საუკეთესო რჩევების წყარო
საუკეთესო რჩევების წყარო
ყველას სურს, წარმატებული იყოს ცხოვრებაში. კარგი რჩევები და ამ რჩევების გამოყენების სურვილი მნიშვნელოვანი ფაქტორებია წარმატების მისაღწევად დღევანდელ ქვეყნიერებაში, სადაც ცხოვრება არც ისე ადვილია. მიუხედავად ამისა, ადამიანები ყოველთვის როდი არიან მზად, ყურად იღონ რჩევები, რომლებიც სასარგებლოა მათთვის. ბევრი ფიქრობს, რომ ყველამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც თვითონ უნდა. ბიბლიის თანახმად, სატანამ, ღვთის უზენაესი მმართველობის პირველმა მტერმა, შესთავაზა ადამიანებს ასეთი დამოუკიდებლობა. დაბადების 3:5–ში ჩაწერილია ის, რაც მან ევას უთხრა: „უწყის ღმერთმა, რომელ დღესაც შეჭამთ მაგ ნაყოფს, აგეხილებათ თქვენ თვალები და იქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“.
შეძლეს ადამმა და ევამ ყველაფერში წარმატების მიღწევა ისე, რომ მხოლოდ საკუთარი ნებასურვილისამებრ მოქცევას სავალალო შედეგები არ მოჰყოლოდა? ცხადია, ვერ შეძლეს. მათ სწრაფადვე გაუტყდათ გული, როცა დაინახეს, რა შედეგები მოიტანა თვითნებურმა ქმედებამ — კარგის ცუდისგან გარჩევის სწავლის მცდელობამ. ადამმა და ევამ სამართლიანად დაკარგეს ღვთის კეთილგანწყობილება და, როგორც არასრულყოფილმა ადამიანებმა, დაიწყეს სირთულეებით აღსავსე ცხოვრება, რომლის ბოლოც სიკვდილი უნდა ყოფილიყო (დაბადება 3:16—19, 23). სიკვდილი გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე. ბიბლიაში ნათქვამია: „ერთი ადამიანის [ადამის] მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12).
ადამისა და ევას არჩევნის სავალალო შედეგების მიუხედავად, ბევრი საეჭვოდ მიიჩნევს, რომ გონივრულია შემოქმედის რჩევების მიყოლა. მაგრამ ბიბლია, როგორც თვითონ მასშია ნათქვამი, „ღვთივსულიერია“ და დამხმარეა, „სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17). ბიბლიის რჩევების გამოყენება ნამდვილად მოგვიტანს ბედნიერებას. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მხარე ოჯახური ცხოვრებაა, რომელშიც ეს რჩევები განსაკუთრებით დამხმარეა.
ერთგულება ქორწინებაში
ბიბლიის თანახმად, ღმერთმა განიზრახა, რომ ქორწინება მარადიული ყოფილიყო (დაბადება 2:22—24; მათე 19:6). გარდა ამისა, ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ ‘ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი უნდა იყოს’, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქორწინების გარეშე სქესობრივი ურთიერთობებით არ უნდა იყოს დაბინძურებული (ებრაელთა 13:4). მაგრამ, როგორც იცით, დღეს ბევრის ცოლქმრობა არ შეესაბამება ამ მოთხოვნას. ზოგისთვის თანამშრომლებთან რომანტიკული ურთიერთობების გაბმა ჩვეული მოვლენაა. სხვები საკუთარ მეუღლეების მოტყუებას არ ერიდებიან იმისათვის, რომ დრო სხვასთან გაატარონ. ზოგი ტოვებს კიდეც მეუღლეს და ახალგაზრდასთან იწყებს ცხოვრებას, რადგან თავს მასთან უფრო ახალგაზრდად და ბედნიერად გრძნობს. სწორედ ასეთი რამ დაემართა ვერონიკას, რომელიც წინა სტატიაში მოვიხსენიეთ.
