არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გასცურეს კვიპროსზე“

„გასცურეს კვიპროსზე“

„გასცურეს კვიპროსზე“

ამ სიტყვებით იწყება წიგნ „საქმეებში“ პავლეს, ბარნაბასა და მარკოზად წოდებული იოანეს მისიონერული მოგზაურობის აღწერა კვიპროსზე, რომელსაც ისინი დაახლოებით ახ. წ. 47 წელს ეწვივნენ (საქმეები 13:4). მაშინ, ისევე როგორც დღესაც, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კვიპროსი დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძული იყო.

რომაელებმა კვიპროსის ხელში ჩაგდება განიზრახეს და ძვ. წ. 58 წელს თავიანთი განზრახვა განახორციელეს კიდეც. მანამდე ამ კუნძულს მრავალი რამ გადახდა თავს. ის სხვადასხვა დროს იყო ფინიკიის, საბერძნეთის, ასურეთის, სპარსეთისა და ეგვიპტის კოლონია. შუა საუკუნეებში კუნძულზე ჯვაროსნებმა, ფრანკებმა და ვენეციელებმა მიიტანეს იერიში, შემდეგ კი თურქ-ოსმალებმა დაიპყრეს იგი. 1915 წელს ინგლისელებმა მოახდინეს კუნძულის ანექსია და მასზე ბატონობდნენ 1960 წლამდე, ანუ მანამ, სანამ კვიპროსი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა.

დღეს იქ შემოსავლის მთავარი წყარო ტურიზმია, მაგრამ პავლეს დღეებში კვიპროსი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი კუნძული იყო და რომაელები მის სიმდიდრეს თავიანთი ხაზინის შესავსებად იყენებდნენ. ჯერ კიდევ ძველ დროში კუნძულზე სპილენძი აღმოაჩინეს და, ერთი გამოთვლის თანახმად, რომაელებმა თავიანთი მმართველობის დასასრულისთვის იქიდან დაახლოებით 250 000 ტონა სპილენძი ამოიღეს. სპილენძის გადასამუშავებლად საწვავი იყო საჭირო, რის გამოც 160 000 კვადრატული კილომეტრი ტყე გაჩეხეს. კუნძულზე პავლეს ჩასვლის დროისთვის ტყეების უმეტესი ნაწილი უკვე აღარ არსებობდა.

კვიპროსი რომაელების მმართველობის დროს

ძვ. წ. 47 წელს იულიუს კეისარმა კვიპროსი პტოლემე II-სა და ეგვიპტის დედოფალ არსინოიას გადასცა. მოგვიანებით კი მარკუს ანტონიუსმა კუნძული კლეოპატრას აჩუქა. ახ. წ. 22 წლისთვის კვიპროსს — როგორც ამას აბსოლუტური სიზუსტით აღნიშნავდა „საქმეების“ დამწერი ლუკა — მართავდა პროკონსული, რომელიც რომს აბარებდა ანგარიშს. პავლეს ქადაგების დროს კუნძულს პროკონსული სერგის-პავლე განაგებდა (საქმეები 13:7).

„რომაული ზავი“ — რომის მიერ დამყარებული საერთაშორისო მშვიდობა — ხელს უწყობდა კვიპროსზე წიაღისეული სიმდიდრის მოპოვებისა და წარმოების სხვა სფეროების განვითარებას, რასაც შედეგად ვაჭრობის მნიშვნელოვანი განვითარება მოჰყვა. ხაზინა ივსებოდა კვიპროსზე მყოფ რომის ლეგიონთა და კუნძულის მფარველი ღვთაების, აფროდიტეს, თაყვანსაცემად მისულ პილიგრიმთა ხარჯზეც. შედეგად გაყვანილ იქნა ახალი გზები; აშენდა პორტები და საზოგადოებრივი დანიშნულების მდიდრული შენობები. ოფიციალურ ენად ბერძნული რჩებოდა და რომის იმპერატორის გარდა თაყვანს სცემდნენ აფროდიტეს, აპოლონსა და ზევსს. კუნძულის მოსახლეობა ფუფუნებაში ცხოვრობდა და საინტერესო სოციალური და კულტურული ცხოვრება ჰქონდათ.

