არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხანდაზმულები — ქრისტიანული საძმოს ძვირფასი წევრები

ხანდაზმულები — ქრისტიანული საძმოს ძვირფასი წევრები

ხანდაზმულები — ქრისტიანული საძმოს ძვირფასი წევრები

„უფლის სახლში დარგულნი . . . აყვავდებიან; სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს“ (ფსალმუნები 91:14, 15).

1. როგორ უყურებს უმეტესობა ხანდაზმულებს?

იეჰოვას ყველა თავისი ერთგული მსახური უყვარს, მათ შორის ხანდაზმულები. ერთი სოციალური გამოკვლევის თანახმად კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად თითქმის ნახევარი მილიონი ხანდაზმული ხდება უგულებელყოფის ან ცუდად მოპყრობის მსხვერპლი. სხვა ქვეყნებში ჩატარებულმა მსგავსმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ხანდაზმულებისადმი ცუდი მოპყრობა გლობალური პრობლემაა. ერთი ორგანიზაცია ამ პრობლემის ძირითად მიზეზს ასე ხსნის: „ხალხში ფართოდ არის გავრცელებული თვალსაზრისი . . . რომ ხანდაზმულებმა უკვე განვლეს თავიანთი ცხოვრება, ამიტომ გამოუსადეგარნი, თითქმის ყველაფერში სხვებზე დამოკიდებულნი არიან“.

2. ა) როგორ უყურებს იეჰოვა თავის ერთგულ ხანდაზმულ მსახურებს? ბ) რა თბილ და გამამხნევებელ სიტყვებს ვკითხულობთ ფსალმუნების 91:13—16-ში?

2 იეჰოვა ძალიან აფასებს თავის ერთგულ ხანდაზმულ მსახურებს. ის მთავარ ყურადღებას ადამიანის „შინაგან“ ბუნებაზე — ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე — ამახვილებს და არა ფიზიკურ შესაძლებლობებზე (2 კორინთელთა 4:16). ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, ვკითხულობთ ძალიან თბილ და გამამხნევებელ სიტყვებს: «წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება. უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან; სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს წვნიანსა და ხასხასას. რათა განვაცხადო [„განაცხადონ“, აქ]: „მართალია უფალი“» (ფსალმუნები 91:13—16). ძვირფასო ხანდაზმულო და-ძმებო, ამ მუხლებზე დაფიქრება დაგანახვებთ, როგორი ფასდაუდებელი დახმარების აღმოჩენა შეგიძლიათ ქრისტიანული საძმოსთვის.

„სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს“

3. ა) რატომ არიან მართლები პალმის ხეებთან შედარებულნი? ბ) როგორ შეუძლიათ ხანდაზმულებს ‘სიბერეშიც გამოიღონ ნაყოფი’?

3 ფსალმუნმომღერალი მართლებს ადარებს ფინიკის პალმის ხეებთან და ამბობს, რომ ‘ჩვენი ღვთის ეზოებში არიან დარგულნი’. ისინი „სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს“. არ ეთანხმებით, რომ ეს მართლაც გამამხნევებელი სიტყვებია? ბიბლიურ დროში აღმოსავლელთა ეზოებში ხშირად მოჰკრავდით თვალს თვალწარმტაც და ტანწერწეტა პალმის ხეებს. ფინიკის პალმები არა მხოლოდ თავისი სილამაზით ფასობდა, არამედ — უხვი ნაყოფითაც; ზოგი მათგანი ასზე მეტი წლის მანძილზე იძლეოდა ნაყოფს *. თუ ფესვგადგმულნი დარჩებით ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში, მსგავსადვე შეძლებთ ‘ნაყოფის გამოღებას ყოველ კეთილ საქმეში’ (კოლასელთა 1:10).

4, 5. ა) რა სახის ნაყოფი უნდა გამოიღონ ქრისტიანებმა? ბ) ბიბლიიდან მოიყვანეთ იმ ხანდაზმულთა მაგალითები, რომლებმაც „ბაგეთა ნაყოფი“ გამოიღეს.

