არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საჭიროა სასარგებლო რჩევების მიღება?

საჭიროა სასარგებლო რჩევების მიღება?

საჭიროა სასარგებლო რჩევების მიღება?

ბევრი ფიქრობს, რომ შეუძლია კარგის ცუდისგან გარჩევა და იმის უფლებაც აქვს, რომ რასაც მოისურვებს, ის აკეთოს. არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთა აზრითაც ყველაფერი დასაშვებია, რასაც კი კმაყოფილება მოაქვს. ასეთი შეხედულებები საზიანო გავლენას ახდენს ქორწინებასა და ოჯახურ ცხოვრებაზე, რაზეც საზოგადოება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული (დაბადება 3:5).

მაგალითად მოვიყვანოთ მექსიკაში მცხოვრები ვერონიკას * შემთხვევა. ვერონიკა ყვება: „ქორწინების მე-15 წლისთავიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ, ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალთან; რომ ის ქალი უფრო ახალგაზრდა იყო და მასთან თავს უკეთესად გრძნობდა. ამიტომაც ურთიერთობის გაწყვეტას არ აპირებდა. დიდი დარტყმა მომაყენა იმან, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემ გვერდით აღარ იქნებოდა და მხარს აღარ დამიჭერდა. მანამდე ვფიქრობდი, რომ ყველაზე დიდ ტკივილს საყვარელი ადამიანის სიკვდილი მომაყენებდა, მაგრამ ღალატი უფრო მტკივნეული აღმოჩნდა; საყვარელი ადამიანი დავკარგე და, ამასთანავე, ის იმის კეთებას განაგრძობდა, რაც მე გულს მტკენდა“.

აქვე მოვიყვანოთ 22 წლის ახალგაზრდის მაგალითიც. ის უკვე განქორწინებულია, ცოლისგან პატარა ბიჭი ჰყავს, მაგრამ მამის მოვალეობის შესრულებას არც კი ფიქრობს; კვლავაც დედას შეჰყურებს ხელებში და მოითხოვს, რომ ბავშვსაც დედამისმა უპატრონოს. დედა თუ ყოველ სურვილს არ უსრულებს, მდგომარეობიდან გამოდის და უზრდელი ბავშვივით სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. დედამისმა არ იცის, ასეთ დროს რა იღონოს.

ეს შემთხვევები არ არის გამონაკლისი. განცალკევებით ცხოვრება და განქორწინებები ყველგან ხშირდება. ბევრი ბავშვი ხდება იმის შემსწრე, რომ ერთ-ერთი მშობელი ოჯახს ტოვებს ახალი ცხოვრების დასაწყებად. ამის გამო ზოგი მათგანი სხვებისადმი, მათ შორის საკუთარი მშობლებისადმი, ყოველგვარ პატივისცემას კარგავს და ისეთ რამეს სჩადის, რასაც ადრე ვერავინ წარმოიდგენდა. სქესობრივი ცხოვრების დაწყება, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება, თავდასხმები და მასწავლებლების ან მშობლების მკვლელობები ზოგ ქვეყანაში საკმაოდ გახშირდა მოზარდებს შორის. მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში მხოლოდ ბავშვების აღზრდასა და ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები როდი არსებობს.

როცა ასეთი ფაქტების მოწმენი ვხდებით, გვაოცებს ის, თუ რა ემართება საზოგადოებას. თუ ხალხს ნამდვილად შეუძლია კარგის ცუდისგან გარჩევა, რატომღა არის ამდენი გადაუჭრელი პრობლემა? საჭიროა სასარგებლო რჩევების მიღება? არსებობს ასეთი რჩევების მიღების წყარო, რომელიც ნამდვილად სანდოა? მართალია, ბევრი ამბობს, რომ სწამს ღმერთი და ენდობა ბიბლიას, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დიდ გავლენას არ ახდენს მათ გადაწყვეტილებებზე. რა მხრივ იქნება სასარგებლო, თუ რჩევებისთვის ღმერთს მივმართავთ? ამას მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 სახელი შეცვლილია.