არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნდა მიეკუთვნებოდეთ რომელიმე რელიგიას?

უნდა მიეკუთვნებოდეთ რომელიმე რელიგიას?

უნდა მიეკუთვნებოდეთ რომელიმე რელიგიას?

„ღმერთი რომ მწამდეს, ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი, რომელიმე რელიგიას მივეკუთვნებოდე ან ეკლესიაში რეგულარულად დავდიოდე“. ასეთია მრავალი ადამიანის თვალსაზრისი რომელიმე ეკლესიისა თუ რელიგიური ორგანიზაციის წევრობაზე. ზოგი ამბობს, რომ ღმერთთან სიახლოვეს ბუნებაში გასვლისას უფრო გრძნობს, ვიდრე საეკლესიო მსახურებაზე დასწრებისას. დღეს ფართოდ არის გავრცელებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე რელიგიურ ჯგუფთან თუ მიმდინარეობასთან ურთიერთობის ქონა სულაც არ არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანს ღმერთი სწამდეს.

არიან ადამიანები, რომლებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად სხვაგვარი შეხედულება აქვთ. მათი თქმით, ადამიანი ღვთისთვის მოსაწონი რომ იყოს, საჭიროა და ძალიან მნიშვნელოვანიც კი არის, რომელიმე რელიგიის წევრი იყოს და ღვთისმსახურებას ესწრებოდეს. ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ განსხვავებული შეხედულებები არსებობს, კითხვა — არის თუ არა რომელიმე რელიგიის წევრობა აუცილებელი — მხოლოდ სტატისტიკური ან სხვა სახის მონაცემების მისაღებად როდია საჭირო. საქმე ეხება ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას. ამიტომ განა გონივრული არ არის, გავიგოთ ამ საკითხთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისი? რას ვიგებთ ამის შესახებ ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან?

როგორ უკავშირდებოდა წარსულში ღმერთი ხალხს?

თითქმის 4 400 წლის წინათ მთელ დედამიწაზე კატასტროფული წარღვნა მოხდა. შეუძლებელია, ასეთი მოვლენა დავიწყებას მისცემოდა; ეს ამბავი მთელ დედამიწაზე გავრცელდა. სხვადასხვა ტერიტორიაზე მონათხრობის დეტალები განსხვავდება, მაგრამ მათში ბევრი საერთო შეინიშნება. ყველაში აღნიშნულია, რომ ამ მოვლენას რამდენიმე ადამიანი და გარკვეული რაოდენობის ცხოველები გადაურჩნენ.

შემთხვევითობის წყალობით გადარჩნენ ისინი? ბიბლია ცხადყოფს, რომ არა. აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელი წარღვნის შესახებ ღმერთს თითოეული ადამიანი არ გაუფრთხილებია. მან ამის შესახებ ნოეს უთხრა. ნოემ კი თავისი თანამედროვენი გააფრთხილა (დაბადება 6:13—16; 2 პეტრე 2:5).

გადარჩენა დამოკიდებული იყო ადამიანთა გარკვეულ ჯგუფთან ყოფნასა და ნოესთვის ღვთის მიერ მიცემული მითითებების დაცვაზე. კიდობანში მყოფი ცხოველებიც კი იმიტომ გადარჩნენ, რომ ამ ჯგუფთან ერთად იყვნენ. ნოეს მიეცა ზუსტი მითითებები, თუ როგორ გადაერჩინა ცხოველები (დაბადება 6:17—7:8).

საუკუნეების შემდეგ ნოეს შვილის, სემის, შთამომავლები ეგვიპტეში დაიმონეს. მაგრამ ღვთის განზრახვა იყო, ეხსნა ისინი და მიეყვანა ქვეყანაში, რომლის მიცემასაც მათ წინაპარს, აბრაამს, დაჰპირდა. ამ შემთხვევაშიც ეს ცნობა ღმერთმა თითოეულს კი არ უთხრა, არამედ ამ ხალხის წინამძღოლებად არჩეულ ადამიანებს — მოსესა და მის ძმას, აარონს (გამოსვლა 3:7—10; 4:27—31). ხალხის კონკრეტული ჯგუფის მონობიდან გათავისუფლების შემდეგ ღმერთმა მათ სინას მთასთან რჯული მისცა და ისინი ისრაელის ერად ჩამოაყალიბა (გამოსვლა 19:1—6).

თითოეული ისრაელისთვის ხსნა მხოლოდ იმის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომ ღვთის მიერ ამორჩეულ ჯგუფში იყვნენ გაერთიანებულნი და ამ ჯგუფის წინამძღოლებად დანიშნულ ადამიანთა მითითებებს ასრულებდნენ. ცალკეულ ეგვიპტელებსაც შეეძლოთ დაკავშირებოდნენ ამ ჯგუფს, რომელსაც ღმერთი აშკარად უჭერდა მხარს. ეგვიპტიდან გამოსვლისას ისინი ისრაელებთან ერთად იყვნენ, რითაც საკუთარ თავს ღვთის კურთხევების მიღების შესაძლებლობა მისცეს (გამოსვლა 12:37, 38).

პირველ საუკუნეში იესომ ქადაგება და ხალხის თავის მოწაფეებად გაერთიანება დაიწყო. იესოს მათთან, როგორც ჯგუფთან, ჰქონდა ურთიერთობა, თუმცა თითოეულს სიყვარულით, თავიანთი მოთხოვნილებების შესაბამისად აქცევდა ყურადღებას. 11 ერთგულ მოციქულს მან უთხრა: „თქვენ კი ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში. მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა მამაჩემმა სასუფეველი“ (ლუკა 22:28, 29). მოგვიანებით, ღვთის სულიწმიდა მაშინ გადმოვიდა მოწაფეებზე, როდესაც ისინი ერთად იყვნენ შეკრებილნი (საქმეები 2:1—4).

ეს მაგალითები თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ წარსულში ღმერთს თავის ხალხთან ყოველთვის, როგორც ორგანიზებულ ჯგუფთან, ჰქონდა ურთიერთობა. თითებზე შეიძლება იმ ადამიანთა ჩამოთვლა, ვისაც ღმერთი უშუალოდ უწევდა ხელმძღვანელობას. ესენი იყვნენ ნოე, მოსე, იესო და სხვები, რომლებიც მან ერთმანეთს შორის კარგი ურთიერთობის მქონე ჯგუფთან დასაკავშირებლად გამოიყენა. არ არსებობს იმის არავითარი საფუძველი, გვჯეროდეს, რომ დღეს ღმერთი თავის მსახურებს სხვაგვარად უკავშირდება. ახლა უკვე წამოიჭრება მეორე კითხვა: საკმარისია უბრალოდ რომელიმე რელიგიურ ჯგუფში გაერთიანება? ეს მნიშვნელოვანი საკითხი მომდევნო სტატიაში განიხილება.

[სურათი 4 გვერდზე]

ღმერთს თავის ხალხთან, როგორც ორგანიზებულ ჯგუფთან, ჰქონდა ყოველთვის ურთიერთობა.