მექსიკის მკვიდრი მოსახლეობა ისმენს სასიხარულო ცნობას
მექსიკის მკვიდრი მოსახლეობა ისმენს სასიხარულო ცნობას
ორი ათას ორი წლის 10 ნოემბერს სან–მიგელ კეცელტეპეკში თავი მოიყარა მიხე ენაზე მოლაპარაკე მექსიკის მკვიდრი მოსახლეობისგან შემდგარმა ჯგუფმა. აღნიშნული ქალაქი მექსიკის სამხრეთ ნაწილში, მშვენიერ ოახაკას შტატში მდებარეობს. იქ თავმოყრილი ადამიანები იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესზე დამსწრეები იყვნენ. დილის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ბიბლიური დრამა.
დრამის პირველი სიტყვების მოსმენისთანავე აუდიტორიაში მყოფთ სახეზე გაოცება აღებეჭდათ. მაშინვე აპლოდისმენტები გაისმა და მრავალს ცრემლები გადმოსცვივდა. დრამა მიხე ენაზე იყო წარმოდგენილი. მისი დასრულების შემდეგ მრავალმა დიდი მადლიერება გამოხატა ამ მოულოდნელი საჩუქრისთვის. „პირველად შევძელი დრამის გაგება. ის ჩემს გულს შეეხო“, — თქვა ერთ–ერთმა დამსწრემ. „ახლა უკვე შემიძლია ბედნიერი მოვკვდე, რადგან იეჰოვამ დრამა მშობლიურ ენაზე მომასმენინა“, — თქვა მეორემ.
იმ დილას დრამის მიხე ენაზე წარმოდგენა შესაძლებელი გახდა მექსიკელ იეჰოვას მოწმეთა დიდი მცდელობის შედეგად, რომლებსაც სურდათ, მკვიდრი მოსახლეობისთვის ემცნოთ სასიხარულო ცნობა (მათე 24:14; 28:19, 20).
იეჰოვამ შეისმინა ლოცვები
მექსიკაში 6 მილიონზე მეტი მკვიდრი ინდიელი მოსახლეა. ამდენი მოქალაქე საკმარისი იქნებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობისთვის. ისინი მრავალფეროვანი კულტურით გამოირჩევიან და 62 ენაზე ლაპარაკობენ. ამ ენათაგან 15–ზე, თითოეულზე, 100 000–ზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს. მილიონზე მეტმა მკვიდრმა ინდიელმა არ იცის ესპანური, მექსიკის ოფიციალური ენა. ისინიც კი, ვინც ლაპარაკობს, ბიბლიურ ჭეშმარიტებას მშობლიურ ენაზე უკეთესად სწავლობენ (საქმეები 2:6; 22:2). ზოგმა ბიბლია შეისწავლა და წლების განმავლობაში ერთგულად ესწრებოდა ქრისტიანულ შეხვედრებს, მაგრამ ყველაფერი კარგად არ ესმოდა. ამიტომ ლოცულობდნენ, რომ ჭეშმარიტების მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა ჰქონოდათ.
ამ რთულ ამოცანასთან გასამკლავებლად იეჰოვას მოწმეთა მექსიკის ფილიალმა 1999 წლიდან ორგანიზება გაუწია შეხვედრების ჩატარებას ადგილობრივ მკვიდრთა მშობლიურ ენებზე. ჩამოყალიბდა მთარგმნელობითი ჯგუფებიც. 2000 წლისთვის საოლქო კონგრესზე ბიბლიური დრამა წარმოდგენილ იქნა მაიას ენაზე, მოგვიანებით კი რამდენიმე სხვა ენაზეც.
