არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ციხის ბნელი საკნებიდან შვეიცარიის ალპებში

ციხის ბნელი საკნებიდან შვეიცარიის ალპებში

ბიოგრაფია

ციხის ბნელი საკნებიდან შვეიცარიის ალპებში

მოგვითხრო ლოთარ ვალთერმა

აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტურ ციხეებში გატარებული სამი ხანგრძლივი წლის შემდეგ ერთი სული მქონდა, როდის მივაღწევდი ნანატრ თავისუფლებას და როდის დავტკბებოდი ჩემი ოჯახის წევრებთან თბილი ურთიერთობით.

ნამდვილად არ ვიყავი მზად, ჩემი ექვსი წლის ბიჭის, იოჰანესის, გაოცებული გამომეტყველების დასანახად. მას ხომ სამი წლის მანძილზე თვალით არ ვენახე. ასე რომ, მისთვის სრულიად უცნობი ვიყავი.

ჩემი ბიჭუნასგან განსხვავებით, თავად მე ბავშვობაში არ მომკლებია მოსიყვარულე მშობლებთან ურთიერთობა. ჩვენს სახლში კემნიცში (გერმანია), სადაც 1928 წელს დავიბადე, ძალიან თბილი ატმოსფერო სუფევდა. მამაჩემი დაუფარავად გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას რელიგიისადმი. ის იხსენებდა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს მოწინააღმდეგე მხარეების „ქრისტიანი“ ჯარისკაცები 25 დეკემბერს ერთმანეთს შობის დადგომას ულოცავდნენ, მეორე დღეს კი განაგრძობდნენ ერთმანეთის ხოცვას. მამაჩემისთვის რელიგია ფარისევლობის ყველაზე საშინელი გამოვლინება იყო.

რწმენა იმედგაცრუებას ცვლის

საბედნიეროდ, ასეთი გულგატეხილობა მე არ განმიცდია. მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, როცა 17 წლის ვიყავი. ასე რომ, ომში გაწვევას გადავურჩი. მიუხედავად ამისა, მოსვენებას არ მაძლევდა ისეთი კითხვები, როგორიცაა: რატომ იხოცება ამდენი ადამიანი? ვის ვენდო? სად შეიძლება ნამდვილი უსაფრთხოების პოვნა? აღმოსავლეთი გერმანია, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, საბჭოთა მთავრობის რეჟიმის ქვეშ მოექცა. კომუნისტური იდეალები — სამართლიანობის, თანასწორუფლებიანობის, სოლიდარობისა და მშვიდობიანი ურთიერთობების შესახებ — იზიდავდა მათ, ვინც ქანცგაწყვეტილი იყო ომის საშინელებებით. მალე ბევრ ამ გულწრფელ ადამიანს დიდი იმედგაცრუება ელოდა. ოღონდ ამ შემთხვევაში რელიგია კი არ გახდებოდა ამის მიზეზი, არამედ პოლიტიკა.

სწორედ იმ პერიოდში, როდესაც დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვეძებდი წამოჭრილ კითხვებზე, ჩემი ერთ-ერთი დეიდა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, თავის რწმენაზე დამელაპარაკა. მან მომცა ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაცია, რომელმაც აღმძრა, ცხოვრებაში პირველად წამეკითხა მათეს სახარების 24-ე თავი. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ პუბლიკაციაში მოყვანილმა გონივრულმა და დამაჯერებელმა განმარტებებმა. იქ იხსნებოდა, რომ ჩვენ ვცხოვრობდით „წუთისოფლის აღსასრულის“ დროს და ხაზი ესმებოდა, თუ რა იყო კაცობრიობის პრობლემების უმთავრესი მიზეზი (მათე 24:3; გამოცხადება 12:9).

მალე იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული უფრო მეტი პუბლიკაცია მივიღე. ამ პუბლიკაციებს მთელი გულმოდგინებით ვკითხულობდი, რის შედეგადაც მივხვდი, რომ ვიპოვე ჭეშმარიტება, რომელსაც ასე დაჟინებით ვეძებდი. ამაღელვებელი იყო იმის გაგება, რომ იესო ქრისტე 1914 წელს ზეცაში გამეფდა და მალე გაწმენდდა ყოველგვარი ბოროტებისაგან დედამიწას მორჩილი ადამიანებისთვის კურთხევების მოსატანად. ჩემთვის გამოსასყიდის მნიშვნელობის ნათლად გაგებაც დიდი აღმოჩენა იყო. ეს დამეხმარა, იეჰოვასთვის გულწრფელად მიმემართა ლოცვით პატიების სათხოვნელად. ძალიან შეეხო ჩემს გულს იაკობის 4:8-ში ჩაწერილი გულთბილი მოწვევა: „მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ“.

