არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კურთხეულია ყველა, ვინც ღმერთს განადიდებს

კურთხეულია ყველა, ვინც ღმერთს განადიდებს

კურთხეულია ყველა, ვინც ღმერთს განადიდებს

„ყოველი ხალხი, შენს მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენს წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს“ (ფსალმუნები 85:9).

1. რატომ შეგვიძლია ღვთის განდიდება ისე, როგორც ვერასდროს განადიდებენ მას არაცოცხალი ქმნილებები?

იეჰოვა ყველა თავისი ქმნილებისგან იმსახურებს განდიდებას. მაშინ როცა არაცოცხალი ბუნება უსიტყვოდ ასხამს მას ქება-დიდებას, ადამიანებს აზროვნების, დასკვნების გაკეთების, მადლიერების გამოვლენისა და თაყვანისცემის უნარი გვაქვს. მაშ, სწორედ ჩვენ უნდა გვეუბნებოდეს ფსალმუნმომღერალი: „შეჰღაღადეთ ღმერთს, მთელო ქვეყნიერებავ! უგალობეთ მისი სახელის ღირსებას, პატივი ეცით მის დიდებულებას“ (ფსალმუნები 65:1, 2).

2. ვინ გამოეხმაურა მოწოდებას, განედიდებინათ ღვთის სახელი და რატომ?

2 ადამიანთა უმრავლესობა უარყოფს ღმერთს და უარს ამბობს მის განდიდებაზე. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს 235 ქვეყანაში ექვს მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე ცხადყოფს, რომ ყოველივეში, რაც ღმერთმა შექმნა, მის „უხილავ თვისებებს“ ხედავენ და ქმნილებების უსიტყვო მოწმობაც ‘ესმით’ (რომაელთა 1:20; ფსალმუნები 18:3, 4). ბიბლიის შესწავლით მათ გაიცნეს და შეიყვარეს იეჰოვა. ფსალმუნების 85:9, 10-ში ასეთი რამ იყო ნაწინასწარმეტყველები: „ყოველი ხალხი, შენს მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენს წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს; რადგან დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენა ხარ ერთი ღმერთი“.

3. როგორ ემსახურება „უამრავი ხალხი“ ღმერთს „დღე და ღამე“?

3 გამოცხადება 7:9, 15-შიც მსგავსად არის აღწერილი „უამრავი ხალხი“ — ღვთის თაყვანისმცემლები, რომლებიც „ემსახურებიან მას [ღმერთს] დღე და ღამე მის ტაძარში“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი თავისი მსახურებისგან პირდაპირი გაგებით დღედაღამ, შესვენების გარეშე, განდიდებას მოითხოვს. ღვთის მსახურები მსოფლიო ორგანიზაციაში არიან გაერთიანებულნი. ასე რომ, როცა ერთგან ღამეა, დედამიწის მეორე მხარეს ღვთის მსახურები ქადაგებით არიან დაკავებულები. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ისინი „დღე და ღამე“ განადიდებენ იეჰოვას. მალე „ყოველი სულდგმული“ შეუერთდება მათ, ვინც ხოტბას ასხამს იეჰოვას (ფსალმუნები 150:6). მანამდე კი პირადად რისი გაკეთება შეგვიძლია ღვთის განსადიდებლად? რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ? და რა კურთხევები მოელის მათ, ვინც ღმერთს განადიდებს? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად განვიხილოთ ისრაელებთან, კერძოდ კი გადის ტომთან დაკავშირებული ბიბლიური მაგალითი.

პრობლემა ძველ დროში

4. რა პრობლემასთან უწევდა გამკლავება გადის ტომს?

