არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბედნიერების ძიებაში

ბედნიერების ძიებაში

ბედნიერების ძიებაში

რამდენიმე წლის წინ საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა გამოკითხვა იმის თაობაზე, თუ რა არის საჭირო ბედნიერების მისაღწევად. გამოკითხულთა 89 პროცენტმა თქვა, რომ ამაში გადამწყვეტ როლს კარგი ჯანმრთელობა თამაშობს; 79 პროცენტმა მთავარ ფაქტორად მოიხსენია წარმატებული ქორწინება ან მეუღლეებს შორის კარგი ურთიერთობა; 62 პროცენტმა ბედნიერება დაუკავშირა შვილების ყოლას, 51 პროცენტი კი მიიჩნევდა, რომ ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია კარიერის შექმნის შედეგად. და თუმცა არსებობს საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, რომ ფული არ არის ბედნიერების გასაღები, გამოკითხულთა 47 პროცენტი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. რას ცხადყოფს ფაქტები?

თავდაპირველად განვიხილოთ, ნამდვილად დამოკიდებულია თუ არა ბედნიერება ფულზე, როგორც ამას ბევრი ამბობს. ასი ყველაზე მდიდარი ამერიკელის გამოკითხვამ ცხადყო, რომ საერთო ჯამში ისინი არ არიან სხვა ადამიანებზე ბედნიერები. გარდა ამისა, გასული სამი ათწლეულის განმავლობაში ბევრმა ამერიკელმა თითქმის გაიორმაგა მატერიალური საკუთრება, მაგრამ, ფსიქოლოგების გამოკვლევის თანახმად, ეს ადამიანები ამით არ გახდნენ უფრო ბედნიერები. ერთ ანგარიშში აღნიშნულია: „ამავე პერიოდში დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფთა რიცხვმა იმატა. გაორმაგდა განქორწინებები და გასამმაგდა მოზარდებს შორის თვითმკვლელობის რიცხვი“. დაახლოებით 50 ქვეყანაში სპეციალისტები, რომლებიც იკვლევდნენ, დამოკიდებულია თუ არა ბედნიერება ფულზე, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი.

რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბედნიერების მისაღწევად ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კარგი ჯანმრთელობა, წარმატებული ქორწინება და კარიერა? თუ ეს ფაქტორებია აუცილებელი ბედნიერებისთვის, მაშინ რა შეიძლება ითქვას მილიონობით ადამიანზე, რომლებსაც ცუდი ჯანმრთელობა აქვთ ან არ არიან კმაყოფილნი თავიანთი ქორწინებით? რისი თქმა შეიძლება უშვილო წყვილებზე ან ისეთ მამაკაცებზე და ქალებზე, რომლებმაც ვერ შეიქმნეს კარიერა? ნუთუ ყველა ეს ადამიანი უსიხარულო ცხოვრებისთვის არის დაბადებული? შეინარჩუნებენ კი ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების შემთხვევაში ბედნიერებას ისინი, ვისაც დღესდღეობით კარგი ჯანმრთელობა აქვს და ქორწინებით კმაყოფილია?

სწორი მიმართულებით ვეძებთ ბედნიერების წყაროს?

ყველას სურს, იყოს ბედნიერი. ეს არ არის გასაკვირი, რადგან შემოქმედს „ბედნიერი ღმერთი“ ეწოდება, ადამიანები კი ღვთის ხატად არიან შექმნილნი (1 ტიმოთე 1:11; დაბადება 1:26, 27). ამიტომ სავსებით ბუნებრივია ის, რომ ადამიანები ეძებენ ბედნიერებას. მიუხედავად ამისა, ბევრმა აღმოაჩინა, რომ ბედნიერება ჰგავს ქვიშას, რომელიც ადვილად გვეფანტება ხელიდან.

ფუჭად ხომ არ ირჯება ზოგი ბედნიერების ძიებაში? სწორედ ასეთი აზრი აქვს ფილოსოფოსს ერიკ ჰოფერს. ის აღნიშნავს: „ბედნიერების ძიება უბედურების ერთ–ერთი ძირითადი სათავეა“. ეს სიტყვები მართლდება მაშინ, როდესაც არასწორი მიმართულებით ვეძებთ ბედნიერებას. ასეთ შემთხვევაში ვერ გავექცევით გულგატეხილობასა და იმედგაცრუებას. სიმდიდრისკენ, დიდებისკენ ან პრესტიჟისკენ სწრაფვას, პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური მიზნებისთვის ბრძოლას და ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილების ან წამიერი სიამოვნების ძიებას არ მოაქვს ბედნიერება. სავსებით გასაგებია, თუ რატომ ეთანხმებიან ზოგიერთები ერთი მწერლის ირონიულ გამონათქვამს. მან აღნიშნა: „ცხოვრება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა უფრო სასიამოვნო, თუ მთელი ძალებით არ ვიბრძოლებდით ბედნიერების მისაღწევად!“

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ გამოკითხულთა 40 პროცენტმა აღნიშნა, რომ ბედნიერების ერთ–ერთი გასაღები სხვებისთვის სიკეთის კეთება და დახმარების აღმოჩენაა. ხოლო 25 პროცენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბედნიერების მისაღწევად მნიშვნელოვან როლს თამაშობს რწმენა და რელიგიური შეხედულებები. აქედან გამომდინარე, საჭიროა კარგად დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, რაზეა დამოკიდებული ნამდვილი ბედნიერება. ამაში დაგვეხმარება მომდევნო სტატია.

[სურათები 3 გვერდზე]

ბევრი თვლის, რომ ბედნიერების გასაღები ფული, კარგი ოჯახი ან კარიერაა. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?