არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„უფლის რჯულშია“ თქვენი მისწრაფება?

„უფლის რჯულშია“ თქვენი მისწრაფება?

„უფლის რჯულშია“ თქვენი მისწრაფება?

‘ნეტარია კაცი, რომლის მისწრაფებაც უფლის რჯულშია’ (ფსალმუნები 1:1, 2).

1. რატომ ვართ იეჰოვას მსახურები ბედნიერები?

იეჰოვა მხარს გვიჭერს და გვაკურთხებს თავის ერთგულ მსახურებს. მართალია ცხოვრებაში მრავალ სირთულეს ვხვდებით, მაგრამ, ამავე დროს, ბედნიერებიც ვართ. და ეს სულაც არაა გასაკვირი, რადგან ჩვენ „ბედნიერ ღმერთს“ ვემსახურებით და მისი სულიწმიდა გულებში სიხარულს გვინერგავს (1 ტიმოთე 1:11, აქ; გალატელთა 5:22). სიხარული ჭეშმარიტი ბედნიერების განცდაა, რაც რაღაც კარგის მოლოდინით ან მიღებით არის გამოწვეული. ჩვენი ზეციერი მამა კი ნამდვილად გვაძლევს მრავალგვარ „კეთილ საბოძვარს“ (იაკობი 1:17). ამიტომაც გასაოცარი არაფერია იმაში, რომ ბედნიერები ვართ!

2. რომელ ფსალმუნებს განვიხილავთ?

2 ბედნიერებაზე განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ფსალმუნებში. ამის კარგი მაგალითია 1-ლი და მე-2 ფსალმუნები. იესო ქრისტეს პირველი მიმდევრები მე-2 ფსალმუნს ისრაელის მეფეს, დავითს, მიაკუთვნებდნენ (საქმეები 4:25, 26). ფსალმუნმომღერალი, რომლის სახელიც პირველ ფსალმუნში მოხსენიებული არაა, ღვთის სულით შთაგონებულ სიმღერას შემდეგი სიტყვებით იწყებს: „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას“ (ფსალმუნები 1:1). ამ და მომდევნო სტატიაში ვნახავთ, სიხარულის რა მიზეზებია ჩამოთვლილი 1-ლ და მე-2 ფსალმუნებში.

ბედნიერების საიდუმლო

3. ფსალმუნების 1:1-ის თანახმად, რომელი მიზეზების გამოა ბედნიერი ადამიანი, რომელიც ღმერთს ემსახურება?

3 პირველ ფსალმუნში ნაჩვენებია, თუ რატომ არის ბედნიერი ადამიანი, რომელიც ღმერთს ემსახურება. ფსალმუნმომღერალი ასეთი ბედნიერების რამდენიმე მიზეზს იხსენიებს: «ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას, და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა [„დამცინავთა“, აქ] საკრებულოში» (ფსალმუნები 1:1).

4. რა მხრივ მოგვცეს მისაბაძი მაგალითი ზაქარიამ და ელისაბედმა?

4 ჭეშმარიტად ბედნიერები რომ ვიყოთ, აუცილებელია იეჰოვას სამართლიან მოთხოვნებს ვასრულებდეთ. ზაქარია და ელისაბედი, რომლებსაც წილად ხვდათ პატივი, იოანე ნათლისმცემლის მშობლები გამხდარიყვნენ, „მართლები იყვნენ ღვთის წინაშე, უბიწოდ იქცეოდნენ უფლის ყოველი მცნებითა და წესდებით“ (ლუკა 1:5, 6). ბედნიერები ვიქნებით იმ შემთხვევაში, თუ მათ მსგავსად მოვიქცევით და უარს ვიტყვით ‘უღმრთოთა რჩევის მიყოლაზე’, ანუ არ ვიხელმძღვანელებთ რჩევებით, რომლებიც ღვთის ნორმებს ეწინააღმდეგება.

5. რა დაგვეხმარება იმაში, რომ „ცოდვილთა გზას“ მოვერიდოთ?

