არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სამეფო დღეს რეალურად მოქმედი მთავრობა

ღვთის სამეფო დღეს რეალურად მოქმედი მთავრობა

ღვთის სამეფო დღეს რეალურად მოქმედი მთავრობა

„რა გააერთიანებს სხვადასხვა კულტურის მქონე და განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მყოფ მრავალ ქვეყანას? ამბობენ, რომ ადამიანებზე მხოლოდ და მხოლოდ სხვა პლანეტიდან თავდასხმა გამოიწვევდა მათ გაერთიანებას“ (ავსტრალიაში გამომავალი გაზეთი „ეიჯი“).

სხვა პლანეტიდან თავდასხმა? იმისდა მიუხედავად, გააერთიანებდა ეს დედამიწის მოსახლეობას თუ არა, ბიბლიური წინასწარმეტყველება ლაპარაკობს გარდაუვალი კრიზისის შესახებ, რომელიც მსოფლიო მოსახლეობას ერთიან ოჯახად შეკრავს. ეს კრიზისი მართლაც ჩვენი დედამიწის გარედან მოსული ძალებით იქნება გამოწვეული.

ძველი ისრაელის მეფე დავითი წინასწარმეტყველურად აღწერდა მსოფლიო მდგომარეობას. ღვთის შთაგონებით მან დაწერა: «ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან: „დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებს“» (ფსალმუნები 2:2, 3; საქმეები 4:25, 26). ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მთელი მსოფლიოს მმართველები, როგორც ერთი, ისე ამხედრდებოდნენ და შეთქმულებას მოაწყობდნენ იეჰოვას, სამყაროს შემოქმედის, და მის მიერ ცხებული მეფის, იესო ქრისტეს, წინააღმდეგ. როგორ მოხდებოდა ეს?

ბიბლიური ქრონოლოგიისა და შესრულებული წინასწარმეტყველებების თანახმად, 1914 წელს ზეცაში ღვთის სამეფო დამყარდა და იესო ქრისტე გამეფდა *. მას შემდეგ ერებს ერთი მიზანი აერთიანებთ. ღვთის ახლად შობილი სამეფოს უზენაესობისადმი მორჩილების გამოვლენის ნაცვლად, მათ ძალაუფლებისათვის ბრძოლა — დიდი ომი ანუ პირველი მსოფლიო ომი — წამოიწყეს.

როგორია იეჰოვას თვალსაზრისი ქვეყნიური მმართველების ამგვარად რეაგირებაზე? „მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, და უფალი აბუჩად აიგდებს მათ. მაშინ ეტყვის მათ თავისი რისხვით და თავისი გულისწყრომით შეაძრწუნებს“. იეჰოვა თავის ძეს, სამეფოს ცხებულ მეფეს ეტყვის, „მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს — სამკვიდრებლად. შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ“ (ფსალმუნები 2:4, 5, 8, 9).

მოწინააღმდეგე ერების რკინის კვერთხით საბოლოო გაცამტვერება არმაგედონზე, ანუ ჰარმაგედონზე, მოხდება. ბიბლიის ბოლო წიგნი „გამოცხადება“ ამ კულმინაციურ მოვლენას აღწერს როგორც ‘ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდ დღეს’, როდესაც ერთად შეიკრიბებიან ‘მთელი მსოფლიოს მეფეები’ (გამოცხადება 16:14, 16). დემონების გავლენით დედამიწის ერები საბოლოოდ გაერთიანდებიან, რათა მიაღწიონ ერთ მიზანს — იბრძოლონ ყოვლისშემძლე ღვთის წინააღმდეგ.

