არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რომელი რელიგია უნდა აირჩიოთ?

რომელი რელიგია უნდა აირჩიოთ?

რომელი რელიგია უნდა აირჩიოთ?

„სხვადასხვა რელიგია ერთი და იმავე მიზნისკენ მიმავალი სხვადასხვა გზაა. ღმერთი ხომ ერთია?!“ ამ აზრს მრავალი იზიარებს. ისინი ფიქრობენ, რომ მთავარია ადამიანი მორწმუნე იყოს და მნიშვნელობა არა აქვს, რომელ რელიგიას აირჩევს.

ერთი შეხედვით, ასეთი მსჯელობა შეიძლება ადამიანს ლოგიკურად მოეჩვენოს, რადგან სრული ჭეშმარიტებაა ის, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი ერთადერთია (ესაია 44:6; იოანე 17:3; 1 კორინთელთა 8:5, 6). მაგრამ შეუძლებელია, არ შევნიშნოთ იმ მრავალ რელიგიურ ჯგუფს შორის არსებული აშკარა განსხვავებები, და შეუსაბამობებიც კი, რომლებიც აცხადებენ, რომ ჭეშმარიტ ღმერთს ემსახურებიან. მათი მოქმედება, რწმენა, სწავლება და მოთხოვნები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ეს განსხვავება იმდენად დიდია, რომ ერთი რელიგიური ჯგუფის წევრებისთვის რთულია, გაიგონ ან მიიღონ ის, რასაც მეორე ჯგუფის წევრები ასწავლიან ან რაც მათ სწამთ.

იესომ თქვა: „ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:24). იძლევა თუ არა ღვთისადმი ჭეშმარიტებით თაყვანისცემა იმის საშუალებას, რომ არსებობდეს ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის ღმერთი, რა არის მისი განზრახვა და როგორი თაყვანისცემა სურს მას? ნუთუ ლოგიკურია, გვჯეროდეს, რომ ყოვლისშემძლე ღმერთისთვის სულერთია, როგორ ვცემთ მას თაყვანს?

ჭეშმარიტი ქრისტიანები წარსულში და დღეს

პირველ საუკუნეში ზოგ საკითხზე ქრისტიანებს განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ. მაგალითად, კორინთელებს მოციქულმა პავლემ უთხრა: „ჩემთვის ცნობილი გახდა, ძმანო, ქლოეს ხალხის საშუალებით, რომ თქვენს შორის დავაა. მე ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო“ (1 კორინთელთა 1:11, 12).

უმნიშვნელოდ მიიჩნია პავლემ ეს? თითოეული ქრისტიანი თავისი ბილიკით მიდიოდა ხსნისკენ? სულაც არა. პავლემ მათ უთხრა: „მე შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს, და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებით და აზრით“ (1 კორინთელთა 1:10).

ცხადია, იძულების წესით შეუძლებელია რწმენაში ერთიანობის მიღწევა. ის მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც თითოეული გულმოდგინედ იკვლევს საკითხს და ერთი და იმავე დასკვნამდე მიდის; შემდეგ კი შესაბამისად მოქმედებს. ამგვარად, ღვთის სიტყვის პირადი შესწავლა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენების გულწრფელი სურვილი მნიშვნელოვანია ისეთი ერთიანობის მისაღწევად, რომლის შესახებაც პავლე ლაპარაკობდა. შესაძლებელია მსგავსი ერთიანობის პოვნა? წინა სტატიიდან დავინახეთ, რომ ღმერთს თავის ხალხად ყოველთვის ადამიანთა კონკრეტული ჯგუფი ჰყავდა. შესაძლებელია იმის დანახვა, თუ ვინ მიეკუთვნება დღეს ამ ჯგუფს?

სარგებლობა, რომელიც ღვთის მოსაწონ ადამიანებთან ურთიერთობას მოაქვს

ერთხელ ფსალმუნმომღერალმა დავითმა იკითხა: „უფალო! ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმიდა მთაზე?“ ეს მართლაც დასაფიქრებელი კითხვებია. დავითმა თავად გასცა ამ კითხვებს პასუხი: „ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია, და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში“ (ფსალმუნები 14:1, 2). ბიბლიის სწორად გაგება ადამიანს საშუალებას აძლევს, ამოიცნოს რელიგია, რომელიც ღვთის ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. შემდეგ კი, თუ ამ რელიგიის წევრებთან ურთიერთობას დაამყარებს, დაუკავშირდება ხალხს, რომელიც გაერთიანებულად, „სულითა და ჭეშმარიტებით“ სცემს ღმერთს თაყვანს.

იეჰოვას მოწმეებმა ცხადყვეს, რომ რწმენასა და მოქმედებაში ერთიანობის მიღწევა დღევანდელ დაყოფილ წუთისოფელშიც კი არის შესაძლებელი. მოწმეებს შორის არიან სხვადასხვა რელიგიის ყოფილი წევრები და განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის ადამიანები; ასევე ყოფილი აგნოსტიკოსები ან ათეისტები. არიან ისეთებიც, რომლებიც ადრე სერიოზულად არასოდეს დაფიქრებულან რელიგიაზე. ასე რომ, სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის, აგრეთვე განსხვავებული ფილოსოფიური შეხედულებების მქონე ადამიანებს დღეს ერთი რელიგია აერთიანებთ, რაც დღევანდელ წუთისოფელში სხვაგან არსად გვხვდება.

