წერილი ნოეს
წერილი ნოეს
„ძვირფასო ნოე, ბიბლიაში არაერთხელ წამიკითხავს თქვენ შესახებ და იმის თაობაზე, თუ როგორ ააგეთ კიდობანი, რომლის საშუალებითაც წყალდიდობას გადაურჩით თქვენ და თქვენი ოჯახი“.
ასე იწყებოდა 15 წლის გოგონას, მინნამარიას წერილი. ის მონაწილეობას იღებდა 14-დან 21 წლამდე ასაკის მოსწავლეთა კონკურსში. კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ ფინეთის საფოსტო სამსახური, ფინური ენის მასწავლებელთა ფედერაცია და ფინური ლიტერატურის საზოგადოება. კონკურსში მონაწილეებს რომელიმე წიგნის საფუძველზე წერილი უნდა დაეწერათ. წერილის ადრესატი შეიძლებოდა ყოფილიყო წიგნის ავტორი ან მისი რომელიმე პერსონაჟი. მასწავლებლებმა 1 400-ზე მეტი წერილი აარჩიეს და ჟიურის გადაუგზავნეს. ერთი წერილი საუკეთესოდ იქნა მიჩნეული, ათს — მეორე ადგილი მიაკუთვნეს და ათსაც — მესამე. მინნამარია მოხარული იყო იმით, რომ მისმა წერილმა მესამე ადგილი აიღო.
რატომ წერდა მინნამარია, მოზარდი მოსწავლე, წერილს ნოეს — კაცს, რომელიც დაახლოებით 5 000 წლის წინათ ცხოვრობდა? გოგონა ამბობს: „პირველი წიგნი, რომელიც თავში მომივიდა, ბიბლია იყო. ძალიან კარგად ვარ გაცნობილი ბიბლიურ პერსონაჟებს. მათ შესახებ იმდენი წამიკითხავს, რომ ისინი თითქმის ცოცხლები არიან ჩემთვის. ნოე იმიტომ ავირჩიე, რომ მისი ცხოვრება ძალიან საინტერესო და ჩემი ცხოვრებისგან განსხვავებული იყო“.
მინნამარიას მიერ ნოესთვის მიწერილი წერილი ასე მთავრდება: „თქვენ დღემდე რწმენისა და მორჩილების მაგალითი ხართ. თქვენი ცხოვრების მაგალითი ბიბლიის ყველა მკითხველს აღძრავს, რწმენის შესაბამისად მოიქცეს“.
საღვთო წერილის ამ ახალგაზრდა მკითხველის წერილი თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ ბიბლია ნამდვილად ‘ცოცხალია’ და ‘მოქმედებს’ ხალხზე, განურჩევლად იმისა, ახალგაზრდები არიან თუ ხანდაზმულები (ებრაელთა 4:12).