არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უშიშარი „მოგზაური სახარების გასავრცელებლად“

უშიშარი „მოგზაური სახარების გასავრცელებლად“

უშიშარი „მოგზაური სახარების გასავრცელებლად“

დღემდე მოღწეული ცნობების თანახმად, ჯორჯ ბოროუ 18 წლის ასაკში 12 ენას ფლობდა. კიდევ ორი წლის შემდეგ მას 20 ენაზე შეეძლო „ნათელი და კოლორიტული“ თარგმანის შესრულება.

1833 წელს არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებული ჯორჯ ბოროუ „ბრიტანეთისა და უცხოეთის ბიბლიურმა საზოგადოებამ“ ლონდონში (ინგლისი) გასაუბრებაზე მიიწვია. მას არ ჰქონდა მგზავრობის ფული, მაგრამ იმის სურვილით, რომ ხელიდან არ გაეშვა ეს ხელსაყრელი შესაძლებლობა, 30 წლის ჯორჯი თავისი სახლიდან, ქალაქ ნორიჯიდან, ფეხით დაადგა 180 კილომეტრიან გზას და სულ რაღაც 28 საათში ჩავიდა ლონდონში.

ბიბლიურმა საზოგადოებამ მას რთული ამოცანა დაუსახა — ექვს თვეში უნდა შეესწავლა მანჯურიული ენა, რომელზეც ჩინეთის ზოგიერთ ნაწილში ლაპარაკობდნენ. ამისათვის მან ითხოვა გრამატიკის სახელმძღვანელო, მაგრამ მანჯურიულ ენაზე შესრულებული მათეს სახარებისა და მანჯურიულ-ფრანგული ლექსიკონის გარდა მას ვერაფერი შესთავაზეს. მიუხედავად ამისა, 19 კვირის შემდეგ ლონდონში გაგზავნილ წერილში იგი ამბობდა: „მანჯურიულ ენას დავეუფლე . . . ღვთის დახმარებით“. მისი ასეთი წარმატება კიდევ იმით არის საოცარი, რომ, როგორც ცნობილია, ის ამავე პერიოდში ლუკას სახარებას აკორექტორებდა მექსიკის ერთ-ერთი ადგილობრივ ენაზე, ნაუატლიზე.

ბიბლია მანჯურიულ ენაზე

XVII საუკუნეში მანჯურიული — მას შემდეგ, რაც მონღოლურ-უიღურული ანბანის საფუძველზე მისი დამწერლობა შეიქმნა — ჩინეთის ერთ-ერთი ოფიციალური ენა გახდა. მართალია, ამ ენას, დროის სვლასთან ერთად, უფრო და უფრო ნაკლებად იყენებდნენ, მაგრამ „ბრიტანეთისა და უცხოეთის ბიბლიური საზოგადოების“ წევრები ძალიან იყვნენ მოწადინებულნი, რომ მანჯურიულ ენაზე ბიბლია დაებეჭდათ და გაევრცელებინათ. 1822 წლისთვის მათ დააფინანსეს სტეპან ლიპოვცოვის მიერ გადათარგმნილი მათეს სახარების 550 ეგზემპლარის გამოცემა. სტეპან ლიპოვცოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის წევრი, ჩინეთში 20 წელი ცხოვრობდა. აღნიშნული გამოცემა დაიბეჭდა სანქტ-პეტერბურგში. რაც შეეხება გავრცელებას, მკითხველამდე მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარმა მიაღწია, — დანარჩენი წყალდიდობის შედეგად განადგურდა.

ამას მალევე მოჰყვა მთლიანი ქრისტიანულ-ბერძნული წერილების გამოცემა. 1834 წელს აღმოჩენილმა ძველმა ხელნაწერებმა, რომლებიც ებრაული წერილების დიდ ნაწილს შეიცავდა, უფრო გაამძაფრა ბიბლიისადმი ინტერესი. ვინ მოაბამდა თავს მანჯურიულ ენაზე არსებული ბიბლიის გადამუშავებას და თარგმანის ბოლომდე დასრულებას?