5 უღმრთოთა აზროვნებას თუ უარვყოფთ, ‘ცოდვილთა გზას არ დავადგებით’. პირდაპირი გაგებით, არ ვივლით იქ, სადაც ისინი დადიან, ანუ მოვერიდებით უზნეო გართობის მოყვარულთა თავშეყრის ადგილებს, რომლებსაც საეჭვო რეპუტაცია აქვს. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ცდუნება გვაქვს, ურწმუნოებს შევუერთდეთ ისეთ საქციელში, როგორსაც ბიბლია გმობს? ასეთ შემთხვევაში უნდა ვილოცოთ და ღმერთს ვთხოვოთ დახმარება, რათა შევძლოთ პავლე მოციქულის რჩევის მიყოლა: „ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა საერთო აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს ბნელთან?“ (2 კორინთელთა 6:14). თუ ღმერთს მივენდობით და „გულით სუფთანი“ ვიქნებით, მაშინ უარვყოფთ „ცოდვილთა“ თვალსაზრისს, მათი ცხოვრების წესს, სუფთა მოტივებითა და სურვილებით ვიქნებით აღძრულნი და „უთვალთმაქცო რწმენას“ შევინარჩუნებთ (მათე 5:8; 1 ტიმოთე 1:5, აქ).

6. რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად დამცინავებთან დაკავშირებით?

6 იეჰოვას მოსაწონად რომ მოვიქცეთ, ნამდვილად ‘არ უნდა ვისხდეთ დამცინავთა საკრებულოში’. ზოგი თვითონ ღვთისმოშიშებას დასცინის, მაგრამ ამ „უკანასკნელ დღეებში“ განსაკუთრებით გესლიანი დამცინავები ყოფილი ქრისტიანები — განდგომილები — არიან. პეტრე მოციქული თანამორწმუნეებს შემდეგ გაფრთხილებას აძლევდა: „საყვარელნო . . . უპირველესად იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან. ამბობენ: სად არის მისი მოსვლის აღთქმაო? რადგან მას შემდეგ, რაც მიიცვალნენ მამები, ყოველივე უცვლელად რჩება დასაბამიდან მოყოლებული“ (2 პეტრე 3:1—4). თუ არასდროს ‘დავსხდებით დამცინავთა საკრებულოში’, თავს არ დაგვატყდება ის უბედურება, რომელსაც ისინი ვერ გაექცევიან (იგავები 1:22—27).

7. რატომ უნდა ვიღოთ ყურად ფსალმუნების 1:1-ში ჩაწერილი სიტყვები?

7 პირველი ფსალმუნის შესავალი სიტყვები უყურადღებოდ რომ დაგვეტოვებინა, ადვილად დავკარგავდით სულიერობას, რომელიც ბიბლიის შესწავლის საშუალებით მოვიპოვეთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენი მდგომარეობა, ალბათ, სულ უფრო მეტად გაუარესდებოდა. ჩვენი უკანსვლა გარდაუვალი იქნებოდა, უღმრთოთა რჩევებს რომ მივყოლოდით. თანდათანობით შეიძლება ჩვევად გაგვეხადა მათთან ურთიერთობა. საბოლოოდ, შესაძლოა ყველაფერი იქამდეც მისულიყო, რომ ურწმუნო განდგომილი დამცინავებიც კი გავმხდარიყავით. ცხადია, უღმერთოებთან მეგობრობამ შეიძლება მათთვის დამახასიათებელი სული განგვივითაროს და დაგვაკარგვინოს იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობა (1 კორინთელთა 15:33; იაკობი 4:4). მოდი არასდროს დავუშვათ, რომ ასეთი რამ დაგვემართოს!

8. რა დაგვეხმარება სულიერ საკითხებზე ყურადღების გამახვილებაში?

