არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ერთი პირით“ ადიდეთ ღმერთი

„ერთი პირით“ ადიდეთ ღმერთი

„ერთი პირით“ ადიდეთ ღმერთი

‘ერთი პირით ადიდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა’ (რომაელები 15:6)

1. რა ასწავლა პავლე მოციქულმა თანამორწმუნეებს განსხვავებულ შეხედულებებთან დაკავშირებით?

ყველა ქრისტიანი ერთნაირ არჩევანს არ აკეთებს და ყველას ერთნაირი შეხედულება არა აქვს ამა თუ იმ საკითხზე. მიუხედავად ამისა, ქრისტიანებმა ცხოვრების გზაზე მხარდამხარ უნდა იარონ. შესაძლებელია ასეთი რამ? დიახ, იმ შემთხვევაში, თუ უმნიშვნელო განსხვავებას დიდ პრობლემად არ ვაქცევთ. სწორედ ეს ასწავლა პავლე მოციქულმა პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს. როგორ ახსნა მან ეს მნიშვნელოვანი აზრი? ჩვენ როგორ შეგვიძლია მის მიერ თანაქრისტიანებისთვის ღვთის შთაგონებით მიცემული რჩევის გამოყენება?

ქრისტიანული ერთობის მნიშვნელობა

2. როგორ გაამახვილა პავლემ ყურადღება ერთობის აუცილებლობაზე?

2 პავლეს ესმოდა ქრისტიანული ერთობის აუცილებლობა. ამიტომაც მან შესანიშნავი რჩევა მისცა თანაქრისტიანებს, რათა დახმარებოდა მათ, სიყვარულით მოეთმინათ ერთმანეთისთვის (ეფესოელები 4:1—3; კოლოსელები 3:12—14). და მაინც, მრავალი კრების დაარსებისა და 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თანაქრისტიანების არაერთხელ მონახულების შემდეგ, პავლე ხედავდა, რომ არც ისე ადვილი იყო ერთობის შენარჩუნება (1 კორინთელები 1:11—13; გალატელები 2:11—14). ამიტომაც რომში მცხოვრებ თანამორწმუნეებს ის შემდეგი სიტყვებით შეაგონებდა: „დაე ღმერთმა, რომელიც მოთმინებასა და ნუგეშს გვაძლევს, მოგცეთ ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა, რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა“ (რომაელები 15:5, 6). დღესაც, იეჰოვა „ერთი პირით“, გაერთიანებულად, უნდა განვადიდოთ მისმა ხალხმა. რამდენად კარგად ვაკეთებთ ამას?

3, 4. ა) რა წარმომავლობის ქრისტიანები ცხოვრობდნენ რომში? ბ) როგორ შეძლებდნენ რომში მცხოვრები ქრისტიანები იეჰოვას „ერთი პირით“ განდიდებას მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულები იყვნენ?

3 რომში მცხოვრები ბევრი ქრისტიანი პავლეს მეგობარი იყო (რომაელები 16:3—16). მათი განსხვავებული წარმომავლობის მიუხედავად, პავლე ძმებს ‘ღვთისთვის საყვარლებად’ მიიჩნევდა. მან დაწერა: „იესო ქრისტეს მეშვეობით მადლობას ვუხდი ჩემს ღმერთს ყველა თქვენგანისთვის, რადგან მთელ ქვეყანაზე ლაპარაკობენ თქვენი რწმენის შესახებ“. აშკარაა, რომაელი ქრისტიანები მრავალმხრივ იყვნენ სამაგალითონი (რომაელები 1:7, 8; 15:14). მეორე მხრივ, კრების ზოგიერთ წევრს განსხვავებული აზრი ჰქონდა ზოგ საკითხზე. დღეს ქრისტიანულ კრებაში სხვადასხვა წარმოშობისა და კულტურის ადამიანები ვართ გაერთიანებულნი. ამიტომაც დამხმარე იქნება პავლეს მიერ ღვთის სულიწმიდით მოცემული რჩევის შესწავლა, რათა ყველამ შევძლოთ „ერთი პირით“ ლაპარაკი.

