იეჰოვა თავის დიდებას თავმდაბლებს უმჟღავნებს
იეჰოვა თავის დიდებას თავმდაბლებს უმჟღავნებს
„თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლე მოაქვს“ (იგავები 22:4, აქ).
1, 2. ა) როგორ გვიჩვენებს წიგნი „საქმეები“, რომ სტეფანე „რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი“ იყო? ბ) რა ამტკიცებს, რომ სტეფანე თავმდაბალი იყო?
სტეფანე „რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი“ იყო. მას აგრეთვე „მადლით და ძალით აღსავსე“ ადამიანად იცნობდნენ. სტეფანე, როგორც იესოს ერთ–ერთი მოწაფე, ხალხში დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა. ერთხელ ზოგიერთებმა კამათი დაუწყეს მას, მაგრამ „ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა“ (საქმეები 6:5, 8—10). როგორც ჩანს, სტეფანე ღვთის სიტყვის გულმოდგინე შემსწავლელი იყო და დახელოვნებულად იცავდა წმინდა წერილებს მის დღეებში მცხოვრები იუდეველი რელიგიური წინამძღოლების წინაშე. სტეფანეს საფუძვლიანი ქადაგება, რის შესახებაც წიგნ „საქმეების“ მე–7 თავშია მოთხრობილი, ცხადყოფს, რომ ის ძლიერ იყო დაინტერესებული იმით, თუ როგორ მჟღავნდებოდა თანდათანობით ღვთის განზრახვა.
2 რელიგიური წინამძღოლებისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთი მდგომარეობისა და ცოდნის გამო უბრალო ხალხს ზემოდან დაჰყურებდნენ, სტეფანე თავმდაბალი იყო (მათე 23:2—7; იოანე 7:49). თუმცა სტეფანემ კარგად იცოდა საღვთო წერილები, ის მოხარული იყო, ‘სუფრებს მომსახურებოდა’, რათა ამის შედეგად მოციქულებს საშუალება მისცემოდათ, ‘ლოცვისა და სიტყვის მსახურებისთვის’ მიეძღვნათ თავი. სტეფანე კარგი რეპუტაციით სარგებლობდა ძმებს შორის და სწორედ ამიტომ აირჩიეს სხვა ექვს სანდო მამაკაცთან ერთად ყოველდღიური საკვების გასანაწილებლად. სტეფანემ თავმდაბლურად მიიღო ეს დავალება (საქმეები 6:1—6).
3. რა განსაკუთრებული სახით გამოსცადა სტეფანემ საკუთარ თავზე ღვთის წყალობა?
3 იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია სტეფანეს მიერ გამოვლენილი თავმდაბლობა, სულიერობა და ერთგულება. როდესაც სტეფანე სინედრიონში მტრულად განწყობილი იუდეველი რელიგიური წინამძღოლების წინაშე ქადაგებდა, მისი მოწინააღმდეგეები ხედავდნენ „მის სახეს, როგორც ანგელოზის სახეს“ (საქმეები 6:15). ის სახის გამომეტყველებით ანგელოზს, ღვთის მაცნეს, ჰგავდა და მის სახეზე ირეკლებოდა დიდების ღმერთისგან, იეჰოვასგან, მომდინარე მშვიდობა. მას შემდეგ, რაც სტეფანემ სინედრიონის წევრების წინაშე გაბედულად დაამოწმა, განსაკუთრებულად გამოსცადა საკუთარ თავზე ღვთის წყალობა. „მან, აღსავსემ სულიწმიდით, ახედა ცას და დაინახა ღვთის დიდება და ღვთის მარჯვნივ მდგარი იესო“ (საქმეები 7:55). ეს გასაოცარი ხილვა სტეფანესთვის კიდევ ერთი მტკიცება იყო იმისა, რომ იესო ღვთის ძე და მესია იყო. ამან განამტკიცა თავმდაბალი სტეფანე და დაარწმუნა იმაში, რომ ღვთის კეთილგანწყობით სარგებლობდა.
4. ვის უმჟღავნებს იეჰოვა თავის დიდებას?