4 აღთქმულ მიწაზე შესვლამდე გადის ტომმა იორდანეს აღმოსავლეთით ითხოვა დასახლება, რათა საქონლისთვის კარგი საძოვრები ჰქონოდათ (რიცხვნი 32:1—5). იქ ცხოვრება სერიოზულ პრობლემებთან იქნებოდა დაკავშირებული. დასავლეთით მცხოვრებ ტომებს იორდანეს ხეობა — ბუნებრივი ბარიერი — დაიცავდა დამპყრობლებისგან (იესო ნავეს ძე 3:13—17). იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროს შესახებ კი აი რა დაწერა ჯორჯ ადამ სმითმა წიგნში „წმინდა მიწის ისტორიული გეოგრაფია“: „[ეს მიწები] ხელისგულივითაა გადაშლილი არაბეთის ვრცელ პლატოზე და არანაირად არ არის დაცული. ამიტომაც არასდროს ჰქონია მოსვენება დამშეული მომთაბარე დამპყრობლებისგან, რომელთაგანაც ზოგი აქ ყოველწლიურად ეძებდა საძოვრებს“.

5. იაკობის რჩევის თანახმად, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ გადელები, როცა მათ მტერი შეუტევდა?

5 როგორ უნდა მოქცეულიყო გადის ტომი ასეთ მძიმე სიტუაციაში? საუკუნეებით ადრე მათმა წინაპარმა, იაკობმა, სიკვდილის წინ ასეთი წინასწარმეტყველება წარმოთქვა: „გადს მოაწყდებიან ურდოები და ის თავად მისწვდება მათ ქუსლებს“ (დაბადება 49:19). ერთი შეხედვით, ეს სიტყვები შესაძლოა გულის გამტეხი მოგვეჩვენოს, მაგრამ მათში ის აზრია ჩადებული, რომ გადელებს მტრებზე საპასუხო იერიში უნდა მიეტანათ. იაკობი არწმუნებდა მათ, რომ ასეთ შემთხვევაში მტრები დამამცირებელ მარცხს განიცდიდნენ, უკან დაიხევდნენ და გადელები მათ ქუსლებს მისწვდებოდნენ, ანუ ფეხდაფეხ დაედევნებოდნენ.

სირთულეები, რომლებსაც დღეს ვხვდებით ღვთის თაყვანისმცემლები

6, 7. რით ჰგავს გადის ტომის მდგომარეობას დღევანდელ ქრისტიანთა მდგომარეობა?

6 გადელების მსგავსად, ქრისტიანებსაც გვექმნება სატანის სისტემაში სირთულეები; მათ წინააღმდეგ ბრძოლისას კი სასწაულებრივად არა ვართ დაცულნი (იობი 1:10—12). ბევრ ჩვენგანს პრობლემები ექმნება სკოლაში, სამსახურში თუ შვილების აღზრდისას. არანაკლებ სერიოზულია ჩვენს პირად, ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები. ზოგი იძულებულია, აიტანოს ‘ეკალი სხეულში’ — ესა თუ ის სერიოზული ავადმყოფობა ან ნაკლი (2 კორინთელთა 12:7—10). სხვებს პირადი ღირსების გრძნობა აქვთ შელახული და ამის გამო იტანჯებიან. ხანდაზმული ქრისტიანები კი წლებით მოტანილი „ავი დღეების“ გამო, შესაძლოა, ვეღარ ახერხებენ ისე მსახურებას, როგორც ერთ დროს მსახურობდნენ (ეკლესიასტე 12:1).

7 გარდა ამისა, როგორც პავლე მოციქულიც შეგვახსენებს, „ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ“ გვიწევს ბრძოლა (ეფესელთა 6:12). განუწყვეტლივ ვებრძვით „წუთისოფლის სულსაც“ — დაუმორჩილებლობისა და ზნედაცემულობის სულს, რომელსაც სატანა და მისი დემონები ავრცელებენ (1 კორინთელთა 2:12; ეფესელთა 2:2, 3). ღვთისმოშიში ლოტის მსგავსად, ალბათ, ჩვენც გვტანჯავს უზნეობა, რომელიც ჩვენს გარშემო მყოფი ხალხის საუბრებსა თუ მოქმედებებში ირეკლება (2 პეტრე 2:7). აგრეთვე, ჩვენზე სატანას პირდაპირაც მოაქვს იერიში. ის ებრძვის ცხებულთა დარჩენილი ნაწილის წარმომადგენლებს, „რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და რომელთაც აქვთ იესოს მოწმობა“ (გამოცხადება 12:17). სატანის თავდასხმებს აკრძალვებისა თუ დევნის სახით იესოს „სხვა ცხვრებიც“ განიცდიან (იოანე 10:16).

