არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„არ გაუქმდება . . . ზაფხული და ზამთარი“

„არ გაუქმდება . . . ზაფხული და ზამთარი“

იეჰოვას ქმნილებათა დიდებულება

„არ გაუქმდება . . . ზაფხული და ზამთარი“

მზე თავისი მცხუნვარებით უდაბნოს წვავს, დედამიწის სხვა ნაწილს კი ცივი ზამთრის შემდეგ ათბობს. დიახ, მზის მცხუნვარება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც კლიმატისა და სეზონების ცვლილებას განაპირობებს.

მართალია, წელიწადის დროები ყველგან ერთნაირი არაა, მაგრამ მაინც: რა გავლენას ახდენს ისინი თქვენზე? განიჭებთ სიამოვნებას გამომაცოცხლებელი გაზაფხული, ხეებისა და ყვავილების გამოღვიძება? როგორ მოქმედებს თქვენზე ზაფხულის მშვიდი საღამოები? ტკბებით შემოდგომის სასიამოვნო დღეებითა და ფერშეცვლილ ფოთოლთა თვალისმომჭრელი სილამაზით? გამშვიდებთ დათოვლილი ტყის ყურება?

რით არის განპირობებული წელიწადის დროების შენაცვლება? მოკლედ რომ ვთქვათ, დედამიწის დახრილობით. ჩვენი პლანეტის ბრუნვის ღერძი ორბიტის სიბრტყისადმი პერპენდიკულარული მიმართულებიდან დაახლოებით 23, 5 გრადუსით არის გადახრილი. დედამიწის ღერძი გადახრილი რომ არ ყოფილიყო, წელიწადის დროები არ იარსებებდა. კლიმატი ყოველთვის ერთნაირი იქნებოდა, რაც გავლენას იქონიებდა ფლორასა და მცენარეთა ზრდის ციკლზე.

წელიწადის დროების ცვლაში შემოქმედის ხელს ვხედავთ. იეჰოვა ღმერთის შესახებ ფსალმუნმომღერალმა მართებულად აღნიშნა: „შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე“ (ფსალმუნები 73:17) *.

დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისთვის ციური სხეულები წელიწადის დროის განმსაზღვრელი უტყუარი მაჩვენებლებია. მზის სისტემის შექმნისას ღმერთმა თქვა: „იყვნენ მნათობნი ცის მყარზე . . . და იყვნენ ისინი ნიშნებად, რომ აღნიშნონ წელიწადის დრონი, დღენი და წელნი“ (დაბადება 1:14). წლის განმავლობაში დედამიწა თავის ორბიტაზე ორჯერ იკავებს ისეთ მდებარეობას, რომ მზე შუადღისას ზუსტად ეკვატორის თავზე ექცევა. ამ მოვლენას ბუნიობა ეწოდება და ბევრ ქვეყანაში ის გაზაფხულისა და შემოდგომის დადგომის აღმნიშვნელად მიიჩნევა. ბუნიობის განმავლობაში დღისა და ღამის ხანგრძლივობა მთელ დედამიწაზე თითქმის თანაბარია.

წელიწადის დროების არსებობა და მონაცვლეობა მხოლოდ ციური სხეულების მოძრაობასა და მდებარეობასთან როდია დაკავშირებული. წელიწადის დროები, კლიმატი და ამინდი ქმნის კომპლექსურ სისტემას, რომელიც სიცოცხლის შენარჩუნებას უწყობს ხელს. პავლე მოციქულმა და მისმა თანამსახურმა ბარნაბამ მცირე აზიის მცხოვრებლებს, რომელთა უმრავლესობისთვის კარგად ნაცნობი იყო სოფლის მეურნეობა, უთხრეს, რომ სწორედ ღმერთი ‘აძლევდა მათ წვიმას, ნაყოფის მომცემ დროებს და საზრდოთი და სიხარულით უვსებდა გულებს’ (საქმეები 14:14—17).