მომდევნო ნაბიჯი, რომელიც ფილიალმა გადადგა, იეჰოვას მოწმეთა მიერ გამოცემული ბიბლიის შესასწავლი დამხმარე პუბლიკაციების გამოშვება იყო. თავიდან ბროშურა „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ ითარგმნა უავე, მაია, მასატეკურ, ტოტონაკურ, ცელტალურ და ცოცილის ენებზე. შემდგომ სხვა პუბლიკაციებიც გამოიცა. ახლა მაიას ენაზე რეგულარულად გამოდის „ჩვენი სამეფო მსახურებაც“. გაკეთდა ზოგიერთი პუბლიკაციის აუდიოჩანაწერიც. დღესდღეობით მიმდინარეობს მუშაობა ბროშურაზე „ისწავლეთ წერაკითხვა“, რათა ის ადგილობრივ მოთხოვნილებებს შეუსაბამონ და მისი გამოყენებით მკვიდრმა მოსახლეობამ წერა–კითხვის სწავლა შეძლოს. ამჟამად ბიბლიური ლიტერატურა გამოიცემა ადგილობრივ
მკვიდრთა 15 ენაზე. მიმდინარეობს მუშაობა კიდევ უფრო მეტი პუბლიკაციების გამოსაცემად.„ძალ–ღონეს არ იშურებენ“
თარგმანების გაკეთება არც ისე ადვილი საქმეა. ჯერ ერთი, მექსიკის მკვიდრი მოსახლეობის ენაზე გამოცემული ქვეყნიური ლიტერატურა საკმაოდ ცოტაა. ხშირად რთულია ლექსიკონების პოვნა. აგრეთვე ზოგ ენას მრავალი დიალექტი აქვს. მაგალითად, მარტო საპოტეკურ ენას, სულ მცირე, ხუთი დიალექტი აქვს. ეს დიალექტები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ საპოტეკურ ენაზე მოლაპარაკეებს ერთმანეთის არ ესმით.
გარდა ამისა, ზოგ ენას არა აქვს დადგენილი ენის ნორმები და მთარგმნელებს თავად უწევთ ამის გაკეთება, რისთვისაც დიდი კვლევა–ძიება და განხილვებია საჭირო. გასაგებია, რომ მრავალი მათგანი იმავეს გრძნობდა, რასაც უავის მთარგმნელობითი ჯგუფის ერთ–ერთი წევრი, ელიდა. მან თქვა: „იეჰოვას მოწმეთა მექსიკის ფილიალში მთარგმნელობითი საქმიანობის შესასრულებლად რომ მიმიწვიეს, ორი გრძნობა დამეუფლა — სიხარული და შიში“.
მთარგმნელებს უნდა ესწავლათ კომპიუტერთან მუშაობა, სამუშაო გეგმის შედგენა და თარგმნის მეთოდიკა. ცხადია, მათ წინაშე რთული ამოცანა იდგა. რას გრძნობდნენ ისინი ამასთან დაკავშირებით? გლორია, მაიას ჯგუფის წევრი, ამბობს: „ენით ვერ აღვწერთ იმ სიხარულს, რასაც მაიას, ჩვენს მშობლიურ ენაზე ბიბლიური პუბლიკაციების თარგმნაში მონაწილეობა გვანიჭებს“. მთარგმნელობითი განყოფილების ზედამხედველი მთარგმნელების შესახებ ამბობს: „ბიბლიური პუბლიკაცების მშობლიურ ენაზე ქონის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ისინი ძალ–ღონეს არ იშურებენ თარგმნის რთულ ამოცანასთან გასამკლავებლად“. გამოიღო ამან სასარგებლო ნაყოფი?
„მადლობა, იეჰოვა!“
აშკარად ჩანს, რომ იეჰოვამ აკურთხა ადგილობრივ მკვიდრთა შორის ქადაგების საქმე. ქრისტიანულ კრების შეხვედრებსა და კონგრესებს მეტი ხალხი ესწრება. მაგალითად, 2001 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს მიხე ენაზე მოლაპარაკე 223 მოწმე ესწრებოდა. დამსწრეთა სრული რაოდენობა კი 1 674 იყო, რაც მოწმეთა რაოდენობას შვიდ–ნახევარჯერ აღემატებოდა!