4 იეჰოვა ქრისტიანებისგან მოელის, რომ „ბაგეთა ნაყოფი“ გამოიღონ — თავიანთი ბაგეებით განადიდონ იეჰოვა და ილაპარაკონ მის განზრახვებზე (ებრაელთა 13:15). თქვენს მიმართაც არის ნათქვამი ეს სიტყვები, ხანდაზმულო და-ძმებო? რასაკვირველია.

5 ბიბლიაში მოცემულია ხანდაზმულ მსახურთა შემთხვევები, რომლებიც უშიშრად ქადაგებდნენ იეჰოვას სახელისა და განზრახვების შესახებ. მოსე უკვე კარგა ხნის გადაცილებული იყო ‘სამოცდაათ წელს’, როცა იეჰოვამ დაავალა, მისი წინასწარმეტყველი და წარმომადგენელი ყოფილიყო (ფსალმუნები 89:10; გამოსვლა 4:10—17). ასაკმა არ შეუშალა ხელი წინასწარმეტყველ დანიელს, უშიშრად დაემოწმებინა იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების შესახებ. როგორც ჩანს, დანიელი 90 წელს გადაცილებული იყო, როცა ბელშაცარმა კედელზე სასწაულებრივად გაკეთებული წარწერის ასახსნელად მოუხმო (დანიელი, თავი 5). რისი თქმა შეიძლება მოხუცებულ იოანე მოციქულზე? იოანე ერთგულად მსახურების ბოლო პერიოდში პატიმრობაში იმყოფებოდა კუნძულ პატმოსზე „ღმერთზე ლაპარაკისა და იესოს შესახებ დამოწმების გამო“ (გამოცხადება 1:9, აქ). უეჭველია, ბიბლიაში მოხსენიებულ ბევრ სხვა ერთგულ მსახურსაც გაიხსენებთ, რომლებმაც ხანდაზმულობის პერიოდში გამოიღეს „ბაგეთა ნაყოფი“ (1 მეფეთა 8:1, 10; 12:2; 3 მეფეთა 14:4, 5; ლუკა 1:7, 67—79; 2:22—32).

6. როგორ იყენებს იეჰოვა ამ უკანასკნელ დღეებში ხანდაზმულებს თავისი წინასწარმეტყველებების გასაცხადებლად?

6 პეტრე მოციქულმა ებრაელი წინასწარმეტყველის, იოელის, სიტყვების ციტირებით განაცხადა: „იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, რომ ჩემი სულისაგან მოვაფენ ყველა ხორციელზე [მათ შორის ხანდაზმულებზე] და იწინასწარმეტყველებენ“ (საქმეები 2:17, 18; იოელი 3:1). ამ წინასწარმეტყველების თანახმად, უკანასკნელ დღეებში იეჰოვა სულით ცხებულთა კლასისა და „სხვა ცხვრების“ ასაკოვან წევრებს იყენებს თავისი განზრახვების გასაცხადებლად (იოანე 10:16). ზოგ მათგანს ათწლეულების მანძილზე ერთგულად მოაქვს სამეფოს ნაყოფი.

7. მოიყვანეთ მაგალითი, თუ როგორ განაგრძობენ ხანდაზმულები, ფიზიკური შეზღუდვების მიუხედავად, სამეფოს ნაყოფის გამოღებას.

7 მაგალითად, განვიხილოთ სონიას შემთხვევა. ის 1941 წელს გახდა სამეფოს სრული დროით მაუწყებელი. მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე ქრონიკულ დაავადებასთან უწევდა ბრძოლა, სონია რეგულარულად ატარებდა თავის სახლში ბიბლიის შესწავლებს. „სასიხარულო ცნობის შესახებ ქადაგება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, — აღნიშნა ერთხელ სონიამ. — სინამდვილეში, ეს ჩემი ცხოვრებაა. მე არ მსურს ქადაგების შეწყვეტა“. არც ისე დიდი ხნის წინ სონიამ თავის დასთან, ალივისთან, ერთად იმედის ჩამნერგავი ბიბლიური ცნობა გაუზიარა ჯანეტს, განუკურნებელი ავადმყოფობით დაავადებულს, რომელსაც საავადმყოფოს მისაღებში შეხვდნენ. ჯანეტის დედა, რომელიც ერთგული კათოლიკეა, იმდენად აღფრთოვანდა თავისი ქალიშვილისადმი გამოვლენილი სიყვარულითა და გულწრფელი ინტერესით, რომ ბიბლიის შესწავლა მოისურვა. ამჟამად ის სულიერად წინ მიიწევს. შეგიძლიათ თქვენც გამოიყენოთ მსგავსი შესაძლებლობები სამეფოს ნაყოფის გამოსაღებად?