ასეთი მდგომარეობა იყო კუნძულზე, როდესაც პავლე იქ ჩავიდა და ხალხს ქრისტეს შესახებ ასწავლიდა. მაგრამ მოციქულის ჩასვლამდე კვიპროსზე ქრისტიანობა უკვე იყო შეღწეული. „საქმეებში“ ნათქვამია, რომ მოწამებრივი სიკვდილით პირველი ქრისტიანის, სტეფანეს, მოკვლის შემდეგ ზოგი ქრისტიანი კვიპროსზე გაიქცა (საქმეები 11:19). ბარნაბა, პავლეს მეგობარი, წარმოშობით კვიპროსელი იყო. ის კარგად იცნობდა კუნძულს და, ცხადია, სამქადაგებლო მოგზაურობის დროს პავლეს შესანიშნავ მეგზურობას გაუწევდა (საქმეები 4:36; 13:2).

პავლეს მარშრუტის კვალდაკვალ

ადვილი არ არის კვიპროსზე პავლეს მოგზაურობის მარშრუტის აღდგენა. მაგრამ დღეს არქეოლოგებმა საკმაოდ ზუსტად აღადგინეს რომაელების მმართველობის პერიოდში არსებული მშვენიერი საგზაო ქსელის სქემა. დღესაც კი კუნძულის ლანდშაფტის გამო მთავარი მაგისტრალები იმავე გზებზეა გაყვანილი, რომლებზეც ერთ დროს პირველი მისიონერები დადიოდნენ.

პავლე, ბარნაბა და მარკოზად წოდებული იოანე სელევკიიდან სალამინში წავიდნენ. რატომ სალამინში, როდესაც მთავარი საზღვაო პორტი პაფოსი იყო? პირველ რიგში იმიტომ, რომ სალამინი აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა და სელევკიიდან, რომელიც კონტინენტზე მდებარეობდა, 200-ოდე კილომეტრით იყო დაშორებული. გარდა ამისა, თუმცა რომაელების მმართველობის დროს დედაქალაქი სალამინიდან პაფოსში გადაიტანეს, სალამინი კვლავაც რჩებოდა კუნძულის კულტურის, განათლებისა და სავაჭრო ცენტრად. სალამინში საკმაოდ ბევრი იუდეველი ცხოვრობდა და მისიონერებმაც დაიწყეს ‘ღვთის სიტყვის ქადაგება იუდეველთა სინაგოგებში’ (საქმეები 13:5).

სალამინისგან დღეს მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. მაგრამ არქეოლოგიური გათხრების შედეგები ქალაქის ყოფილ დიდებასა და სიმდიდრეზე მოწმობს. იქაური ბაზარი — პოლიტიკური და რელიგიური ცხოვრების ცენტრი — როგორც ჩანს, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში უდიდესი რომაული აგორა [მოედანი] იყო. ნანგრევებში, რომლებიც ავგუსტუსის დროით თარიღდება, იპოვეს საოცრად რთული მოხატულობის მქონე მოზაიკური იატაკი; აგრეთვე გიმნაზიები, საოცარი აბანოები, სტადიონი და ამფითეატრი, დიდებულთა სამარხები და უზარმაზარი თეატრი, რომელიც 15 000 მაყურებელს იტევდა. მახლობლად აღმოაჩინეს ზევსის დიდებული ტაძრის ნანგრევები.

ზევსმა ვერ იხსნა ქალაქი მიწისძვრების შედეგად გაპარტახებისგან. ძვ. წ. 15 წელს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ თითქმის მთლიანად დაანგრია სალამინი, თუმცა მოგვიანებით ავგუსტუსმა ქალაქი აღადგინა. ახ. წ. 77 წელს ის ისევ დაანგრია მიწისძვრამ და კვლავ იქნა აღდგენილი. IV საუკუნეში სალამინი მიწისძვრათა სერიის შედეგად დაინგრა და მას შემდეგ ქალაქს არასოდეს დაბრუნებია ყოფილი დიდება. შუა საუკუნეებისთვის მისი პორტი შლამმა გადაფარა და გაუკაცრიელდა.