8 ლოცვა დაგვეხმარება, რომ ყურადღება სულიერ საკითხებზე გადავიტანოთ და უღმერთოებთან მეგობრობას მოვერიდოთ. „არაფერზე იზრუნოთ, — დაწერა პავლემ, — მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“. მოციქულმა მოგვიწოდა, რომ ვიფიქროთ იმაზე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც საქებარია, რაც სათნო და ქებულია (ფილიპელთა 4:6—8). დაე გავითვალისწინოთ პავლეს რჩევა და არასდროს დავეცეთ უღვთოთა დონემდე.

9. მიუხედავად იმისა, რომ უღმრთოთა საქმეებს უარვყოფთ, როგორ ვცდილობთ ყველანაირი ადამიანის დახმარებას?

9 მართალია უღმრთოთა საქმეებს უარვყოფთ, მაგრამ ტაქტიანად ვქადაგებთ ურწმუნოებთან, ისევე როგორც პავლე მოციქული დაელაპარაკა რომაელ გამგებელ ფელიქსს „სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ განკითხვაზე“ (საქმეები 24:24, 25; კოლასელთა 4:6). სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ადამიანებს განურჩევლად ვაუწყებთ და თავაზიანად ვეპყრობით მათ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ‘მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილი ადამიანები’ მორწმუნეები გახდებიან და მათი მისწრაფებაც უფლის რჯულში იქნება (საქმეები 13:48, აქ).

უფლის რჯულშია მისი მისწრაფება

10. რა დაგვეხმარება პირადი შესწავლისას, რომ ნასწავლი დიდხანს დაგვრჩეს გულსა და გონებაში?

10 ბედნიერი ადამიანის აღწერას ფსალმუნმომღერალი შემდეგი სიტყვებით განაგრძობს: «უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს [„ხმადაბლა კითხულობს მის კანონს“, აქ] იგი დღედაღამ» (ფსალმუნები 1:2). ჩვენი, როგორც ღვთის მსახურების ‘მისწრაფება იეჰოვას რჯულშია’. ზოგჯერ, როცა საშუალება მოგვეცემა, პირადი შესწავლისა და ფიქრის დროს, შეგვიძლია „დაბალი ხმით“ წავიკითხოთ ანუ წარმოვთქვათ სიტყვები. ეს ბიბლიის ნებისმიერი მონაკვეთის კითხვისას დაგვეხმარება, რომ წაკითხული ღრმად ჩაგვებეჭდოს გულსა და გონებაში.

11. რატომ უნდა ვიკითხოთ ბიბლია „დღედაღამ“?

11 „ერთგული და გონიერი მონა“ მოგვიწოდებს, ყოველდღე ვიკითხოთ ბიბლია (მათე 24:45). ჩვენ ძლიერი სურვილი გვაქვს, რომ უკეთესად ჩავწვდეთ კაცობრიობისადმი მიმართული იეჰოვას ცნობის მნიშვნელობას. ამიტომაც კარგი იქნებოდა, რომ ბიბლია „დღედაღამ“ გვეკითხა — დიახ, თუნდაც მაშინ, როცა ამა თუ იმ მიზეზის გამო ძილი გვიტყდება. პეტრე შეგვაგონებს: „როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის“ (1 პეტრე 2:1, 2). თქვენც განიჭებთ სიამოვნებას დღისით ბიბლიის კითხვა და ღამით ღვთის სიტყვასა და განზრახვაზე ფიქრი? ფსალმუნმომღერალი ამაში სიამოვნებას ჰპოვებდა (ფსალმუნები 62:7).

12. რას გავაკეთებთ, თუ ჩვენი მისწრაფება იეჰოვას რჯულშია?

12 მარადიული ბედნიერებაა დამოკიდებული იმაზე, არის თუ არა უფლის რჯულში ჩვენი მისწრაფება. ის სრულყოფილი და სამართლიანია და დიდი ჯილდო მოჰყვება მის დაცვას (ფსალმუნები 18:8—12). მოწაფე იაკობმა დაწერა: „ვინც ჩაუკვირდება სრულყოფილ რჯულს თავისუფლებისას და ასე განაგრძობს, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარაა, არამედ საქმის მოქმედი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში“ (იაკობი 1:25). ჩვენი მისწრაფება თუ ნამდვილად იეჰოვას რჯულშია, ერთი დღეც არ გავა ისე, რომ სულიერ საკითხებს დრო არ გამოვუყოთ. დიახ, აღძრულები ვიქნებით, რომ ‘განვჭვრიტოთ ღვთის სიღრმეები’ და სამეფოს ინტერესები ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ (1 კორინთელთა 2:10—13; მათე 6:33).