მიუხედავად იმისა, რომ ახალშეძენილ რწმენას დიდი ენთუზიაზმით ვეკიდებოდი, მშობლები და ჩემი და თავდაპირველად უხალისოდ მისმენდნენ. ამან არ დამიკარგა მოწმეთა პატარა ჯგუფისგან შემდგარი ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დასწრების სურვილი; ეს შეხვედრები ქალაქ კემნიცთან ახლოს ტარდებოდა. ჩემდა გასაოცრად, პირველ შეხვედრაზე მშობლები და ჩემი დაც წამომყვნენ. ეს იყო 1945—1946 წლის ზამთარში. მოგვიანებით, როდესაც ბიბლიის შესწავლის ჯგუფი ჩამოყალიბდა ქალაქ ჰარტაუში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ჩემი ოჯახის წევრებმა რეგულარულად დაიწყეს შეხვედრებზე სიარული.

„ყმაწვილი ვარ“

მნიშვნელოვანი ბიბლიური ჭეშმარიტების შესწავლისა და იეჰოვას ხალხთან რეგულარული ურთიერთობის შედეგად აღვიძარი, რომ იეჰოვასთვის მიმეძღვნა თავი. 1946 წლის 25 მაისს მოვინათლე. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი ოჯახის წევრებიც სულიერად წინ მიიწევდნენ და, საბოლოოდ, სამივე მათგანი ერთგული მოწმე გახდა. ჩემი და დღემდე კემნიცში არსებული ერთ-ერთი კრების აქტიური წევრია. დედ-მამა ერთგულად მსახურობდნენ სიცოცხლის ბოლომდე; მამა გარდაიცვალა 1965 წელს, ხოლო დედა — 1986 წელს.

მონათვლიდან ექვსი თვის შემდეგ სპეციალურ პიონერად დავიწყე მსახურება. მას მერე მთელი ჩემი ცხოვრება მსახურებას მივუძღვენი; მსახურება მომიწია „კარგ დროშიც და ცუდ დროშიც“ (2 ტიმოთე 4:2, აქ). მალე მსახურების სხვა, ახალი შესაძლებლობები მომეცა. აღმოსავლეთ გერმანიის მოშორებულ ტერიტორიაზე სრული დროით მქადაგებლები სჭირდებოდათ. მე და ერთმა ძმამ გამოვთქვით იქ გადასვლის სურვილი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ არც გამოცდილება მყოფნიდა და არც მოწიფულობა ასეთი საპასუხისმგებლო საქმის შესასრულებლად. რამდენადაც მხოლოდ 18 წლის ვიყავი, იერემიას მსგავსი გრძნობები მეუფლებოდა: „უფალო, უფალო, მე არ ვიცი ლაპარაკი, რადგან ყმაწვილი ვარ“ (იერემია 1:6). ჩემი ეჭვებისა და შიშის მიუხედავად, პასუხისმგებელმა ძმებმა გადაწყვიტეს, მოეცათ ჩვენთვის შანსი. ამგვარად, დაგვნიშნეს ბრანდენბურგის ოლქში მდებარე პატარა ქალაქ ბელციგში.

ამ ტერიტორიაზე ქადაგება ძალიან რთული იყო, მაგრამ აქ მსახურების შედეგად ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღე. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ რამდენიმე ცნობილი ბიზნესმენი ქალი გამოეხმაურა სამეფოს ცნობას და იეჰოვას მოწმე გახდა. მათი, როგორც იეჰოვას მოწმეების, პოზიცია ეწინააღმდეგებოდა ამ პროვინციაში ფესვგადგმულ ტრადიციებს. ადგილობრივი მცხოვრებლები ყველაფერ უცხოს ეჭვის თვალით უყურებდნენ. როგორც კათოლიკური, ისე პროტესტანტული ეკლესიების მოძღვრები ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევდნენ და ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის შესახებ ცილისმწამებლურ ინფორმაციებს ავრცელებდნენ. მაგრამ რამდენადაც ხელმძღვანელობისა და მფარველობისთვის იეჰოვაზე ვიყავით მინდობილები, შესაძლებლობა მოგვეცა, რამდენიმე ადამიანს დავხმარებოდით ჭეშმარიტების მიღებაში.