ცნობილი არ არის, როგორ გამოეხმაურნენ სალამინელები პავლეს ქადაგებას, მაგრამ ვიცით, რომ მოციქულმა სხვა რეგიონებსაც ამცნო სახარება. სალამინიდან წამოსვლისას მისიონერები არჩევნის წინაშე დადგნენ; მათ შეეძლოთ სამი ძირითადი მიმართულებით აეღოთ გეზი. პირველი გზა იყო ჩრდილოეთ სანაპიროზე კირენიის მთიანი რეგიონის გავლით; მეორე — დასავლეთით მესაორეის ვაკის გავლით, რომელსაც კუნძულის საკმაოდ დიდი ტერიტორია ეკავა და მესამე — სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ.

როგორც ამბობენ, პავლემ მესამე გზა აირჩია, რომელიც წითელმიწა, გამორჩეულ, ნაყოფიერ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე გადის; მიდის სალამინიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 50 კილომეტრის მანძილზე მდებარე ქალაქ ლარნაკამდე, შემდეგ კი კუნძულის შიგნით ჩრდილოეთისკენ მიემართება.

„მთელი კუნძული მოიარეს“

ცოტა ხანში ამ გზას ძველ ქალაქ ლედრასთან მიჰყავდა მგზავრი. დღეს ამ ადგილზე კვიპროსის თანამედროვე დედაქალაქი ნიქოზია მდებარეობს. ძველი ქალაქ-სამეფოსგან არაფერი დარჩენილა. მაგრამ XVI საუკუნეში აგებული ვენეციური გალავნით გარშემორტყმული ნიქოზიის ცენტრში არის ერთი — ყოველთვის ხალხმრავალი და ვიწრო — ქუჩა, რომელსაც ლედრას ქუჩა ეწოდება. ჩვენთვის ცნობილი არ არის, ეწვია პავლე ლედრას თუ არა. ბიბლია მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ მისიონერებმა „მთელი კუნძული მოიარეს“ (საქმეები 13:6). ერთ-ერთი ნაშრომის თანახმად, ამ სიტყვებში „შესაძლებელია ის იგულისხმება, რომ [პავლე] ეწვია კვიპროსის თითქმის ყველა ებრაულ დასახლებას“ (The Wycliffe Historical Geography of Bible Lands).

ცხადია, პავლეს სურდა, რაც შეიძლება მეტი კვიპროსელისთვის ექადაგა. ამიტომ, როგორც ჩანს, მოციქული სამხრეთის გზით, ლედრადან ამატუსისა და კურიონის — ორი დიდი კოსმოპოლიტური, მდიდარი ქალაქის — გავლით წავიდა.

კურიონი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა, მთის ქედზე მდებარე ქალაქი იყო. ამ ქედის კლდოვანი ფერდები თითქმის ვერტიკალურად ეშვებოდა ზღვაში. ეს მნიშვნელოვანი ბერძნულ-რომაული ქალაქიც დააზიანა იმავე მიწისძვრამ, რომელმაც ახ. წ. 77 წელს სალამინი დაანგრია. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს აპოლონისადმი მიძღვნილი დიდი ტაძრის ნანგრევები, რომელიც სავარაუდოდ ახ. წ. 100 წლით თარიღდება. ნახეს აგრეთვე სტადიონი, რომელიც 6 000 მაყურებელს იტევდა. კურიონის მრავალი მოქალაქე ფუფუნებით ცხოვრობდა, რაზეც მეტყველებს ვილებშიც კი ბრწყინვალე მოზაიკით შემკული იატაკების არსებობა.

პაფოსი

კურიონიდან გზა დასავლეთისკენ, ვაზით განთქმული რაიონის გავლით მიემართება. გზა თანდათანობით მაღლა ადის, სრულიად მოულოდნელად კი, მკვეთრად დაბლა ეშვება და კლდეებში მიიკლაკნება მანამ, სანამ კენჭებით დაფარულ ნაპირზე დაეშვება. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სწორედ აქ შობა ზღვამ ღვთაება აფროდიტე.