4 როგორც სტეფანეს მიერ ნანახი ხილვა აჩვენებს, იეჰოვა თავის დიდებასა და განზრახვას უმჟღავნებს ღვთისმოშიშ ადამიანებს, რომლებიც თავმდაბლები არიან და აფასებენ ღმერთთან ურთიერთობას. „თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლე მოაქვს“ (იგავები 22:4). ამიტომ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რას ნიშნავს ნამდვილი თავმდაბლობა, როგორ შეგვიძლია ამ მნიშვნელოვანი თვისების განვითარება და რა სარგებლობას მოგვიტანს მისი გამოვლენა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.
თავმდაბლობა — ღვთის დამახასიათებელი თვისება
5, 6. ა) რა არის თავმდაბლობა? ბ) როგორ ავლენს იეჰოვა თავმდაბლობას? გ) როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე იეჰოვას თავმდაბლობამ?
5 შეიძლება ზოგისთვის გასაკვირი იყოს, რომ იეჰოვა ღმერთი, უზენაესი და უდიდებულესი პიროვნება
სამყაროში, თავმდაბლობის შესანიშნავ მაგალითს იძლევა. მეფე დავითმა იეჰოვას ასეთი სიტყვებით მიმართა: «მომეცი ფარი შენი ხსნისა, და შემეწიე შენი მარჯვენით! განმადიდე შენი წყალობით [„თავმდაბლობით“, აქ]!» (ფსალმუნები 17:36). დავითმა იეჰოვას თავმდაბლობის მოხსენიებისას გამოიყენა ებრაული სიტყვა, რომლის ფუძეც ნიშნავს „თავის დახრას“. ებრაულ ენაში სიტყვა „თავმდაბლობის“ გარდა, არსებობს სხვა სიტყვებიც, რომლებსაც იგივე ფუძე აქვთ, მაგალითად „მოკრძალებულობა“ და „თვინიერება“. იეჰოვამ თავმდაბლობა გამოავლინა, როდესაც თავი დაიმდაბლა და არასრულყოფილ მამაკაცთან, დავითთან, დაამყარა ურთიერთობა და ის მეფედ, თავის წარმომადგენლად, ამოირჩია. მე–17 ფსალმუნის შესავალი სიტყვებიდან ჩანს, რომ იეჰოვამ დაიცვა დავითი და მხარი დაუჭირა მას — გადაარჩინა „ყველა თავისი მტრისა და საულის ხელთაგან“. დავითს, თავის მხრივ, ესმოდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას მიერ გამოვლენილი თავმდაბლობის წყალობით მოიპოვა მან, როგორც მეფემ, დიდება და პატივი. ასეთი ხედვა დაეხმარა დავითს თავმდაბლობის შენარჩუნებაში.6 რისი თქმა შეიძლება ჩვენზე? იეჰოვამ იზრუნა იმაზე, რომ ჩვენთვის ჭეშმარიტება ესწავლებინა; შესაძლოა თავის ორგანიზაციაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობებიც დაგვაკისრა ან ამა თუ იმ სახით გამოგვიყენა თავისი ნების შესასრულებლად. როგორ უნდა ვუყურებდეთ ყოველივე ამას? განა არ გვმართებს თავმდაბლობის გამოვლენა? ნუთუ არ უნდა ვიყოთ მადლიერნი იეჰოვას მიერ გამოვლენილი თავმდაბლობისთვის და განა არ უნდა მოვერიდოთ საკუთარი თავის განდიდებას, რაც უეჭველად განადგურებამდე მიგვიყვანდა? (იგავები 16:18; 29:23).
7, 8. ა) როგორ გამოავლინა იეჰოვამ თავმდაბლობა მენაშესთან მიმართებაში? ბ) რას ვსწავლობთ იეჰოვას და მენაშეს მაგალითებიდან თავმდაბლობის გამოვლენასთან დაკავშირებით?
