 22:1—4; იოანე 19:25—27). იოსებმა სიხარულით აიღო საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა.

6. როგორ გამოავლინა იოსებმა მამისადმი ნამდვილი სიყვარული და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

6 იეჰოვამ აკურთხა იოსები და ის ეგვიპტეში ერთ-ერთი უმდიდრესი და ყველაზე გავლენიანი კაცი გახდა (დაბადება 41:40). მაგრამ იოსები არ მიიჩნევდა საკუთარ თავს იმდენად მნიშვნელოვან პიროვნებად ან იმდენად დაკავებულად, რომ თავისი 130 წლის მოხუცებული მამა არაფრად ჩაეგდო და მისთვის პატივი არ მიეგო. როდესაც შეიტყო, რომ იაკობი (ანუ ისრაელი) უახლოვდებოდა, „შეკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და წავიდა გოშენში ისრაელთან, თავის მამასთან, შესახვედრად. და როცა იხილა იგი, ყელზე მოეხვია, და დიდხანს ტიროდა მის ყელზე“ (დაბადება 46:28, 29). ეს არ იყო უბრალოდ ფორმალური პატივისცემა. იოსებს უსაზღვროდ უყვარდა მოხუცი მამა და არ რცხვენოდა მისდამი სიყვარულის სახალხოდ გამოვლენა. გამოვხატავთ ჩვენც მსგავსად თბილ გრძნობებსა და სიყვარულს ხანდაზმული მშობლებისადმი?

7. რატომ მოისურვა იაკობმა, რომ ქანაანში დამარხულიყო?

7 იეჰოვასადმი ერთგულება იაკობს სიცოცხლის ბოლომდე არ შერყევია (ებრაელთა 11:21). ღვთის აღთქმებისადმი რწმენის გამო იაკობმა იოსებს სთხოვა, ქანაანში დაემარხათ. იოსებმა პატივი სცა მამის სიტყვას და, საკმაოდ დიდი ხარჯისა და ძალისხმევის მიუხედავად, შეასრულა მისი თხოვნა (დაბადება 47:29—31; 50:7—14).

8. ა) უმთავრესად რა აღგვძრავს, რომ ხანდაზმულ მშობლებზე ვიზრუნოთ? ბ) რა გააკეთა ერთმა სრული დროით მსახურმა იმისათვის, რომ ხანდაზმულ მშობლებზე ეზრუნა? (იხილეთ ჩარჩო, გვერდი 17).

8 რამ აღძრა იოსები, რომ ეზრუნა მამაზე? რა თქმა უნდა, სიყვარული და ვალდებულების გრძნობა მის წინაშე, ვინც სიცოცხლე უბოძა და აღზარდა, მნიშვნელოვანი აღმძვრელი ფაქტორები იყო; მაგრამ, იოსებს, უეჭველია, ძლიერი სურვილი ჰქონდა, რომ იეჰოვას ნებისამებრ მოქცეულიყო. ჩვენც მსგავსი სურვილი უნდა გვქონდეს. პავლემ დაწერა: „თუ ქვრივს ჰყავს შვილები ან შვილიშვილები, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისათვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის“ (1 ტიმოთე 5:4). მართლაც, იეჰოვასადმი სიყვარული და მისდამი მოკრძალებული შიში აღგვძრავს, ვიზრუნოთ ხანდაზმულ მშობლებზე, რა სირთულეებთანაც უნდა იყოს ეს დაკავშირებული *.

როგორ ზრუნავენ უხუცესები ხანდაზმულებზე?

9. ვის დააკისრა იეჰოვამ სამწყსოს, მათ შორის ხანდაზმული ქრისტიანების, მწყემსვა?