ახლა ბიბლიის შემსწავლელებს ჭეშმარიტება თავიდანვე სათანადოდ ესმით. მირნა იხსენებს თავის წარსულს, როცა კრების შეხვედრები მაიას ენაზე ჯერ კიდევ არ ტარდებოდა: „ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ მოვინათლე, — ამბობს ის. — მესმოდა, რომ უნდა მოვნათლულიყავი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება ისე კარგად არ ვიცოდი, როგორც საჭირო იყო. ვფიქრობ, ამის მიზეზი ის იყო, რომ ჩემი მშობლიური ენა მაიაა და მიჭირდა ესპანურის გაგება. ამიტომ გარკვეული დრო დამჭირდა იმისათვის, რომ კარგად გამეგო ჭეშმარიტება“. დღეს ის და მისი მეუღლე მთარგმნელობითი ჯგუფის ბედნიერი წევრები არიან.
ყველა კრებისთვის ძალიან სასიხარულოა მშობლიურ ენაზე პუბლიკაციების მიღება. როდესაც ცოცილის ენაზე გამოქვეყნდა ბროშურა „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, ერთმა ქალმა, რომელმაც ის–ის იყო დაიწყო ქრისტიანული კრების შეხვედრებზე სიარული, ბროშურა გულში ჩაიხუტა და წამოიძახა: „მადლობა, იეჰოვა!“ ანგარიშებიდან ჩანს, რომ ახლა ბიბლიის მრავალი შემსწავლელი უფრო სწრაფად მიიწევს სულიერად წინ
და ინათლება; არააქტიური მაუწყებლები აქტიურები ხდებიან და მრავალი ძმა მომზადებულია კრებაში პასუხისმგებლობების მისაღებად. ზოგი მობინადრე უფრო მეტი ხალისით იღებს ბიბლიურ ლიტერატურას მშობლიურ ენაზე და იწყებს ბიბლიის შესწავლას.ერთხელ ერთი იეჰოვას მოწმე ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად წავიდა, მაგრამ დაინტერესებული სახლში არ დახვდა. კართან ქმარი მოვიდა; დამ შესთავაზა ბროშურიდან მონაკვეთის წაკითხვა. „მე არაფერი არ მინდა“, — თქვა მამაკაცმა. ჩვენმა დამ ტოტონაკურ ენაზე უთხრა, რომ ბროშურა მათ მშობლიურ ენაზე იყო დაწერილი. ამის გაგონებაზე კაცმა სკამი მოწია და დაჯდა. დამ ბროშურიდან კითხვა დაიწყო, ის კაცი კი გამუდმებით ამბობდა: „ეს მართალია. კი, ეს ასეა“. ახლა ეს კაცი ქრისტიანული კრების შეხვედრებს ესწრება.
იუკატანის შტატში ერთ დის ქმარი ჭეშმარიტების მოწინააღმდეგე იყო და ზოგჯერ კრებიდან დაბრუნებულ ცოლს სცემდა. მაიას ენაზე კრების შეხვედრების ჩატარება რომ დაიწყო, ქალმა გადაწყვიტა, ქმარი კრებაზე მიეწვია. ისიც მივიდა და ძალიან ნასიამოვნები დარჩა; ახლა კი კრებებს რეგულარულად ესწრება, ბიბლიას სწავლობს და, ცხადია, აღარც ცოლს სცემს.
ტოტონაკურ ენაზე მოლაპარაკე ერთმა მამაკაცმა ორ მოწმესთან აღნიშნა, რომ არასოდეს ულოცია, რადგან მისთვის კათოლიკე მღვდელს უთქვია, ღმერთი მხოლოდ ესპანურ ენაზე წარმოთქმულ ლოცვებს ისმენსო. ის მღვდელს ფულს უხდიდა იმისათვის, რომ მას ტოტონაკურ ენაზე მოლაპარაკე ხალხისთვის ელოცა. მოწმეებმა ამ კაცს აუხსნეს, რომ ღმერთი ნებისმიერ ენაზე წარმოთქმულ ლოცვას ისმენს და ტოტონაკურ ენაზე მისცეს ბროშურა. 2 ნეშტთა 6:32, 33; ფსალმუნები 64:3).