რელიგიური შეუწყნარებლობის გაღვივება

1948 წლიდან ბევრი სასიხარულო მოვლენის მოწმე გავხდი და, ამავდროულად, მოულოდნელი სირთულეების წინაშეც აღმოვჩნდი. პირველად პიონერად დავინიშნე თიურინგიის ოლქში მდებარე ქალაქ რუდოლშტადტში. იქ გავიცანი ბევრი ერთგული და-ძმა, რომლებთან თანამშრომლობაც ძალიან მსიამოვნებდა. სხვა მნიშვნელოვანი სასიხარულო მოვლენა იმავე წლის ივლისში მოხდა. დავქორწინდი ერიკა ულმანზე, ერთგულ და აქტიურ ახალგაზრდა ქრისტიან დაზე, რომელსაც მას შემდეგ ვიცნობდი, რაც კემნიცში კრების შეხვედრებზე დასწრება დავიწყე. ჩვენ ერთად შევუდექით პიონერულ მსახურებას ჰარტაუში, ჩემს მშობლიურ ქალაქში. გარკვეული დროის შემდეგ ერიკამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა მიზეზების გამო ვერ შეძლო სრული დროით მსახურების გაგრძელება.

იმ დროს ძალიან რთული პერიოდი იყო იეჰოვას მოწმეებისთვის. ქალაქ კემნიცის დასაქმების სამსახურმა გამიუქმა პროდუქტების ტალონი, რადგან უნდოდათ, შემეწყვიტა ქადაგება და სრული დროით მემუშავა ქვეყნიურ სამუშაოზე. პასუხისმგებელმა ძმებმა ჩემი შემთხვევა გამოიყენეს, რათა მთავრობისგან მოეთხოვათ, კანონიერად ვეღიარებინეთ. ამაზე უარი მივიღეთ. 1950 წლის 23 ივნისს გამოტანილი განაჩენის თანახმად, ჯარიმა უნდა გადამეხადა ან 30 დღიანი სასჯელი მომეხადა ციხეში. ჩვენ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და ციხეში ჩამსვეს.

ეს უფრო ძლიერი წინააღმდეგობისა და გაჭირვების მხოლოდ დასაწყისი იყო. ერთი თვეც კი არ იყო გასული, როდესაც 1950 წლის სექტემბერში კომუნისტური მთავრობის ხელმძღვანელობით საინფორმაციო საშუალებების მიერ ცილისმწამებლური ინფორმაციების გავრცელება დაიწყო, რის შემდეგაც აიკრძალა ჩვენი საქმიანობა. სწრაფი ზრდისა და ნეიტრალური პოზიციის გამო დასავლეთის საშიშ ჯაშუშებად შეგვრაცხეს, თითქოს ამოფარებულნი ვიყავით რელიგიას, სინამდვილეში კი „საეჭვო საქმიანობას“ ვეწეოდით. ზუსტად იმ დღეს, როდესაც ჩვენი საქმიანობა აკრძალეს, ჩემმა მეუღლემ სახლში იმშობიარა. ჩვენ გვეყოლა ვაჟი, იოჰანესი. იმ დროს მე საპატიმროში ვიყავი. ბებიაქალის მიერ გაწეული დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ძალის გამოყენებით შეიჭრნენ სახლში და ჩხრეკა დაიწყეს, რათა ისეთი რამისთვის მიეგნოთ, რაც მათ ბრალდებას დაადასტურებდა. რასაკვირველია, ვერაფერი იპოვეს. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით მათ შეძლეს თავიანთი აგენტის ჩვენს კრებაში შემოგზავნა, რის შედეგადაც 1953 წლის ოქტომბერში ყველა პასუხისმგებელი ძმა, მათ შორის მეც, დაგვაპატიმრეს.