ამ ერთიანობას საფუძვლად ღვთის სიტყვა, ბიბლია, უდევს. ცხადია, იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ სხვებს არ უნდა უკარნახონ, რა აკეთონ. მაგრამ ძალიან აფასებენ შესაძლებლობას, სხვები წაახალისონ იმისკენ, რომ ისწავლონ ბიბლია და თაყვანისმცემლობის საკითხში თავიანთი არჩევანი ამ მტკიცე საძირკველზე დააფუძნონ. ამგვარად მრავალს ეძლევა შესაძლებლობა, საკუთარ თავზე გამოსცადონ ღვთისადმი „სულითა და ჭეშმარიტებით“ თაყვანისცემის შედეგად მიღებული სარგებლობა.

დღეს დიდი საფრთხე არსებობს იმისა, რომ ადამიანი საზიანო გავლენის ქვეშ მოექცეს ან მოტყუების მსხვერპლი გახდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობის საკითხში სწორი არჩევნის გაკეთება. ბიბლიაში ნათქვამია: „ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება“; „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (იგავები 13:20; 1 კორინთელთა 15:33). ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებთან ურთიერთობა ბევრი რამისგან გვიცავს. ამიტომ ბიბლია შეგვახსენებს: „ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს. და, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელთა 10:24, 25). ნამდვილად კურთხევაა, როდესაც ჭეშმარიტი მეგობრები, სულიერი ძმები და დები, სიყვარულით ეხმარებიან ერთმანეთს ღვთის წინაშე თავიანთი ვალდებულებების შესრულებაში!

ოტმარი ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს. ის გერმანიაში კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა. მოგვიანებით მან ეკლესიაში სიარული შეწყვიტა. ოტმარი გვიყვება: „საეკლესიო მსახურებაზე დასწრების შემდეგ, იქიდან ისეთივე სიცარიელის გრძნობით გამოვდიოდი, როგორითაც შევდიოდი“. მიუხედავად ამისა, მან ღვთისადმი რწმენა შეინარჩუნა. შემდეგ ის იეჰოვას მოწმეებს დაუკავშირდა და დარწმუნდა, რომ ისინი ღვთის ჭეშმარიტი მსახურები არიან. ოტმარი მიხვდა, რომ მათთან უნდა გაერთიანებულიყო. ის ახლა ამბობს: „მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას ჩემთვის სულიერი სიმშვიდე მოაქვს. მეხმარებიან, თანდათანობით უფრო გავიღრმავო ბიბლიური ცოდნა. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია“.

ჭეშმარიტების მძებნელთა მოწვევა

საერთო აზრის მქონე ადამიანთა შეთანხმებულად მოქმედი ჯგუფი ბევრად უკეთესად შეასრულებს დაკისრებულ დავალებას, ვიდრე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედი ცალკეული ადამიანები. მაგალითად, იესომ თავის მიმდევრებს შემდეგი დარიგება მისცა: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). როგორ შეიძლებოდა ასეთი დავალების წარმატებით შესრულება, თუ მოწაფეებს არავითარი ხელმძღვანელობა არ ექნებოდათ ან ორგანიზებულად არ იმოქმედებდნენ? როგორ შეძლებდა ვინმე ამ ბიბლიური მითითების შესრულებას, თუ ღვთისადმი დამოუკიდებლად მსახურებას შეეცდებოდა?

გასულ წელს იეჰოვას მოწმეებმა მთელ მსოფლიოში გაავრცელეს ბიბლიაზე დაფუძნებული 91 933 280 წიგნი და ბროშურა; აგრეთვე 697 603 247 ჟურნალი და, ამგვარად, 235 ქვეყანაში თუ ტერიტორიაზე მცხოვრებ ასობით მილიონ ადამიანამდე მიიტანეს ბიბლიური ცნობა. ეს მართლაც კარგი მტკიცებაა იმისა, რომ კარგად ორგანიზებულ ადამიანთა ჯგუფს ბევრად მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე ყოველგვარი დახმარების გარეშე ცალკეული პიროვნებების მცდელობას.

ბიბლიური ლიტერატურის გავრცელების გარდა, იეჰოვას მოწმეები უსასყიდლოდ ასწავლიან ბიბლიას, რათა ხალხს უკეთესად დაანახვონ, რას მოითხოვს ღმერთი. გასულ წელს ყოველკვირეულად საშუალოდ 5 726 509 ბიბლიის შესწავლა უტარდებოდა ცალკეულ ან რამდენიმე ადამიანს ერთად. ბიბლიური დარიგებები მილიონობით ადამიანისთვის იმის მყარ საფუძვლად იქცა, რომ თაყვანისმცემლობის საკითხში არჩევანი გაეკეთებინათ. თქვენც შეგიძლიათ გაიგოთ ღვთის მოთხოვნები, რომლებიც ბიბლიაშია მოცემული. შემდეგ კი არჩევნის გაკეთება შეგეძლებათ (ეფესელთა 4:13; ფილიპელთა 1:9; 1 ტიმოთე 6:20; 2 პეტრე 3:18).

თუ გსურთ, რომ ღმერთს ასიამოვნოთ, მნიშვნელოვანია რელიგიური მიმდინარეობის წევრი იყოთ, მაგრამ არა — ნებისმიერის. რელიგიის საკითხში არჩევანი ზუსტი ბიბლიური შემეცნების საფუძველზე უნდა გააკეთოთ და არა — დაუსაბუთებელ დოგმებსა თუ გადმოცემებზე დაყრდნობით (იგავები 16:25). გაიგეთ, რა მოითხოვება ჭეშმარიტი რელიგიის თანახმად. ეს მოთხოვნები თქვენს მრწამსთან შეადარეთ. შემდეგ კი სათანადო არჩევანი გააკეთეთ (მეორე რჯული 30:19).

[სურათები 7 გვერდზე]

ამ დაყოფილ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებს შორის ერთიანობაა.