9 იაკობმა ხანგრძლივი სიცოცხლის დასასრულს იეჰოვას უწოდა „ღმერთი . . . რომელიც მმწყემსავს იმ ხნიდან, რაც ვარ, ამ დღემდე“ (დაბადება 48:15). დღეს იეჰოვა თავის მიწიერ მსახურებს მწყემსავს ქრისტიანი ზედამხედველების ანუ უხუცესების მეშვეობით, რომელთაც ხელმძღვანელობს ღვთის ძე, „მწყემსმთავარი“ იესო ქრისტე (1 პეტრე 5:2—4). როგორ შეუძლიათ ზედამხედველებს მიჰბაძონ იეჰოვას, როდესაც სამწყსოს ხანდაზმულ წევრებზე ზრუნავენ?

10. როგორ ზრუნავს კრება ხანდაზმული ქრისტიანების მატერიალურ საჭიროებებზე? (იხილეთ ჩარჩო, გვერდი 19).

10 ქრისტიანული კრებისათვის საფუძვლის ჩაყრიდან ცოტა ხნის შემდეგ მოციქულებმა დანიშნეს „შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით სავსე კაცი“, რათა მეთვალყურეობა გაეწიათ იმისთვის, რომ ‘ყოველდღიურად განაწილებულიყო’ საკვები ქრისტიანი ქვრივებისთვის (საქმეები 6:1—6, აქ). მოგვიანებით პავლემ მითითება მისცა ზედამხედველ ტიმოთეს, რომ სამაგალითო ასაკოვანი ქვრივები იმათ სიაში შეეტანა, ვინც მატერიალურ დახმარებას იღებდა (1 ტიმოთე 5:3, 9, 10, აქ). დღესაც კრების ზედამხედველები სიხარულით უწევენ ორგანიზებას საჭიროების შემთხვევაში ხნიერი ქრისტიანებისთვის დახმარების აღმოჩენას. მაგრამ ერთგულ ხანდაზმულებზე ზრუნვა უფრო მეტს მოიცავს.

11. რა თქვა იესომ ღარიბ ქვრივზე, რომელმაც მცირე ფულადი შესაწირავი გაიღო?

11 ერთხელ, მიწიერი მსახურების ბოლო პერიოდში, იესო ტაძარში იჯდა და „ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში“. უცბად მისი ყურადღება ერთმა ადამიანმა მიიქცია. მარკოზის სახარება მოგვითხრობს: „მოვიდა ერთი ღარიბი ქვრივი და ჩადო ორი ლეპტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს“. იესომ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო. ვინაიდან ყველამ თავისი სიუხვისაგან ჩადო, ამან კი თავისი სიმწრისაგან ჩადო, ყველაფერი რაც კი რამ გააჩნდა, მთელი თავისი სარჩო-საბადებელი“ (მარკოზი 12:41—44). ქვრივის ფულადი შენაწირი რაოდენობრივი თვალსაზრისით ძალიან მცირე იყო, მაგრამ იესოს ესმოდა, რამდენად აფასებდა მისი ზეციერი მამა ასეთ ერთგულებას და მთელი გულით გაღებულ მსხვერპლს. ღარიბი ქვრივის ასაკის მიუხედავად, იესოს მხედველობიდან არ გამორჩენია ის, რაც მან გააკეთა.

12. როგორ შეუძლიათ უხუცესებს მადლიერება გამოავლინონ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად ხანდაზმულ ქრისტიანთა მიერ გაწეული შრომისთვის?

12 იესოს მსგავსად, ქრისტიან ზედამხედველებს არ რჩებათ მხედველობიდან ის, რასაც ხანდაზმულები აკეთებენ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად. უხუცესები აქებენ ხანდაზმულ და-ძმებს სამქადაგებლო საქმიანობაში თუ შეხვედრებზე მონაწილეობისთვის, კრებაზე დადებითი გავლენის მოხდენისთვის და მათ მიერ გამოვლენილი სიმტკიცისთვის, და არცთუ უსაფუძვლოდ. როდესაც ხანდაზმულებს გულწრფელად ამხნევებენ, ამით ისინი წმინდა მსახურებაში დიდი სიხარულის მიზეზს პოულობენ. ამგვარად, ხანდაზმულები დაცულნი არიან გულგატეხილობისგან და აღარ ადარებენ საკუთარ თავს სხვა ქრისტიანებს, არც იმის გამო იტეხენ გულს, რომ იმდენს ვეღარ აკეთებენ, რამდენიც წარსულში შეეძლოთ (გალატელთა 6:4).

