არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქმნილება ღაღადებს ღვთის დიდებას!

ქმნილება ღაღადებს ღვთის დიდებას!

ქმნილება ღაღადებს ღვთის დიდებას!

„ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო“ (ფსალმუნები 18:2).

1, 2. ა) რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს ღვთის დიდების პირდაპირ დანახვა? ბ) როგორ განადიდებს ღმერთს 24 უხუცესი?

„ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს, მიხილოს და ცოცხალი დარჩეს“ (გამოსვლა 33:20). ასე გააფრთხილა იეჰოვამ მოსე. ადამიანები ხორციელი არსებები ვართ. ამიტომაც ვერ გავუძლებთ ღვთის დიდების პირდაპირ დანახვას. მაგრამ ხილვაში მოციქულ იოანეს თვალწინ შთამბეჭდავი სურათი გადაეშალა — მან იეჰოვა თავის დიდებულ ტახტზე მჯდომი იხილა (გამოცხადება 4:1—3).

2 ადამიანისგან განსხვავებით, ერთგულ სულიერ ქმნილებებს იეჰოვას სახის დანახვა შეუძლიათ. ასეთი ქმნილებების რიცხვს მიეკუთვნება იოანეს მიერ ხილვაში ნანახი „ოცდაოთხი უხუცესი“, რომლებითაც 144 000 ცხებული ქრისტიანია წარმოდგენილი (გამოცხადება 4:4; 14:1—3, სსგ). რა რეაქცია აქვთ მათ ღვთის დიდების ხილვაზე? გამოცხადების 4:11-ის თანახმად, ისინი ამბობენ: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“.

რატომ ‘არა აქვთ პატიება’?

3, 4. ა) რატომ არ არის ღვთისადმი რწმენა არამეცნიერული? ბ) ზოგ შემთხვევაში რა იმალება ღვთის არსებობის უარყოფის მიღმა?

3 აღძრულნი ხართ, განადიდოთ ღმერთი? ადამიანთა უმრავლესობას არ სურს ღვთის განდიდება და ზოგი მის არსებობასაც კი უარყოფს. მაგალითად, ერთმა ასტრონომმა დაწერა: „ნუთუ ღმერთმა იზრუნა იმაზე, რომ ჩვენთვის ასე სასწაულებრივად შეექმნა კოსმოსი?!. თავბრუდამხვევი თვალსაზრისია. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს იდეა მე არარეალური მეჩვენება . . . ღვთის არსებობით ვერ ავხსნით სამყაროს არსებობას“.

4 მეცნიერული კვლევა-ძიება გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული, ანუ იმით შემოიფარგლება, რისი გამოკვლევა და შესწავლაც ადამიანებს შეუძლიათ. ყველაფერი, რაც ამ ჩარჩოებს სცილდება, მხოლოდ თეორიაა ან ვარაუდი. როგორც ვიცით, „ღმერთი არის სული“, ამიტომაც უბრალოდ შეუძლებელია მეცნიერული მეთოდებით მისი შესწავლა (იოანე 4:24). ასე რომ, ღვთისადმი რწმენის არამეცნიერულად შერაცხვა და, ამის გამო, დაგმობა კადნიერებაა და სხვა არაფერი. კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამშრომელი, მეცნიერი ვინსენტ უიგლსუერთი, აღნიშნავს, რომ ნებისმიერი მეცნიერული მეთოდი თავისი არსით „რელიგიური ხასიათისაა“. რა გაგებით? «ის ემყარება მტკიცე რწმენას, რომ ბუნებრივი მოვლენები „ბუნების კანონებს“ ემორჩილება». მაშ, როცა ვინმე ღვთისადმი რწმენას უარყოფს, განა ის უბრალოდ ერთი სახის რწმენას მეორე სახის რწმენაზე არ ცვლის? ზოგჯერ ურწმუნოება იმით არის განპირობებული, რომ ადამიანი გააზრებულად ამბობს უარს ჭეშმარიტების აღიარებაზე. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი“ (ფსალმუნები 9:25).

5. რატომ არა აქვს გამართლება ღვთის არსებობის უარყოფას?