დავნებდეთ თუ საპასუხო ზომები მივიღოთ?

8. რა რეაქცია უნდა გვქონდეს სატანის შემოტევებზე და რატომ?

8 რა რეაქცია უნდა გვქონდეს სატანის შემოტევებზე? ღვთის მითითებებისამებრ, სულიერად ძლიერები უნდა ვიყოთ და მტერს საპასუხოდ შევუტიოთ, როგორც ძველად გადის ტომი უტევდა. სამწუხაროა, რომ ცხოვრებისეულმა პრობლემებმა ზოგს ძალა გამოაცალა და ღვთის წინაშე აღებული პასუხისმგებლობები დაავიწყა (მათე 13:20—22). აი რა თქვა ერთმა ქრისტიანმა იმის თაობაზე, თუ რატომ იკლო მის კრებაში შეხვედრებზე დამსწრეთა რიცხვმა: „ძმები სხვადასხვა სტრესის გამო ძალიან გადაიღალნენ“. ხალხს დაღლილობისთვის მართლაც რომ ბევრი მიზეზი აქვს. ამიტომაც ადვილად შესაძლებელია, რომ ვინმემ ღვთისადმი თაყვანისცემაც დაღლილობის კიდევ ერთ მიზეზად და დამატებით ტვირთად მიიჩნიოს. მაგრამ მართებულია ასეთი თვალსაზრისი?

9. როგორ გამოგვაცოცხლებს ქრისტეს უღლის აღება?

9 განვიხილოთ, თუ რა უთხრა იესომ ცხოვრებისეული პრობლემებისგან ძალაგამოცლილ თავის თანამედროვეებს: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“. განა იესომ მათ ღვთისადმი მსახურებისთვის განკუთვნილი დროის შემცირებით გამოცოცხლება შესთავაზა? პირიქით, მან ხალხს უთხრა: „იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს“. უღელს ხისგან ან რკინისგან ამზადებენ და მისი მეშვეობით ადამიანი ან ცხოველი მძიმე ტვირთს ატარებს. მაშ, რატომღა უნდა დაიდგას ვინმემ ასეთი უღელი? განა ისედაც „ტვირთმძიმენი“ არა ვართ? დიახ, მაგრამ ბერძნული ტექსტი შემდეგნაირადაც შეიძლება ითარგმნოს: „ჩემთან ერთად შეებით უღელში“. დაფიქრდით, იესო ტვირთის ტარებაში დახმარებას გვთავაზობს! ვალდებულები არა ვართ, რომ მხოლოდ საკუთარ ძალებზე ვიყოთ დაიმედებულნი (მათე 9:36; 11:28, 29; 2 კორინთელთა 4:7).

10. რას მოვიმკით, თუ ყოველმხრივ შევეცდებით ღვთის განდიდებას?

10 ქრისტეს მოწაფეობის უღლის დადგმით სატანის წინააღმდეგ ვიბრძვით. „წინაღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“, — აღგვითქვამს იაკობის 4:7. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სატანისთვის წინააღმდეგობის გაწევა ადვილია. ღვთისადმი მსახურებას დიდი ძალისხმევა სჭირდება (ლუკა 13:24). მაგრამ ბიბლია ფსალმუნების 125:5-ში გვპირდება: „ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან“. დიახ, ჩვენ უმადურ ღმერთს როდი ვემსახურებით. ის „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ და აკურთხებს თავის განმადიდებლებს (ებრაელთა 11:6).