13. როგორ შეუძლიათ უხუცესებს გამოიყენონ ხანდაზმულთა გამოცდილება და უნარი?

13 ხანდაზმული ქრისტიანების გამოცდილებისა და უნარის გამოყენებით უხუცესები ცხადყოფენ, რომ აფასებენ მათ ფასდაუდებელ შრომას. დროდადრო უხუცესებს შეუძლიათ ინტერვიუ აიღონ სამაგალითო ხანდაზმული და-ძმებისგან ან ინსცენირებაში მიაღებინონ მონაწილეობა. „აუდიტორია ძალიან დიდი ყურადღებით ისმენს, როდესაც ინტერვიუს ვიღებ ხანდაზმული ძმისგან ან დისგან, რომლებმაც ჭეშმარიტებაში აღზარდეს შვილები,“ — ამბობს ერთი უხუცესი. სხვა კრების უხუცესების შეტყობინებით, 71 წლის პიონერი და სამეფოს არაერთ მაუწყებელს დაეხმარა, რომ მათ რეგულარულად მიეღოთ მონაწილეობა სამქადაგებლო საქმიანობაში. ის აგრეთვე ახალისებს მათ, აკეთონ ძირითადი ქრისტიანული საქმეები — იკითხონ ბიბლია და ყოველდღიური მუხლი, შემდეგ კი გააანალიზონ წაკითხული.

14. როგორ ცხადყვეს ერთ-ერთი კრების უხუცესებმა, რომ აფასებდნენ მათ კრებაში მყოფ ხანდაზმულ ზედამხედველს?

14 უხუცესები ხანდაზმული ზედამხედველების მიერ გაწეულ შრომასაც აფასებენ. 70 წლის ჟოზემ, რომელიც ათწლეულებია, რაც უხუცესად მსახურობს, ამას წინათ სერიოზული ოპერაცია გადაიტანა. რადგან გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდებოდა, მან იფიქრა, რომ თავმჯდომარე ზედამხედველის მოვალეობის შესრულებაზე უარს იტყოდა. „სხვა უხუცესების რეაქციამ გამაოცა, — ამბობს ჟოზე. — ნაცვლად იმისა, რომ დამთანხმებოდნენ, მკითხეს, რა სახის დახმარება მჭირდებოდა, რათა კვლავ შემესრულებინა ჩემი პასუხისმგებლობები“. ერთი ახალგაზრდა უხუცესის დახმარებით ჟოზემ შეძლო, სიხარულით განეგრძო თავმჯდომარე ზედამხედველის მოვალეობის შესრულება. ეს კურთხევა აღმოჩნდა კრებისთვის. ამ კრების ერთი უხუცესი ამბობს: „კრების წევრები ძალიან აფასებენ მის, როგორც უხუცესის, მიერ გაწეულ შრომას. მათ უყვართ ჟოზე და პატივს სცემენ მას გამოცდილებისა და სამაგალითო რწმენის გამო. ჟოზეს დადებითი მუხტი შემოაქვს ჩვენს კრებაში“.

ერთმანეთზე ზრუნვა

15. რატომ უნდა ვიყოთ ყველა ქრისტიანი დაინტერესებული ხანდაზმულ თანამორწმუნეთა კეთილდღეობით?