8. როგორ ცხადყო ხანდაზმულმა ქალებ იეფუნის ძემ, რომ ენდობოდა იეჰოვას და როგორ შეუძლიათ ხანდაზმულ ქრისტიანებს მიჰყვნენ მის მაგალითს?

8 ხანდაზმული ქრისტიანები ასაკით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობაში გულმოდგინედ და გაბედულად განაგრძობენ მონაწილეობას. ამით ისინი მიჰყვებიან ერთგული ისრაელის, ქალებ იეფუნის ძის, მაგალითს, რომელიც ორმოცი წლის მანძილზე მოსეს მხარში ედგა უდაბნოში. ქალებ იეფუნის ძემ 79 წლის ასაკში გადაკვეთა მდინარე იორდანე აღთქმულ მიწაზე შესასვლელად. ამის შემდეგ ის ექვსი წლის მანძილზე იბრძოდა სხვა ისრაელებთან ერთად და უამრავი გამარჯვების მონაწილე გახდა. ამ ყოველივეს შემდეგ ქალებ იეფუნის ძეს შეეძლო გულხელდაკრეფილი დამჯდარიყო და დამტკბარიყო თავისი მიღწევებით. მაგრამ ამის ნაცვლად მან გაბედულად ითხოვა რთული დავალება — იუდეის მთიან რეგიონში მდებარე „დიდი და გამაგრებული ქალაქების“ აღება, სადაც მკვიდრობდნენ ყენაკები, გოლიათი მამაკაცები. იეჰოვას დახმარებით ქალებ იეფუნის ძემ ‘განდევნა ისინი, როგორც უფალმა ბრძანა’ (იესო ნავეს ძე 14:9—14; 15:13, 14). დარწმუნებულნი იყავით, იეჰოვა თქვენს გვერდითაცაა, როგორც ეს ქალებ იეფუნის ძის შემთხვევაში იყო, რათა თქვენს ასაკში კვლავაც გამოიღოთ სამეფოს ნაყოფი. და ერთგულნი თუ დარჩებით, იეჰოვა სამკვიდროს მოგცემთ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში (ესაია 40:29—31; 2 პეტრე 3:13).

„გამოიღებენ ნაყოფს წვნიანსა და ხასხასას“

9, 10. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს შეინარჩუნონ ჯანსაღი რწმენა და სულიერი სიმხნევე? (იხილეთ ჩარჩო, გვერდი 13).

9 ფსალმუნმომღერალი, რომელიც იეჰოვას ხანდაზმულ მსახურთა ნაყოფიერ საქმიანობაზე ამახვილებდა ყურადღებას, გალობდა: „წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება . . . სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს წვნიანსა და ხასხასას (ფსალმუნები 91:13, 15).

10 როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სულიერი სიმხნევე ასაკის მიუხედავად? პალმის ხეების მრავალწლოვანი სილამაზის საიდუმლო გამოულეველი წყლის მარაგია. მსგავსად, თქვენც შეგიძლიათ ბიბლიური ჭეშმარიტების წყლებით ისაზრდოოთ — შეისწავლოთ ღვთის სიტყვა და ურთიერთობა იქონიოთ მის ორგანიზაციასთან (ფსალმუნები 1:1—3; იერემია 17:7, 8). სულიერი სიმხნევის შედეგად, ფასდაუდებელ დახმარებას აღმოუჩენთ თანამორწმუნეებს. განვიხილოთ, როგორ გამართლდა ეს ხანდაზმული მღვდელმთავრის, იეჰოიადაყის, შემთხვევაში.