სასწაულებრივი პროცესი, როგორიცაა ფოტოსინთეზი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედამიწაზე მცენარეების და ზღვაში ფიტოპლანქტონის სასიცოცხლო პროცესებში. ამის გამო, კვების ჯაჭვები და ბიოლოგიური მრავალფეროვნება ამინდსა და კლიმატზეა დამოკიდებული. პავლემ მართებულად აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს იეჰოვამ მისცა დასაბამი: „მიწა, რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანილს, სასარგებლოა მათთვის, ვისთვისაც მუშავდება — იგი ღვთისგან ღებულობს კურთხევას“ (ებრაელთა 6:7).

სიტყვა „კურთხევას“ სრულიად სხვაგვარად აღვიქვამთ, თუ დავფიქრდებით, რა ხდება იმ მხარეებში, სადაც გაზაფხულს ტემპერატურის დარეგულირება, დღეების საგრძნობლად გაზრდა, მზიანი ამინდები და სასიამოვნო წვიმები მოჰყვება. ამ დროს ყვავილები იშლება, ხოლო მწერები ზამთრის თავშესაფრიდან გამოდიან და მზად არიან მათ დასამტვერად. ჩიტები, მაგალითად ამერიკული ლურჯი ჩხიკვები, რომლებსაც სურათზე ხედავთ, ტყეებს თავიანთი სილამაზით ამშვენებენ, სიმღერის ხმით ალამაზებენ და აცოცხლებენ გარემოს. სიცოცხლის რიტმი ჩქარდება და ცოცხალი ორგანიზმები კვლავ ზრდისა და გამრავლების ციკლს უბრუნდებიან (ქებათა ქება 2:12, 13). ამას კი გვიან ზაფხულზე ან შემოდგომაზე მოსავლის აღების პერიოდი მოჰყვება (გამოსვლა 23:16).

იეჰოვას სასწაულებრივი საქმეების შესანიშნავი მაგალითია ის, თუ როგორ დააყენა მან დედამიწის ღერძი, რაც დღისა და ღამის, წელიწადის დროების და თესვისა და მკის მონაცვლეობას განაპირობებს. არასდროს გვეპარება ეჭვი იმაში, რომ ზაფხულს თავის დროზე შეცვლის ზამთარი. დიახ, იეჰოვა პირობას იძლევა: „ვიდრე დედამიწა იქნება, არ გაუქმდება თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, და დღე და ღამე!“ (დაბადება 8:22).

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 იხილეთ „იეჰოვას მოწმეების 2004 წლის კალენდარი“, ივლისი/აგვისტო.

[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]

სიცოცხლის არსებობისთვის მნიშვნელოვანი თანამგზავრი

საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს ხიბლავს და აოცებს მთვარე. მაგრამ იცოდით, რომ ის დიდ გავლენას ახდენს წელიწადის დროებზე? მთვარე ხელს უწყობს დედამიწის ბრუნვის ღერძის დახრილობის სტაბილურობას. ეს კი მეცნიერ ენდრიუ ჰილის სიტყვების თანახმად, „მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედამიწაზე სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების შექმნაში“. დედამიწას რომ არ ჰყოლოდა დიდი ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც ჩვენი პლანეტის ღერძის დახრილობის სტაბილურობას განაპირობებს, ტემპერატურა აიწევდა და დედამიწაზე შეუძლებელი იქნებოდა სიცოცხლე. ასტრონომთა ერთი ჯგუფი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მთვარე შეიძლება დედამიწაზე კლიმატის დამარეგულირებლად ჩაითვალოს (ფსალმუნები 103:19).

[საავტორო უფლება]

Moon: U.S. Fish & Wildlife Service, Washington, D.C./Bart O’Gara

[სურათი 9 გვერდზე]

აქლემები, ჩრდილოეთი აფრიკა და არაბეთის ნახევარკუნძული.