7 გარდა იმისა, რომ იეჰოვა უდიდეს თავმდაბლობას ავლენს არასრულყოფილ ადამიანებთან ურთიერთობით, ის ასევე მზადაა, გულმოწყალება გამოავლინოს თავმდაბალთა მიმართ და აღამაღლოს კიდეც ასეთი ადამიანები (ფსალმუნები 112:4—7). მაგალითისთვის განვიხილოთ ისრაელის მეფის, მენაშეს, შემთხვევა. მან, როგორც მეფემ, ბოროტად ისარგებლა თავისი მდგომარეობით და ცრუ თაყვანისმცემლობას დაუჭირა მხარი. მენაშე „ბევრ უკუღმართობას სჩადიოდა უფლის თვალში მის გასაჯავრებლად“ (2 ნეშტთა 33:6). ბოლოს იეჰოვამ დასაჯა მენაშე და აშურის (ასურეთის) მეფეს მისი ტახტიდან ჩამოგდების ნება დართო. საპატიმროში მენაშე „შეევედრა . . . უფალს, თავის ღმერთს, და მოდრკა ძლიერ“. ამის შედეგად იეჰოვამ დააბრუნა ის სამეფო ტახტზე, იერუსალიმში და „მიხვდა მენაშე, რომ ღმერთია უფალი“ (2 ნეშტთა 33:11—13). დიახ, საბოლოოდ იეჰოვამ მოიწონა მენაშეს თავმდაბლობა და თავის მხრივაც გამოავლინა თავმდაბლობა მის მიმართ — აპატია და კვლავ უბოძა მას მეფობა.
8 იეჰოვას მზადყოფნა მენაშეს საპატიებლად და მენაშეს მონანიება მნიშვნელოვანი გაკვეთილია ჩვენთვის თავმდაბლობის გამოვლენასთან დაკავშირებით. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენდამი იეჰოვას დამოკიდებულებაზე იმოქმედებს ის, თუ როგორ ვეპყრობით მათ, ვინც გვაწყენინა, და რა თვალსაზრისი გვაქვს საკუთარ ცოდვებზე. თუ მთელი გულით ვპატიობთ სხვებს და თავმდაბლურად ვაღიარებთ საკუთარ შეცდომებს, შეგვიძლია მოველოდეთ, რომ იეჰოვაც გამოავლენს ჩვენ მიმართ გულმოწყალებას (ღმერთი თავის დიდებას თავმდაბლებს უმჟღავნებს
9. სისუსტის მაჩვენებელია თავმდაბლობა? ახსენით.
9 უნდა აღინიშნოს, რომ თავმდაბლობა და მასთან დაკავშირებული თვისებები არ უნდა იყოს მიჩნეული სისუსტედ ან ისეთ მიდრეკილებად, რომელიც თვალს ხუჭავს არასწორ საქციელზე. როგორც წმინდა წერილები ადასტურებს, თუმცა იეჰოვა თავმდაბალია, საჭიროების შემთხვევაში ის სამართლიან რისხვასა და შიშის მომგვრელ ძალას ავლენს. იეჰოვა თავისი თავმდაბლობიდან გამომდინარე კეთილგანწყობით ეპყრობა თავმდაბლებს, განსაკუთრებულ ყურადღებას ავლენს მათ მიმართ, მაგრამ შორს არის მათგან, ვინც ამაყია (ფსალმუნები 137:6). როგორ ავლენს იეჰოვა განსაკუთრებულ ყურადღებას თავისი თავმდაბალი მსახურების მიმართ?
10. რას უმჟღავნებს იეჰოვა თავმდაბლებს 1 კორინთელთა 2:6—10–ის თანახმად?
10 იეჰოვა დანიშნულ დროს თავის მიერ არჩეული არხის საშუალებით უმჟღავნებს თავმდაბლებს თავისი განზრახვის განხორციელებასთან დაკავშირებულ წვრილმანებს. ეს დიდებული საქმეები დაფარული რჩება მათთვის, ვინც ამაყად ენდობა ან ჯიუტად იცავს ადამიანურ სიბრძნესა და აზროვნებას (1 კორინთელთა 2:6—10). მაგრამ თავმდაბლები, რომლებსაც იეჰოვას განზრახვის ზუსტი მნიშვნელობის გაგების შესაძლებლობა ეძლევათ, აღძრულნი არიან იეჰოვას განსადიდებლად, რადგან უფრო მეტად აფასებენ მის შთამბეჭდავ სიდიადეს.