15 ხანდაზმულებზე ზრუნვა მხოლოდ დანიშნული მსახურებისა და იმ და-ძმების პასუხისმგებლობა არ არის, რომელთა მშობლებიც ხანში არიან შესულნი. პავლემ ქრისტიანული კრება ადამიანის სხეულს შეადარა და დაწერა: „ღმერთმა ისე შეაზავა სხეული, რომ უფრო უხვი პატივი არგუნა იმას, რომელსაც ნაკლებად აქვს. რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყველა ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე“ (1 კორინთელთა 12:24, 25). ქრისტიანულ კრებაში ერთსულოვნება რომ არსებობდეს, თითოეული წევრი თანამორწმუნეების, მათ შორის ხანდაზმულთა, კეთილდღეობით უნდა იყოს დაინტერესებული (გალატელთა 6:2).

16. როგორ შეგვიძლია ქრისტიანულ შეხვედრებზე ინტერესი გამოვავლინოთ ხანდაზმულებისადმი?

16 ქრისტიანულ შეხვედრებზე შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა ხანდაზმულთა მიმართ ყურადღების გამოსავლენად (ფილიპელთა 2:4; ებრაელთა 10:24, 25). უთმობთ დროს შეხვედრებზე ხანდაზმულებთან საუბარს? თუმცა მართებულია, ვკითხოთ მათ ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ, შეგვეძლო მათთვის ‘გვეწილადებინა სულიერი ძღვენიც’ გამამხნევებელი შემთხვევისა თუ ბიბლიური აზრის გაზიარებით? რამდენადაც ზოგ ხანდაზმულს უჭირს გადაადგილება, თავაზიანობის გამომხატველი იქნება, თუ ჩვენ მივუახლოვდებით და არ დაველოდებით, სანამ თავად მოვლენ ჩვენთან. თუ რომელიმე მათგანს კარგად არ ესმის, შეიძლება ნელა და მკაფიოდ ლაპარაკი დაგვჭირდეს. თუ ნამდვილად გვინდა ერთმანეთის გამხნევება, ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ ხანდაზმულ თანაქრისტიანს (რომაელთა 1:11, 12, აქ).

17. როგორ შეგვიძლია ყურადღება გამოვავლინოთ იმ ხანდაზმულ ქრისტიანთა მიმართ, რომლებიც სახლიდან ვერ გამოდიან?

17 რისი გაკეთება შეიძლება, თუ ზოგი ხანდაზმული ვერ ესწრება ქრისტიანულ შეხვედრებს? იაკობის 1:27-ში ნაჩვენებია, რომ ჩვენი მოვალეობაა, ‘მივხედოთ ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში’. „მიხედვად“ ნათარგმნი ბერძნული ზმნის ერთ-ერთი მნიშვნელობაა „მონახულება“ (საქმეები 15:36). ხანდაზმულები ძალიან მადლიერნი არიან, როცა მათ ინახულებენ. დაახლოებით ახ. წ. 65 წელს „მოხუცებული პავლე“ რომში პატიმრობისას სიმარტოვეში აღმოჩნდა. ის ნატრობდა თავისი თანამშრომლის, ტიმოთეს, ნახვას და სწერდა მას: „ისწრაფე, რომ მალე მოხვიდე ჩემთან“ (ფილიმონი 9; 2 ტიმოთე 1:3, 4; 4:9). თუმცა ხანდაზმული და-ძმები, პავლეს მსგავსად, პატიმრობაში არ იმყოფებიან, ზოგი მათგანი სახლიდან ვერ გამოდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ისინი შეიძლება ამბობენ: „ეცადეთ, მალე მოხვიდეთ ჩვენთან“. ვეხმაურებით ასეთ თხოვნას?

18. რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ჩვენ მიერ ხანდაზმულთა მონახულებამ?