კვიპროსზე აფროდიტე ბერძნულ ღვთაებათაგან ყველაზე პატივდებული იყო და ახ. წ. II საუკუნემდე მას მხურვალედ სცემდნენ თაყვანს. პაფოსი ამ ღვთაების თაყვანისმცემლობის ცენტრად ითვლებოდა. ყოველ გაზაფხულს იქ დიდი დღესასწაული იმართებოდა მის განსადიდებლად. დღესასწაულის აღსანიშნავად ამ ქალაქში პილიგრიმები ჩადიოდნენ მცირე აზიიდან, ეგვიპტიდან, საბერძნეთიდან და, თქვენ წარმოიდგინეთ, სპარსეთიდანაც კი. კვიპროსზე პტოლემეების დინასტიის მმართველობის დროს იქაურები ფარაონებისადმი თაყვანისმცემლობას გაეცნენ. არსინოია, პტოლემე II-ის მეუღლე, აფროდიტეს თაყვანისმცემელი გახდა.

პაფოსი კვიპროსის რომაული დედაქალაქი და პროკონსულის რეზიდენცია იყო. იქ იჭრებოდა სპილენძის მონეტებიც. ძვ. წ. 15 წელს ეს ქალაქიც მიწისძვრამ დაანგრია და, ისევე როგორც სალამინის შემთხვევაში, ავგუსტუსმა მის აღსადგენადაც გამოყო თანხები. გათხრების შედეგად დადგენილ იქნა, რომ პირველ საუკუნეში პაფოსი მდიდარი ქალაქი იყო. ამ ქალაქს ამშვენებდა ფართო ქუჩები, მდიდრულად შემკული ვილები, სამუსიკო სკოლები, გიმნაზიები და ამფითეატრი.

ასეთ პაფოსს ეწვივნენ პავლე, ბარნაბა და მარკოზად წოდებული იოანე; პაფოსს, სადაც ჯადოქარ ელიმას დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, პროკონსულ სერგის-პავლეს, ‘გონიერ კაცს’, „სურდა მოესმინა ღვთის სიტყვა“. პროკონსული ‘განცვიფრებული იყო უფლის მოძღვრებით’ (საქმეები 13:6—12).

კვიპროსზე სამქადაგებლო საქმიანობის წარმატებით დასრულების შემდეგ მისიონერებმა მსახურება მცირე აზიაში განაგრძეს. პავლეს პირველი მისიონერული მოგზაურობა ჭეშმარიტი ქრისტიანობის გავრცელებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ერთ-ერთ წიგნში ამ მოგზაურობას „ქრისტიანული მისიონერული მოღვაწეობისა და . . . პავლეს მისიონერული საქმიანობის დასაწყისი“ ეწოდა. მასში აგრეთვე ნათქვამი იყო: „კვიპროსი საზღვაო გზების გზაჯვარედინზე მდებარეობს. ამ გზებს მოგზაური მიჰყავს სირიაში, მცირე აზიასა და საბერძნეთში. ამიტომაც ეს კუნძული, როგორც ჩანს, აუცილებლად უნდა გამხდარიყო მისიონერული მოგზაურობის საწყისი წერტილი“ (St. Paul’s Journeys in the Greek Orient). მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ოცი საუკუნის შემდეგ ქრისტიანული მისიონერული მსახურება კვლავაც მიმდინარეობს და მართლაც შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვას სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობამ პირდაპირი გაგებით მიაღწია „ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:8).

[რუკები 20 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

კვიპროსი

ნიქოზია (ლედრა)

სალამინი

პაფოსი

კურიონი

ამატუსი

ლარნაკა

კირენიის ქედი

მესაორეის ვაკე

ტროოდოსის ქედი

[სურათი 21 გვერდზე]

სულიწმიდით ავსებულმა პავლემ პაფოსში ყოფნისას ჯადოქარი ელიმა დააბრმავა.