11. რით ცხადყო ზოგმა პირველ საუკუნეში, რომ არ იყო თავმდაბალი და რა ზიანი მოუტანა ამან მათ?
11 პირველ საუკუნეში ბევრმა, მათ შორის იმ ადამიანებმა, რომლებიც ქრისტიანებად აცხადებდნენ თავს, ცხადყვეს, რომ არ იყვნენ თავმდაბლები; ისინი ბრკოლდებოდნენ, როდესაც პავლე მოციქული მათ ღვთის განზრახვებს უმჟღავნებდა. პავლე „წარმართთა მოციქული“ გახდა, მაგრამ ამის მიზეზი მისი ეროვნება, განათლება, ასაკი და ბევრი კარგი საქმე არ ყოფილა (რომაელთა 11:13). ხშირად ხორციელი აზროვნების ადამიანები ამ ფაქტორებს მიიჩნევენ იმის განმსაზღვრელად, თუ ვის ამოირჩევს იეჰოვა თავისი ნების განსახორციელებლად (1 კორინთელთა 1:26—29; 3:1; კოლასელთა 2:18). მაგრამ პავლე იეჰოვას წყალობის შედეგად იყო ამორჩეული მისი სამართლიანი განზრახვის შესასრულებლად (1 კორინთელთა 15:8—10). პავლეს მიერ მოხსენიებული „ესოდენ მაღალი მოციქულები“ და აგრეთვე სხვა მოწინააღმდეგეები უარყოფდნენ მას და საღვთო წერილზე დაფუძნებულ მის მსჯელობას. თავმდაბლობის არქონამ მათ ხელი შეუშალა, მიეღოთ შემეცნება და გაეგოთ, რა დიდებული სახით ახორციელებს იეჰოვა თავის განზრახვას. ნურასდროს მოვეკიდებით უპატივცემულოდ და ნურასდროს განვსჯით მათ, ვისაც იეჰოვა ირჩევს თავისი ნების შესასრულებლად (2 კორინთელთა 11:4—6).
12. როგორ ცხადყოფს მოსეს მაგალითი, რომ იეჰოვა განსაკუთრებით აკურთხებს თავმდაბლებს?
12 მეორე მხრივ, ბიბლიაში იმის ბევრი მაგალითია მოყვანილი, რომ თავმდაბლებს ღვთის დიდების ანარეკლის ხილვის შესაძლებლობა ეძლევათ. მოსემ, რომელიც დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს შორის ყველაზე თავმდაბალი იყო, იხილა ღვთის დიდება და მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა რიცხვნი 12:3). ეს თავმდაბალი მამაკაცი, რომელიც 40 წლის მანძილზე უბრალო მეცხვარე იყო და ამ წლების უმეტესობა, როგორც ჩანს, არაბეთის ნახევარკუნძულზე გაატარა, შემოქმედმა მრავალმხრივ აკურთხა (გამოსვლა 6:12, 30). იეჰოვას დახმარებით მოსე ღვთის წარმომადგენელი და ისრაელი ერის წინამძღოლი გახდა. მოსესა და იეჰოვას შორის ორმხრივი ურთიერთობა არსებობდა. ხილვის საშუალებით მან „უფლის სახე“ იხილა (რიცხვნი 12:7, 8; გამოსვლა 24:10, 11). ისინი, რომლებიც აღიარებდნენ ამ თავმდაბალ მსახურსა და იეჰოვას წარმომადგენელს, ღვთის მიერ კურთხეულნი იყვნენ. მსგავსად, ჩვენც კურთხეულნი ვიქნებით, თუ ვცნობთ და ვემორჩილებით მოსეზე მაღლა მდგომ წინასწარმეტყველს, იესოს, და აგრეთვე მის მიერ დანიშნულ „ერთგულ და გონიერ მონას“ (მათე 24:45, 46; საქმეები 3:22).