11, 12. ა) რა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იეჰოიადაყმა ისრაელის სამეფოს ისტორიაში? ბ) როგორ გამოიყენა იეჰოიადაყმა თავისი გავლენიანობა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად?

11 იეჰოიადაყი, ალბათ, ას წელს იყო გადაცილებული, როდესაც პატივმოყვარე დედოფალმა ღოთოლიამ ისრაელში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით საკუთარი შვილიშვილები დახოცა. როგორ მოიქცა მოხუცი იეჰოიადაყი? ექვსი წლის მანძილზე ის და მისი ცოლი ტაძარში მალავდნენ ტახტის ერთადერთ მემკვიდრეს, იოაშს, რომელიც სიკვდილს გადაურჩა. მოგვიანებით მოულოდნელი რამ მოხდა — იეჰოიადაყმა შვიდი წლის იოაში მეფედ გამოაცხადა და ღოთოლია სიკვდილით დაასჯევინა (2 ნეშტთა 22:10—12; 23:1—3, 15, 21).

12 იეჰოიადაყმა, როგორც მეფის მეურვემ, თავისი გავლენიანობა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად გამოიყენა. „დადო იეჰოიადაყმა აღთქმა თავისთავსა, მთელ ერსა და მეფეს შორის, რათა ისინი უფლის ერი გამხდარიყვნენ“. იეჰოიადაყის განკარგულებით ხალხმა დაანგრია და დალეწა ცრუ ღმერთისთვის, ბაალისთვის, აშენებული სახლი მასში მოთავსებული სამსხვერპლოებითა და გამოსახულებებით; მოკლულ იქნა ბაალის ქურუმიც. აგრეთვე, იეჰოიადაყის ხელმძღვანელობით იოშიამ აღადგინა ტაძარში მსახურება და იზრუნა, რომ ტაძარი შეკეთებულიყო. „სწორეს აკეთებდა უფლის თვალში იოაში მთელი თავისი სიცოცხლე, სანამ იეჰოიადაყ მღვდელი მოძღვრავდა მას“ (2 ნეშტთა 23:11, 16—19; 24:11—14; 4 მეფეთა 12:2). როდესაც იეჰოიადაყი 130 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის დიდი პატივით დამარხეს მეფეთა გვერდით, რადგან „სიკეთეს აკეთებდა ისრაელში ღვთისთვის და მისი სახლისათვის“ (2 ნეშტთა 24:15, 16).

13. როგორ შეუძლიათ ხანდაზმულ ქრისტიანებს ‘სიკეთე აკეთონ ღვთისთვის და მისი სახლისთვის’?

13 ჯანმრთელობის გაუარესებისა თუ სხვა მდგომარეობის გამო შესაძლოა ვერ გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც გსურთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად. ასეთ შემთხვევაშიც კი თქვენ ჯერ კიდევ ძალგიძთ, ‘სიკეთე აკეთოთ ღვთისთვის და მისი სახლისთვის’. თქვენ შეგიძლიათ გამოავლინოთ გულმოდგინება იეჰოვას სულიერი სახლისთვის კრების შეხვედრებზე დასწრებითა და მათში მონაწილეობით, აგრეთვე შეძლებისდაგვარად ქადაგებით. ბიბლიური რჩევების მისაღებად თქვენ მიერ გამოვლენილი მზადყოფნა და „ერთგული და გონიერი მონისა“ და კრების ერთგულად მხარდაჭერა ქრისტიანულ საძმოზე ძალიან დადებით გავლენას მოახდენს (მათე 24:45—47). აგრეთვე, შეგიძლიათ წაახალისოთ თანამორწმუნეები „სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის“ (ებრაელთა 10:24, 25; ფილიმონი 8, 9). თქვენ სარგებლობას მოუტანთ სხვებს, თუ იმოქმედებთ პავლე მოციქულის რჩევის თანახმად: „ბერიკაცები იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, აზრიანნი, საღნი სარწმუნოებაში, სიყვარულში, მოთმინებაში. ასევე მოხუცი დედაკაცებიც — ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონანი, არამედ სიკეთის მასწავლებელნი“ (ტიტე 2:2—4).

14. რისი გაკეთება შეუძლიათ დიდი ხნის ქრისტიან ზედამხედველებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად?