18 არასდროს ჩავთვალოთ უმნიშვნელოდ ხანდაზმული და-ძმების მონახულება და ის დადებითი გავლენა, რასაც ასეთი მონახულებები ახდენს მათზე. როდესაც ქრისტიანი, სახელად ონისიფორე, რომში იმყოფებოდა, დიდი მონდომებით ეძებდა პავლეს, რომელსაც მიაგნო და მას შემდეგ ‘მრავალჯერ გაამხნევა’ (2 ტიმოთე 1:16, 17). „მიყვარს ახალგაზრდებთან ყოფნა, — ამბობს ერთი ხანდაზმული და. — მათთან ურთიერთობისას ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ოჯახის წევრივით მეპყრობიან, რაც ძალიან მამხნევებს“. სხვა ხანდაზმული ქრისტიანი ამბობს: „ძალიან ვაფასებ, როდესაც ვინმე ბარათს მიგზავნის, ტელეფონზე რამდენიმე წუთით მეხმიანება ან მინახულებს. ეს ჩემთვის სუფთა ჰაერივითაა“.

იეჰოვა კურთხევებს არ აკლებს მათ, ვინც სხვებზე ზრუნავს

19. რა კურთხევები მოაქვს ხანდაზმულებზე ზრუნვას?

19 ხანდაზმულებზე ზრუნვას ბევრი კურთხევა მოაქვს. მათთან ურთიერთობა და მათი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება თავისთავად უკვე კურთხევაა. ისინი, ვინც მათზე ზრუნავენ, უდიდეს ბედნიერებას განიცდიან გაცემის შედეგად. აგრეთვე კმაყოფილებისა და შინაგანი სიმშვიდის გრძნობა ეუფლებათ, რადგან მათზე ზრუნვით წმინდა წერილებში მოცემულ ვალდებულებას ასრულებენ (საქმეები 20:35). გარდა ამისა, მათ, ვინც ხანდაზმულებზე ზრუნავს, არა აქვთ იმის შიში, რომ მოხუცებულობის ასაკში თვითონ მიტოვებულნი იქნებიან. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „კურთხეულის სული დამსუყდება და, ვინც სხვას ასმევს წყალს, თვითონაც დარწყულებული იქნება“ (იგავები 11:25).

20, 21. როგორ უყურებს იეჰოვა მათ, ვინც ხანდაზმულებზე ზრუნავს და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ?

20 იეჰოვა კურთხევებს არ აკლებს ღვთისმოშიშ შვილებს, ზედამხედველებსა და სხვა მზრუნველ ქრისტიანებს, რომლებიც უანგაროდ აკმაყოფილებენ ხანდაზმულ თანაქრისტიანთა მოთხოვნილებებს. ასეთ სულს ირეკლავს წიგნ „იგავებში“ ჩაწერილი სიტყვები: „ღატაკის მწყალობელი უფალს აძლევს სესხს და სამაგიეროს ის მიუზღავს მას“ (იგავები 19:17). როდესაც სიყვარული ღარიბ-ღატაკთა დახმარებისკენ აღგვძრავს, ღვთის თვალში ჩვენ მიერ გამოვლენილი მზადყოფნა სესხის მსგავსია, რომელსაც კურთხევების სახით დაგვიბრუნებს. ის თანამორწმუნე ხანდაზმულებზე სიყვარულით ზრუნვის გამოც გვაკურთხებს, რომელთა შორისაც ბევრი „წუთისოფლის ღარიბია“, მაგრამ „რწმენით მდიდარი“ (იაკობი 2:5).

21 იეჰოვას გულუხვობას საზღვარი არა აქვს! სხვა ყველაფერთან ერთად, ის მარადიულ სიცოცხლეს მოგვცემს. იეჰოვას მსახურთა დიდი უმრავლესობა მარადიულად იცოცხლებს დედამიწაზე სამოთხეში, სადაც აღმოიფხვრება მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის შედეგები და ერთგულ ხანდაზმულებს ახალგაზრდული ძალები დაუბრუნდებათ (გამოცხადება 21:3—5). სანამ ეს კურთხეული დრო დადგება, მოდი კვლავაც განვაგრძოთ ჩვენი ქრისტიანული მოვალეობის შესრულება და ვიზრუნოთ ხანდაზმულებზე.

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 პრაქტიკული რჩევების მისაღებად იხილეთ 1993 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 23—26, და წიგნის „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ მე-15 თავი (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

როგორ უპასუხებდით?