(13. როგორ გაუმჟღავნა პირველ საუკუნეში იეჰოვამ თავისი დიდება თავმდაბალ მწყემსებს?
13 ვის ‘გამოუბრწყინდა უფლის დიდება’ და ვის გაუცხადა ანგელოზმა სასიხარულო ცნობა ‘მაცხოვრის, ქრისტე უფალის’ დაბადების შესახებ? ქედმაღალ რელიგიურ წინამძღოლებს ან მაღალი მდგომარეობის მქონე ადამიანებს კი არა, არამედ მინდორში მყოფ თავმდაბალ მწყემსებს, რომლებიც „ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს“ (ლუკა 2:8—11). ეს ადამიანები არ იყვნენ ცნობილნი რაიმე მიღწევებითა და განსაკუთრებული საქმეებით, მაგრამ სწორედ მათზე შეაჩერა იეჰოვამ ყურადღება და პირველად მათ ამცნო მესიის დაბადების შესახებ. დიახ, იეჰოვა თავის დიდებას თავმდაბლებსა და ღვთისმოშიშ ადამიანებს უმჟღავნებს.
14. რა კურთხევებს აძლევს ღმერთი თავმდაბლებს?
14 რას გვასწავლის ეს მაგალითები? ისინი ცხადყოფს, რომ თავმდაბლებს იეჰოვა კეთილგანწყობით ეპყრობა, თავის განზრახვებს უმჟღავნებს და მათ მნიშვნელობას აგებინებს. ის ისეთ ადამიანებს ირჩევს, რომლებიც შესაძლოა არ ამართლებენ ადამიანთა მოლოდინს, და მათი საშუალებით ამცნობს სხვებს თავისი დიდებული განზრახვის შესახებ. ამის ცოდნა აღგვძრავს, რომ განვაგრძოთ იეჰოვას ხელმძღვანელობის ძებნა — მივიღოთ დახმარება მისი წინასწარმეტყველური სიტყვისა და ორგანიზაციის საშუალებით. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა კვლავაც გაუმჟღავნებს თავმდაბალ მსახურებს თავის დიდებულ განზრახვებს. წინასწარმეტყველმა ამოსმა განაცხადა: „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურთ, წინასწარმეტყველთ“ (ამოსი 3:7).
განივითარეთ თავმდაბლობა და მოიპოვეთ ღვთის კეთილგანწყობილება
15. რატომ მოითხოვება ძალისხმევა თავმდაბლობის შესანარჩუნებლად და როგორ გვიჩვენებს ამას ისრაელის მეფის, საულის, შემთხვევა?
15 იეჰოვა ჩვენდამი კეთილგანწყობილი რომ იყოს, საჭიროა თავმდაბლობა შევინარჩუნოთ. თუ ვინმე ცხოვრების რომელიმე მონაკვეთში ავლენს თავმდაბლობას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის თავმდაბალი იქნება. შესაძლებელია ადამიანმა დაკარგოს ეს თვისება და სიამაყემ და საკუთარი თავის განდიდების სურვილმა გაიდგას მასში ფესვები, რაც კადნიერს გახდის მას და დაღუპვამდე მიიყვანს. სწორედ ეს დაემართა საულს, ღვთის მიერ ისრაელის პირველ მეფედ ცხებულ პიროვნებას. თავდაპირველად, როდესაც ღმერთმა მეფედ აირჩია, საული უღირსად თვლიდა საკუთარ თავს (1 მეფეთა 15:17). მაგრამ სულ რაღაც ორი წლის მმართველობის შემდეგ მან მეტისმეტად თავდაჯერებულად დაიწყო მოქმედება. საულმა უგულებელყო იეჰოვას მითითება, რომლის თანახმადაც მსხვერპლი წინასწარმეტყველ სამუელის საშუალებით უნდა შეეწირა და გამართლება მოუძებნა თვითნებურ ქმედებას (1 მეფეთა 13:1, 8—14). ამას მოჰყვა მთელი რიგი სხვა მოვლენები, რითაც აშკარად გამოვლინდა, რომ საულს აკლდა თავმდაბლობა. შედეგად მან დაკარგა ღვთის სული და კეთილგანწყობა, რამაც ის საბოლოოდ სამარცხვინო სიკვდილამდე მიიყვანა (1 მეფეთა 15:3—19, 26; 28:6; 31:4). გაკვეთილი დღესავით ნათელია: ჩვენ მთელი ძალებით უნდა ვცდილობდეთ, რომ დავრჩეთ თავმდაბლები და მორჩილები, დიდი წარმოდგენა არ შეგვექმნას საკუთარ თავზე და მოვერიდოთ კადნიერებას, რაც იეჰოვას კეთილგანწყობილებას დაგვაკარგვინებდა.