14 უკვე არაერთი წელია, რაც კრების უხუცესად მსახურობ? „უანგაროდ გამოიყენეთ წლების მანძილზე შეძენილი სიბრძნე, — გვირჩევს ერთი გამოცდილი უხუცესი. — გაუნაწილეთ სხვებს მოვალეობები და გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება მათ, რომლებსაც მზადყოფნის სული აქვთ . . . შეეცადეთ, დაინახოთ სხვების პოტენციალი და დაეხმაროთ მათ ამ პოტენციალის დახვეწასა და გამოვლენაში. ჩაუყარეთ საფუძველი მომავალს“ (მეორე რჯული 3:27, 28). თქვენ მიერ უდიდესი მასშტაბების მომცველი სამქადაგებლო საქმიანობისადმი გამოვლენილი გულწრფელი ინტერესი უამრავ კურთხევას მოუტანს ქრისტიანული საძმოს სხვა წევრებს.

‘განაცხადეთ, რომ მართალია უფალი’

15. როგორ აცხადებენ ხანდაზმული ქრისტიანები, რომ ‘მართალია უფალი’?

15 ღვთის ხანდაზმული მსახურები სიხარულით ასრულებენ თავიანთ მოვალეობას — ‘აცხადებენ, რომ მართალია უფალი’. თუ ხანდაზმული ქრისტიანი ხართ, თქვენი სიტყვებითა და საქმეებით შეგიძლიათ ცხადყოთ, რომ ‘უფალია თქვენი საყრდენი, და არ არის მასში უსამართლობა’ (ფსალმუნები 91:16). პალმის ხე უსიტყვოდ მოწმობს თავისი შემქმნელის აღმატებულ თვისებებზე. თქვენ კი იეჰოვამ განსაკუთრებული პატივი გარგუნათ წილად — თქვენ შეგიძლიათ დაუმოწმოთ ღვთის შესახებ მათ, ვისაც ამჟამად ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გაერთიანების სურვილი აქვს (მეორე რჯული 32:7; ფსალმუნები 70:17, 18; იოელი 1:2, 3). რატომ არის მნიშვნელოვანი იეჰოვას შესახებ დამოწმება?

16. რომელი ბიბლიური მაგალითი აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია, გავაცხადოთ იეჰოვას სიმართლის შესახებ?

16 როდესაც ისრაელთა წინამძღოლი, იესო ნავეს ძე, ‘დაბერდა და ხანში შევიდა, მოუხმო მთელ ისრაელს, მის უხუცესებს, მის ერისთავებს და მის მსაჯულებს, მის ზედამდგომებს’ და შეახსენა ღვთის დიდებული საქმეების შესახებ. მან აღნიშნა: „არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა ყველა იმ სასიკეთო სიტყვიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს. ყოველივე აგიხდათ თქვენ“ (იესო ნავეს ძე 23:1, 2, 14). გარკვეული დროის მანძილზე ეს სიტყვები განამტკიცებდა ისრაელთა გადაწყვეტილებას, რომ ერთგულნი დარჩენილიყვნენ. მაგრამ იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ „მოვიდა სხვა თაობა, რომელიც არ იცნობდა უფალს და იმ საქმეს, რაც მოიმოქმედა ისრაელისათვის, მაშინ ბოროტებას სჩადიოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში, და ემსახურებოდნენ ბაყალებს“ (მსაჯულთა 2:8—11)

17. როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის ხალხს თანამედროვე დროში?