იქნება დანერგილ ხესავით

13—15. რა გაგებით შეგვიძლია ვიყოთ წყლის ნაკადთან დარგულ ხესავით?

13 ფსალმუნმომღერალი ღვთისმოშიში ადამიანის აღწერას განაგრძობს და ამბობს: „იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი არ ჭკნება. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმუნები 1:3). სხვა არასრულყოფილი ადამიანების მსგავსად, იეჰოვას მსახურებსაც გვაქვს ცხოვრებაში სიძნელეები (იობი 14:1). შესაძლოა, გვდევნიან ან რწმენის გამო სხვა განსაცდელებს ვხვდებით (მათე 5:10—12). მაგრამ ღვთის დახმარებით შეგვიძლია გავუძლოთ და გავუმკლავდეთ ასეთ პრობლემებს, ისევე როგორც ჯანსაღი ხე უძლებს ძლიერ ქარებს.

14 გამოულეველ წყლის ნაკადთან დარგულ ხეს ვერ ახმობს სიცხე და გვალვა. ღვთისმოშიში ადამიანები თუ ვიქნებით, ძალას ყოველთვის მივიღებთ დაუშრეტელი წყაროდან — იეჰოვა ღმერთისგან. პავლე მოციქული ღმერთს მიმართავდა დახმარებისთვის და ამიტომაც შეეძლო ეთქვა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის [იეჰოვას] დახმარებით“ (ფილიპელთა 4:13, აქ). როცა იეჰოვას სულიწმიდა გვხელმძღვანელობს და სულიერად გვამტკიცებს, არ ვჭკნებით, უნაყოფოები არ ვხდებით და არ ვკვდებით სულიერად; ნაყოფიერები ვართ ღვთის მსახურებაში და მისი სულის ნაყოფსაც ვავლენთ (იერემია 17:7, 8; გალატელთა 5:22, 23).

15 როგორც ვხედავთ, ამ ფსალმუნში შედარებაა გამოყენებული. ფსალმუნმომღერალი ადარებს ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ, მაგრამ მსგავსი ნიშნის მქონე ქმნილებას. ადამიანები ხეებისგან საკმაოდ განსხვავდებიან, მაგრამ, როგორც ჩანს, წყლის ნაკადთან დარგული ხის ზრდა ფსალმუნმომღერალს იმ ადამიანის სულიერ წინსვლას აგონებს, რომლის ‘მისწრაფებაც უფლის რჯულშია’. ჩვენი სიცოცხლეც ხის სიცოცხლესავით გახანგრძლივდება, თუ ღვთის რჯულში იქნება ჩვენი მისწრაფება. დიახ, მარადიულადაც კი ვიცხოვრებთ (იოანე 17:3).

16. რატომ და როგორ ვართ ‘ყოველივეში წარმატებულნი’?

16 როცა ღვთისთვის მოსაწონად ვცხოვრობთ, ის გვეხმარება განსაცდელებისა და სირთულეების გადატანაში. შედეგად, სიხარულით, ნაყოფიერად ვემსახურებით მას (მათე 13:23; ლუკა 8:15). ‘ყოველივეში წარმატებულები ვართ’, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი იეჰოვას ნების შესრულებაა. იმის გამო, რომ მისი განზრახვა ყოველთვის სრულდება და ჩვენი მისწრაფება მის მცნებებშია, სულიერად უფრო და უფრო წინ მივიწევთ (დაბადება 39:23; იესო ნავეს ძე 1:7, 8; ესაია 55:11). და ეს ასე ხდება მაშინაც კი, როდესაც სირთულეებს ვხვდებით ცხოვრებაში (ფსალმუნები 111:1—3; 3 იოანე 2).

