არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ იყვნენ ანაბაპტისტები?

ვინ იყვნენ ანაბაპტისტები?

ვინ იყვნენ ანაბაპტისტები?

ვესტფალიაში (გერმანია) მდებარე ქალაქ მიუნსტერის სტუმრები, რომლებიც ქალაქის ცენტრში პირველად იმყოფებიან, ხშირად ჩერდებიან ერთ ეკლესიასთან. მათ ყურადღებას იპყრობს ამ ეკლესიის კოშკიდან გადმოკიდებული სამი გალია. რამდენიმე მოკლე პერიოდის გამოკლებით, გალიები უკვე თითქმის 500 წელია, რაც კოშკზე ჰკიდია. თავიდან იქ სამი მამაკაცის გვამი იყო მოთავსებული. ეს მამაკაცები ჯერ სახალხოდ აწამეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს. ისინი ანაბაპტისტები იყვნენ, რომელთა სამეფოდანაც ეს გალიებიღა შემორჩა.

ვინ იყვნენ ანაბაპტისტები? როგორ ჩაისახა ეს მოძრაობა? რა იყო მათი ძირითადი შეხედულებები? რატომ დასაჯეს ეს მამაკაცები? და რა კავშირი აქვს სამ გალიას მათ სამეფოსთან?

ეკლესიის რეფორმა — მაგრამ როგორ?

XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის დასაწყისში გაძლიერდა რომის კათოლიკური ეკლესიისა და მისი სამღვდელოების კრიტიკა. ეკლესია გახრწნილი და უზნეობით მოცული იყო. ამიტომ ბევრი ხედავდა ძირეული ცვლილებების მოხდენის აუცილებლობას. 1517 წელს მარტინ ლუთერმა სახალხოდ მოითხოვა რეფორმა. მის დებატებს სხვებიც შეუერთდნენ და ასე ჩაისახა პროტესტანტული რეფორმაცია.

რეფორმატორებს შემუშავებული არ ჰქონდათ საერთო სტრატეგია, თუ რა უნდა გაკეთებულიყო და რამდენად მასშტაბური უნდა ყოფილიყო ცვლილებები. ბევრი ხედავდა თაყვანისმცემლობის საკითხებში ბიბლიის მიყოლის აუცილებლობას, მაგრამ ბიბლიური სწავლებების გაგებასთან დაკავშირებით რეფორმატორები საერთო აზრამდე ვერ მიდიოდნენ. ზოგის აზრით, რეფორმაცია ძალიან ნელი ტემპით ვითარდებოდა. სწორედ ასეთ რეფორმატორთა შორის ჩაეყარა საფუძველი ანაბაპტისტურ მოძრაობას.

„სინამდვილეში, მხოლოდ ერთი კი არა, რამდენიმე ბაპტისტური მიმდინარეობა არსებობდა“, — წერდა თავის ერთ-ერთ წიგნში ჰანს-იურგენ გერცი (Die Täufer—Geschichte und Deutung). მაგალითად, 1521 წელს ვიტენბერგში ანაბაპტისტური სწავლებების ქადაგებით დიდი მღელვარება გამოიწვია ოთხმა მამაკაცმა, რომლებიც ცვიკაუს წინასწარმეტყველთა სახელით იყვნენ ცნობილები. 1525 წელს კი ანაბაპტისტთა ახალი ჯგუფი ჩამოყალიბდა ციურიხში (შვეიცარია). ანაბაპტისტთა თემები მორავიაში (ამჟამად ჩეხეთი) და ნიდერლანდშიც გაჩნდა.

ნათლობა — ბავშვებისთვის თუ უფროსებისთვის?

ანაბაპტისტთა თემები უმეტესწილად მცირერიცხოვანი იყო და მათი წევრები, ჩვეულებრივ, მშვიდობისმოყვარე ადამიანები იყვნენ. ისინი არ ასაიდუმლოებდნენ თავიანთ სწავლებებს და ქადაგებდნენ კიდეც სხვებთან. ანაბაპტისტთა რწმენის შვიდი დოგმატი განსაზღვრულ იქნა 1527 წელს შლაიტჰაიმის ძმობის მრწამსში. ისინი უარს ამბობდნენ იარაღის ტარებაზე, გამოყოფილნი იყვნენ ქვეყნიერებას და შემცოდველებს რიცხავდნენ თავიანთი რიგებიდან. ყველაფერზე მეტად კი ანაბაპტისტებს სხვა რელიგიური მიმდინარეობებისგან ნათლობასთან დაკავშირებული თვალსაზრისი განასხვავებდა: მათ მტკიცედ სწამდათ, რომ ნათლობა მხოლოდ უფროსებისთვის იყო და არა — ბავშვებისთვის *.

უფროსების მონათვლა არა მხოლოდ რელიგიურ დოგმატთან, არამედ ძალაუფლების საკითხთანაც იყო დაკავშირებული. ნათლობა თუ სრულწლოვანების მიღწევამდე გადაიდებოდა და ამით ადამიანს რწმენის საფუძველზე საკუთარი გადაწყვეტილების მიღების საშუალება მიეცემოდა, შესაძლებელი იყო, რომ ზოგი საერთოდ არ მონათლულიყო. მოუნათლავებზე კი დიდ გავლენას ვეღარ მოახდენდა ეკლესია. ზოგი ეკლესიისთვის ზრდასრული ადამიანების მონათვლა ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავდა.