ნებისმიერ ფასად საკუთარი თავისთვის სიამოვნების მინიჭებას ხანგრძლივი ბედნიერება არ მოაქვს. რონალდი ამას საკუთარი გამოცდილებით მიხვდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ცხოვრებას გაიუმჯობესებდა, როცა გადაწყვეტილება მიიღო — მეუღლე მიეტოვებინა და ოჯახი შეექმნა ახალგაზრდა ქალთან, რომელსაც ექვსი წლის განმავლობაში ჩუმად ხვდებოდა და მისგან ორი შვილიც ჰყავდა. მაგრამ მცირე ხნის შემდეგ, ის მიატოვა ამ ქალმა, რომლისთვისაც ოჯახი დაანგრია! რონალდს მშობლებთან მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. მან საკუთარ მდგომარეობას „დამამცირებელი“ უწოდა. მისი შემთხვევა გამონაკლისი როდია. ეგოისტური მიზნებით გამოწვეულ საქციელს განქორწინებებისა და ოჯახების ნგრევის უპრეცედენტო ტალღა მოჰყვება, რაც უამრავი ადამიანის, როგორც უფროსების, ისე ბავშვების ტანჯვას იწვევს.
მეორე მხრივ, ბიბლიის რჩევების გამოყენებას ბედნიერება მოაქვს. რობერტომ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. ის ამბობს: „ბიბლიის რჩევების გამოყენება დამეხმარა, რომ მეუღლე არ დამეკარგა. შეუძლებელია ჭეშმარიტ ბედნიერებას მივაღწიოთ ცდუნების აყოლით და იმ ადამიანთან ურთიერთობის გაბმით, ვისთანაც ქორწინება არ გვაკავშირებს, თუნდაც ეს ადამიანი ძალიან მიმზიდველი გვეჩვენებოდეს. ბიბლიური შემეცნება დამეხმარა, სათანადოდ დამეფასებინა ჩემი მეუღლე, რომელიც წლების განმავლობაში ჩემ გვერდითაა“. ბიბლიის რჩევამ — „ნუ უღალატებთ სიყმაწვილის ცოლს“, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რობერტოს ცხოვრებაში (მალაქია 2:15). კიდევ რა მხრივ მოაქვს სარგებლობა ღვთის რჩევებს?
შვილების აღზრდა
ათწლეულების წინ საკმაოდ პოპულარული გახდა აღზრდის ის მეთოდი, რომ მშობლებმა შვილები ბევრ საკითხში არ უნდა შეზღუდონ. ერთი შეხედვით გონივრული ჩანდა ის, რომ ბავშვებს დამოუკიდებლობა მისცემოდათ — თავისუფლად ეაზროვნათ და თავად გადაეწყვიტათ, როგორ
მოქცეულიყვნენ. მიზანი მათი განვითარების შეფერხების თავიდან აცილება იყო. ზოგან უპირატესობა მიენიჭა ნაკლებად ორგანიზებულ განათლების სისტემას, რომელიც მოწაფეებს იმის ნებასაც კი რთავდა, რომ თვითონ გადაეწყვიტათ — დაესწრებოდნენ თუ არა გაკვეთილებს და თვითონვე განესაზღვრათ, როგორ და რამდენ ხანს გაერთობოდნენ ან ისწავლიდნენ. ერთ–ერთი ასეთი სკოლის დევიზი იყო, ‘ბავშვებს მისცემოდათ ყოველგვარი ემოციის განცდისა და გამოხატვის საშუალება კრიტიკისა და უფროსების ჩარევის გარეშე’. დღეს ადამიანის ქცევის შემსწავლელი ზოგი სპეციალისტი კვლავაც საეჭვოდ მიიჩნევს დასჯის ზოგიერთ მეთოდს იმ შემთხვევებშიც კი, როცა მშობლები სიყვარულით დასჯას აუცილებლად მიიჩნევენ.რა არის ასეთი რჩევების მიყოლის შედეგი? ბევრი ფიქრობს, რომ ყველაფერზე ნების დამრთველმა აღზრდის მეთოდებმა ბავშვებს მეტისმეტი თავისუფლება მისცა. მათი აზრით, ამან კი დამნაშავეთა და ნარკომანთა რიცხობრივი ზრდა გამოიწვია. აშშ–ში ჩატარებული გამოკვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა თითქმის 70 პროცენტის აზრით, ბავშვებსა და მოზარდებს მშობლები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. სკოლის მოსწავლეთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევებისა და მოზარდთა მიერ ჩადენილი სხვა სერიოზული დამნაშავეობების მიზეზად ბევრი „მშობლების მხრიდან არასაკმარის ყურადღებას“ მიიჩნევს. მაშინაც კი, როცა მდგომარეობა ამდენად ტრაგიკული არაა, მშობლები და ბავშვები არასწორი აღზრდის გამო მწვავე შედეგებს იმკიან.