5 ღვთისადმი რწმენა ბრმა რწმენა არაა, რადგან ღვთის არსებობის დამადასტურებელი უამრავი მტკიცება არსებობს (ებრაელთა 11:1). ასტრონომმა ალან სენდეიჯმა თქვა: „ჩემი აზრით, დაუჯერებელია ის, რომ [სამყაროში] ასეთი წესრიგის წინა ეტაპი ქაოსი იყო. აუცილებლად უნდა ყოფილიყო წესრიგის პირველმიზეზი. ღმერთი ჩემთვის საიდუმლოებით არის მოცული, მაგრამ მასშია არსებობის სასწაულის ახსნა — პასუხი იმაზე, თუ რატომ არსებობს ის, რაც ერთ დროს არ არსებობდა“. პავლე მოციქულმა რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში თქვა, რომ ღვთის „უხილავი . . . მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე, რომ მათ [ურწმუნოებს] პატიება არა აქვთ“ (რომაელთა 1:20). „წუთისოფლის დასაბამიდან“ მოყოლებული, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც შეიქმნენ აზროვნების უნარის მქონე არსებები — ადამიანები, რომელთაც ღვთის არსებობის აღქმა შეუძლიათ — სრულიად აშკარაა, რომ არსებობს უსაზღვრო ძალის მქონე შემოქმედი, ღმერთი, რომელიც თაყვანისცემას იმსახურებს. ასე რომ, გამართლება არა აქვთ მათ, ვინც ღვთის დიდებას არ აღიარებს. ღვთის არსებობის მაინც რა მტკიცებებს ვხედავთ მის ქმნილებებში?

სამყარო ღაღადებს ღვთის დიდებას

6, 7. ა) როგორ ღაღადებენ ცანი ღვთის დიდებას? ბ) რა მიზნით აგდებს ზეცა დედამიწის ზურგზე „საზომ ზონარს“?

6 ფსალმუნების 18:2-ში ნათქვამია: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო“. დავითს ესმოდა, რომ „სამყაროში“ არსებული ციური სხეულები — ვარსკვლავები და პლანეტები — ღვთის არსებობისა და მისი დიდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებებს წარმოადგენდა. დავითი განაგრძობს: „დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს“ (ფსალმუნები 18:3). დღიდან დღემდე და ღამიდან ღამემდე ზეცა ღვთის სიბრძნეზე და შემოქმედებით ძალაზე მოწმობს; თითქოს ზეციდან იღვრება ღვთისთვის ხოტბის შემსხმელი ‘სიტყვები’.

7 ამ სიტყვების გასაგებად გამჭრიახობაა საჭირო. «არც ენა უნდა და არც სიტყვა, მათი ხმა რომ ისმოდეს [„არც ერთი ფრაზა, არც ერთი სიტყვა; არანაირი ხმა მათგან არ ისმის“, აქ (19:3)]». მიუხედავად ამისა, ცათა უსიტყვო მოწმობა ძალიან დიდია. «მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი [„საზომი ზონარი“, აქ] და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები» (ფსალმუნები 18:4, 5). თითქოს ზეცა „საზომ ზონარს“ აგდებს იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად დედამიწის ყოველ კუთხე–კუნჭულს აღწევს მისი უსიტყვო მოწმობა.

8, 9. რა სასწაულებრივი ფაქტებია ჩვენთვის ცნობილი მზესთან დაკავშირებით?

8 შემდეგ დავითი იეჰოვას სხვა სასწაულზე ამახვილებს ყურადღებას: „მზეს დაუდგა კარავი მათში [ზეცაში]. და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; იხარებს ვითარცა გმირი გარბენას გზისას. ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა — მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას“ (ფსალმუნები 18:5—7).

9 ვარსკვლავებში მზე საშუალო ზომისაა, მაგრამ ამ განსაკუთრებულ ვარსკვლავს ზომით ვერც კი გაუტოლდებიან პლანეტები, რომლებიც მის გარშემო ბრუნავენ. ერთი წყაროს თანახმად, მზის მასა „2Х1027 ტონაა“, რაც ჩვენი მზის სისტემის საერთო მასის 99,9 პროცენტს შეადგენს! მზის მიზიდულობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დედამიწა მზიდან დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ორბიტაზე დარჩეს, ისე რომ არც ძალიან დაშორდეს მზეს და არც მეტისმეტად მიუახლოვდეს. ჩვენს პლანეტაზე მზის ენერგიის მხოლოდ მემილიარდედის ნახევარი აღწევს, მაგრამ ეს სრულიად საკმარისია სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

10. ა) როგორ შედის მზე თავის „კარავში“ და როგორ გამოდის იქიდან? ბ) როგორ გარბის მზე „გმირივით“?