4 რომში როგორც ებრაელი, ისე არაებრაელი მორწმუნეები იყვნენ (რომაელები 4:1; 11:13). როგორც ჩანს, ზოგ ებრაელ ქრისტიანს უჭირდა იმ წეს-ჩვეულებების მიტოვება, რომლებსაც მოსეს რჯულის თანახმად იცავდნენ. თუმცა მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ამ წეს-ჩვეულებების დაცვა არ იყო მნიშვნელოვანი გადარჩენისთვის. მეორე მხრივ, ზოგ ებრაელ ქრისტიანს ესმოდა, რომ ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე გათავისუფლებულები იყვნენ შეზღუდვებისგან და წესებისგან, რომლებსაც ქრისტიანობის მიღებამდე იცავდნენ. ამიტომ ისინი უკვე განსხვავებულად იქცეოდნენ (გალატელები 4:8—11). მიუხედავად ამისა, როგორც პავლემ აღნიშნა, ყოველი მათგანი ‘ღვთისთვის საყვარელი’ იყო. მათ შეეძლოთ „ერთი პირით“ განედიდებინათ ღმერთი, თუ ერთმანეთის მიმართ სწორ დამოკიდებულებას შეინარჩუნებდნენ. დღეს შეიძლება ჩვენც განსხვავებული აზრი გვქონდეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით; ამიტომაც კარგი იქნება, ყურადღებით განვიხილოთ, როგორ ახსნა პავლემ ასეთ შემთხვევებში გამოსაყენებელი მნიშვნელოვანი პრინციპი (რომაელები 15:4).

„გულთბილად მიიღეთ ერთმანეთი“

5, 6. რატომ არსებობდა რომის კრებაში განსხვავებული აზრები საკვების თაობაზე?

5 რომაელთა მიმართ წერილში პავლე ლაპარაკობს საკითხზე, რომლის შესახებაც ქრისტიანებს განსხვავებული აზრები ჰქონდათ. ის წერს: „ზოგს ისეთი რწმენა აქვს, რომ ყველაფერს ჭამს, სუსტი კი მხოლოდ მწვანილეულს ჭამს“. რა იყო ამის მიზეზი? მოსეს რჯულის მიხედვით, მიუღებელი იყო ღორის ხორცის ჭამა (რომაელები 14:2; ლევიანები 11:7). მაგრამ იესოს სიკვდილის შემდეგ ამ კანონის დაცვა აღარ იყო აუცილებელი (ეფესოელები 2:15). მოგვიანებით, იესოს სიკვდილიდან სამწელიწადნახევრის გასვლის შემდეგ, ანგელოზმა უთხრა პეტრე მოციქულს, რომ ღვთის თვალში არანაირი საკვები არ ითვლებოდა ბილწად (საქმეები 11:7—12). აქედან გამომდინარე, ზოგ ებრაელ ქრისტიანს შეიძლება ეფიქრა, რომ შეეძლო ეჭამა ღორის ხორცი ან სხვა რამ, რისი ჭამაც ადრე რჯულით იკრძალებოდა.

6 სხვა ებრაელი ქრისტიანებისთვის კი ადრე უწმინდურად მიჩნეული ნებისმიერი საკვების ჭამაზე ფიქრიც კი ამაზრზენი იყო. ასეთ ქრისტიანებს ქვეცნობიერად შეიძლება თავი შეურაცხყოფილად ეგრძნოთ, როცა ხედავდნენ, რომ ებრაელი ძმები ასეთ საკვებს შეექცეოდნენ. მეორე მხრივ, ზოგი არაებრაელი ქრისტიანი, რომელთაც ყოფილი რელიგია, ალბათ, არასდროს ზღუდავდა საკვებთან დაკავშირებით, შესაძლოა საგონებელში ჩავარდნილიყო იმის გამო, რომ ვინმე საკამათოდ აქცევდა ამ საკითხს. ცხადია, ცუდი არაფერი იყო ამა თუ იმ საკვებისგან თავის შეკავებაში, თუ ქრისტიანი იმის მტკიცებას არ მოჰყვებოდა, რომ ეს გადარჩენისთვის იყო აუცილებელი. მიუხედავად ამისა, განსხვავებულ აზრებს შესაძლოა კრებაში ადვილად გამოეწვია დაპირისპირება. რომში მცხოვრები ქრისტიანები ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ, რომ ასეთ განსხვავებებს ხელი არ შეეშალა მათთვის, „ერთი პირით“ განედიდებინათ ღმერთი.

7. რა განსხვავებული აზრები არსებობდა ყოველ კვირას განსაკუთრებული დღის დაცვასთან დაკავშირებით?