დრო, როდესაც ადამიანები ღვთის უზენაესობის წინააღმდეგ გაილაშქრებენ, ძალიან სწრაფად ახლოვდება. პარადოქსია, მაგრამ „ერთიანობა“ მათ არავითარ სარგებლობას არ მოუტანს. ნაცვლად ამისა, მათი ქმედება მთელი კაცობრიობისთვის მშვიდობასთან დაკავშირებული დიდი ხნის ოცნების ასრულების დასაწყისის მომასწავებელი იქნება. როგორ? ამ საბოლოო ბრძოლაში ღვთის სამეფო „შემუსრავს და დააქცევს ყველა [ქვეყნიურ] სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44). ღვთის სამეფო, და არა რომელიმე ადამიანთა ორგანიზაცია, იქნება მთავრობა, რომელიც აღასრულებს კაცობრიობის სურვილს და მშვიდობას დაამყარებს.

სამეფოს მთავარი მმართველი

საუბარია სამეფოზე, რომლის შესახებაც მრავალი გულწრფელი ადამიანი ლოცულობს: «მოვიდეს სუფევა [„სამეფო“, აქ] შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა» (მათე 6:10). ღვთის სამეფო ადამიანთა გულებში არსებული გაურკვეველი რამ კი არ არის, არამედ ნამდვილი მთავრობა, რომელმაც 1914 წელს დაფუძნების შემდეგ შესანიშნავი საქმეები განახორციელა. განვიხილოთ ზოგიერთი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც თვალნათლივ დაგვანახვებს, რომ ღვთის სამეფო დღეს აქტიურად მოქმედებს.

პირველ რიგში ამ მთავრობას აქვს ძლიერი და უნარიანი აღმასრულებელი ორგანო, რომელსაც ცხებული მეფე, იესო ქრისტე, უძღვება. ახ. წ. 33 წელს ქრისტიანულ კრებას იეჰოვა ღმერთმა იესო ქრისტე ჩაუყენა სათავეში (ეფესელთა 1:22). მას შემდეგ იესო უძღვება ქრისტიანულ კრებას და ამგვარად ცხადყოფს, მართვის როგორი უნარი აქვს. მაგალითად, პირველ საუკუნეში, როდესაც იუდეაში შიმშილობა ჩამოვარდა, ქრისტიანულმა კრებამ დაუყოვნებლივ მიიღო ზომები, რათა თავისი წევრებისთვის დახმარება აღმოეჩინა. ძმებმა კონკრეტულ ქმედებას მიმართეს, შემდეგ კი სავლე და ბარნაბა გაგზავნეს ანტიოქიიდან გაჭირვებულთა დასახმარებლად (საქმეები 11:27—30).

იესო ქრისტესგან შეგვიძლია კიდევ უფრო მეტს მოველოდეთ დღეს, რადგან ღვთის სამეფო უკვე მოქმედებს. მიწისძვრის, შიმშილობის, წყალდიდობის, ქარიშხლის, შტორმისა თუ ვულკანური ამოფრქვევის შედეგად დაზარალებულ თანამორწმუნეებსა და სხვებსაც იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრება დაუყოვნებლივ ეხმარება. მაგალითად, 2001 წლის იანვარში და თებერვალში ელსალვადორში მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის ყველა კუთხეში დაზარალებულთა დასახმარებლად კონკრეტულ საქმეებს გაუწიეს ორგანიზება; იეჰოვას მოწმეთა დამხმარე ჯგუფები ჩამოვიდნენ კანადიდან, გვატემალადან და შეერთებული შტატებიდან. მოკლე ვადაში აღადგინეს სამი სამეფო დარბაზი და 500–ზე მეტი სახლი.

ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები

1914 წელს დაფუძნების შემდეგ ღვთის ზეციერი სამეფო მთელი მსოფლიოდან კრებს და ორგანიზებას უწევს თავის ქვეშევრდომებს. ამით სრულდება ესაიას მიერ ჩაწერილი მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება: „იქნება, უკანასკნელ დღეებში განმტკიცდება მთა უფლის სახლისა [მისი განდიდებული ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა], მთების სათავეში დადგინდება . . . და დინებას დაიწყებს მისკენ ყველა ერი“. ეს წინასწარმეტყველება ცხადყოფს, რომ „მრავალი ხალხები“ ავიდოდნენ მთაზე და მიიღებდნენ იეჰოვას დარიგებებსა თუ კანონებს (ესაია 2:2, 3).

