არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დღეს ბავშვის აღზრდა რთული ამოცანაა

დღეს ბავშვის აღზრდა რთული ამოცანაა

დღეს ბავშვის აღზრდა რთული ამოცანაა

გვიან საღამოს რესტორნის მეპატრონე სახლში წასასვლელად ემზადება. ის უკვე აპირებს რესტორნის დაკეტვას, მაგრამ ამ დროს ორი ქალი შემოდის ბავშვთან ერთად და უკვეთავს ვახშამს. მეპატრონე ძალიან დაღლილია და მათთვის იმის თქმას ცდილობს, რომ რესტორანი იკეტება, მაგრამ გადაწყვეტს, მაინც მოემსახუროს. სანამ ქალები ერთმანეთში ლაპარაკობენ და საჭმელს მიირთმევენ, ბავშვი აქეთ-იქით დარბის, იატაკზე ნამცხვრის ნაფხვენებს ყრის და ფეხით სრესს. ბავშვის დედა იღიმის, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს ყურადღება მიაქციოს და გააჩეროს. მათი წასვლის შემდეგ რესტორნის ქანცგაწყვეტილ მეპატრონეს უწევს იქაურობის წესრიგში მოყვანა.

ალბათ, თქვენთვის ცნობილია, და ამას ეს შემთხვევაც ცხადყოფს, რომ ბევრ ოჯახში ბავშვს სათანადოდ არ ზრდიან. ეს სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული. ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ შვილებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლად მოქმედების უფლება, რის გამოც მათ საკუთარი სურვილისამებრ მოქცევის ნებას რთავს. ზოგჯერ მშობლები იმდენად დაკავებულები არიან, რომ ვერ ახერხებენ შვილებისთვის სათანადო ყურადღების მიქცევას და საჭირო აღმზრდელობითი ზომების მიღებას. ზოგი მშობლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შვილმა განათლება მიიღოს. ამიტომ თითქმის სრულ თავისუფლებას აძლევენ შვილებს იმ პირობით, თუ კარგ ნიშნებზე ისწავლიან სკოლაში და შემდეგ პრესტიჟულ ინსტიტუტში ჩააბარებენ.

ზოგი ადამიანი კი გამოთქვამს აზრს, რომ მშობლებმა და მთელმა საზოგადოებამ თვალსაზრისი უნდა შეიცვალოს ფასეულობებზე. ისინი ამ აზრის დასამტკიცებლად იმას ასახელებენ, რომ დღეს ბავშვები ყველანაირი სახის დანაშაულს სჩადიან და დღითიდღე უფრო მეტ ძალადობას ავლენენ სკოლებში. ამიტომ სეულის (სამხრეთ კორეა) ერთ-ერთი საშუალო სკოლის დირექტორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აღზრდის დროს პირველ რიგში ბავშვის პიროვნულად ჩამოყალიბებას უნდა მიექცეს ყურადღება. მან თქვა: „სანამ შვილებს განათლებას მიაღებინებთ, კარგი თვისებები ჩაუნერგეთ მათ“.

ბევრი მშობელი, რომლებსაც სურთ, რომ შვილებმა ინსტიტუტში ჩააბარონ და წარმატებას მიაღწიონ ცხოვრებაში, ყურადღებას არ აქცევს მსგავს გაფრთხილებებს. თუ მშობელი ხართ, როგორ პიროვნებად გსურთ, რომ ჩამოყალიბდეს თქვენი შვილი? გინდათ, რომ ზნეობრივად სუფთა და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანი იყოს? გსურთ, რომ ყურადღებიანი იყოს სხვების მიმართ, ადვილად ერგებოდეს სხვადასხვა სიტუაციას და დადებით განწყობას ინარჩუნებდეს? თუ ასეა, განიხილეთ მომდევნო სტატია.