განვადიდოთ ღმერთი სამეფოს შესახებ ქადაგებით

11. როგორ გვიცავს სამქადაგებლო მსახურება სატანის შემოტევებისგან?

11 იესომ მოგვიწოდა: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი“. უმთავრესად, სწორედ ქადაგებით ვწირავთ ღმერთს „ქების მსხვერპლს“ (მათე 28:19; ებრაელთა 13:15). აუცილებელია ‘ფეხშემოსილნი ვიყოთ მშვიდობის სახარებლად მზადყოფნით’, რათა შევიმოსოთ „სრული საჭურვლით“, რომელიც სატანის შემოტევებისგან დაგვიცავს (ეფესელთა 6:11—15). სამქადაგებლო მსახურებაში ღვთის განდიდება საუკეთესოდ კვებავს ჩვენს რწმენას (2 კორინთელთა 4:13). გარდა ამისა, ის უარყოფითი აზრებისგან გათავისუფლებაში გვეხმარება (ფილიპელთა 4:8). სამქადაგებლო მსახურება თანამორწმუნეებთან გამამხნევებელი ურთიერთობის შესაძლებლობასაც გვაძლევს.

12, 13. როგორ დაეხმარება ოჯახებს სამქადაგებლო მსახურებაში რეგულარული მონაწილეობა? მოიყვანეთ მაგალითი.

12 სამქადაგებლო მსახურება შეიძლება ოჯახისთვის ერთობლივ გამამხნევებელ საქმიანობადაც იქცეს. ცხადია, ბავშვებს გართობაც სჭირდებათ, მაგრამ მათთვის არც ოჯახთან ერთად სამქადაგებლო მსახურებაში გატარებული დრო უნდა იყოს მომაბეზრებელი. მშობლები ქადაგებას უფრო სახალისოს გახდიან შვილებისთვის, თუ მათ ეფექტურად მსახურებას ასწავლიან. პატარებს ხომ უყვართ იმის კეთება, რაც კარგად გამოსდით?! ბავშვებს უფრო მეტად შეუყვარდებათ ქადაგება, თუ მშობლები მათ შესაძლებლობებს გაითვალისწინებენ და მეტისმეტად მომთხოვნები არ იქნებიან (დაბადება 33:13, 14).

13 გარდა ამისა, ერთობლივად ღვთის განმადიდებელი ოჯახის წევრები ერთ მუშტად არიან შეკრულნი. ერთი და ურწმუნო ქმარმა ხუთ ბავშვთან ერთად მიატოვა. ცხადია, ამ დას უნდა ემუშავა შვილების სარჩენად, მაგრამ ხომ არ დათრგუნა იგი მდგომარეობამ იმდენად, რომ ბავშვების სულიერად აღზრდას ვეღარ გამკლავებოდა? ის იხსენებს: „ყურადღებით ვსწავლობდი როგორც ბიბლიას, ისე მასზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს და ვცდილობდი, წაკითხული პირადად გამომეყენებინა. ყოველთვის დამყავდა ბავშვები კრებაზე და კარდაკარ საქადაგებლად. რა ნაყოფი გამოიღო ჩემმა მცდელობამ? ხუთივე მათგანი მოინათლა“. სამქადაგებლო მსახურებაში მაქსიმალურად მონაწილეობა თქვენც დაგეხმარებათ, შვილები „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ აღზარდოთ (ეფესელთა 6:4).

14. ა) როგორ შეუძლიათ ბავშვებს სკოლაში ღვთის განდიდება? ბ) რა დაეხმარება ბავშვებს იმაში, რომ არ ‘შერცხვეთ სახარების’ გამო?