რუსეთში

სანქტ-პეტერბურგში ჩასვლის შემდეგ ჯორჯ ბოროუ სერიოზულად შეუდგა მანჯურიული ენის ღრმად შესწავლას, რათა მეტი სიზუსტით შესძლებოდა ბიბლიის ტექსტის გაკორექტორება და რედაქტირება. ეს საკმაოდ დამქანცველი საქმე აღმოჩნდა. იგი დღეში 13 საათს მუშაობდა და თავისი წვლილი შეჰქონდა „ახალი აღთქმის“ ტექსტის აწყობაში, რომელსაც მოგვიანებით „ბრწყინვალე აღმოსავლურ გამოცემად“ იხსენიებდნენ. 1835 წელს ეს ნაშრომი ათას ეგზემპლარად დაიბეჭდა. მაგრამ ჯორჯის ოცნება — ჩინეთში ჩაეტანა ისინი და გაევრცელებინა — განუხორციელებელი დარჩა. რუსეთის მთავრობას ეშინოდა, რომ შეიძლებოდა მეზობელ ქვეყანას ეს მისიონერულ საქმიანობად ჩაეთვალა და, შედეგად, საფრთხე შექმნოდა მათ შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას. სწორედ ამის გამო რუსეთმა ბოროუს ჩინეთში გადასვლის უფლება იმ პირობით მისცა, თუ მანჯურიულ ენაზე შესრულებული ბიბლიის არც ერთი ეგზემპლარი არ ექნებოდა თან.

რამდენიმე ეგზემპლარი დაახლოებით ათი წლის შემდეგ გავრცელდა, ხოლო 1859 წელს პირველად გამოჩნდა პარალელურ სვეტებიანი მათესა და მარკოზის სახარებები, რომლებიც მანჯურიულ და ჩინურ ენებზე იყო შესრულებული. მაგრამ ამ დროისთვის იმ ადამიანთა უმეტესობა, ვისაც შეეძლო მანჯურიულად კითხვა, ჩინურ ენაზე ამჯობინებდა კითხვას. ასე რომ, სრული მანჯურიული ბიბლიის გამოცემის იმედმა კრთომა დაიწყო. ამას ისიც დაემატა, რომ მანჯურიული მკვდარ ენად იქცა და მალე ის განდევნა ჩინურმა. თარგმანი დასრულდა 1912 წლისთვის, როდესაც ჩინეთი რესპუბლიკად გამოცხადდა.

იბერიის ნახევარკუნძული

გადატანილმა შემთხვევებმა ჯორჯ ბოროუს მოქმედებისთვის უფრო დიდი ბიძგი მისცა. ის ლონდონში დაბრუნდა, 1835 წელს კი ესპანეთსა და პორტუგალიაში გაგზავნეს, რათა — როგორც მოგვიანებით თავადვე წერდა — „გაერკვია, რამდენად იყო ხალხი გონებრივად მომზადებული ქრისტიანული ჭეშმარიტების მისაღებად“. ამ პერიოდში იქ არსებული პოლიტიკური და სოციალური არასტაბილურობის გამო ორივე ქვეყანა თითქმის აუთვისებელი იყო „ბრიტანეთისა და უცხოეთის ბიბლიური საზოგადოების“ მიერ. მართალია, ჯორჯს პორტუგალიაში ძალიან მოსწონდა სოფლის მოსახლეობასთან ბიბლიაზე საუბრები, მაგრამ იქ არსებულმა რელიგიურმა გულგრილობამ ცოტა ხანში მას ესპანეთში გადასვლა გადააწყვეტინა.

ესპანეთში ჯორჯ ბოროუ შეეჭიდა განსხვავებულ ამოცანას, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო ბოშებთან. ჯორჯი მათ მალე დაუახლოვდა, რამდენადაც იცოდა მათი ენა. არ გასულა დიდი ხანი და ის „ახალი აღთქმის“ თარგმნას შეუდგა ბოშური ენის ესპანურ დიალექტზე. გარკვეულ ეტაპზე მან სათანამშრომლოდ მიიწვია ორი ბოში ქალი. ის მათ უკითხავდა ესპანურ თარგმანს და სთხოვდა, გადაეთარგმნათ ბოშურად. ასეთი სახით მან გაიგო ბოშური იდიომების ზუსტი მნიშვნელობა. 1838 წლის გაზაფხულზე მისი მცდელობა ლუკას სახარების გამოცემით დაგვირგვინდა. ერთმა ეპისკოპოსმა აღფრთოვანებით თქვა: „ბოშური ენის წყალობით ის [ბოროუ] მთელ ესპანეთს მოაქცევს“.

შემდეგ ჯორჯს მიანდეს „ბასკურ ენაზე ბიბლიის სათარგმნად კომპეტენტური კაცის“ მოძებნა. არჩევანი შეჩერდა დოქტორ ოტესაზე, რომელიც პროფესიით ექიმი იყო. ჯორჯი მის შესახებ წერდა: „კარგად ერკვევა ენაში, რომელიც მე პირადად ზედაპირულად ვიცი“. 1838 წელს დაიბეჭდა ლუკას სახარება. ეს ბიბლიის პირველი წიგნი იყო ბასკურ ენაზე.