მანაც დიდი სიამოვნებით აიღო ის („კუალცინ ტახტოუა“
ყოველივე ამით აღფრთოვანებული მრავალი მქადაგებელი ცდილობს ადგილობრივ მკვიდრთა ენის შესწავლას ან უკვე დაგროვილი ცოდნის გაუმჯობესებას. ასე იქცევა სარაიონო ზედამხედველიც, რომელიც ჩრდილოეთ პუებლას 5 ნაუატლურ კრებას ემსახურება. ის ყვება: «ბავშვები, რომლებიც ადრე კრების შეხვედრის დროს იძინებდნენ, ახლა ყურადღებით ისმენენ ჩემს მოხსენებებს, რომლებსაც ნაუატლურ ენაზე წარმოვთქვამ. ერთხელ, კრების შეხვედრის დამთავრების შემდეგ ოთხი წლის ბიჭი მოვიდა და მითხრა: „კუალცინ ტახტოუა“ (ძალიან კარგად ლაპარაკობ). მაშინ ვიფიქრე, ამაოდ არ გავრჯილვარ–მეთქი».
მკვიდრი მოსახლეობით დასახლებული ტერიტორიები მართლაც რომ „გადათეთრებულან სამკალად“ და მის დამუშავებაში მონაწილე მოწმეებისთვის მსახურება ძალიან გამამხნევებელია (იოანე 4:35). აი რას ამბობს რობერტო, რომელმაც მთარგმნელობითი ჯგუფების ჩამოყალიბებას გაუწია ორგანიზება: „არასოდეს დამავიწყდება საკუთარი გრძნობები, როდესაც დავინახე და–ძმები, რომლებსაც სიხარულის ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდათ. მათ უხაროდათ, რომ ჭეშმარიტებას მშობლიურ ენაზე ისმენდნენ და ყველაფერს კარგად იგებდნენ. ამაზე ფიქრისას აღელვებისგან ყელში ბურთივით რაღაც მეჩხირება ხოლმე“. რა თქმა უნდა, იეჰოვას გულსაც ახარებს იმის დანახვა, რომ ამ გულწრფელ ხალხს ღვთის სამეფოს მხარეზე დადგომაში ეხმარებიან (იგავები 27:11).
[ჩარჩო 10, 11 გვერდებზე]
გავეცნოთ ზოგ მთარგმნელს
● „მშობლები ჭეშმარიტებას იმ დროიდან მასწავლიან, რაც თავი მახსოვს. სამწუხაროდ, 11 წლის რომ გავხდი, მამამ ქრისტიანული კრება დატოვა. ორი წლის შემდეგ დედამ მიგვატოვა. ხუთი და-ძმიდან მე ყველაზე უფროსი ვიყავი. ამიტომაც მე მომიწია დედის მოვალეობის შესრულება, თუმცა ამის გამო სკოლიდან არ გამოვსულვარ.
სულიერი და-ძმები დიდი სიყვარულით გვეხმარებოდნენ, მაგრამ მაინც გვიჭირდა. ზოგჯერ ვფიქრობდი — რატომ ვარ ასეთ მდგომარეობაში? მე ხომ ჯერ ბავშვი ვარ! იეჰოვას დახმარება რომ არა, ვერ ავიტანდი ამ ყველაფერს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სრული დროით მსახური გავხდი, რაც ძალიან დამეხმარა. ნაუატლური მთარგმნელობითი ჯგუფის ჩამოყალიბებისას მეც მიმიწვიეს ამ ჯგუფში.
ახლა მამა ისევ კრებაშია და უმცროსი და-ძმებიც იეჰოვას ემსახურებიან. იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება მართლაც ღირდა გაწეულ ძალისხმევად. მან ძალიან აკურთხა ჩემი ოჯახი“ (ალისია).
● «სკოლაში ჩემმა ერთმა თანაკლასელმა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მოხსენება წაიკითხა. იმ დღეს სკოლა გავაცდინე და მისთვის არ მომისმენია, მაგრამ მეშინოდა, რომ გამოცდაზე ეს საკითხი არ შემხვედროდა და ამიტომ ვთხოვე, ჩემთვისაც მოეყოლა თავისი მოხსენების შინაარსი. მე ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ კვდებოდნენ ადამიანები. ამ თანაკლასელმა შემომთავაზა წიგნი „შემოქმედება“ * და ბიბლიის შესწავლა. წიგნიც ავიღე და შესწავლაზეც დავთანხმდი. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შემოქმედის განზრახვამ და სიყვარულმა.
