არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა აძლევს ცხოვრებას ნამდვილ აზრს?

რა აძლევს ცხოვრებას ნამდვილ აზრს?

რა აძლევს ცხოვრებას ნამდვილ აზრს?

როდესაც ჯესის, 17 წლის სკოლის მოსწავლეს, ჰკითხეს, რა არის ცხოვრების აზრი, მან უპასუხა: „სანამ ცოცხალი ხარ, რაც შეიძლება კარგად გაატარო დრო“. სიუზი ამ საკითხს სხვაგვარად უყურებს. „გულწრფელად მჯერა, რომ შენი ცხოვრების აზრი ის იქნება, რაც თავად გინდა რომ იყოს“, — თქვა მან.

თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? არსებობს მთელი კაცობრიობისთვის ცხოვრების ერთადერთი უნივერსალური აზრი? თუ სიუზი მართალია და თითოეული თავად წყვეტს, როგორ იცხოვროს? იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად მიიწევს წინ მეცნიერება და ტექნიკა, როგორც ჩანს, სულის სიღრმეში რაღაც აღგვძრავს, ვეძებოთ ცხოვრების აზრი. ცხოვრების ამა თუ იმ პერიოდში უმეტესობა ჩვენგანს საკუთარი თავისთვის დაუსვამს კითხვა: „რისთვის ვცხოვრობ?“

თანამედროვე მეცნიერება დღემდე თავს იმტვრევს ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად. შედეგი? „ევოლუციის თანახმად, ჩვენს არსებობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს“, — განაცხადა დევიდ ბარაშმა, ფსიქოლოგიისა და ზოოლოგიის მეცნიერებათა პროფესორმა. ევოლუციის მომხრე ბიოლოგთათვის ცოცხალ არსებებს მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვთ — არსებობისათვის ბრძოლა და გამრავლება. ასე რომ, პროფესორი ბარაში აკეთებს დასკვნას: „უზარმაზარ სამყაროში, რომელსაც არავითარი კონკრეტული დანიშნულება არა აქვს და რომლისთვისაც სულერთია ადამიანთა მდგომარეობა, ადამიანებმა თავად უნდა გადავწყვიტოთ, რა არის ცხოვრების აზრი და ეს თავისუფალი და შეგნებული არჩევნის საფუძველზე უნდა გავაკეთოთ“.

ცხოვრების აზრი — ვინ განსაზღვრავს მას?

მაშ, მხოლოდ და მხოლოდ ის არის ცხოვრების აზრი, რომ თითოეული საკუთარი სურვილისამებრ მოიქცეს? ბიბლია ცხოვრების აზრთან დაკავშირებით უკიდეგანო სამყაროში უმწეოდ კი არ გვტოვებს, არამედ დიდი ხანია, რაც მასში ჩაწერილია, რისთვის ვცხოვრობთ. ადამიანები არსებობას კოსმოსში მომხდარ რაღაც აფეთქებას როდი უნდა ვუმადლოდეთ. შემოქმედს საუკუნეები დასჭირდა იმისათვის, რომ დედამიწა ადამიანთა დასასახლებლად მოემზადებინა. მას არაფერი დაუტოვებია შემთხვევითობის იმედზე. ღმერთმა იზრუნა, რათა ყველაფერი „ძალზე კარგი“ ყოფილიყო (დაბადება 1:31; ესაია 45:18). რატომ? იმიტომ, რომ ადამიანებთან დაკავშირებით ღმერთს გარკვეული განზრახვა ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ღმერთს — არც უშუალო ჩარევით და არც რომელიმე ბიოლოგიური პროცესის გავლენით — წინასწარ არ განუსაზღვრავს თითოეული ადამიანის მომავალი. თუმცა თითოეულ ადამიანზე გავლენას ახდენს გენეტიკური კოდი, უმეტესწილად ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვიმოქმედებთ. ყველას გვაქვს ნების თავისუფლება და შეგვიძლია ავირჩიოთ, ცხოვრების როგორ გზას დავადგეთ.

ცხადია, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, როგორ ვიცხოვრებთ. მაგრამ შეცდომა იქნებოდა, მხვედველობაში არ მიგვეღო შემოქმედი. მრავალმა დაინახა, რომ ცხოვრებას ნამდვილ აზრს ღმერთთან ურთიერთობა აძლევს. ღმერთსა და ცხოვრების აზრს შორის მნიშვნელოვან კავშირს ხაზს უსვამს ღვთის პირადი სახელი იეჰოვა, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „აქცევინებს“ (გამოსვლა 6:3, აქ; ფსალმუნები 82:19, [83:18] აქ). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს და ყოველთვის ახორციელებს თავის განზრახვას (გამოსვლა 3:14, აქ; ესაია 55:10, 11). იფიქრეთ ამაზე. იეჰოვას სახელი ყველას გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ის აძლევს ჩვენს ცხოვრებას აზრს.