ციხის ბნელ საკნებში

მას შემდეგ, რაც დამნაშავეებად გვცნეს და სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა მოგვისაჯეს, ქალაქ ცვიკაუში არსებულ ოსტერშტაინის ციხესიმაგრის ცივ და ნესტიან საპყრობილეში ჩაგვსვეს, სადაც სხვა ძმებიც იხდიდნენ სასჯელს. საშინელი პირობების მიუხედავად, დიდ სიხარულს გვგვრიდა მოწიფულ ძმებთან ურთიერთობა. მართალია, თავისუფლება შეზღუდული გვქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ სულიერ საკვებს ვიყავით მოკლებულნი. თუმცა ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ კომუნისტური მთავრობის მიერ მოძულებული და აკრძალული იყო, მისი შემოტანა მაინც ხერხდებოდა ციხეში და თვით ჩვენს საკნებშიც კი! როგორ?

ზოგ პატიმარ ძმას ქვანახშირის მაღაროში ამუშავებდნენ, სადაც ისინი ხვდებოდნენ მოწმეებს, რომლებიც არ იყვნენ დაპატიმრებულები და პატიმარ ძმებს ჟურნალებს აძლევდნენ. შემდეგ ძმებს ფარულად შემოჰქონდათ ჟურნალები ციხეში და სასწაულებრივად ახერხებდნენ უაღრესად საჭირო სულიერი საზრდოს დანარჩენებისთვისაც გადაცემას. ძალიან ბედნიერი და გამხნევებული ვიყავი იეჰოვას მზრუნველობისა და ხელმძღვანელობისთვის!

1954 წლის ბოლოსთვის ქალაქ ტორგაუში ძალიან შემზარავ ციხეში გადაგვიყვანეს. იქ მყოფი ძმები დიდი სიხარულითა და სითბოთი შეგვხვდნენ. ისინი სულიერად ძალიან კარგ მდგომარეობაში დაგვხვდნენ, რადგან „საგუშაგო კოშკის“ ძველი გამოცემებიდან იხსენებდნენ სხვადასხვა აზრებს, რომლებიც ჯერ კიდევ ახსოვდათ. ისინი მართლაც მონატრებულნი იყვნენ ახალ სულიერ საზრდოს! ამიტომ თავს ვალდებულად ვგრძნობდით, რომ მათთვის გაგვეზიარებინა მნიშვნელოვანი სულიერი აზრები, რაზეც ცვიკაუში ვმსჯელობდით. მაგრამ როგორ შევძლებდით ამის გაკეთებას, როცა სასტიკად გვეკრძალებოდა ერთმანეთთან ლაპარაკი ყოველდღიური სეირნობის დროს? ძმებისგან მიღებული გვქონდა ძალიან სასარგებლო რჩევები, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით ასეთ სიტუაციებში. იეჰოვაც დიდ მფარველობას გვიწევდა და გვხელმძღვანელობდა. ამან გვასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლიის საგულდაგულოდ შესწავლა და წაკითხულზე დაფიქრება მანამ, სანამ თავისუფლებით ვსარგებლობთ და ამის გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დრო

იეჰოვას დახმარებით ჩვენ ბოლომდე შევინარჩუნეთ სიმტკიცე. 1956 წლის ბოლოს ამნისტიის წყალობით რამდენიმე ჩვენგანი გაგვათავისუფლეს, რაც ნამდვილად საკვირველი იყო. სიტყვიერად რთულია იმის გადმოცემა, თუ რამხელა სიხარული ვიგრძენით, როცა ციხის ჭიშკარი გაიღო ჩვენთვის! იმ დროისთვის ჩემი ვაჟი ექვსი წლის იყო. უსაზღვროდ გახარებული ვიყავი, რომ კვლავ მეუღლის გვერდით ვიქნებოდი და ბავშვის აღზრდაში ჩემს წვლილს შევიტანდი. გარკვეული დროის მანძილზე იოჰანესი უცხოსავით მექცეოდა, მაგრამ ცოტა ხანში თბილი ურთიერთობა დამყარდა ჩვენ შორის.

