სიკეთის კეთება გაჭირვების ჟამს
სიკეთის კეთება გაჭირვების ჟამს
„ყველას სიკეთე გავუკეთოთ, — მოგვიწოდებს პავლე მოციქული, — განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალატელთა 6:10, აქ). მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები მთელი გულით ცდილობენ ამ პრინციპის ცხოვრებაში გამოყენებას; ისინი სიკეთეს უკეთებენ ყველას, განსაკუთრებით კი თანამორწმუნეებს. ეს არაერთხელ გამოჩნდა გაჭირვების ჟამს. განვიხილოთ სამ ქვეყანაში ახლახან მომხდარი შემთხვევები.
2002 წლის დეკემბერში ძლიერი ქარიშხალი, ტაიფუნი, ამოვარდა კუნძულ გუამზე; ქარის სიჩქარე საათში 300 კილომეტრს აღემატებოდა. უამრავი სახლი დაიბზარა, ზოგი კი ნანგრევებად იქცა. ადგილობრივმა კრებებმა სასწრაფოდ გაუწიეს ორგანიზება და-ძმებისგან შემდგარი ბრიგადების ჩამოყალიბებას, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალებულ მოწმეებს გაუწევდნენ დახმარებას. გუამის ფილიალმა დაზიანებული სახლების შესაკეთებლად საშენ მასალასა და მუშახელზე იზრუნა. ადგილობრივ და-ძმებს ჰავაის ფილიალმაც აღმოუჩინა დახმარება. სტიქიური უბედურების მოხდენიდან რამდენიმე კვირის გასვლის შემდეგ ჰავაიდან დურგლებისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოვიდა აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად. მათ ეხმარებოდნენ ადგილობრივი ძმები, რომლებმაც შვებულება აიღეს ძმებისთვის დახმარების აღმოსაჩენად. ისინი სიხარულით თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, რაც კარგი დამოწმება იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ქალაქ მანდალაის (მიანმა) გარეუბანში, სამეფო დარბაზიდან არც ისე შორს, მოულოდნელად ცეცხლი გაჩნდა. იქვე ახლოს ერთი არააქტიური დის სახლი იყო. ქარი მისი სახლის მიმართულებით ქროდა, რის გამოც ეს და დახმარების სათხოვნელად სამეფო დარბაზისკენ გაიქცა. იმ დროს დარბაზს არემონტებდნენ და ამიტომ იქ ბევრი ძმა იყო. მათ ძალიან გაუკვირდათ დის დანახვა, რადგან არ იცოდნენ, რომ ის ამ უბანში ცხოვრობდა. ძმებმა სასწრაფოდ დაიწყეს მოქმედება და დაეხმარნენ მას ოჯახის ნივთების უსაფრთხო ადგილას გადატანაში. როდესაც დის მეუღლემ, რომელიც არ იყო მოწმე, გაიგო ხანძრის შესახებ, მაშინვე გაიქცა სახლში. მან დაინახა, რომ ძმები უკვე ზრუნავდნენ მის ოჯახზე, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. ის მადლიერი იყო, რომ ასეთი დახმარების შედეგად მათი ნივთები მოპარვას გადაურჩა, რაც ხშირია ასეთი სიტუაციების დროს. ძმების მიერ გამოვლენილი სიკეთის გამო ჩვენი და ვაჟთან ერთად აღიძრა, კვლავ დაეწყო ქრისტიანულ კრებასთან ურთიერთობა. ამჟამად ისინი ესწრებიან ყველა შეხვედრას.
გასული სამსახურებრივი წლის განმავლობაში მოზამბიკში გვალვისა და მოუსავლიანობის გამო საკვები პროდუქტების მწვავე უკმარისობა იყო. იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივმა ფილიალმა სასწრაფოდ მიიღო ზომები, რათა იქ მცხოვრები და-ძმები საკვები პროდუქტებით მოემარაგებინა. საკვები ნაწილდებოდა სამეფო დარბაზებში. ზოგჯერ ეს ხდებოდა კრების
შეხვედრების შემდეგაც. ერთმა დამ, რომელიც მარტოხელა დედაა, თქვა: „ძალიან დამძიმებული მივდიოდი შეხვედრაზე, რადგან არ ვიცოდი, სახლში რომ დავბრუნდებოდით, რა მეჭმია შვილებისთვის“. ძმების მიერ სიყვარულით აღმოჩენილი დახმარების დანახვის შედეგად ეს და მაშინვე გამოცოცხლდა. „ეს ჩემთვის აღდგომასავით იყო!“ — აღნიშნა მან.მოწმეები სულიერადაც ეხმარებიან სხვებს და ასეთი სახითაც ‘აკეთებენ სიკეთეს’. ისინი იმედის ჩამნერგავ და ნუგეშის მომცემ ბიბლიურ ცნობას უზიარებენ სხვებს. მათ ისეთივე რწმენა აქვთ, როგორიც დიდი ხნის წინ მცხოვრებ ერთ ბრძენ მამაკაცს ჰქონდა: „ვინც მომისმენს [ღვთიურ სიბრძნეს], მშვიდად იცხოვრებს და დამშვიდებულს ბოროტის შიში აღარ ექნება“ (იგავები 1:33).
[სურათები 31 გვერდზე]
1, 2. მოზამბიკში და-ძმებს საკვებ პროდუქტებს უნაწილებენ.
3, 4. გუამში ამოვარდნილმა ტაიფუნმა უამრავი სახლი დაანგრია.
[საავტორო უფლებები]
Child, left: Andrea Booher/FEMA News Photo; woman, above: AP Photo/Pacific Daily News, Masako Watanabe