17 დღევანდელი ქრისტიანული კრების ერთგულება არ არის დამოკიდებული ღვთის ხანდაზმულ მსახურთა სიტყვიერ დამოწმებაზე. და მაინც, იეჰოვასადმი და მისი აღთქმებისადმი ჩვენი რწმენა უფრო მტკიცდება, როდესაც თვითმხილველთაგან პირადად ვისმენთ იმ „დიადი საქმის“ შესახებ, რომელიც იეჰოვამ თავისი ხალხისთვის მოიმოქმედა ამ უკანასკნელ დღეებში (მსაჯულთა 2:7; 2 პეტრე 1:16—19). თუ უკვე მრავალი წელია, რაც იეჰოვას ორგანიზაციასთან გაქვთ კავშირი, ალბათ, გახსოვთ ის დრო, როდესაც თქვენს ქვეყანაში თუ ტერიტორიაზე ძალიან ცოტა სამეფოს მაუწყებელი იყო, ან როდესაც ქადაგების დროს და-ძმები დიდ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ თქვენ იმის მოწმენი გახდით, რომ იეჰოვამ აღმოფხვრა ხელისშემშლელი მიზეზები და ‘დააჩქარა’ სამეფოს მაუწყებელთა ზრდა (ესაია 54:17; 60:22). თქვენ საკუთარი თვალით დაინახეთ, როგორ მოეფინა ნათელი ბიბლიურ ჭეშმარიტებებს და თანდათანობით როგორ დაიხვეწა ღვთის ორგანიზაციის ხილული ნაწილი (იგავები 4:18; ესაია 60:17). ამხნევებთ სხვებს საკუთარი გამოცდილებით, რაც დაკავშირებულია იეჰოვას დიად საქმეებთან? რა გამამხნევებელი და განმამტკიცებელი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ქრისტიანული საძმოსთვის!

18. ა) მოიყვანეთ მაგალითი, თუ რა ძლიერ გავლენას ახდენს სხვების წინაშე იმის გაცხადება, რომ ‘მართალია უფალი’. ბ) როგორ გამოსცადეთ საკუთარ თავზე, რომ მართალია იეჰოვა?

18 რისი თქმა შეიძლება იმ შემთხვევებზე, როდესაც პირად ცხოვრებაში გამოსცადეთ იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მზრუნველობა და ხელმძღვანელობა? (ფსალმუნები 36:25; მათე 6:33; 1 პეტრე 5:7). ერთი ხანდაზმული და, სახელად მარტა, სხვებს ასეთი სიტყვებით ამხნევებს: „რაც უნდა მოხდეს, არასდროს დაივიწყოთ იეჰოვა. ის შეგეხიდებათ“. ეს რჩევა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ტოლმინასთვის, მარტას ერთ-ერთი დაინტერესებულისთვის, რომელიც 60-იანი წლების დასაწყისში მოინათლა. ტოლმინა იხსენებს: „როდესაც ჩემი ქმარი გარდაიცვალა, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი, მაგრამ მარტას სიტყვები მიძლიერებდა გადაწყვეტილებას, არ გამეცდინა კრების არც ერთი შეხვედრა. იეჰოვამ მართლაც გამაძლიერა, რომ გული არ გამტეხოდა და განმეგრძო წინსვლა“. ტოლმინა უკვე წლებია, რაც იმავე რჩევას აძლევს ბევრ თავის დაინტერესებულს. თუ სხვებს გაამხნევებთ და იეჰოვას დიადი საქმეების შესახებ მოუთხრობთ, თქვენც დიდ წვლილს შეიტანთ თანამორწმუნეთა რწმენის აღშენებაში.

იეჰოვა ძალიან აფასებს ერთგულ ხანდაზმულ ქრისტიანებს

19, 20. ა) როგორ უყურებს იეჰოვა თავის ხანდაზმულ მსახურთა საქმიანობას? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

19 დღევანდელ უმადურ ქვეყნიერებაში უყურადღებოდ ეკიდებიან ხანდაზმულებს (2 ტიმოთე 3:1, 2). ხშირად ხანდაზმულები წარსული მიღწევებისთვის ახსოვთ — მათ აფასებენ არა იმით, თუ როგორები არიან დღეს, არამედ იმით, თუ როგორები იყვნენ წინათ. ამის საპირისპიროდ, ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს“ (ებრაელთა 6:10). რასაკვირველია, იეჰოვა ღმერთს ახსოვს, როგორ გამოავლინეთ წარსულში ერთგულება საქმეებით, მაგრამ ის გაფასებთ იმის გამოც, რასაც კვლავაც აკეთებთ მის მსახურებაში. დიახ, ერთგულ ხანდაზმულ მოწმეებს იეჰოვა უყურებს, როგორც მდიდარი გამოცდილების მქონე, სულიერად ჯანსაღ და აქტიურ ქრისტიანებს — ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ცხოვრებით მოწმობენ იეჰოვას ძალაზე (ფილიპელთა 4:13).