სკოლის დამთავრების შემდეგ შემეძლო ესპანურისა და ცოცილი ენის მასწავლებელი გავმხდარიყავი. მაგრამ ამისათვის საკმაოდ შორს უნდა გავმგზავრებულიყავი, გამოსასვლელ დღეებში დამატებით მემეცადინა და ქრისტიანული კრებები გამეცდინა. ამიტომ კალატოზად დავიწყე მუშაობა. მამა მოწმე არ იყო და ჩემი გადაწყვეტილება ძალიან არ მოსწონდა. მოგვიანებით, ჩემი პიონერად მსახურების დროს, ცოცილის ენაზე ჩამოყალიბდა მთარგმნელობითი ჯგუფი. ამ ჯგუფში მეც მიმიწვიეს.
მე თავად ვარ იმის მოწმე, რომ როდესაც ჩვენი და-ძმები პუბლიკაციებს მშობლიურ ენაზე იღებენ, თავს დაფასებულად გრძნობენ. ამის დანახვა დიდ კმაყოფილებას მანიჭებს. ჩემი დანიშნულებით ძალიან კმაყოფილი ვარ» (უმბერტო).
● „ექვსი წლის ვიყავი, როდესაც დედამ მიგვატოვა. მამამ იეჰოვას მოწმეებთან შესწავლა რომ დაიწყო, მაშინ მოზარდი ვიყავი. ერთხელ ერთმა დამ ბიბლიის შესწავლის დაწყება შემომთავაზა. შესასწავლ მასალაში შედიოდა ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებიც. მე, უდედოდ გაზრდილმა მოზარმა, ვიფიქრე, რომ ეს სწორედ საჩემო იყო. 15 წლის ასაკში მოვინათლე.
1999 წელს მამა მომიკლეს ბოროტმა ადამიანებმა, რომლებსაც მისი მიწის დასაკუთრება სურდათ. ამან გამანადგურა. მძიმე დეპრესიაში ჩავვარდი და მეგონა, რომ ვეღარ ვიცოცხლებდი. მაგრამ ყოველთვის იეჰოვას მივმართავდი ლოცვით და ვთხოვდი, ძალა მოეცა ჩემთვის. ძალიან დამეხმარნენ სარაიონო ზედამხედველი და მისი მეუღლე. მალე პიონერი გავხდი.
ერთხელ იმის მოწმე გავხდი, თუ ზოგმა მოწმემ როგორ იარა ფეხით დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში იმისათვის, რომ ტოტონაკურ ენაზე 20-წუთიანი მოხსენება მოესმინათ. კრების შეხვედრის დანარჩენი ნაწილი ტარდებოდა ესპანურ ენაზე, რომელიც მათ არ ესმოდათ. ასე რომ, ძალიან გამიხარდა, როდესაც ტოტონაკურ ენაზე მთარგმნელობით საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად მიმიწვიეს.
ადრე მამას ვეუბნებოდი, რომ იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურება ოცნებად მქონდა გადაქცეული. მან მითხრა, რომ ჩემი ასაკის გასათხოვარი გოგოსთვის ეს ადვილი არ იქნებოდა. როცა მკვდრეთით აღდგება, როგორ გაუხარდება მამას იმის გაგება, რომ მე შევძელი ამის გაკეთება და მონაწილეობას ვიღებდი ჩვენს ენაზე ბიბლიური ლიტერატურის თარგმნაში!“ (ედიტი).
[სქოლიოები]
^ აბზ. 28 წიგნი „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ (რუს.) იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს 1985 წელს.
[სურათი 9 გვერდზე]
ცოცილის მთარგმნელობითი ჯგუფის წევრები მსჯელობენ სიტყვაზე, რომლის თარგმნაც მშობლიურ ენაზე რთულია.