უღმრთოთა მოჩვენებითი კეთილდღეობა

17, 18. ა) რას ადარებს ფსალმუნმომღერალი უღმერთოებს? ბ) მაშინაც კი, თუ უღმერთონი შეძლებულად ცხოვრობენ, რატომ არ არის მათი კეთილდღეობა ხანგრძლივი?

17 რამდენად განსხვავდება უღვთოთა ხვედრი ღვთისმოშიშ ადამიანთა ხვედრისგან! უღვთონი შესაძლოა დროებით მატერიალურად უზრუნველყოფილნი არიან, მაგრამ მათთვის უცხოა სულიერი კეთილდღეობა. ეს კარგად ჩანს ფსალმუნმომღერლის შემდეგი სიტყვებიდან: „უღმერთონი ასე კი არ არიან, ბზეს წააგვანან ქარისაგან აღგვილს. ამიტომ ვერ წამოიმართებიან უღმერთონი სასამართლოში, ხოლო ცოდვილნი — მართალთა კრებულში“ (ფსალმუნები 1:4, 5). ყურადღება მიაქციეთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „უღმერთონი ასე . . . არ არიან“. ის გულისხმობს, რომ უღმერთონი არ არიან ღვთისმოშიში ადამიანებივით, რომელთა შესახებაც ეს-ეს არის თქვა, რომ ჰგვანან ნაყოფიერ ხეებს, რომლებიც დიდხანს ცოცხლობენ.

18 შესაძლოა უღმერთონი შეძლებულნი არიან, მაგრამ მათი კეთილდღეობა ხანგრძლივი ვერ იქნება (ფსალმუნები 36:16; 72:3, 12). ისინი იმ უგუნურ მდიდარ კაცს ჰგვანან, რომელიც იესომ იგავში მოიხსენია, როცა მას მემკვიდრეობის გაყოფასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. იესომ მსმენელებს უთხრა: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული“. მან ამ აზრის დასასაბუთებლად მოიყვანა იგავი მდიდარ კაცზე, რომელსაც იმდენად კარგი მოსავალი მოუვიდა, რომ მის დასაბინავებლად ძველი ბეღლების დანგრევა და ახლების აშენება გადაწყვიტა. შემდეგ კი, როგორც გეგმავდა, უნდა ესვა, ეჭამა და სიცოცხლით დამტკბარიყო. მაგრამ ღმერთმა მას უთხრა: „უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და, რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?“ ბოლოს იესომ დასძინა: „ისიც ასევეა, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება“ (ლუკა 12:13—21).

19, 20. ა) აღწერეთ, როგორ ლეწავდნენ და ანიავებდნენ ძველად პურეულს. ბ) რატომ არიან უღმერთონი შედარებული ბზეს?

19 ურწმუნოები ‘ღმერთში არ მდიდრდებიან’. ამიტომ მათი უსაფრთხოება და სტაბილურობა იმდენად მოჩვენებითია, რომ შედარებულნი არიან ბზეს — პურეულის ნამჯის ნალეწს. ძველად, მოსავლის აღების შემდეგ პურეულის ძნები კალოზე — დატკეპნილ და შემაღლებულ ადგილზე — მიჰქონდათ. იქ კი შინაურ ცხოველებს აბამდნენ კევრებში, რომლებსაც ძირი ბასრი ქვებით ან რკინის კბილებით ჰქონდა მოჭედილი, და მოსავალს ზედ გადაატარებდნენ, რათა თავთავები დაელეწათ და მარცვალი ნამჯისგან გამოეცალათ. შემდეგ ასანიავებლად, ანუ დალეწილი თავთავების ასაღებად და ნიავზე ასაყრელად, სპეციალურ ნიჩბებს იყენებდნენ (ესაია 30:24). ანიავებისას მარცვალი ისევ ადგილზე ეცემოდა, მაშინ როცა ნიავი ნამჯას გვერდზე ყრიდა და ბზეს ფანტავდა (რუთი 3:2). მას შემდეგ, რაც მარცვლეულს კენჭების მოსაშორებლად და სხვაგვარად გასასუფთავებლად ცხრილში გაატარებდნენ, მოსავალი დასაბინავებლად ან დასაფქვავად მზად იყო (ლუკა 22:31). ბზე კი ამ დროს უკვე უკვალოდ იყო გაფანტული.