10 ფსალმუნმომღერალი მხატვრული ენით აღწერს მზეს და მას „გმირად“ მოიხსენიებს, რომელიც დღის განმავლობაში ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე არსებულ მანძილს გარბის და ღამე „კარავში“ ჩერდება. როცა ეს ძლევამოსილი ვარსკვლავი ჰორიზონტს ეფარება, დედამიწიდან ისე ჩანს, თითქოს „კარავში“ დასასვენებლად შედის. დილით კი ბრწყინვალებით ჩნდება ცაზე, „ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან“. დავითი მწყემსი იყო და კარგად იცოდა, როგორ ყინავდა ხოლმე ღამით (დაბადება 31:40). ისიც ახსოვდა, თუ რა სწრაფად თბებოდა მზის სხივებზე როგორც თვითონ, ისე მის გარშემო არსებული ბუნება. ცხადია, მზე არ იღლებოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე გასავლელი „გზით“; ის „გმირივით“ ყოველთვის მზად იყო იმავე გზის გასავლელად.

სასწაულებრივი ვარსკვლავები და გალაქტიკები

11, 12. ა) რა არის საინტერესო იმაში, რომ ბიბლია ვარსკვლავებს ქვიშას ადარებს? ბ) რამდენად უკიდეგანოა სამყარო?

11 შეუიარაღებელი თვალით დავითს მხოლოდ რამდენიმე ათასი ვარსკვლავის დანახვა შეეძლო. ერთ-ერთი უახლესი გამოკვლევის შედეგების თანახმად კი, იმ ვარსკვლავების რიცხვი, რომელთა დანახვაც თანამედროვე ტელესკოპების საშუალებით შეიძლება, 70 სექსტილიონს (7 ოცდაორი ნულით) შეადგენს! იეჰოვამ ასეთ სიმრავლეზე გაამახვილა ყურადღება, როცა ვარსკვლავთა რიცხვი შეადარა „ქვიშას ზღვის პირას“ (დაბადება 22:17).

12 ასტრონომები წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ „პატარა განათებულ ზონებს, ნისლოვანი, მქრქალი მოხაზულობით“. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ეს „სპირალური ნისლეულები“ ჩვენს გალაქტიკას, „ირმის ნახტომს“, მიეკუთვნებოდა. მათ 1924 წელს აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი ასეთი უახლოესი ნისლეული, „ანდრომედე“, თვითონ არის გალაქტიკა, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 2 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული! მეცნიერთა თანამედროვე გამოთვლების თანახმად, მილიარდობით გალაქტიკა არსებობს და თითოეული მათგანი ათასობით, ზოგი კი მილიარდობით ვარსკვლავს მოიცავს. მიუხედავად ამისა, იეჰოვა „თვლის ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს“ (ფსალმუნები 146:4).

13. ა) რა არის აღსანიშნავი თანავარსკვლავედებთან დაკავშირებით? ბ) რა ცხადყოფს, რომ მეცნიერებმა არ იციან „ცათა კანონები“?

13 იეჰოვამ ჰკითხა იობს: „თუ შეკრავ ხომლის [თანავარსკვლავედის] საკვრელებს ან ორიონის [თანავარსკვლავედის] საბელებს თუ გახსნი?“ (იობი 38:31). თანავარსკვლავედი ვარსკვლავთა ჯგუფია, რომელიც ზეცაზე გარკვეულ ნახაზს ქმნის. თანავარსკვლავედში ვარსკვლავები შესაძლოა ერთმანეთისგან უზარმაზარი მანძილებით იყოს დაშორებული, მაგრამ დედამიწიდან ისე ჩანს, რომ ისინი ურთიერთმდებარეობას არ იცვლიან. მათი მდებარეობა იმდენად მკაცრად არის განსაზღვრული, რომ ვარსკვლავები „მნიშვნელოვანი ორიენტირებია ნავიგაციაში, ასტრონავტთათვის კოსმოსურ ხომალდთა ორიენტაციაში და აგრეთვე ვარსკვლავების იდენტიფიკაციაში“ (ენციკლოპედია „ამერიკანა“). მიუხედავად ამისა, არავის შეუძლია ბოლომდე გამოიკვლიოს „საკვრელები“, რომლებიც ვარსკვლავებს თანავარსკვლავედებში აჯგუფებს. დიახ, მეცნიერებს ჯერაც ვერ გაუციათ პასუხი კითხვაზე, რომელიც იობის 38:33-შია დასმული: „თუ იცი ცათა კანონები?“

14. რა მხრივ არის ამოუცნობი სინათლის გავრცელება?