14 ბავშვებო, თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც კანონი ნებას გრთავთ, განადიდებთ ღმერთს სკოლაში ქადაგებით? თუ ადამიანთა შიშის გამო ამისგან თავს იკავებთ? (იგავები 29:25). პუერტო-რიკოელი 13 წლის გოგონა, რომელიც იეჰოვას მოწმეა, წერს: «არასდროს მრცხვენია სკოლაში ქადაგება, რადგან ვიცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა. გაკვეთილებზე ყოველთვის ვიწევ ხელს და ვყვები, რასაც ბიბლიიდან ვსწავლობ. როცა დრო მაქვს, ბიბლიოთეკაში მივდივარ და „ახალგაზრდების შეკითხვებს“ * ვკითხულობ». აკურთხა იეჰოვამ მისი მონდომება? ის განაგრძობს: „ზოგჯერ კლასელები შეკითხვებს მაძლევენ და წიგნსაც მთხოვენ“. თუ თქვენ ამ მხრივ ჯერ ვერ დგამთ ნაბიჯებს, შესაძლოა გესაჭიროებათ, პირადი შესწავლის დახმარებით „შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“ (რომაელთა 12:2). როცა დარწმუნებულნი ხართ იმაში, რომ რაც ისწავლეთ, ჭეშმარიტებაა, აღარ ‘შეგრცხვებათ სახარების გამო’ (რომაელთა 1:16).

მსახურების ‘ღია კარი’

15, 16. რომელ ‘დიდ კარში’ შევიდა ბევრი ქრისტიანი და რა კურთხევები მოიმკეს მათ?

15 პავლე მოციქულმა დაწერა, რომ „მოღვაწეობისთვის დიდი კარი“ იყო გაღებული მის წინაშე (1 კორინთელთა 16:9, აქ). გაძლევთ მდგომარეობა საშუალებას, რომ ასეთ კარში შეხვიდეთ? მაგალითად, პიონერად ან დამხმარე პიონერად მსახურებისთვის საჭიროა, რომ ქადაგებას თვეში 70 ან 50 საათი მიუძღვნათ. ბუნებრივია, თანაქრისტიანები აფასებენ პიონერებს ერთგული მსახურებისთვის, მაგრამ პიონერები საკუთარ თავს და-ძმებზე მაღლა არ აყენებენ იმის გამო, რომ უფრო მეტ დროს ატარებენ მსახურებაში. პირიქით, ისინი ცდილობენ, განივითარონ სწორედ ისეთი თვალსაზრისი, როგორიც ქრისტემ გვირჩია: „უსარგებლო მონები ვართ, ვინაიდან გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა“ (ლუკა 17:10).

16 პიონერად მსახურებას თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა და მსხვერპლის გასაღებად მზადყოფნა სჭირდება. მაგრამ კურთხევები, რომლებიც მას მოაქვს, ღირს ძალისხმევად. „ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემის უნარი ნამდვილად დიდი კურთხევაა, — ამბობს ახალგაზრდა პიონერი, სახელად ტამიკა. — პიონერად თუ მსახურობ, ხშირად გიწევს ბიბლიის გამოყენება. ახლა, როცა კარდაკარ ვქადაგებ, შემიძლია გავიხსენო ესა თუ ის მუხლი, რომელიც კონკრეტულ ადამიანს დააინტერესებს“ (2 ტიმოთე 2:15). სხვა პიონერი, სახელად მიკა, კი ამბობს: „ერთ-ერთი სასწაულებრივი კურთხევაა ის, რომ შესაძლებლობა გეძლევა, დაინახო, რა გავლენას ახდენს ჭეშმარიტება ადამიანების ცხოვრებაზე“. ახალგაზრდა, სახელად მათე, მსგავსად აღნიშნავს, რომ სასიხარულოა, როცა „ვინმეს ჭეშმარიტებაში მოსვლის მოწმე ხდები. ამ სიხარულს ვერაფერი შეედრება“.

17. როგორ გადალახა ერთმა ქრისტიანმა პიონერად მსახურებასთან დაკავშირებით უარყოფითი გრძნობები?