ამიტომაც, როგორც კათოლიკეები, ისე ლუთერანები ცდილობდნენ ზრდასრულთა ნათლობის აღმოფხვრას. 1529 წლიდან — ყველგან თუ არა, ზოგ მხარეში მაინც — ყველა, ვინც ზრდასრულ ადამიანს ნათლავდა ან თვითონ ინათლებოდა სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, შესაძლებელი იყო სიკვდილით დაესაჯათ. ჟურნალისტი ტომას ზაიფერტი აღნიშნავს, რომ ანაბაპტისტები «სასტიკად იდევნებოდნენ „გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე“ ». დევნამ კულმინაციას მიუნსტერში მიაღწია.

ცვლილებები შუა საუკუნეების მიუნსტერში

შუა საუკუნეების მიუნსტერის მოსახლეობა დაახლოებით 10 000-ს შეადგენდა. ქალაქი გარშემორტყმული იყო დაახლოებით 90 მეტრის სიგანისა და 5 კილომეტრის სიგრძის თითქმის მიუდგომელ სიმაგრეთა სისტემით. თვითონ ქალაქში შექმნილი მდგომარეობა კი ნაკლებად საიმედო და სტაბილური იყო. მიუნსტერის ქალაქის მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნში „ანაბაპტისტთა სამეფო“ მოხსენიებულია „შიდა პოლიტიკური უთანხმოებები ქალაქის მმართველობასა და გილდიას შორის“. გარდა ამისა, მოსახლეობა აღშფოთებული იყო სამღვდელოების ქცევით. მიუნსტერმა მხარი დაუჭირა რეფორმაციას და 1533 წელს ეს კათოლიკური ქალაქი ლუთერანული გახდა.

მიუნსტერში ერთ-ერთი გამოჩენილი მქადაგებელი იყო საკმაოდ იმპულსური ხასიათის მქონე ბერნარდ როთმანი. ფრიდრიხ ენინგერი წერს, რომ როთმანი „უეჭველად ანაბაპტისტურ შეხედულებებს იზიარებდა — ის და მისი თანამოაზრენი ჩვილ ბავშვთა ნათლობის მოწინააღმდეგენი იყვნენ“. მიუნსტერში მან მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა მოიპოვა მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მის შეხედულებებს უკიდურესად რადიკალურად მიიჩნევდა. „მათგან, ვისაც ძველი წყობა მოსწონდა, თანდათანობით სულ უფრო მეტი გრძნობდა უბედურების მოახლოებას და ქალაქს ტოვებდა. ანაბაპტისტები კი მიუნსტერს ყველა მხრიდან აწყდებოდნენ იმ იმედით, რომ იქ განახორციელებდნენ თავიანთ იდეალებს“. მიუნსტერში ანაბაპტისტთა ასეთმა სიმრავლემ დიდი უბედურება დაატრიალა.

ახალი იერუსალიმი“ ალყაშია

მიუნსტერში ჩასულმა ორმა ჰოლანდიელმა — ჰაარლამელმა ხაბაზმა იან მატისმა და იან ბოიკელსონმა, რომელიც იოჰან ლეიდენელის სახელითაა ცნობილი — გადამწყვეტი როლი შეასრულეს მოვლენების განვითარებაში. მატისმა თავი წინასწარმეტყველად შერაცხა და 1534 წლის აპრილი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის დროდ გამოაცხადა. ქალაქს ბიბლიაში მოხსენიებული „ახალი იერუსალიმი“ ეწოდა. ხალხი აღსასრულის მოლოდინმა მოიცვა. როთმანმა გადაწყვიტა, რომ მთელი ქონება საზიარო უნდა ყოფილიყო. ამიტომაც თითოეული მოსახლე არჩევნის წინაშე იდგა, მონათლულიყო თუ ქალაქიდან წასულიყო. მასობრივი ნათლობებისას ზოგი მხოლოდ იმიტომ ინათლებოდა, რომ იძულებული არ გამხდარიყო, საკუთარი სახლი და ქონება მიეტოვებინა.

საზოგადოებას თავზარს სცემდა ის, რომ მიუნსტერში ანაბაპტისტები ძლიერ რელიგიურ და პოლიტიკურ ძალად იქცნენ. ამის გამო, ერთი წიგნის თანახმად, „გერმანელი ერის წმინდა რომის იმპერია მტრულად განეწყო მიუნსტერის მიმართ“ (Die Täufer zu Münster). ადგილობრივმა დიდებულმა, ეპისკოპოსმა ფრანც ფონ ვალდეკმა, ჯარი შეკრიბა და ქალაქს ალყა შემოარტყა. ჯარში როგორც ლუთერანები, ისე კათოლიკეები იყვნენ გაერთიანებულნი. ამ ორი სარწმუნოების წარმომადგენლებმა ძალები გააერთიანეს ანაბაპტისტების წინააღმდეგ საბრძოლველად მიუხედავად იმისა, რომ რეფორმაციასთან დაკავშირებით მანამდე ურთიერთსაპირისპირო შეხედულებები ჰქონდათ და მალე ერთმანეთის წინააღმდეგ ოცდაათწლიან ომში ჩაებმებოდნენ.