14 მეცნიერები იობისთვის დასმულ ვერც შემდეგ კითხვას სცემენ პასუხს: „რა გზით ნაწილდება ნათელი?“ (იობი 38:24). ერთმა მკვლევარმა ამ კითხვას „მთელი თავისი არსით აქტუალური მეცნიერული საკითხი“ უწოდა. საინტერესოა, რომ წარსულში ზოგიერთი ბერძენი ფილოსოფოსის აზრით, სინათლე ადამიანის თვალიდან ვრცელდებოდა. მოგვიანებით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სინათლე ნაწილაკებისგან შედგებოდა. თუმცა ზოგის აზრით, ის ტალღის სახით უნდა გავრცელებულიყო. თანამედროვე მეცნიერული შეხედულების თანახმად, სინათლე ტალღასავითაც ვრცელდება და ნაწილაკივითაც. და მაინც, ბოლომდე ჯერაც არ არის გამოკვლეული სინათლის ბუნება და ის, თუ „რა გზით ნაწილდება“.

15. დავითის მსგავსად, რა გრძნობები უნდა დაგვეუფლოს ზეცის შესახებ ფიქრისას?

15 ამ ყოველივეზე სერიოზულად დაფიქრების შემდეგ, შეუძლებელია ადამიანს არ დაგეუფლოს ისეთივე გრძნობები, როგორიც ფსალმუნმომღერალ დავითს ჰქონდა. მან თქვა: „როცა შევხედავ შენს ცას — შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე: რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?“ (ფსალმუნები 8:4, 5).

დედამიწა და ყოველი ცოცხალი არსება განადიდებს იეჰოვას

16, 17. როგორ განადიდებენ ‘უფსკრულებში’ მობინადრე ქმნილებები იეჰოვას?

16 ქმნილება სხვა მრავალი სახითაც ღაღადებს ღვთის დიდებას, რაც მოხსენიებულია 148-ე ფსალმუნში. მე-7 მუხლში ნათქვამია: „ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ვეშაპნო და ყოველნო უფსკრულნო!“ დიახ, ზღვებისა და ოკეანეების „უფსკრულები“ სავსეა საოცრებებით, რომლებიც ღვთის სიბრძნესა და ძლიერებაზე მეტყველებს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ცისფერი ვეშაპი, რომელიც საშუალოდ 120 ტონას იწონის — იმდენს, რამდენსაც 30 სპილო ერთად. მას 450-კილოგრამიანი გული აქვს, რომელიც მის სხეულში დაახლოებით 6 400 კილოგრამ სისხლს ამოძრავებს! ზანტად და მოუქნელად ხომ არ მოძრაობენ ეს უზარმაზარი ვეშაპები? სრულიადაც არა. როგორც ვეშაპთა დაცვის ერთ-ერთი ორგანიზაცია იუწყება, ისინი საოცარი სისწრაფით „დაქრიან ოკეანეებში“ (European Cetacean Bycatch Campaign). თანამგზავრის საშუალებით ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, „ერთი ვეშაპი ათ თვეში დაახლოებით 16 000 კილომეტრს დაცურავს“.

17 ერთ-ერთი სახეობის დელფინი, აფალინა, ჩვეულებრივ, 45 მეტრის სიღრმეზე ყვინთავს, მაგრამ მას 547 მეტრის სიღრმეზე ყვინთვაც კი შეუძლია. როგორ ძლებს ეს ძუძუმწოვარი ცხოველი ასეთ სიღრმეში? ჩაყვინთვისას მისი გულისცემა ნელდება, სისხლი კი უშუალოდ გულს, ფილტვებსა და ტვინს მიეწოდება. გარდა ამისა, მის კუნთებში არსებული ქიმიური ნაერთი ხელს უწყობს ჟანგბადის შენარჩუნებას. ზღვის სპილოები და კაშალოტები კიდევ უფრო ღრმად ყვინთავენ. „მათი ორგანიზმი წნევის წინააღმდეგ კი არ იბრძვის, არამედ მას საშუალებას აძლევს, რომ ფილტვები აბსოლუტურად შეკუმშოს“. აუცილებელი ჟანგბადის უდიდეს ნაწილს ისინი კუნთებში იგროვებენ. როგორც ვხედავთ, ეს ქმნილებები ყოვლისშემძლე ღმერთის სიბრძნის დამადასტურებელი ცოცხალი მტკიცებები არიან!