17 თქვენც ხომ არ დაფიქრდებოდით პიონერად მსახურების დაწყებაზე? შესაძლოა გსურთ კიდეც, მაგრამ ფიქრობთ, რომ ვერ შეძლებთ. „პიონერად მსახურებასთან დაკავშირებით უარყოფითი გრძნობები მეუფლებოდა — აღიარებს ახალგაზრდა და, სახელად კენიატი.— მეგონა, ვერ შევძლებდი. არ ვიცოდი, როგორ დამეწყო და გამეგრძელებინა ხალხთან ბიბლიის საფუძველზე საუბარი“. უხუცესებმა გამოცდილ პიონერ დას სთხოვეს ამ დის დახმარება. „მომწონდა მასთან ერთად ქადაგება, — იხსენებს კენიატი. — სწორად ამან აღმიძრა სურვილი, რომ მეც დამეწყო პიონერად მსახურება“. და-ძმების გამხნევებითა და მათგან გამოცდილების გაზიარებით, ალბათ, თქვენც აღიძვრებით პიონერული მსახურების დაწყებისკენ.

18. რა კურთხევებს იღებენ მისიონერები?

18 პიონერად მსახურებამ შესაძლოა სხვა სახის მსახურებისთვისაც გაგიხსნათ კარი. მაგალითად, ზოგმა წყვილმა შესაძლოა მისიონერად მსახურებისთვის სპეციალური მომზადება გაიაროს და სხვა ქვეყანაში მსახურება დაიწყოს. მისიონერები ახალ ქვეყანას, შესაძლოა ახალ ენას, ახალ კულტურასა და საკვებს უნდა შეეგუონ. მაგრამ კურთხევებთან შედარებით ეს ხელისშემშლელი ფაქტორები მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება. ერთი და, სახელად მილდრედი, რომელიც დიდი ხანია, რაც მექსიკაში მსახურობს, ამბობს: „არასდროს მინანია ის, რომ მისიონერად მსახურება დავიწყე. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო“. რა კურთხევები მიიღო მან? „ჩემს ქვეყანაში ძნელი იყო ბიბლიის შესწავლის დაწყება. აქ კი ზოგჯერ მათგან, ვისაც ბიბლიას ვასწავლი, ოთხი ერთად ხდება მაუწყებელი!“

19, 20. როგორ მოაქვს ბევრისთვის კურთხევები ბეთელში მსახურებას, საერთაშორისო მსახურებას და მსახურებაში დახელოვნების სკოლაში სწავლას?

19 დიდი კურთხევები მოაქვს იეჰოვას მოწმეთა ფილიალებში მსახურებასაც. სვენი, ახალგაზრდა ძმა, რომელიც გერმანიის ბეთელში მსახურობს, ამბობს: „ვგრძნობ, რომ იმას ვაკეთებ, რასაც ნამდვილად ხანგრძლივი სარგებლობა მოაქვს. შემეძლო ჩემი უნარი ქვეყნიერებაში გამომეყენებინა, მაგრამ ეს იმის მსგავსი იქნებოდა, ფული რომ გაკოტრების პირამდე მისულ ბანკში შემეტანა“. ცხადია, მოხალისედ ხელფასის გარეშე მსახურება მსხვერპლის გაღებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ სვენი ამბობს: „როცა სახლში ბრუნდები, იცი, რომ ყველაფერი, რაც დღის განმავლობაში გააკეთე, იეჰოვასთვის იყო. და ამ დროს სასწაულებრივი გრძნობა გეუფლება“.

20 ზოგი ძმა საერთაშორისო პროგრამის მონაწილეა და საზღვარგარეთ ფილიალების მშენებლობაზე მუშაობს. ერთმა წყვილმა, რომელსაც რვა სხვადასხვა ადგილას აქვს ნამსახურები, დაწერა: „ძმები განუმეორებლები არიან. ძალიან გაგვიჭირდება აქედან წასვლა. ასეთი მდგომარეობა უკვე მერვედ გვექმნება. აქ გატარებული დრო მართლაც სასწაულებრივი იყო!“ კურთხევებს შორის უნდა მოვიხსენიოთ „მსახურებაში დახელოვნების სკოლაში“ სწავლის შესაძლებლობაც. ამ სკოლაში სწავლა შეუძლიათ დაუქორწინებელ ძმებს, რომლებიც გარკვეულ მოთხოვნებს შეესაბამებიან. აი რა დაწერა ერთმა ძმამ, რომელმაც ამ სკოლის კურსი გაიარა: „არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ასეთი სასწაულებრივი სკოლისთვის. სხვა რომელი ორგანიზაცია გააკეთებდა ამდენს სწავლების მიზნით?“