უბრალოდ, იმის აღიარებაც კი, რომ შემოქმედი არსებობს, დიდ გავლენას ახდენს ცხოვრების აზრის შესახებ ადამიანის შეხედულებაზე. 19 წლის ლინეტი ამბობს: „იეჰოვას ყველაფერი შესანიშნავად და გარკვეული მიზნისთვის აქვს შექმნილი, რაც მკარნახობს, რომ ღმერთმა მეც გარკვეული მიზნისთვის შემქმნა“. ამბერი კი დასძენს: «ყოველთვის, როდესაც ვინმე „შეუცნობელზე“ ლაპარაკობს, ჩემთვის მადლიერებით აღვნიშნავ, რომ მე ვიცი, ვინ არის ეს „შეუცნობელი“. იეჰოვას არსებობის დამადასტურებელი ფაქტების დანახვა, უბრალოდ, მისსავე ქმნილებებში შეიძლება» (რომაელთა 1:20). ცხადია, ერთია აღიარო, რომ შემოქმედი არსებობს და მეორე — მასთან ახლო ურთიერთობა განავითარო.

ღმერთთან მეგობრობა

ამაშიც კვლავ ბიბლია გვეხმარება. მის პირველ თავებში ნათლად არის ნაჩვენები, რომ იეჰოვა ღმერთი მოსიყვარულე მამაა. მაგალითად, მას ადამი და ევა შექმნის შემდეგ ისე არ დაუტოვებია, რომ არ სცოდნოდათ, ვინ იყო მათი შემოქმედი. ღმერთს რეგულარულად ჰქონდა მათთან ურთიერთობა. მას პირველი წყვილი ისე არ დაუტოვებია, რომ ყოველგვარი ხელმძღვანელობის გარეშე თავად გაეკვლიათ ცხოვრების გზა, თვითონ კი სხვა საქმეებით ყოფილიყო დაკავებული. პირიქით, ღმერთმა პირველ ადამიანებს კონკრეტული მითითება მისცა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ცხოვრების გზა იქნებოდა საუკეთესო; მიუჩინა საინტერესო სამუშაო და მათ განათლებაზეც იზრუნა (დაბადება 1:26—30; 2:7—9). განა ამას არ მოელის ყველა ადამიანი გონიერი, მოსიყვარულე მშობლისგან? ახლა დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს. „იმის ცოდნა, რომ იეჰოვამ შექმნა დედამიწა და ჩვენში თავისი ქმნილებებით ტკბობის უნარი ჩადო, მკარნახობს, რომ იეჰოვას ჩვენი ბედნიერება სურს“, — ამბობს დანიელა.

უფრო მეტიც, ნებისმიერი კარგი მამის მსგავსად, იეჰოვას სურს, რომ ყველა შვილს მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ამასთან დაკავშირებით საქმეების 17:27 გვარწმუნებს: „იგი [იეჰოვა] . . . შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან“. რა მნიშვნელობა აქვს ამას? ამბერი ამბობს: „იეჰოვას გაცნობამ იმის რწმენა ჩამინერგა, რომ სრულიად მარტო არასოდეს არა ვარ. ყოველთვის მყავს ისეთი ვინმე, ვისაც ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია მივმართო“. უფრო მეტიც, იეჰოვას რაც უფრო მეტად გაიცნობთ, დაინახავთ, რომ ის კეთილი, სამართლიანი და კარგი ღმერთია. თქვენ შეგიძლიათ მას მიენდოთ. „იეჰოვა ჩემი ახლო მეგობარი რომ გახდა, დავინახე, რომ სხვას არავის შეუძლია მასზე უკეთესი დახმარების აღმოჩენა“, — ამბობს ჯეფი.

სამწუხაროდ, იეჰოვაზე ბევრ უარყოფითს ლაპარაკობენ. ადამიანთა ტანჯვისა და რელიგიების მხრიდან არასწორი მოქმედებების გამო უმეტესწილად მას ადანაშაულებენ. კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ რამდენიმე უსაშინელეს მოვლენაში ღმერთი დაადანაშაულეს. მაგრამ მეორე რჯულის 32:4, 5–ში ნათქვამია: „სამართლიანია ყოველი მისი გზა . . . გაერყვნენ მას, აღარ არიან ისინი მისი შვილები მათი ბიწიერების გამო“. ამიტომ, ჩვენ ვალდებულნი ვართ, თავად გამოვიკვლიოთ ფაქტები (მეორე რჯული 30:19, 20).