ანაბაპტისტთა სამეფოს დაცემა

მოწინააღმდეგეთა ძლიერმა ჯარმა ვერ დააშინა ალყაში მოქცეული ანაბაპტისტები, რომლებსაც ქალაქის კედლები იცავდა. 1534 წლის აპრილში, როცა, როგორც ვარაუდობდნენ, ქრისტე მეორედ უნდა მოსულიყო, თეთრ ცხენზე ამხედრებულმა მატისმა ღვთის მფარველობის მოლოდინით დატოვა გამაგრებული ქალაქის კედლები. წარმოიდგინეთ, რა თავზარდამცემი იქნებოდა მის მხარდამჭერთათვის ქალაქის კედელს მიღმა იმის დანახვა, რომ მოწინააღმდეგეთა მეომრებმა მატისი ნაკუწებად აქციეს და მისი თავი სარზე წამოაცვეს.

მატისის შემდეგ ქალაქს სათავეში იან ლეიდენელი ჩაუდგა, რომელიც მიუნსტერის ანაბაპტისტთა მეფედ გამოაცხადეს. იმის გამო, რომ ქალაქში მამაკაცებს რიცხობრივად ქალები სჭარბობდნენ, ლეიდენელი სქესთა უთანასწორობის საკითხის მოგვარებას შეეცადა და მამაკაცებს მოუწოდა, იმდენი ცოლი შეერთოთ, რამდენსაც მოისურვებდნენ. საინტერესო ის იყო, რომ მიუნსტერის ანაბაპტისტთა სამეფოში მრუშობა და მეძაობა სიკვდილით ისჯებოდა, პოლიგამიას კი შემწყნარებლურად ეკიდებოდნენ და კიდეც მიესალმებოდნენ. თვითონ მეფე იანმა 16 ცოლი მოიყვანა. როცა ერთ-ერთმა მათგანმა, ელიზაბეტ ვანდშერერმა, ქალაქის დატოვების ნებართვა ითხოვა, მას სახალხოდ მოჰკვეთეს თავი.

ალყამ 14 თვე გასტანა. 1535 წლის ივნისში ქალაქი დაეცა. ასეთი განადგურება მიუნსტერს II მსოფლიო ომამდე აღარ უნახავს. როთმანმა გაქცევა მოახერხა, ხოლო მეფე იანი და ანაბაპტისტთა ორი თავკაცი მტრებმა ტყვედ ჩაიგდეს, აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. მათი გვამები გალიებში მოათავსეს და წმინდა ლამბერტის ტაძრის კოშკიდან გადმოკიდეს. ზაიფერტის სიტყვების თანახმად, „ეს ყველა შფოთის ამტეხის დასაშინებლად გაკეთდა“. პოლიტიკაში ჩარევამ მართლაც რომ დიდი უბედურება დაატრიალა.

რა დაემართა ანაბაპტისტთა სხვა თემებს? ევროპაში ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში იდევნებოდნენ. ანაბაპტისტთა უმრავლესობა პაციფისტურ პრინციპებს იცავდა, თუმცა უმცირესობა მეომრული სულისკვეთებით იყო განმსჭვალული. მოგვიანებით ანაბაპტისტებს სათავეში მენო სიმონსი ჩაუდგა, რის გამოც მენონიტები ეწოდათ. მათ სხვა სახელებითაც იხსენიებდნენ.

სამი გალია

ანაბაპტისტები, ძირითადად, რელიგიური ადამიანები იყვნენ, რომლებიც ბიბლიური პრინციპებით ცხოვრებას ცდილობდნენ. მაგრამ მათი მოძრაობის რადიკალურად განწყობილმა წევრებმა ასეთი კურსი მიატოვეს და პოლიტიკაში ჩაებნენ. ამის შემდეგ ეს მოძრაობა რევოლუციურ ძალად იქცა, რამაც დიდი უბედურება დაატეხა როგორც ანაბაპტისტებს, ისე შუა საუკუნეების მიუნსტერს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საშინელი მოვლენებიდან თითქმის 500 წელია გასული, ქალაქის სტუმრებს კვლავაც შეახსენებს მათ შესახებ ეკლესიის კოშკიდან გადმოკიდებული სამი რკინის გალია.

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 ამ სტატიაში არ განიხილება ბავშვების ნათლობის მხარდამჭერი თუ საწინააღმდეგო არგუმენტები. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ 1986 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, სტატია „უნდა ინათლებოდნენ თუ არა ჩვილი ბავშვები?“ (რუს.).

[სურათები 13 გვერდზე]

მეფე იანი აწამეს, სიკვდილით დასაჯეს და წმინდა ლამბერტის ტაძრის კოშკიდან გადმოჰკიდეს.