ამ საქმიანობის შედეგად არსებობს თანამედროვეობის ყველაზე უმნიშვნელოვანესი მოძრაობა — მსოფლიოს 230–ზე მეტ ქვეყანაში 6 მილიონზე მეტი ქრისტიანი გაერთიანდა საერთაშორისო საძმოში. იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო კონგრესებზე დამკვირვებლები გაოგნებულები არიან იქ შეკრებილ უამრავ ხალხს შორის არსებული სიყვარულის, მშვიდობისა და ერთიანობის დანახვით, ხალხისა, რომელთა შორის დაძლეულია ეროვნული, კულტურული და ენობრივი ბარიერები (საქმეები 10:34, 35). განა არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ მთავრობა, რომელსაც შეუძლია ასობით ეთნიკური ჯგუფის გაერთიანება და მათ შორის მშვიდობისა და თანხმობის შენარჩუნება, ეფექტური, სტაბილური და რეალურია?

ღვთის სამეფო და საგანმანათლებლო საქმიანობა

ყველა მთავრობას აქვს მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ან მისი მმართველობის ქვეშევრდომობის მსურველებს მოეთხოვებათ. მსგავსად ამისა, ღვთის სამეფოსაც აქვს დადგენილი გარკვეული მოთხოვნები, რომლებსაც ყველა, ვინც იქ იცხოვრებს, უნდა ასრულებდეს. ისეთი მოთხოვნების შემუშავება, რომლის მიღება და შესრულება მრავალი სხვადასხვა წარმოშობის ადამიანს შეეძლება, მართლაც რომ დიდი საქმეა. ღვთის სამეფოს რეალურობის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტორია ეფექტური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც არა მარტო გონებამდე აღწევს და მის ცვლილებას იწვევს, არამედ გულამდეც.

როგორ ართმევს თავს ამ რთულ დავალებას ღვთის სამეფო? მოციქულთა მაგალითის მიბაძვით — სახლებში ქადაგებით და ადამიანებთან ღვთის სიტყვის ინდივიდუალურად შესწავლით (საქმეები 5:42; 20:20). რამდენად ეფექტურია განათლების გავრცელების ამგვარი მეთოდი? ჟაკ ჯონსონი, კათოლიკე მღვდელი, კანადაში გამომავალ ყოველკვირეულ გაზეთში წერდა, თუ როგორ ცდილობდა ერთ ქალზე გავლენა მოეხდინა, რათა ამ უკანასკნელს იეჰოვას მოწმეებთან შესწავლა შეეწყვიტა. „საკმაოდ გავღიზიანდი, რადგან მივხვდი, რომ ბრძოლას ვაგებდი, — თქვა მან. — მივხვდი, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებს ოთხ კედელში გამომწყვდეულ ამ ახალგაზრდა დედასთან ძალიან ახლო ურთიერთობა დაემყარებინათ. მოწმეები ეხმარებოდნენ მას, მეგობრულად ეპყრობოდნენ, რის გამოც ისინი ძალიან დაახლოვდნენ. ეს ქალი მალე მათი რელიგიის აქტიური წევრი გახდა და ამის თავიდან ასარიდებლად მე ვერაფრის გაკეთება შევძელი“. ბიბლიურმა ცნობამ, რომელსაც მოწმეები სიტყვითა და საქმით ასწავლიან, არა მარტო იმ ყოფილი კათოლიკეს გული აღძრა, არამედ მთელ მსოფლიოში სხვა მილიონობით ადამიანთა გულებიც.