16. როგორ დაგვეხმარება იეჰოვასთან და მოყვასთან ურთიერთობაზე დაფიქრება თავმდაბლობის განვითარებაში?
16 თუმცა თავმდაბლობა ღვთის სულის ნაყოფში არ არის მოხსენიებული, ის ღვთისმოსაწონი თვისებაა, რომელიც უნდა განვივითაროთ (გალატელთა 5:22, 23; კოლასელთა 3:10, 12). რამდენადაც ეს თვისება დაკავშირებულია ჩვენს აზროვნებასთან — ანუ იმასთან, თუ რა თვალსაზრისი გვაქვს საკუთარ თავზე და სხვებზე — მისი განვითარებისთვის მოითხოვება გააზრებული ძალისხმევა. თავმდაბლობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება იეჰოვასთან და ჩვენს მოყვასთან ურთიერთობაზე სერიოზულად დაფიქრება. ღვთის თვალში ადამიანის არასრულყოფილი სხეული მწვანე ბალახის მსგავსია, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში იზრდება, მაგრამ შემდეგ ხმება და კვდება. ადამიანების შედარება მინდვრის კალიებთანაც შეიძლება (ესაია 40:6, 7, 22). ნუთუ აქვს ბალახს მიზეზი, იამაყოს მხოლოდ იმიტომ, რომ ოდნავ მაღალია სხვა ბალახზე? ან განა უნდა იტრაბახოს კალიამ იმის გამო, რომ სხვა კალიებზე შორს ხტება? ამის გაფიქრებაც კი სასაცილოა. ამიტომ პავლე მოციქულმა შეახსენა თანაქრისტიანებს: „ვინ განგასხვავებს? რა გაქვს, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რად იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს“ (1 კორინთელთა 4:7). ასეთ ბიბლიურ მუხლებზე დაფიქრება დაგვეხმარება თავმდაბლობის განვითარებასა და გამოვლენაში.
17. რა დაეხმარა წინასწარმეტყველ დანიელს თავმდაბლობის განვითარებაში და რა დაგვეხმარება ამაში ჩვენ?
17 ებრაელ წინასწარმეტყველ დანიელს ღვთის თვალში „სასურველი კაცი“ ეწოდა, რადგან ის „მორჩილი“ ანუ თავმდაბალი იყო (დანიელი 10:11, 12). რა დაეხმარა დანიელს თავმდაბლობის განვითარებაში? პირველ რიგში ის, რომ იგი სრულად იყო მინდობილი იეჰოვაზე და გამუდმებით მიმართავდა მას ლოცვით (დანიელი 6:10, 11). გარდა ამისა, დანიელი ღვთის სიტყვას გულმოდგინედ, სწორი მოტივებით სწავლობდა, რაც დაეხმარა მას იმაში, რომ მთავარი ყურადღება ღვთის დიდებულ განზრახვაზე ჰქონოდა მიპყრობილი. ის აგრეთვე მზად იყო, ეღიარებინა არა მხოლოდ თავისი ხალხის, არამედ საკუთარი შეცდომებიც. და ის ღრმად იყო დაინტერესებული ღვთის — და არა საკუთარი — სიმართლის დაცვით (დანიელი 9:2, 5, 7). შეგვიძლია მივყვეთ დანიელის შესანიშნავ მაგალითს და ცხოვრების ნებისმიერ სფეროში განვივითაროთ და გამოვავლინოთ თავმდაბლობა?