18. როგორ ჩანს იეჰოვას სიბრძნე ზღვის წყლის შემადგენლობაში?

18 იეჰოვას სიბრძნე ზღვის წყლის შემადგენლობაშიც კი აირეკლება. „საიენტიფიკ ამერიკენში“ ნათქვამია: „ოკეანის ზედაპირიდან 100 მეტრის სიღრმემდე წყლის თითოეული წვეთი ათასობით სხვადასხვა სახის მიკროსკოპულ მცენარეულ პლანქტონს ანუ ფიტოპლანქტონს შეიცავს“. ეს „უხილავი ტყე“ მილიარდობით ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს და, ამგვარად, ჰაერს წმინდავს. იმ ჟანგბადის ნახევარზე მეტს, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ, ფიტოპლანქტონი წარმოქმნის.

19. როგორ ასრულებს იეჰოვას ნებას ცეცხლი და თოვლი?

19 ფსალმუნების 148:8-ში ნათქვამია: „ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და ნისლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო“. დიახ, თავისი ნების შესასრულებლად იეჰოვა არაცოცხალ ბუნებასაც იყენებს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ცეცხლი. გასულ ათწლეულებში ფიქრობდნენ, რომ ტყეებში გაჩენილ ხანძრებს მხოლოდ ზიანი მოჰქონდა. ამჟამად კი მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ცეცხლი მნიშვნელოვან ეკოლოგიურ როლს ასრულებს — ანადგურებს ბებერ ან ამა თუ იმ მიზეზის გამო სიკვდილის პირას მყოფ ხეებს, ხელს უწყობს მრავალი თესლის გაღივებას, მასაზრდოებელი ნივთიერებების ხელახალი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა და, ფაქტობრივად, დიდი და გამანადგურებელი ხანძრების გაჩენის რისკსაც კი ამცირებს. თოვლიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს: რწყავს და ანოყიერებს ნიადაგს, კვებავს მდინარეებს და აგრეთვე გაყინვისგან იცავს როგორც მცენარეებს, ისე ცხოველებს.

20. რა სარგებლობა მოაქვს კაცობრიობისთვის მთებსა და ხეებს?

20 „მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხევ და ყოველნო კედარნო“, — გრძელდება ფსალმუნების 148:9-ში. დიდებული მთები იეჰოვას უსაზღვრო ძლიერებაზე მეტყველებენ (ფსალმუნები 64:7). გარდა ამისა, მათ პრაქტიკული სარგებლობაც მოაქვთ. ბერნის (შვეიცარია) გეოგრაფიული ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია: «მსოფლიოში არსებული ყველა დიდი მდინარე სათავეს მთებში იღებს. მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი სწორედ იმ მტკნარ წყალზეა დამოკიდებული, რომელიც მთებში გროვდება . . . ეს „წყალსაწნევი კოშკები“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაცობრიობის ცხოვრებაში». ჩვეულებრივ, ხეებსაც კი მოაქვთ დიდება თავიანთი შემოქმედისთვის. გაერთიანებული ერების გარემოს დაცვის პროგრამის ანგარიშში ნათქვამია, რომ „ხეები მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობისთვის . . . ხეების მრავალი სახეობა მნიშვნელოვან ეკონომიკურ როლს ასრულებს, რადგან ისინია ხე-ტყის მასალის, ხილის, თხილისა და კაკლის, აგრეთვე ფისისა და წებოს წყარო. გარდა ამისა, მსოფლიოში 2 მილიარდი ადამიანი იყენებს შეშას საჭმლის მოსამზადებლად თუ გასათბობად“.

21. ახსენით, როგორ მეტყველებს ჩვეულებრივი ფოთლის აგებულება შემოქმედის არსებობაზე.