7 პავლეს მეორე მაგალითიც მოჰყავს: „ზოგი თვლის, რომ ერთი დღე მეორეზე მნიშვნელოვანია, ზოგისთვის კი ყველა დღე ერთნაირია“ (რომაელები14:5ა). მოსეს რჯულის მიხედვით, შაბათს არავითარი სამუშაოს შესრულება არ შეიძლებოდა. ამ დღეს მგზავრობაც კი მკაცრად იკრძალებოდა (გამოსვლა 20:8—10; მათე 24:20; საქმეები 1:12). მაგრამ რჯულის გაუქმებისთანავე გაუქმდა ასეთი აკრძალვებიც. მიუხედავად ამისა, ზოგ ებრაელ ქრისტიანს შესაძლოა კვლავაც თავი შეეკავებინა ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისგან და შორ მანძილზე მგზავრობისგან იმ დღეს, რომელსაც ადრე წმინდად მიიჩნევდნენ. მათ შესაძლოა ქრისტიანობის მიღების შემდეგაც კი მხოლოდ სულიერი მიზნებისთვის გამოეყოთ მეშვიდე დღე, თუმცა ღვთის თვალში შაბათის დაცვა უკვე აღარ იყო ძალაში. სწორი იყო ეს? არა, თუ ისინი არ დაიჟინებდნენ, რომ შაბათის დაცვას ღმერთი მოითხოვდა. პავლემ მხედველობაში მიიღო თანაქრისტიანების სინდისი და დაწერა: „დაე თითოეული ბოლომდე იყოს დარწმუნებული თავის აზრებში“ (რომაელები 14:5ბ).

8. რა არ უნდა გაეკეთებინათ რომში მცხოვრებ ქრისტიანებს, მაშინ როცა ანგარიში უნდა გაეწიათ სხვების სინდისისთვის?

8 პავლე სიყვარულით შეაგონებდა ძმებს, მოთმინება გამოევლინათ მათ მიმართ, ვინც კამათობდა სინდისთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაგრამ კიცხავდა მათ, ვინც თანამორწმუნეებს აძალებდა, გადასარჩენად მოსეს რჯული დაეცვათ. მაგალითად, დაახლოებით ახ. წ. 61 წელს მან დაწერა ქრისტიან ებრაელთა მიმართ წერილი, სადაც დამაჯერებლად ახსნა, რომ მოსეს რჯულისადმი მორჩილებას არავითარი დანიშნულება აღარ გააჩნდა და, რომ ქრისტიანებს ჰქონდათ აღმატებული იმედი, რომელიც იესოს გამომსყიდველურ მსხვერპლზე იყო დაფუძნებული (გალატელები 5:1—12; ტიტე 1:10, 11; ებრაელები 10:1—17).

9, 10. რისგან უნდა შეიკავონ თავი ქრისტიანებმა? ახსენით.

9 როგორც ვხედავთ, პავლეს მსჯელობის თანახმად, აზრთა სხვაობა საფრთხეს არ უქმნის ერთობას, თუ ამ დროს აშკარად არ ირღვევა ქრისტიანული პრინციპები. ამიტომაც პავლე ეკითხება სუსტი სინდისის მქონე ქრისტიანებს: „რატომ ასამართლებ შენს ძმას?“ შემდეგ კი კითხვას უსვამს ძლიერებს (შესაძლოა მათ, ვისაც სინდისი ნებას რთავდა ეჭამა მოსეს რჯულის მიხედვით აკრძალული საკვები ან შაბათს ემუშავა): „ან ზემოდან რატომ დაჰყურებ შენს ძმას?“ (რომაელები 14:10). პავლეს სიტყვების თანახმად, სუსტი სინდისის მქონე ქრისტიანებმა თავი უნდა შეიკავონ იმ ძმების განსჯისგან, რომლებიც ამა თუ იმ საკითხს უფრო შემწყნარებლურად უყურებენ. ამავე დროს, ძლიერმა ქრისტიანებმა ზემოდან არ უნდა დაჰყურონ მათ, ვისი სინდისი კვლავაც სუსტია ზოგ საკითხთან დაკავშირებით. ყველამ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის სწორ მოტივებს და ‘საკუთარ თავზე იმაზე მეტად არ იფიქროს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს’ (რომაელები 12:3, 18).

