არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘მოდი და დაგვეხმარე’

‘მოდი და დაგვეხმარე’

სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან

‘მოდი და დაგვეხმარე’

ავსტრიელ, გერმანელ და შვეიცარიელ მოწმეებს 2000 წლის ივლისში ემცნოთ, რომ ბოლივიაში გერმანულ ენაზე მოლაპარაკე მქადაგებლებზე იყო მოთხოვნილება. რატომ? სანტა-კრუსიდან (ბოლივია) 300 კილომეტრის რადიუსში არსებულ ფერმერთა მოშორებულ დასახლებებში ბიბლიისადმი დიდ ინტერესს ავლენდნენ გერმანულ ენოვანი მენონიტები.

მოწვევას დაახლოებით 140 მოწმე გამოეხმაურა. ზოგი რამდენიმე კვირით გადავიდა ბოლივიაში, ზოგი კი — ერთი ან რამდენიმე წლით. ამგვარად, მათ ისეთივე სული გამოავლინეს, როგორიც პირველი საუკუნის მისიონერებმა, რომლებმაც ყურად იღეს მოწოდება: „მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარე“ (საქმეები 16:9, 10).

როგორ ქადაგებენ მოწმეები ამ ტერიტორიაზე? აი, რას ამბობს ადგილობრივი კრების უხუცესი: „მენონიტთა ერთ-ერთ დასახლებამდე მისვლას — სულ 43 დასახლებაა — ოღრო-ჩოღრო გზებზე ტრანსპორტით რვა საათი მგზავრობა სჭირდება. ყველაზე მოშორებულ ტერიტორიებს რომ მიაღწიო, ხშირად ოთხი დღე უნდა იმგზავრო და რამდენიმე ღამე კარავში გაათიო. მაგრამ ძალისხმევად ნამდვილად ღირს, რადგან ამ ხალხიდან ცოტას თუ სმენია სასიხარულო ცნობა“.

თავიდან ბევრი მენონიტი მაინცდამაინც დიდი სიხარულით არ ხვდებოდა მოწმეებს. მაგრამ მოწმეთა მოთმინება და მცდელობა დაეხმარა მათ, დაენახათ, თუ რას სთავაზობდნენ ღვთის მსახურები. მაგალითად, ერთმა ფერმერმა თქვა, რომ მთელი წლის განმავლობაში კითხულობდა ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ს. შემდეგ განაგრძო: „ვიცი, აქ ბევრი არ იზიარებს თქვენს აზრს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რასაც თქვენ ამბობთ, ჭეშმარიტებაა“. სხვა დასახლებაში ერთმა მამაკაცმა თქვა: „ჩემს სამეზობლოში ზოგი ამბობს, რომ ცრუ წინასწარმეტყველები ხართ, ზოგი კი ფიქრობს, რომ ჭეშმარიტებას ლაპარაკობთ. მინდა, თვითონ გავერკვე ამაში“.

ამჟამად ბოლივიაში ერთი გერმანულ ენოვანი კრებაა, სადაც მსახურობს 35 მაუწყებელი, მათ შორის 14 სრული დროით მქადაგებელი. დღეისათვის 14 ყოფილი მენონიტი გახდა სამეფოს შესახებ მქადაგებელი და კიდევ 9 მენონიტი რეგულარულად ესწრება შეხვედრებს. ერთმა ასაკოვანმა მამაკაცმა, რომელიც ახლახან მოინათლა, ასეთი რამ თქვა: „ჩვენ აშკარად ვხედავთ იეჰოვას ხელმძღვანელობას. მან გერმანულ ენაზე მოლაპარაკე გამოცდილი და-ძმები გამოგვიგზავნა დასახმარებლად. ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ“. ამ მამაკაცის 17 წლის გოგონამ, რომელიც ასევე მონათლულია, მამის სიტყვები განაგრძო: „ჩვენთან ჩამოსული ახალგაზრდა ძმებისა და დების ენთუზიაზმი გადამდებია. მათი უმრავლესობა პიონერად მსახურობს და დროსა და სახსრებს სხვების დასახმარებლად იყენებს. მათ რომ ვუყურებ, მეც იმავეს კეთების სურვილი მიჩნდება“.

მართლაც რომ დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას იმკის ყველა, ვინც გამოეხმაურა მოწოდებას — ‘დასახმარებლად მისულიყვნენ’.