21 ბრძენი შემოქმედის არსებობაზე თვითონ ხის აგებულებაც მეტყველებს. მაგალითად მოვიყვანოთ ჩვეულებრივი ფოთოლი. გარედან მას მფარავი შრე აკრავს, რომელიც ფოთოლს გამოშრობისგან იცავს. ზედა შრის ქვეშ განლაგებულია ქლოროპლასტების შემცველი უჯრედები. ქლოროპლასტები კი, თავის მხრივ, შეიცავს ქლოროფილს, რომელიც სინათლის ენერგიას შთანთქავს. ფოტოსინთეზად წოდებული პროცესის საშუალებით ფოთოლი „საკვებით მომმარაგებელი ფაბრიკის“ როლს ასრულებს. ხის ფესვების მიერ შეწოვილი წყალი „წყალგაყვანილობის“ კომპლექსური სისტემით ფოთლებს მიეწოდება. ფოთლის ქვედა მხარეზე განლაგებული ათასობით პაწაწინა „სარქველი“, რომლებსაც ბაგეები ეწოდება, იღება და იკეტება, რისი საშუალებითაც ნახშირორჟანგს შთანთქავს. ენერგიით კი ფოთოლს სინათლე ამარაგებს, რათა მან წყალი და ნახშირორჟანგი ნახშირწყლებად გადააქციოს. ახლა მცენარეს შეუძლია იმ საკვებით იკვებოს, რომელიც თვითონვე მოამზადა. ყველაფერთან ერთად, ეს „ფაბრიკა“ უხმაურო და ლამაზია. უფრო მეტიც, გარემოს კი არ აბინძურებს, არამედ ნარჩენების სახით ჟანგბადს გამოყოფს!

22, 23. ა) რა განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა ზოგი ფრინველი და ცხოველი? ბ) რა საკითხს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

22 „მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალნო და ფრინველნო ფრთოსანნო“, — ნათქვამია ფსალმუნების 148:10-ში. ბევრი ცხოველი და ფრინველი საოცარი უნარით გამოირჩევა. შავზურგა ალბატროსს წარმოუდგენლად დიდი მანძილის გადაფრენა შეუძლია (ერთმა ალბატროსმა 90 დღეში 40 000 კილომეტრი გადაიფრინა). ტყის მომღერალა ჩრდილოეთ ამერიკიდან სამხრეთ ამერიკაში გადაფრენისას 80-ზე მეტი საათის განმავლობაში რჩება ჰაერში ისე, რომ ერთხელაც არ ჩერდება. აქლემი წყალს იგროვებს, მაგრამ კუზში კი არა, როგორც მრავალი ფიქრობს, არამედ საჭმლის მომნელებელ სისტემაში, და დიდი ხნის განმავლობაში დადის ისე, რომ მის ორგანიზმს გაუწყლოება არ ემუქრება. გასაკვირი არაა, რომ ინჟინრები გულდასმით აკვირდებიან ცხოველთა სამყაროს, როცა ახალ მექანიზმებსა თუ მასალებს ქმნიან. „თუ გსურთ ისეთი მექანიზმი შექმნათ, რომელიც ეფექტურად იმუშავებს . . . და გარემოსაც კარგად მოერგება, — ამბობს გეილ კლირი, — ალბათ, საუკეთესო ნიმუშს ბუნებაში ნახავთ“.

23 დიახ, ქმნილება ნამდვილად ღაღადებს ღვთის დიდებას! ვარსკვლავებით მოჭედილი ცით დაწყებული და მცენარეებითა თუ ცხოველებით დამთავრებული, თავისებურად ყველაფერი განადიდებს შემოქმედს. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ჩვენზე, ადამიანებზე? ჩვენ როგორ შეგვიძლია შევუერთდეთ ბუნებას ღვთის განდიდებაში?

გახსოვთ თუ არა?

• რატომ არა აქვთ გამართლება იმ ადამიანებს, რომლებიც ღვთის არსებობას უარყოფენ?

• როგორ განადიდებენ ღმერთს ვარსკვლავები და პლანეტები?

• როგორ მოწმობენ ზღვის თუ ხმელეთის ცხოველები მოსიყვარულე შემოქმედის არსებობაზე?

• როგორ ასრულებენ იეჰოვას ნებას ბუნების ძალები?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 10 გვერდზე]

მეცნიერთა გამოთვლების მიხედვით, შეიარაღებული თვალით 70 სექსტილიონი ვარსკვლავის დანახვაა შესაძლებელი.

[საავტორო უფლება]

Frank Zullo

[სურათი 12 გვერდზე]

აფალინა

[სურათი 13 გვერდზე]

თოვლის ფიფქი

[საავტორო უფლება]

snowcrystals.net

[სურათი 13 გვერდზე]

პატარა შავზურგა ალბატროსი