21. რა არის თითოეული ქრისტიანის მიზანი ღვთისადმი მსახურებასთან დაკავშირებით?

21 დიახ, მსახურებისთვის მრავალი კარია ღია. ცხადია, ბევრი ჩვენგანი ვერ შეძლებს ბეთელში ან საზღვარგარეთ მსახურებას. იესომაც თქვა, რომ ქრისტიანები მდგომარეობისდა მიხედვით, სხვადასხვა რაოდენობით გამოიღებდნენ ‘ნაყოფს’ (მათე 13:23). ასე რომ, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ საკუთარი მდგომარეობა და რაც შეიძლება მეტად მივიღოთ მონაწილეობა იეჰოვასადმი მსახურებაში. ამით დიდებას მივაგებთ იეჰოვას და დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ის კმაყოფილია ჩვენით. შეგვიძლია ქრისტიანი დის, სახელად ეტილის, მაგალითი მოვიყვანოთ. ის მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს და რეგულარულად ქადაგებს, როგორც მეზობლებთან საუბრისას, ისე ტელეფონით. მდგომარეობის მიუხედავად, ეს და სულითა და გულით მსახურობს (მათე 22:37).

22. ა) კიდევ როგორ შეგვიძლია იეჰოვას განდიდება? ბ) რა სასწაულებრივ დროში მოველით ცხოვრებას?

22 როგორც უნდა იყოს, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ქადაგება იეჰოვას განდიდების მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა. სამსახურში, სასწავლებელში თუ სახლში ყოფნისას სამაგალითო ქცევით და გარეგნობით გულს გავუხარებთ იეჰოვას (იგავები 27:11). იგავების 28:20-ში (სსგ) ნათქვამია: „ერთგულ კაცზე ბევრი კურთხევაა“. ამიტომაც ‘უხვად უნდა ვთესოთ’ იეჰოვას მსახურებაში და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ კურთხევებსაც უხვად მოვიმკით (2 კორინთელთა 9:6, აქ). სწორედ ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვიცხოვროთ იმ დროს, როცა „ყოველი სულდგმული“ მიაგებს დიდებას იეჰოვას. ის ამას ნამდვილად იმსახურებს (ფსალმუნები 150:6).

[სქოლიოები]

^ აბზ. 14 წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

გახსოვთ თუ არა?

• როგორ ემსახურება იეჰოვას თავისი ხალხი „დღე და ღამე“?

• რა პრობლემასთან უწევდა გამკლავება გადის ტომს და რას გვასწავლის ეს ქრისტიანებს?

• როგორ გვიცავს სამქადაგებლო მსახურება სატანის შემოტევებისგან?

• რომელ ‘გაღებულ კარში’ შევიდა ზოგი ქრისტიანი და რა კურთხევები მიიღეს მათ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

ქრისტიანები ისევე უნდა შეებრძოლონ სატანას, როგორც გადელები იბრძოდნენ მომთაბარეების წინააღმდეგ.

[სურათი 17 გვერდზე]

სამქადაგებლო მსახურება თანამორწმუნეებთან გამამხნევებელი ურთიერთობის საშუალებას გვაძლევს.

[სურათები 18 გვერდზე]

პიონერად მსახურებამ შესაძლოა კარი გაგვიღოს სხვა სახის მსახურებისთვისაც, მაგალითად,

1. საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობისთვის

2. ბეთელში მსახურებისთვის

3. მისიონერად მსახურებისთვის