იმ პერიოდში აღმოსავლეთ გერმანიაში იეჰოვას მოწმეები ძალიან დიდ სირთულეებს ხვდებოდნენ. ქრისტიანული მსახურებისა და ნეიტრალიტეტის გამო უფრო ღვივდებოდა ჩვენდამი მტრული დამოკიდებულება; ეს იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერ წუთს საფრთხის წინაშე ვიყავით — ცხოვრება სავსე იყო საშიშროებითა და მღელვარებით, რაც ძალებს გვაცლიდა. ამიტომ მე და ერიკამ კარგად გავაანალიზეთ ყველაფერი, ლოცვით ავწონ-დავწონეთ ჩვენი მდგომარეობა; იმ დასკვნამდე მივედით, რომ საცხოვრებლად სხვაგან უნდა გადავსულიყავით, რათა შედარებით მშვიდი პირობები გვქონოდა და დარდს არ მივცემოდით. ჩვენ გვწყუროდა იეჰოვასთვის თავისუფლად მსახურება და დასახული სულიერი მიზნების განხორციელება.

1957 წლის გაზაფხულზე შტუტგარტში (დასავლეთი გერმანია) გადასვლის შესაძლებლობა მოგვეცა. იქ სამქადაგებლო საქმიანობა არ იყო აკრძალული და თავისუფლად შეგვეძლო ჩვენს ძმებთან ურთიერთობა. მათ ძალიან დიდი სიყვარული და მზრუნველობა გამოავლინეს ჩვენდამი. შვიდი წელი ვიმსახურეთ ჰედელფინგენში არსებულ კრებაში. იმ წლებში ჩვენმა ვაჟმა სკოლაში დაიწყო სიარული და სულიერადაც წაიწია წინ. 1962 წლის სექტემბერში მომეცა განსაკუთრებული შესაძლებლობა, დავსწრებოდი სამეფო მსახურების სკოლას ქალაქ ვისბადენში. იქ წამახალისეს, რომ ოჯახთან ერთად გადავსულიყავი ტერიტორიაზე, სადაც გერმანულ ენაზე მოლაპარაკე ბიბლიის მასწავლებლები სჭირდებოდათ. ამ ტერიტორიას მიეკუთვნებოდა გერმანიის განსაზღვრული მხარეები და შვეიცარია.

შვეიცარიის ალპებში

ასე რომ, 1963 წელს შვეიცარიაში გადავედით. ჩვენ პატარა კრებასთან სათანამშრომლოდ გაგვგზავნეს ქალაქ ბრუნენში, რომელიც შვეიცარიის ალპების ცენტრალურ ნაწილში მდებარე ლუცერნის ულამაზეს ტბასთან მდებარეობს. ჩვენთვის ეს ადგილი სამოთხე იყო. ამ ახალ ტერიტორიაზე უნდა შევჩვეოდით გერმანულ დიალექტს, რომელზეც იქ ლაპარაკობდნენ, ასევე ადგილობრივი ცხოვრების წესს და იქაური მცხოვრებლების მენტალიტეტს. მაგრამ ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო მშვიდობისმოყვარე ხალხთან თანამშრომლობა და ქადაგება. ბრუნინში 14 წელი დავყავით. ჩვენი ვაჟი იქ გაიზარდა.

1977 წელს კი, როდესაც თითქმის 50 წელს ვიყავი მიღწეული, ქალაქ თუნში არსებულ შვეიცარიის ბეთელში მიგვიწვიეს. ჩვენთვის იქ მსახურება განსაკუთრებული პატივი იყო და დიდი მადლიერებით მივიღეთ ახალი დავალება. მე და ჩემმა მეუღლემ ცხრა წელი ვიმსახურეთ ბეთელში, რამაც ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებასა და სულიერ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. იქ მსახურებისას აგრეთვე ვქადაგებდით ადგილობრივ მაუწყებლებთან ერთად თუნსა და ახლომახლო ტერიტორიებზე და ყოველთვის ვტკბებოდით იეჰოვას სასწაულებრივი შემოქმედების ნაყოფით — თოვლით დაფარული დიდებული ბერნის ალპების ხედით (ფსალმუნები 9:2).

ისევ სხვაგან გადასვლა

1986 წლის დასაწყისში სხვაგან გადავედით. გვთხოვეს, რომ სპეციალურ პიონერებად გვემსახურა ძალიან დიდ ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნოდა შვეიცარიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბუკსის კრებას. კვლავ მოგვიწია ცხოვრების განსხვავებულ წესთან მორგება. მიუხედავად ამისა, იეჰოვასადმი მსახურების ძლიერი სურვილი აღგვძრავდა, გვემსახურა იქ, სადაც ჩვენს შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებდით. ამიტომ ეს ახალი დავალება სიხარულით მივიღეთ, რასაც იეჰოვას კურთხევები მოჰყვა. დროდადრო მიმომსვლელი ზედამხედველების დამხმარედ ვმსახურობდი — ვინახულებდი და ვამხნევებდი კრებებს. მას შემდეგ 18 წელი გავიდა. ამ დროის მანძილზე უამრავი სასიხარულო შემთხვევა გვქონდა მსახურებაში. ბუკსის კრება გაიზარდა და ჩვენ ამჟამად ვიკრიბებით ძალიან ლამაზ სამეფო დარბაზში, რომლის მიძღვნაც ხუთი წლის წინ მოხდა.

