არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კარგი მთავრობის ძიებაში

კარგი მთავრობის ძიებაში

კარგი მთავრობის ძიებაში

„მსოფლიოში მზარდმა ერთმანეთზე დამოკიდებულებამ ისეთ გლობალურ პრობლემათა წარმოშობა გამოიწვია, რომელთა გადაჭრაც ცალკეულ ქვეყანას დამოუკიდებლად აღარ შეუძლია. მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო თანამშრომლობით არის შესაძლებელი კაცობრიობის წინაშე არსებული მზარდი საშიშროებისა და სირთულის დაძლევა“ (გულამ უმარი, პაკისტანის პოლიტიკური მიმომხილველი).

დღევანდელი მსოფლიო პარადოქსებითაა სავსე. მსოფლიოში არსებული მატერიალური სიუხვის მიუხედავად, მრავალი სიდუხჭირეში ცხოვრობს. დღევანდელ კომპიუტერების ეპოქაში ადამიანები მართლაც რომ უფრო განათლებულები არიან, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ხალხს უფრო და უფრო უჭირს სტაბილური სამუშაოს პოვნა. ადამიანებს თითქოს მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე ოდესმე, მაგრამ მილიონები შიშში ცხოვრობენ, თავს დაცულად ვერ გრძნობენ და არ იციან, რას მოუტანთ ხვალინდელი დღე. შესაძლოა, ჩვენ წინაშე იხსნება მრავალი შესაძლებლობის კარი, მაგრამ ყველგან ბატონობს კორუფცია და უსამართლობა, რაც მრავალს ყოველგვარ იმედს აკარგვინებს.

პრობლემები, რომლებსაც კაცობრიობა ხვდება, იმდენად დიდ მასშტაბებს იღებს, რომ მას ვერ გაუმკლავდება ვერც ერთი ერი ან რამდენიმე ერი ერთადაც კი. შედეგად, მრავალი ადამიანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად საჭიროა ყველა ერი ერთი მთავრობის ქვეშევრდომობით გაერთიანდეს. მაგალითად, ალბერტ აინშტაინი დიდი ხნის განმავლობაში იყო ამ აზრის მომხრე. 1946 წელს მან განაცხადა: „მტკიცედ მწამს, რომ მსოფლიო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მშვიდობისა და უსაფრთხოების მომხრეა . . . კაცობრიობის სურვილს, იცხოვრონ მშვიდობიანად, მხოლოდ მაშინ შეიძლება ხორცი შეესხას, როდესაც მსოფლიოს მმართველი ერთი მთავრობა შეიქმნება“.

მას შემდეგ ხუთ ათწლეულზე მეტი გავიდა და ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნილება ჯერაც არ არის დაკმაყოფილებული. პარიზში გამომავალი გაზეთი „მონდი“ XXI საუკუნის პრობლემებს მოიხსენიებს და აღნიშნავს: „აუცილებელია შეიქმნას საერთაშორისო მთავრობის სამართალდამცავი, ადმინისტრაციული და კონსტიტუციური საფუძვლები, რათა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ეთნიკური კონფლიქტის წარმოქმნისას ამ ინსტიტუტებმა დაუყოვნებლად შეძლონ რეაგირება. აუცილებელია იმ აზრის გათავისებაც, რომ მთელ დედამიწაზე მხოლოდ ერთი სახელმწიფო უნდა იყოს“. ვის ან რას შესწევს ძალა და უნარი, რომ კაცობრიობა მშვიდობიანი მომავლით უზრუნველყოს?

შეძლებს ამის გაკეთებას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია?

მრავალს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იმედი აქვს და ფიქრობს, რომ ის მოუტანს მსოფლიოს მშვიდობას. არის გაერო ის მთავრობა, რომელიც მსოფლიოს ნამდვილ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოუტანს? ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სფეროებში იმედის მომცემი და მრავლის აღმთქმელი განცხადებები კეთდება. მაგალითად, 2000 წლის „ათასწლეულის დეკლარაციაში“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საზეიმოდ განაცხადა: „ძალ–ღონეს არ დავიშურებთ სახელმწიფოს შიგნით თუ სახელმწიფოებს შორის ომის მარწუხებისგან ხალხის დასახსნელად; ომებისა, რომლებმაც, არსებული მონაცემების თანახმად, გასულ ათწლეულში 5 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“. ასეთი განცხადების გამო გაერომ მრავალი ოფიციალური თუ არაოფიციალური პირის ქება და პატივისცემა დაიმსახურა; აგრეთვე მან 2001 წელს ნობელის პრემიაც მიიღო. ნორვეგიაში არსებულმა ნობელის პრემიის კომიტეტმა ამგვარად პატივი მიაგო გაეროს და აღნიშნა, რომ „მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარება და საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევა მხოლოდ გაეროს საშუალებით არის შესაძლებელი“.

ყოველივე ამის მიუხედავად, აღმოჩნდა თუ არა გაერო (დაფუძნდა 1945 წელს) ის მთავრობა, რომელსაც შეუძლია მსოფლიოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ნამდვილი მშვიდობა მოუტანოს? არა, რადგან მის წევრ–სახელმწიფოთა მიერ საკუთარი ინტერესების წინ წაწევისა და ეროვნული ამბიციების გამო ამ ორგანიზაციის მრავალი მცდელობა კრახით დასრულდა. ერთი გაზეთის რედაქტორის სიტყვების თანახმად, ხალხისთვის გაერო სხვა არაფერია, თუ არა „საზოგადოებრივი აზრის გარკვეული სახის ბარომეტრი“ და „მისი დღის წესრიგი სავსეა საკითხებით, რომლებზეც უკვე წლებია მსჯელობენ, მაგრამ მათ გადასაწყვეტად თითქმის ვერაფერი გააკეთეს“. უპასუხოდ რჩება კითხვა: „იქნებიან ოდესმე მსოფლიო ერები ნამდვილად გაერთიანებულნი?“

ბიბლია გვამცნობს, რომ ეს მალე მოხდება. როგორ? და რომელი მთავრობა გააკეთებს ამას? გთხოვთ, წაიკითხოთ მომდევნო სტატია.

[სურათი 3 გვერდზე]

აინშტაინის აზრით, საჭირო იყო მსოფლიო მმართველად ერთი მთავრობის არსებობა.

[საავტორო უფლება]

Einstein: U.S. National Archives photo