არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რა იგულისხმა იესომ სიტყვებში „დავინახე სატანა, ელვასავით ციდან გადმოვარდნილი“?

ამ სიტყვების წარმოთქმიდან არც ისე დიდი ხნის წინ იესომ ამოარჩია 70 მოწაფე, რომლებიც „წინასწარ მიავლინა ორ-ორი ყოველ ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა“. მოწაფეები გახარებულები დაბრუნდნენ, რადგან წარმატებით შეასრულეს დავალება. „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან“, — ეუბნებოდნენ ისინი. სწორედ ამ დროს უთხრა იესომ მათ: „დავინახე სატანა, ელვასავით ციდან გადმოვარდნილი“ (ლუკა 10:1, 17, 18).

ერთი შეხედვით, შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ იესო უკვე მომხდარ მოვლენას გულისხმობდა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამ სიტყვების წარმოთქმიდან 60 წლის შემდეგ ხანდაზმულმა იოანე მოციქულმაც მსგავსი სიტყვები დაწერა: „გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად“ (გამოცხადება 12:9).

მაშინ, როცა იოანემ ეს სიტყვები დაწერა, სატანა კვლავაც ზეცაში იყო. საიდან ვიცით ეს? ცნობილია, რომ „გამოცხადება“ წინასწარმეტყველური წიგნია და არა ისტორიული (გამოცხადება 1:1). ასე რომ, იოანეს სიცოცხლის პერიოდში სატანა ჯერ არ იყო დედამიწაზე გადმოგდებული. არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ეს მოხდა მხოლოდ 1914 წელს, ზეციერ სამეფოში იესოს გამეფებიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ * (გამოცხადება 12:1—10).

მაშ, რატომ მოიხსენია იესომ სატანის ციდან გადმოგდება, როგორც უკვე მომხდარი მოვლენა? ზოგიერთი სწავლულის აზრით, მან ამგვარად თავის მოწაფეებს სიამაყის უადგილო გამოვლენის გამო უსაყვედურა. როგორც ეს სწავლულები ფიქრობენ, ამ სიტყვებით იესომ მათ ფაქტობრივად უთხრა: „თქვენ გაიმარჯვეთ დემონებზე, მაგრამ ამით ნუ იტრაბახებთ. სატანაც გაამაყდა, რამაც მისი სწრაფი დაცემა გამოიწვია“.

დოგმატურად არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. ამ შემთხვევაში უფრო ლოგიკურია ის, რომ იმ დროს იესო თავის მოწაფეებთან ერთად ხარობდა და ზემოთ მოყვანილ სიტყვებში სატანის მომავალ დაცემას გულისხმობდა. მას თავის ნებისმიერ მოწაფეზე კარგად ესმოდა, თუ რამდენად საშინელი მტერი იყო ეშმაკი. წარმოიდგინეთ, რა სასიხარულო იქნებოდა მისთვის იმის გაგება, რომ ძლიერი დემონები მის მოწაფეებს, არასრულყოფილ ადამიანებს, ემორჩილებოდნენ! დემონების ასეთი მორჩილება გარკვეულწილად იმის მაჩვენებელი იყო, რაც მომავალში მოხდებოდა — იესო, მიქაელ მთავარანგელოზი, სატანას შეებრძოლებოდა და ზეციდან დედამიწაზე გადმოაგდებდა.

როცა იესომ თქვა, რომ სატანა „გადმოვარდნილი“ დაინახა, როგორც ჩანს, იმას გაუსვა ხაზი, რომ მისი გადმოგდება გარდაუვალი იყო. ეს იმ ბიბლიური წინასწარმეტყველებების მსგავსია, რომლებშიც მომავლის მოვლენები წარსულ დროში აღიწერება. მაგალითად, დააკვირდით, როგორ არის წარსული და მომავალი დროები ერთად გამოყენებული ესაიას 52:13—53:12-ში, სადაც მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებაა ჩაწერილი. როგორც ჩანს, ზემოთ მოყვანილი სიტყვების წარმოთქმისას იესო რწმენას გამოხატავდა, რომ თავისი მამის ნების თანახმად, სატანა ზეციდან განიდევნებოდა. იესო იმაშიც იყო დარწმუნებული, რომ ღვთის მიერ დანიშნულ დროს სატანა და მისი დემონები უფსკრულში ჩაიყრებოდნენ, ხოლო მოგვიანებით სამუდამოდ განადგურდებოდნენ (რომაელთა 16:20; ებრაელთა 2:14; გამოცხადება 20:1—3, 7—10).

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 იხილეთ „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, თავი მე-10 და „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“, (რუს.) 27-ე თავი, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.