იეჰოვა ყოველმხრივ ზრუნავდა ჩვენზე. ცხოვრების დიდი ნაწილი სრული დროით მსახურებაში გავატარეთ, მაგრამ არასდროს არაფერი გვაკლდა. კმაყოფილების და სიხარულის გრძნობა გვეუფლება, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი ვაჟი, მისი მეუღლე და შვილები თავიანთ ოჯახებთან ერთად ერთგულად დადიან იეჰოვას გზით.

ვიხსენებ წარსულს და შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვასთვის მსახურება „კარგ დროშიც და ცუდ დროშიც“ მოგვიწია. მთელი ცხოვრების მანძილზე ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობის ძლიერი სურვილის შედეგად კომუნისტური ციხეების ბნელი საკნებიდან შვეიცარიის თვალწარმტაც ალპებში აღმოვჩნდი. მე და ჩემი ოჯახი ერთი წუთითაც არ ვნანობთ, რომ ასეთი გზა ავირჩიეთ ცხოვრებაში.

[ჩარჩო 28 გვერდზე]

„ორჯერ გასამართლება“ — დევნის დროს სიმტკიცის შენარჩუნება

გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომელიც აგრეთვე აღმოსავლეთ გერმანიად იყო ცნობილი, იეჰოვას მოწმეებს სასტიკად ავიწროებდნენ. დოკუმენტური მასალა აჩვენებს, რომ 5 000-ზე მეტი მოწმე ქრისტიანული მსახურებისა და ნეიტრალური პოზიციის გამო იძულებით გაგზავნეს შრომა-გასწორების კოლონიებსა და ციხეებში (ესაია 2:4).

ზოგს „ორჯერ ნასამართლევებს“ უწოდებდნენ. მაგალითად, დაახლოებით 325 მოწმეს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებსა და ციხეებში მოუწია ჯდომა. შემდეგ კი, 50-იან წლებში მათ დევნიდნენ და აპატიმრებდნენ „შტაზის“, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, წარმომადგენლები. ასე რომ, ზოგმა ორჯერაც კი მოიხადა სასჯელი — პირველად ნაცისტურ ციხეებში, შემდეგ კი „შტაზის“ საპატიმროებში.

ინტენსიური დევნის პირველი ათწლეულის მანძილზე, 1950—1961 წლებში, მთლიანობაში 60 მოწმე — მამაკაცი და ქალი — დაიღუპა ციხეში სასტიკი მოპყრობის, შიმშილობის, ავადმყოფობისა და მოხუცებულობის გამო. თორმეტ მოწმეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მოგვიანებით კი სასჯელი 15 წლამდე შეუმცირეს.

დღეს ბერლინში არსებულ ყოფილი „შტაზის“ შენობაში მუდმივად არის გამოფენა, რომელზეც ყურადღება მახვილდება აღმოსავლეთ გერმანიაში მთავრობის წარმომადგენლების მიერ იეჰოვას მოწმეთა 40-წლიან დევნას. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოსურათები და თვითმხილველთა პირადი მონათხრობი უსიტყვოდ მოწმობს იმ მოწმეთა გაბედულებასა და სულიერ სიძლიერეზე, რომლებმაც დევნის მიუხედავად, ბოლომდე შეინარჩუნეს ერთგულება.

[რუკა 24, 25 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

აღმოსავლეთი გერმანია

რუდოლშტადტი

ბელციგი

ტორგაუ

კემნიცი

ცვიკაუ

[სურათი 25 გვერდზე]

ოსტერშტაინის ციხესიმაგრე ცვიკაუში.

[საავტორო უფლება]

Fotosammlung des Stadtarchiv Zwickau, Deutschland

[სურათი 26 გვერდზე]

ჩემს მეუღლესთან, ერიკასთან, ერთად.