უბრალო ხალხის განათლების ძლიერმა სურვილმა ჯორჯს ხანგრძლივი და, ხშირ შემთხვევაში, საშიში მოგზაურობები წამოაწყებინა. ის სოფლიდან სოფელში დადიოდა და ღარიბ მოსახლეობას შორის წმინდა წერილებს ავრცელებდა. ჯორჯი ისწრაფვოდა, რომ დაეხსნა ხალხი რელიგიური უმეცრებისა და ცრურწმენისაგან; ააშკარავებდა ინდულგენციებით ვაჭრობის უაზრობას და, მაგალითად, ასეთი მიზეზი მოჰყავდა: „ნუთუ შეიძლება, რომ ღმერთმა, რომელიც კეთილია, ცოდვის გაყიდვა მოიწონოს?“ ბიბლიურმა საზოგადოებამ კი, იმის შიშით, რომ ტრადიციული სწავლებების საწინააღმდეგო ასეთ მოქმედებებს შედეგად შესაძლოა მათი საქმიანობის აკრძალვა მოჰყოლოდა, ჯორჯ ბოროუს მისცა მითითება, ყურადღება მხოლოდ წმინდა წერილების გავრცელებაზე გადაეტანა.

ჯორჯ ბოროუმ მიიღო სიტყვიერი ნებართვა საიმისოდ, რომ დაებეჭდა „ელ ნუევო ტესტამენტო“ — ესპანურ ენაზე თარგმნილი „ახალი აღთქმა“ რომაულ-კათოლიკური ეკლესიის დოქტრინალური შენიშვნების გარეშე. ეს მოხდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად; პრემიერ-მინისტრისა, რომელმაც ამ თარგმანს უწოდა საშიში და „არასაკადრისი წიგნი“. შემდეგ მადრიდში ჯორჯმა გახსნა საწყობი ესპანური „ახალი აღთქმის“ გასაყიდად. მისმა ამ ნაბიჯმა სასულიერო პირთა და ხელისუფლების წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია. ის დააპატიმრეს 12 დღით. როდესაც პროტესტი გამოხატა, სთხოვეს, რომ უხმაუროდ წასულიყო. რამდენადაც ესმოდა, რომ უკანონოდ იყო დაპატიმრებული, მან საფუძვლად მოიყვანა პავლე მოციქულის მაგალითი და არჩია, მანამდე დარჩენილიყო პატიმრობაში, სანამ სახალხოდ არ მოუხსნიდნენ ბრალდებებს, რითაც მისი სახელი შელახვას გადაურჩებოდა (საქმეები 16:37).

ბიბლიური საზოგადოება 1840 წელს, როდესაც მისმა ერთგულმა წარმომადგენელმა ესპანეთი დატოვა, იტყობინებოდა: „უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ესპანეთში წმინდა წერილების 14 000 ეგზემპლარი გავრცელდა. რამდენადაც ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანა, ჯორჯმა ესპანეთში მოღვაწეობის პერიოდს „ცხოვრების უბედნიერესი წლები“ უწოდა.

წიგნში „ბიბლია ესპანურ ენაზე“ — რომელიც პირველად 1842 წელს გამოქვეყნდა და დღემდე გამოიცემა — ჯორჯ ბოროუ თავადვე აღწერს ცოცხლად საკუთარ მოგზაურობებსა და თავგადასავლებს. ამ ნაშრომში, რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა, ის საკუთარ თავს უწოდებს „მოგზაურს სახარების გასავრცელებლად“. ჯორჯი წერს: „მიზნად მქონდა, ვწვეოდი რთულად მისადგომ ბორცვებსა და მთებს შორის მოქცეულ დაშორებულ ადგილებს და მესაუბრა ხალხთან ქრისტეზე ისე, როგორც მე მესმოდა“.

ბიბლიის ასეთი ენთუზიაზმით გავრცელებითა და თარგმნით ჯორჯ ბოროუმ გზა გაუკვალა მის შემდეგ მომავალთ და ამით, რა თქმა უნდა, საპატიო საქმე შეასრულა.

[რუკა 29 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ბიბლიის თარგმნისა და გავრცელების სურვილით ანთებული ჯორჯ ბოროუ ინგლისიდან (1) გაემართა რუსეთში (2), პორტუგალიასა (3) და ესპანეთში (4).

[საავტორო უფლება]

Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.

[სურათი 28 გვერდზე]

1935 წელს დაბეჭდილი იოანეს სახარების დასაწყისი მანჯურიულ ენაზე, იკითხება ზევიდან ქვევით, მარცხნიდან მარჯვნივ.

[საავტორო უფლება]

From the book The Bible of Every Land, 1860

[სურათის საავტორო უფლება 27 გვერდზე]

From the book The Life of George Borrow by Clement K. Shorter, 1919