რას ამბობს ამის თაობაზე ბიბლია? ღვთის სიტყვა რჩევას იძლევა, რომ ბავშვების აღზრდისას მშობლებს როგორც სიყვარულის, ისე სიმკაცრის გამოვლენა სჭირდებათ. ბიბლიაში ნათქვამია: „სისულელე მიეკრო ყმაწვილის გულს, დარიგების კეტი მოაშორებს მისგან“ (იგავები 22:15). ცხადია, შვილების დასჯა მდგომარეობას უნდა შეესაბამებოდეს. იმისდა მიუხედავად, თუ რა ფორმით სჯიან შვილებს, საჭიროა მშობლებმა ზომიერება, თავშეკავება და გონიერება გამოავლინონ. ეს მათი მხრივ სიყვარულის გამოვლენა იქნება. სისასტიკის ნაცვლად, მშობლის პასუხისმგებლობის სიყვარულით შესრულება, ჩვეულებრივ, უდიდესი წარმატების საწინდარია.
ამ რჩევის გამოყენებას კარგი შედეგები მოაქვს. არტურო, მექსიკაში მცხოვრები 30 წლის მამაკაცი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ დაქორწინდა, ამბობს: „მამაჩემმა ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის ნათელი გახადა, რომ მას და დედაჩემს მეტი უფლებები ჰქონდათ ოჯახში. როცა საჭირო იყო, ყოველთვის გვსჯიდნენ. მაგრამ დროს ჩვენთან სალაპარაკოდაც ყოველთვის ნახულობდნენ. ახლა, ვაფასებ იმას, რომ სტაბილური ცხოვრება მაქვს და ვიცი, რომ ამ მხრივ დიდი როლი სათანადო აღზრდამ შეასრულა“.
დაე სარგებლობა მოგიტანოთ საუკეთესო რჩევების გამოყენებამ
ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი სარგებლობის მომტანი რჩევებია მოცემული. ის მხოლოდ ოჯახთან დაკავშირებით როდი გვხელმძღვანელობს. ბიბლია მრავალმხრივ გვეხმარება — გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ ქვეყნიერებაში, სადაც უმრავლესობას არ სურს იმის აღიარება, რომ მათ ცხოვრებას სიბრძნის უზენაესი წყარო უნდა ხელმძღვანელობდეს, რაც მათვე მოუტანს სარგებლობას.
იეჰოვა ღმერთმა, კაცობრიობის შემოქმედმა, ფსალმუნმომღერალ დავითის მეშვეობით აღგვითქვა: „გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე“ (ფსალმუნები 31:8). წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ის, რომ შემოქმედს თავისი მხედველობის არეში ვყავართ, რათა საფრთხისგან დაგვიცვას? თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: „თავმდაბლურად მივიღებ, როცა იეჰოვა დაცვის მიზნით მიხელმძღვანელებს?“ მის სიტყვაში სიყვარულით არის ნათქვამი: „დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“ (იგავები 3:5, 6).
იეჰოვას გაცნობას ძალისხმევა, მონდომება სჭირდება, მაგრამ ბიბლიის მეშვეობით ეს ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლებელია. ღვთის მიერ შემოთავაზებული ნორმების თანახმად ცხოვრება „აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც“. ის ნამდვილად დიდი შენაძენია, თუ მხედველობაში მივიღებთ სარგებლობას, რომელიც მას მოაქვს (1 ტიმოთე 4:8; 6:6).
თუ მიგიზიდათ ბიბლიაში მოცემულმა სიბრძნემ და კურთხევებმა, რომლებიც ბიბლიის რჩევების თანახმად ცხოვრებას მოჰყვება, ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე დაფიქრება ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილზე დააყენეთ. ამის გაკეთება როგორც დღეს, ისე მომავალში დაგეხმარებათ პრობლემებთან გამკლავებაში. გარდა ამისა, გექნებათ იმედი, იცხოვროთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, სადაც ყველა იეჰოვას მიერ განისწავლება და ბოლო არ ექნება მათ მშვიდობას (ესაია 54:13).
[სურათი 5 გვერდზე]
ბიბლიის რჩევების გამოყენება ქორწინებას განამტკიცებს.
[სურათები 6 გვერდზე]
ბიბლიის რჩევები არა მხოლოდ საიმედო ხელმძღვანელობას გვთავაზობს, არამედ დასვენებისთვის დროის გამონახვაშიც გვეხმარება.
[სურათები 7 გვერდზე]
ის, ვინც ბიბლიურ რჩევებს იყენებს, გაწონასწორებული ცხოვრებით ტკბება.