შეცვლის რამეს თქვენი ლოცვები?
შეცვლის რამეს თქვენი ლოცვები?
რომელი ჩვენგანი არ ჩავარდნილა გამოუვალ მდგომარეობაში? როგორც ბიბლიიდან ჩანს, მოციქულმა პავლემ იცოდა, რომ ლოცვას შეეძლო გავლენა მოეხდინა ასეთ მდგომარეობაზე.
იმ პერიოდში, როდესაც პავლე უსამართლოდ იყო დაპატიმრებული რომში, მან თანამორწმუნეებს სთხოვა, რომ ელოცათ მისთვის და თან დასძინა: „უფრო მეტად კი შეგაგონებთ, გააკეთოთ ეს იმისათვის, რომ მალე დავბრუნდე თქვენთან“ (ებრაელთა 13:18, 19). სხვა შემთხვევისას პავლემ იმის რწმენა გამოხატა, რომ ღმერთი უპასუხებდა მის ლოცვებს დროზე ადრე გათავისუფლების თაობაზე (ფილიმონი 22). ის მართლაც მალე გათავისუფლდა და კვლავ შეუდგა მისიონერულ საქმიანობას.
მაგრამ ნამდვილად შეცვლის ლოცვა თქვენს მდგომარეობასაც? შესაძლოა. გახსოვდეთ, რომ ლოცვა არ არის უბრალოდ ფორმალური რელიგიური რიტუალი. მისი საშუალებით ჩვენს მოსიყვარულე და ყოვლადძლიერ მამასთან ვამყარებთ ურთიერთობას. ლოცვის დროს იეჰოვას თავისუფლად უნდა მივმართოთ თხოვნით და დავაკონკრეტოთ სათქმელი; შემდეგ კი მოთმინებით უნდა ველოდოთ იმას, თუ როგორ გვიპასუხებს ჩვენი ზეციერი მამა.
იეჰოვამ შესაძლოა ყოველ ლოცვაზე პირდაპირ არ გაგვცეს პასუხი; არც ყოველთვის ისე გვიპასუხოს, როგორც ჩვენ გვგონია, ან არც იმ დროს, როდესაც ჩვენ მოველით. მაგალითად, პავლე ხშირად ლოცულობდა ‘სხეულში ეკლის’ შესახებ. ღმერთმა არ გაათავისუფლა ის ამ პრობლემისგან, მაგრამ ანუგეშა გამამხნევებელი სიტყვებით: „გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“ (2 კორინთელთა 12:7—9).
ჩვენც შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მაშინაც კი, თუ იეჰოვა არ გადაგვიჭრის კონკრეტულ პრობლემას, ‘გამოსავალს მოგვცემს, რომ შევძლოთ გადატანა’ (1 კორინთელთა 10:13). მალე ღმერთი ბოლოს მოუღებს ადამიანთა ყოველგვარ ტანჯვას. მანამდე კი ‘ლოცვების მომსმენისთვის’ მიმართვა შეგვიმსუბუქებს მდგომარეობას (ფსალმუნები 64:3, სსგ).