18. რა დიდებას მიაღწევენ ისინი, ვინც დღეს თავმდაბლობას ავლენს?
18 „თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლე მოაქვს“, — ნათქვამია იგავების 22:4–ში. დიახ, იეჰოვა კეთილგანწყობით ეპყრობა თავმდაბლებს და დიდებასა და სიცოცხლეს აძლევს მათ. ფსალმუნმომღერალმა ასაფმა, რომელმაც კინაღამ მიატოვა ღვთისადმი მსახურება, მაგრამ შემდეგ იეჰოვას დახმარებით გამოისწორა აზროვნება, თავმდაბლურად აღიარა: «შენი რჩევით მიმიძღვი წინ, და შემდგომ პატივით მიმიღებ [„დიდებამდეც კი მიმიყვან“, აქ]» (ფსალმუნები 72:24 [73:24]). რისი თქმა შეიძლება დღეს? რა დიდებას მიაღწევენ ის ადამიანები, რომლებიც თავმდაბლობას ავლენენ? გარდა იმისა, რომ თავმდაბლები იეჰოვასთან ახლო ურთიერთობით არიან კურთხეულნი, ისინი საკუთარი თვალით იხილავენ მეფე დავითის მიერ ღვთის შთაგონებით წარმოთქმული სიტყვების შესრულებას: „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნები 36:11).
როგორ უპასუხებდით?
• რატომ არის თავმდაბლობის კარგი მაგალითი სტეფანე, რომელსაც ღმერთმა თავისი დიდება გაუმჟღავნა?
• რა მხრივ ავლენს იეჰოვა ღმერთი თავმდაბლობას?
• რა მაგალითები ცხადყოფს, რომ იეჰოვა თავის დიდებას თავმდაბალთ უმჟღავნებს?
• როგორ შეუძლია დანიელის მაგალითს დაგვეხმაროს თავმდაბლობის განვითარებაში?
[სასწავლო კითხვები]
[ჩარჩო 12 გვერდზე]
მტკიცე, მაგრამ ამავე დროს თავმდაბალი
1919 წელს სიდარ–პოინტში (ოჰაიო, აშშ) ჩატარებულ ბიბლიის მკლევართა (რომლებიც დღეს იეჰოვას მოწმეებად არიან ცნობილნი) კონგრესზე 50 წლის ჯოზეფ რუტერფორდი, რომელიც იმ დროს ხელმძღვანელობას უწევდა სამქადაგებლო საქმიანობას, ნებაყოფლობით ემსახურებოდა დელეგატებს — ეხმარებოდა მათ ბარგის ტარებასა და ოთახებამდე მიტანაში. კონგრესის ბოლო დღეს მან 7 000 დამსწრე შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: „თქვენ ხართ მეფეთა მეფისა და უფალთა უფლის წარმომადგენლები, რომლებიც აუწყებენ ხალხს . . . ჩვენი უფლის დიადი სამეფოს შესახებ“. თუმცა ძმა რუტერფორდს მტკიცე შეხედულებების მქონე პიროვნებად იცნობდნენ, რომელიც დამაჯერებლად საუბრობდა და დაბეჯითებით იცავდა იმას, რასაც ჭეშმარიტებად მიიჩნევდა, ის თავმდაბლობასაც ავლენდა ღვთის წინაშე, რაც ხშირად ირეკლებოდა ბეთელში დილის თაყვანისმცემლობის დროს წარმოთქმულ მის ლოცვებში.
[სურათი 9 გვერდზე]
სტეფანე, საღვთო წერილში ღრმად ჩახედული მამაკაცი, თავმდაბლურად ანაწილებდა საკვებს.
[სურათი 10 გვერდზე]
იეჰოვამ მოიწონა მენაშეს მიერ გამოვლენილი თავმდაბლობა.
[სურათი 12 გვერდზე]
რამ გახადა დანიელი „სასურველი კაცი“?