20 როგორც პურის მარცვალი ეცემოდა მიწაზე და ინახებოდა, ხოლო ბზეს ქარი ფანტავდა, ისევე ღვთისმოშიში ადამიანები დარჩებიან დედამიწაზე, ხოლო უღმერთონი მიწის პირისგან აღიგვებიან. ნამდვილად სასიხარულოა ის, რომ ასეთი ბოროტმოქმედნი სამუდამოდ მოისპობიან. ეს დიდ კურთხევებს მოუტანს ყველას, ვისი მისწრაფებაც იეჰოვას რჯულშია. ღვთის მორჩილი ადამიანები საბოლოოდ ღვთის ძღვენით — მარადიული სიცოცხლით — იქნებიან კურთხეულნი (მათე 25:34—46; რომაელთა 6:23).

„მართალთა გზა“, რომელსაც კურთხევები მოაქვს

21. როგორ ‘უწყის უფალმა მართალთა გზა’?

21 პირველი ფსალმუნი შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „რადგან უფალმა უწყის მართალთა გზა, უღმერთოთა გზა კი წარიხვეტება“ (ფსალმუნები 1:6). როგორ ‘უწყის უფალმა მართალთა გზა’? როცა სიმართლის გზაზე დავდივართ, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა ხედავს, როგორ ვცდილობთ მისთვის მოსაწონად ცხოვრებას და, როგორც თავის მსახურებს, კეთილგანწყობილებით გვიყურებს. ჩვენი მხრივ კი შეგვიძლია, და გვმართებს კიდეც, ყოველგვარი საზრუნავი მას მივანდოთ და გვწამდეს, რომ ის ზრუნავს ჩვენზე (ეზეკიელი 34:11; 1 პეტრე 5:6, 7).

22, 23. რა დაემართებათ უღმერთოებს და მართალ ადამიანებს?

22 „მართალთა გზა“ სამუდამოდ დარჩება, გამოუსწორებელი უღმრთონი კი იეჰოვას გარდაუვალი სამსჯავროს დღეს აღიგვებიან. მათი „გზაც“, ანუ ცხოვრების წესი, მათთან ერთად გაქრება. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ დავითის სიტყვების ჭეშმარიტებაში: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით. მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნები 36:10, 11, 29).

23 რა ბედნიერები ვიქნებით, თუ შესაძლებლობა მოგვეცემა, ვიცხოვროთ სამოთხეში დედამიწაზე, სადაც უღმერთონი აღარ იქნებიან! თავმდაბალი და მართალი ადამიანები მაშინ ჭეშმარიტი მშვიდობით დატკბებიან, რადგან ყოველთვის „უფლის რჯულში“ იქნება მათი მისწრაფება. მანამდე კი უნდა განხორციელდეს «უფლის კანონმდებლობა [„ბრძანება“, აქ]» (ფსალმუნები 2:7ა). მომდევნო სტატია დაგვანახვებს, თუ რა არის ეს ბრძანება და რას მოგვიტანს ის ჩვენ და მთელ კაცობრიობას.

როგორ უპასუხებდით?

• რატომ არის ღვთისმოშიში ადამიანი ბედნიერი?

• რა ცხადყოფს იმას, რომ იეჰოვას რჯულშია ჩვენი მისწრაფება?

• რით შეიძლება ადამიანი ჰგავდეს ხეს, რომელიც კარგად ირწყვება?

• როგორ განსხვავდება მართალთა გზა უღმერთოთა გზისგან?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 11 გვერდზე]

ლოცვა დაგვეხმარება, რომ მოვერიდოთ უღმერთოებთან ურთიერთობას.

[სურათი 12 გვერდზე]

რით ჰგავს მართალი ადამიანი ხეს?