ღვთის განზრახვის შესრულება

იმისდა მიუხედავად, ჩვენ რას გადავწყვეტთ, ვერაფერი შეაჩერებს ღმერთს დედამიწისა და კაცობრიობის მიმართ თავისი განზრახვის სრული შესრულებისგან. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის შემოქმედია. მაშ, რა განზრახვა აქვს ღმერთს? იესო ქრისტემ ეს განზრახვა მოიხსენია მთაზე ქადაგებისას, როდესაც თქვა: „ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას“. მოგვიანებით მოციქულმა იოანემ აღნიშნა, რომ ღმერთს განზრახული აქვს, ‘მოსპოს დედამიწის მომსპობნი’ (მათე 5:5; გამოცხადება 11:18). იესო ღმერთთან ერთად იღებდა მონაწილეობას შემოქმედებით საქმიანობაში. ამიტომ მან კარგად იცის, რომ თავიდან ღვთის განზრახვა იყო — დედამიწა სრულყოფილი ადამიანებით დაესახლებინა და მათ მარადიულად ეცხოვრათ სამოთხეში (დაბადება 1:26, 27; იოანე 1:1—3). ღმერთი იგივეა დღესაც — ის არ შეცვლილა (მალაქია 3:6). „როგორც მე ჩავიფიქრე,  — გვპირდება ღმერთი, — ისე იქნება, და როგორც მე განვიზრახე, ისე აღსრულდება“ (ესაია 14:24).

დღეს იეჰოვას უკვე დაწყებული აქვს ისეთი გაერთიანებული საზოგადოებისთვის საძირკვლის ჩაყრა, რომელიც დაფუძნებულია არა სიხარბესა და პირად გამორჩენაზე, როგორც ამას დღეს მრავალი აკეთებს, არამედ ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე (იოანე 13:35; ეფესელთა 4:15, 16; ფილიპელთა 2:1—4). ეს არის ნებაყოფლობით გაერთიანებულ ადამიანთა საზოგადოება, რომლის წევრებიც ძალიან არიან დაინტერესებულნი და მთელი გულით აღძრულნი, შეასრულონ თავიანთი მისია — ღვთის მომავალი სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა იქადაგონ ამ სისტემის განადგურებამდე (მათე 24:14; 28:19, 20). ექვს მილიონზე მეტი ქრისტიანი 230–ზე მეტ ქვეყანაში უკვე გარეთიანებულია ღვთისადმი თაყვანისმცემელ, მოსიყვარულე, საერთაშორისო საძმოში.

შესძინეთ თქვენს ცხოვრებას აზრი

თუ ფიქრობთ, ცხოვრებას აზრი შეჰმატოთ, იცოდეთ, რომ იეჰოვა ღმერთი გიწვევთ, დაუკავშირდეთ მის ხალხს — მის „მართალ ერს“ (ესაია 26:2). თქვენ შეიძლება გაინტერესებდეთ: „როგორ ცხოვრებას ეწევიან ქრისტიანები? ნამდვილად მინდა ერთი მათგანი ვიყო?“ აი, რა აზრი გამოთქვა რამდენიმე ახალგაზრდამ.

ქვენტინი: „ჩემთვის კრება წუთისოფლისგან დამცავი საშუალებაა. ვგრძნობ, რომ იეჰოვა ყოველთვის ჩემ გვერდითაა და ამიტომ დარწმუნებული ვარ მის არსებობაში; აგრეთვე მჯერა, რომ მას უნდა, ბედნიერი ვიყო“.

ჯეფი: „ვიცი, რომ საუკეთესო ადგილი, სადაც გამხნევების მიღება შემიძლია, კრებაა. იქ არიან ძმები და დები, რომლებიც მხარში მიდგანან და წამახალისებენ. ისინი ნამდვილად არიან ჩემი დიდი ოჯახის წევრები“.

ლინეტი: „ვერაფერი შეედრება იმ სიხარულს, რომელსაც მაშინ ვგრძნობ, როდესაც ვიღაცა ბიბლიურ ჭეშმარიტებას იღებს და იეჰოვას მსახურად გახდომა სურს. ეს ცხოვრებაში დიდ კმაყოფილებას მანიჭებს“.

კოუდი: „იეჰოვას გარეშე ჩემს ცხოვრებას არავითარი ფასი არ ექნებოდა. მეც იმ სხვათა მსგავსი ვიქნებოდი, რომლებიც ბედნიერების ძიებაში ხან რას მოსინჯავენ, ხან რას, მაგრამ მას მაინც ვერ პოულობენ. ნაცვლად ამისა, იეჰოვამ უდიდესი პატივი დამდო და მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა მომცა. სწორედ ეს აძლევს ჩემს ცხოვრებას აზრს“.

თქვენც ხომ არ დაფიქრდებოდით ამ საკითხზე? საკუთარ თავზე გამოსცდიდით, რომ შემოქმედთან, იეჰოვა ღმერთთან, დაახლოება თქვენს ცხოვრებასაც შესძენდა ნამდვილ აზრს.

[სურათები 31 გვერდზე]

შემოქმედთან ურთიერთობა ჩვენს ცხოვრებას აზრს სძენს.

[სურათის საავტორო უფლება 29 გვერდზე]

NASA photo