• როგორ შეუძლიათ შვილებს პატივი მიაგონ ხანდაზმულ მშობლებს?

• როგორ ავლენენ უხუცესები მადლიერებას სამწყსოს ხანდაზმული წევრებისადმი?

• როგორ შეუძლიათ ცალკეულ ქრისტიანებს გულწრფელი ინტერესის გამოვლენა ხანდაზმული და–ძმებისადმი?

• რა კურთხევები მოაქვს ხანდაზმულ ქრისტიანებზე ზრუნვას?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 17 გვერდზე]

როდესაც მშობლებს დახმარება დასჭირდათ

ფილიპი 1999 წელს მოხალისედ მსახურობდა მშენებლობაზე ლიბერიაში. მას შეატყობინეს, რომ მამამისს სერიოზული დაავადება აღმოაჩნდა. მან იცოდა, რომ დედა მარტო ვერ გაუმკლავდებოდა ამ მდგომარეობას. ამიტომ გადაწყვიტა, სახლში დაბრუნებულიყო და ეზრუნა მამის მკურნალობაზე.

„ადვილი არ იყო უკან დაბრუნება, — იხსენებს ფილიპი, — მაგრამ მესმოდა, რომ პირველ რიგში მშობლების წინაშე მეკისრა ვალდებულება“. სამი წლის შემდეგ მან მშობლები შესაფერის სახლში გადაიყვანა და ადგილობრივი თანაქრისტიანების დახმარებით ისე გადააკეთა ის, რომ მამის მოვლა უფრო ადვილი ყოფილიყო.

ამჟამად ფილიპის დედა გაცილებით ადვილად ართმევს თავს სერიოზული ავადმყოფობით დაავადებულ მეუღლეზე ზრუნვას. ამას წინათ კი ფილიპი მოხალისედ მიიწვიეს მაკედონიაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალის მშენებლობაზე და მან შეძლო იქ გამგზავრება.

[ჩარჩო 19 გვერდზე]

მათთვის წარმოუდგენელია, არ იზრუნონ მასზე

1985 წლის ქრისტიანი და, სახელად ადა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ლოგინად ჩავარდა. კრების უხუცესებმა ორგანიზება გაუწიეს მისთვის დახმარების აღმოჩენას. მათ ჩამოაყალიბეს თანამორწმუნეთა ჯგუფი, რომელიც იზრუნებდა მასზე. ეს ძმები და დები სიხარულით ულაგებდნენ ადას სახლს, ურეცხავდნენ, საჭმელს უმზადებდნენ და სხვადასხვა თხოვნას უსრულებდნენ.

მათ ამ დახმარების აღმოჩენა თითქმის 10 წლის წინ დაიწყეს. 30-ზე მეტი იეჰოვას მოწმე დღემდე ზრუნავს ადაზე. ისინი განაგრძობენ მის მონახულებას, უკითხავენ ბიბლიურ პუბლიკაციებს, უყვებიან კრების წევრების სულიერი წინსვლის შესახებ და რეგულარულად ლოცულობენ მასთან ერთად.

ადგილობრივი კრების ერთ-ერთმა უხუცესმა აღნიშნა: „ისინი, ვინც ადაზე ზრუნავენ, დიდ პატივად მიიჩნევენ მისთვის დახმარების აღმოჩენას. ბევრისთვის დიდი სტიმულის მომცემია ის, რომ ადა ათწლეულების მანძილზე ერთგულად ემსახურება იეჰოვას. ამიტომ მათთვის წარმოუდგენელია, არ იზრუნონ მასზე“.

[სურათი 16 გვერდზე]

ყოველთვის მზად ვართ, გამოვხატოთ თბილი გრძნობები და სიყვარული ხანდაზმული მშობლებისადმი?

[სურათები 18 გვერდზე]

კრების ყველა წევრს შეუძლია ხანდაზმული თანამორწმუნეებისადმი სიყვარულის გამოვლენა.