არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიკეთე გავუკეთოთ სხვებს თუ უბრალოდ მოვერიდოთ მათთვის ცუდის კეთებას?

სიკეთე გავუკეთოთ სხვებს თუ უბრალოდ მოვერიდოთ მათთვის ცუდის კეთებას?

სიკეთე გავუკეთოთ სხვებს თუ უბრალოდ მოვერიდოთ მათთვის ცუდის კეთებას?

რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ, ნურც შენ გაუკეთებ სხვებს“. ეს გამონათქვამი, რომელშიც ეთიკურ პრინციპს ესმება ხაზი, სახელგანთქმულ ჩინელ პედაგოგსა და ფილოსოფოსს, კონფუცის, ეკუთვნის. დღეს, ამ სიტყვების წარმოთქმიდან დაახლოებით 2 500 წლის გასვლის შემდეგ, ჯერ კიდევ ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანის მორალური ვალდებულებაა, მხოლოდ თავი შეიკავოს სხვებისთვის ზიანის მიყენებისგან.

რასაკვირველია, კონფუცის მიერ ჩამოყალიბებული ეს მორალური პრინციპი გარკვეულწილად დასაფასებელია. მეორე მხრივ, ბიბლია ადამიანთა ქცევასა და ურთიერთდამოკიდებულებასთან დაკავშირებით სხვაგვარ პრინციპსაც გვთავაზობს. გარდა იმისა, რომ ბიბლია მოიხსენიებს მოქმედებით ჩადენილ ცოდვას, ანუ ვინმეს წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტებას, ის ყურადღებას ამახვილებს უმოქმედობით ჩადენილ ცოდვაზეც. ქრისტიანი მოწაფე, იაკობი, წერდა: „ვინც სიკეთის ქმნა იცის და არ იქმს, ეს ცოდვად ეთვლება მას“ (იაკობი 4:17). იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს ის კი არ ასწავლა, რომ უბრალოდ მორიდებოდნენ სხვებისთვის ბოროტების გაკეთებას, არამედ ასეთი რამ ურჩია: „ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12).

ღვთის თავდაპირველი განზრახვა იყო, რომ ადამიანები ერთმანეთს ისე მოპყრობოდნენ, როგორც თავად ისურვებდნენ სხვების მხრიდან მოპყრობას. ღმერთმა იმით, თუ როგორ შექმნა ადამიანები, სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა: „შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად — ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად“ (დაბადება 1:27). ღმერთმა სიყვარულით უბოძა ადამიანებს სინდისი, რომელიც სწორად განსწავლის შემთხვევაში მათ უბიძგებდა, ისე მოპყრობოდნენ სხვებს, როგორც თავად სურდათ, რომ სხვები მოპყრობოდნენ.

დღესდღეობით ბევრს სხვების დაუფიქრებელი და ეგოისტური მოქმედების გამო უიმედო, უმწეო მდგომარეობაში უწევს ყოფნა. აშკარაა, რომ საკმარისი არ არის, მხოლოდ სხვებისთვის ზიანის მიყენებას ავარიდოთ თავი. საჭიროა ვაკეთოთ ის, რაც სიკეთეს და სარგებლობას მოუტანთ სხვებს. ამის მხედველობაში მიღებით, იეჰოვას მოწმეები საკუთარი სურვილით აკეთებენ სიკეთეს და სხვებს ღვთის სიტყვაში მოცემული სასწაულებრივი იმედის გაგებაში ეხმარებიან. როდესაც ისინი ხალხს სასიხარულო ცნობას უზიარებენ ბიბლიიდან, სიყვარულით აკეთებენ ამას და, ამგვარად, ისე ექცევიან სხვებს, როგორც თავად ისურვებდნენ სხვების მხრიდან მოპყრობას.