ასეთი სახის განათლება — განათლება, რომელსაც სამეფო იძლევა — დაფუძნებულია ბიბლიაზე და მხარს უჭეს მასში მოცემულ ფასეულობებსა თუ ზნეობრივ ნორმებს. ის ხალხს ასწავლის, წარმოშობის მიუხედავად, უყვარდეთ და დააფასონ ერთმანეთი (იოანე 13:34, 35). აგრეთვე ადამიანებს ეხმარება, მიიღონ დარიგება: „ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“ (რომაელთა 12:2). მრავალმა უკან მოიტოვა ძველი ცხოვრების წესი და სიხარულით გაითავისა ღვთის სამეფოს კანონები და წესები, რასაც მშვიდობა და ბედნიერება მოაქვს დღეს, სამომავლოდ კი — ბრწყინვალე პერსპექტივა (კოლასელთა 3:9—11).

მსოფლიო ერთიანობის მიღწევის ერთ–ერთი მაჩვენებელია ეს ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“. მთარგმნელობით საქმიანობაში სისტემური მეთოდები და მრავალენოვანი საბეჭდი მოწყობილობა საშუალებას იძლევა „საგუშაგო კოშკის“ ძირითადი სტატიები ერთდროულად 135 ენაზე გამოიცეს, რაც მსოფლიოში ამ ჟურნალის 95 პროცენტზე მეტ მკითხველს საშუალებას აძლევს, ერთი და იმავე დროს მშობლიურ ენაზე შეისწავლონ ერთი და იგივე სასწავლო მასალა.

ერთმა მორმონმა მწერალმა, თავისი რელიგიის გარდა, სამქადაგებლო საქმიანობაში სხვა ყველაზე წარმატებულ რელიგიათა სია მოიყვანა. მან სასიხარულო ცნობის საუკეთესო გამავრცელებლად მოიხსენია იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ და თქვა: «არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „საგუშაგო კოშკისა და „გამოიღვიძეთ!“–ის დადანაშაულება იმაში, რომ ისინი აღქმის უნარს აჩლუნგებს. პირიქით, ისინი ადამიანს თვალს უხელს ბევრ რამეზე, რაც იშვიათად თუ მინახავს სხვა რელიგიების პუბლიკაციებში. „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ძალიან საინტერესოა, რადგან მათში გაშუქებულია ფაქტებზე დაფუძნებული, კარგად გამოკვლეული, რეალობის ამსახველი ინფორმაცია».

ამგვარად, მრავლად არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ღვთის სამეფო ნამდვილად მთელი შემართებით მოქმედებს. იეჰოვას მოწმეები სიხარულით და ენთუზიაზმით იღებენ მონაწილეობას ‘სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის’ მოყვასისთვის გაზიარებაში და ხალხს მოუწოდებენ, გახდნენ ამ სამეფოს ქვეშევრდომები (მათე 24:14, აქ). პირადად თქვენ, გიზიდავთ ასეთი მომავალი? თქვენ შეგიძლიათ გაიზიაროთ ის კურთხევები, რომლებიც ამ სამეფოს მიერ განსწავლულ ისეთ ხალხთან ურთიერთობას მოაქვს, რომლებიც სამეფოს ნორმების შესაბამისად ცხოვრებას ცდილობენ. კიდევ უკეთესი კი ის არის, რომ შეგიძლიათ იცხოვროთ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში, სადაც „დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13).

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ წიგნში „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, თავი 10, სათაური „ღვთის სამეფო მმართველობს“, გვერდები 90—97 (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

[სურათი 4, 5 გვერდებზე]

1914 წელს ერებმა მსოფლიო ომი წამოიწყეს.

[სურათები 6 გვერდზე]

გაჭირვებაში მყოფთათვის ნებაყოფლობით დახმარების გაწევა ქრისტიანული სიყვარულის საქმით დადასტურებაა.

[სურათი 7 გვერდზე]

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ერთი და იმავე საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობენ.