არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უძვირფასესი მემკვიდრეობა

უძვირფასესი მემკვიდრეობა

უძვირფასესი მემკვიდრეობა

მოციქულმა იოანემ, როდესაც ცხოვრების გზა თითქმის ბოლომდე ჰქონდა გავლილი, დაწერა: „არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან“ (3 იოანე 4).

ეს ერთგული მოციქული ამ სიტყვებში თავის სულიერ შვილებს გულისხმობდა, მაგრამ მის გრძნობებს ბევრი მშობელი იზიარებს. მშობლებისთვის, რომლებსაც ძალ-ღონე არ დაუშურებიათ შვილების ‘უფლის მოძღვრებითა და დარიგებით აღსაზრდელად’, უდიდესი სიხარული მოაქვს იმის დანახვას, რომ მათი უკვე ზრდასრული შვილები „ჭეშმარიტებით დადიან“ (ეფესელთა 6:4). მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან გზაზე დაყენებით მშობლები შვილებს ყველაზე ძვირფას მემკვიდრეობას გადასცემენ. ღვთისადმი ერთგულება, რომელიც იეჰოვასთვის მოსაწონი ქრისტიანული გზით ცხოვრებას მოიცავს, „აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც“ (1 ტიმოთე 4:8).

იეჰოვასთვის, სრულყოფილი მამისათვის, ძვირფასნი არიან ღვთისმოშიში მშობლები, რომლებიც ყოველმხრივ ცდილობენ შვილების სულიერად აღზრდას. როცა შვილები დადებითად ეხმაურებიან სულიერ სწავლებას, მათთვის დიდი სიხარულის წყარო ხდება მშობლებთან ერთად ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობის მიღება. როდესაც ბავშვები იზრდებიან, მსახურებასთან დაკავშირებული ბევრი შემთხვევა სასიამოვნო მოგონებად რჩება მათ მეხსიერებაში. ზოგი სიხარულით იხსენებს თეოკრატიული სამსახურის სკოლაში თავის პირველ გამოსვლას *; ან ახსენდებათ ის დღე, როცა მშობელთან ერთად კარდაკარ მსახურებისას პირველად წაიკითხეს ბიბლიური მუხლი. განა მათ ოდესმე დაავიწყდებათ, როგორ უკითხავდნენ მშობლები წიგნებს „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ და „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“ *? გაბრიელი იხსენებს იმას, რაც ბავშვობაში ძალიან უყვარდა: „მხოლოდ ოთხი წლის ვიყავი, დედა რომ ყოველდღე მიმღეროდა სამეფოს სიმღერებს და თან სადილს ამზადებდა. დღემდე დიდი სითბოთი ვიხსენებ ერთ სიმღერას, რომელიც იეჰოვას მსახურების მნიშვნელოვნების დანახვაში დამეხმარა“. შესაძლოა თქვენც გახსოვთ ის ლამაზი სიმღერა, რომელზეც გაბრიელი ლაპარაკობს. იგი 157-ე ნომერია სიმღერების წიგნში „უმღერეთ იეჰოვას სადიდებელი“. მისი სახელწოდებაა „თაყვანი ეცი იეჰოვას შენს სიჭაბუკეში“.

ეს სიმღერა შემდეგი სიტყვებით იწყება: „ერთხელ ადიდებდნენ ბავშვები ღმერთს, / ხმამაღლა ესალმებოდნენ ქრისტეს“. ზოგ ბავშვს ჰქონდა იესოსთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ისინი, ალბათ, დიდ სიამოვნებას ანიჭებდნენ მას თავიანთი გულწრფელობით. იესომ მისაბაძ მაგალითადაც კი მოუყვანა თავის მიმდევრებს ბავშვები მათი სწავლისთვის მზადყოფნის გამო (მათე 18:3, 4). როგორც ვხედავთ, ბავშვებს თავიანთი ადგილი უჭირავთ იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობაში. სიმღერაშიც ნათქვამია: „მათაც შეუძლიათ, ღმერთი აქონ“.

სახლში, სასწავლებელში თუ სხვა ნებისმიერ ადგილას სამაგალითო ქცევით ბევრ ბავშვს დიდება მოაქვს ღვთისთვის და საკუთარი ოჯახისთვის. მართლაც რომ კურთხეულნი არიან ბავშვები, რომელთაც ჭეშმარიტების მოყვარული „ქრისტიანი მშობლები“ ჰყავთ (მეორე რჯული 6:7). ღვთისმოშიში მშობლები ერთგულებას ავლენენ ღვთისადმი, მოსიყვარულე მამისადმი, რომელიც თავის ქმნილებებს სწორ გზაზე სიარულს ასწავლის. ამისთვის დიდ კურთხევებს იღებენ ისინი! როგორ ხარობენ მშობლები, როცა ხედავენ, რომ მათი სწავლება ამაო არ ყოფილა ბავშვებისთვის, რომელთაც „მართებთ დამორჩილება“ (ესაია 48:17, 18). ანხელიკა, რომელიც ამჟამად იეჰოვას მოწმეთა მექსიკის ფილიალში მსახურობს, ამბობს: „ჩემი მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ ბიბლიური პრინციპების გამოყენებას. ამის შედეგად, ბედნიერი ბავშვობა მქონდა“.

ასეთი ქრისტიანების აზრით, ნამდვილად დასაფასებელი და მოსაფრთხილებელია სულიერი მემკვიდრეობა. თუ თქვენც ისეთ ოჯახში იზრდებით, სადაც ჭეშმარიტი ქრისტიანული ფასეულობების სიყვარული ჩაგინერგეს, ზემოხსენებული სიმღერა მოგიწოდებთ: „ყმაწვილნო, ღვთის გზით წმინდად იარეთ“. დადგება დრო, როცა პირადად მოგიწევთ გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომაც „იეჰოვაზე ნდობა ისწავლეთ, არ ესწრაფოთ ქვეყნიურ დიდებას“.

პოპულარობას ცხოვრებაში პირველ ადგილზე თუ დააყენებთ, მშობლებს წყალში ჩაუყრით ამაგს, და მომავლის იმედს, რომელიც დღეს გაქვთ, ძირს გამოუთხრით. პოპულარობის მოპოვების სურვილმა შესაძლოა სიფხიზლე დაგაკარგვინოთ. ზოგი ურთიერთობას იწყებს ახალგაზრდებთან, რომლებიც ერთი შეხედვით უწყინრები და მიმზიდველებიც კი ჩანან, მაგრამ ქრისტიანული ნორმებისადმი ინტერესს არ ავლენენ. ამის მაგალითია ტარას, მთავარი გმირის, შემთხვევა ვიდეოფილმში „ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“ ტარას მსგავსად, ახალგაზრდა ქრისტიანები, რომელთა მეგობრებიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას არ აფასებენ, ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რომ ცუდი საზოგადოება, როგორც სიმღერაში აღინიშნება, „რყვნის კარგ ჩვევას“. კარგი ჩვევების განვითარებას წლების ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ მათი დაკარგვა სწრაფად არის შესაძლებელი.

ცხადია, ღვთისმოშიშებით ცხოვრება ადვილი არაა. და მაინც, როგორც სიმღერა გრძელდება, „თუ სიყმაწვილეში გახსოვთ ღმერთი [და] სიმართლით, სულით ემსახურებით“, კარგ ნიადაგს მოამზადებთ წარმატების მისაღწევად და „გაიხარებთ, როცა გაიზრდებით“. თანდათანობით დაინახავთ, რომ იეჰოვას შეწევნით ვერაფერი შეგაჩერებთ იმის კეთებისგან, რასაც ის სწორად მიიჩნევს. ასე ჩამოყალიბდებით მოწიფულ, ღვთისმოშიშ პიროვნებებად. გარდა ამისა, ქრისტიანი მშობლებისგან ნასწავლის ცხოვრებაში გონივრულად გამოყენებით „ღვთის გულს აღავსებთ კმაყოფილებით“. განა არსებობს ადამიანისთვის ამაზე დიდი პატივი? (იგავები 27:11).

ასე რომ, ახალგაზრდებო, ყოველთვის გახსოვდეთ, რამდენად ძვირფასია ის, რასაც იეჰოვა და ქრისტიანი მშობლები გასწავლიან. დაე თქვენდამი მათმა ძლიერმა სიყვარულმა აღგძრათ იმის კეთებისკენ, რაც იეჰოვასთვის მოსაწონია. მაშინ იესო ქრისტესა და ახალგაზრდა ტიმოთეს მსგავსად, ზეციერ მამასაც გაახარებთ და მშობლებსაც. და, თუ ოდესმე თვითონაც გეყოლებათ შვილები, ალბათ, ისევე მოიქცევით, როგორც ანხელიკა, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ. ის ამბობს: „შვილი თუ მეყოლება, ყოველმხრივ შევეცდები ბავშვობიდანვე ჩავუნერგო გულში იეჰოვას სიყვარული, რათა ის მისთვის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პრინციპად იქცეს“. დიახ, ჭეშმარიტების გზას, რომელსაც მარადიულ სიცოცხლემდე მიყვანა შეუძლია, თამამად შეიძლება ეწოდოს უძვირფასესი მემკვიდრეობა!

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 ამ სკოლაში, რომელიც ბიბლიური საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილია, იეჰოვას მოწმეთა კრებებში როგორც ახალგაზრდები, ისე ხანდაზმულები სწავლობენ.

^ აბზ. 4 ზემოხსენებული წიგნები გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.