20 თქვენც იეჰოვას მსგავსი შეხედულება გაქვთ ქრისტიანული საძმოს ხანდაზმულ წევრებზე? თუ ასეა, მათდამი სიყვარულის გამოვლენის სურვილი გექნებათ (1 იოანე 3:18). მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, რა პრაქტიკული საშუალებებით შეგვიძლია ასეთი სიყვარულის გამოვლენა და ხანდაზმულთა საჭიროებებზე ზრუნვა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ფინიკის პალმის თითოეული მტევანი შეიძლება ათასი ფინიკით იყოს დახუნძლული და 8 კილოგრამს ან უფრო მეტს იწონიდეს. ერთი მწერლის გამოთვლით, „თითოეული ნაყოფიერი პალმის ხე თავისი სიცოცხლის მანძილზე ორი ან სამი ტონა ფინიკით აჯილდოებს მფლობელს“.

როგორ უპასუხებდით?

• როგორ ‘იღებენ ნაყოფს’ ხანდაზმული და-ძმები?

• რატომ არის ფასდაუდებელი ხანდაზმულ ქრისტიანთა სულიერი სიმხნევე?

• როგორ შეუძლიათ ხანდაზმულებს გააცხადონ იეჰოვას სიმართლის შესახებ?

• რატომ აფასებს იეჰოვა მათ, ვინც უკვე დიდი ხანია ემსახურება მას?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 13 გვერდზე]

როგორ ინარჩუნებენ ისინი ჯანსაღ რწმენას?

რა ეხმარება დიდი ხნის ქრისტიანებს, შეინარჩუნონ ჯანსაღი რწმენა და სულიერი სიმხნევე? ქვემოთ მოყვანილია ზოგი მათგანის სიტყვები:

„ბიბლიიდან ისეთი მუხლების კითხვა, რომლებიც ყურადღებას ამახვილებს იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია. თითქმის ყოველ ღამე ვიხსენებ 22-ე და 90-ე ფსალმუნებში ჩაწერილ სიტყვებს“ (ალივი, მოინათლა 1930 წელს).

„მიზნად მაქვს დასახული, არ გამოვტოვო არც ერთი მოხსენება მოსანათლავებისთვის და ისე ყურადღებით მოვისმინო, თითქოს თავად ვიყო მოსანათლი. როდესაც ყოველთვის ნათლად გვახსოვს იეჰოვასადმი ჩვენი მიძღვნა, ეს მნიშვნელოვნად გვიწყობს ხელს ერთგულების შენარჩუნებაში“ (ჰარი, მოინათლა 1946 წელს).

«ყოველდღიურად ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის უნდა ვთხოვოთ იეჰოვას, რომ დაგვეხმაროს, მფარველობა გაგვიწიოს და გვაკურთხოს, რათა ‘ყველა ჩვენ გზაზე შევიცნოთ ის’» (იგავები 3:5, 6) (ანტონიო, მოინათლა 1951 წელს).

„მრავალი წლის მანძილზე იეჰოვას მსახურებაში მყოფი და-ძმების შემთხვევების მოსმენა უფრო მიმტკიცებს გადაწყვეტილებას, ბოლომდე ღვთის ერთგული დავრჩე“ (ჯოანი, მოინათლა 1954 წელს).

„მნიშვნელოვანია, რომ დიდი წარმოდგენა არ გვქონდეს საკუთარ თავზე. ყველაფერი, რაც გვაქვს, ღვთის წყალობის შედეგია. ასეთი თვალსაზრისი გვეხმარება, სწორად შევაფასოთ სულიერი საზრდო, რომლის მიღებაც აუცილებელია ბოლომდე მოსათმენად“ (არლინი, მოინათლა 1954 წელს).

[სურათი 11 გვერდზე]

ხანდაზმულებს სამეფოს ძვირფასი ნაყოფი მოაქვთ.

[სურათი 14 გვერდზე]

ხანდაზმულთა სულიერი სიმხნევე ფასდაუდებელია.