10 პავლე შემდეგნაირად ხსნის გაწონასწორებული თვალსაზრისის მნიშვნელობას: „ვინც ჭამს, ზემოდან ნუ დაუწყებს ყურებას იმას, ვინც არა ჭამს; და ვინც არა ჭამს, ნუ გაასამართლებს იმას, ვინც ჭამს, რადგან ღმერთმა გულთბილად მიიღო იგი“. შემდეგ ამბობს: „ქრისტემ მიგიღოთ გულთბილად, ღვთის სადიდებლად“. ღმერთსა და ქრისტეს როგორც ძლიერი, ისე სუსტი უყვარს. ამიტომ ჩვენც მსგავსი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს და უნდა ‘მივიღოთ ერთმანეთი’ (რომაელები 14:3; 15:7). განა ვინმე უარყოფს ამ აზრს?

ძმური სიყვარული ერთობის საწინდარია

11. რა განსაკუთრებული მდგომარეობა არსებობდა პავლეს დღეებში?

11 რომაელთა მიმართ წერილში პავლე განსაკუთრებულ მდგომარეობას განიხილავდა. მცირე დრო იყო გასული იქიდან, რაც იეჰოვამ ძველი შეთანხმება გააუქმა და ახალი დადო. ზოგს უჭირდა ცვლილებასთან შეგუება. დღეს ასეთი რამ არ ხდება, მაგრამ შესაძლოა დროდადრო მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.

12, 13. რა სიტუაციებში მმართებთ ქრისტიანებს ძმების სინდისის გათვალისწინება?

12 შესაძლოა ქრისტიანი ქალი ადრე მიეკუთვნებოდა სარწმუნოებას, რომელიც ასწავლიდა, რომ საკუთარ ჩაცმულობასა და გარეგნობაზე არ გაემახვილებინა ყურადღება. ამის გამო მას შეიძლება ჭეშმარიტების მიღების შემდეგაც გაუჭირდეს იმ აზრთან შეგუება, რომ აკრძალული არ არის მდგომარეობის შესაფერისი სადა, მაგრამ ლამაზი ტანსაცმლის ხმარება ან კოსმეტიკის სათანადო გამოყენება. რადგან ეს საკითხი ბიბლიურ პრინციპებს არ ეხება, არასწორი იქნებოდა, ვინმეს დაერწმუნებინა ის, რომ საკუთარი სინდისის წინააღმდეგ წასულიყო. მეორე მხრივ, ასეთ ქრისტიანებსაც უნდა ესმოდეთ, რომ არ უნდა გააკრიტიკონ სხვა ქრისტიანი ქალები, რომელთაც სინდისი მეტის უფლებას აძლევს ამ საკითხებთან დაკავშირებით.

13 განვიხილოთ სხვა მაგალითიც. შესაძლოა ქრისტიანი ძმა ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც ალკოჰოლური სასმელების გამოყენება მიზანშეწონილად არ ითვლებოდა. ჭეშმარიტების შეცნობის შემდეგ მან გაიგო, რომ ბიბლიის თანახმად, ღვინო ღვთისგან ბოძებული ძღვენია, რომლის ზომიერად გამოყენება შესაძლებელია (ფსალმუნები 103:15). ის არ ეწინააღმდეგება ამ აზრს. მიუხედავად ამისა, წარსულიდან გამომდინარე, ამჯობინებს სრულიად არ მიიღოს ალკოჰოლური სასმელები. მაგრამ ის არ აკრიტიკებს მათ, ვინც ზომიერად სვამს ღვინოს. ამგვარად, ის პავლეს სიტყვებს ითვალისწინებს: „მაშ, იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება“ (რომაელები 14:19).

14. რა სიტუაციებში შეუძლია ქრისტიანს პავლეს მიერ რომაელებისთვის მიცემული რჩევის შესაბამისად მოქმედება?

14 სხვა სიტუაციებშიც საჭიროა პავლეს მიერ რომაელებისთვის მიცემული რჩევის შესაბამისად მოქმედება. ქრისტიანულ კრებაში ერთმანეთისგან განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანები არიან. შესაბამისად, მათ შეიძლება ამა თუ იმ საკითხთან, მაგალითად, ჩაცმულობასა და გარეგნობასთან დაკავშირებით, განსხვავებული არჩევანი გააკეთონ. ცხადია, ბიბლიაში გასაგებად არის მოცემული პრინციპები, რომლებითაც ყველა გულწრფელმა ქრისტიანმა უნდა იხელმძღვანელოს. არც ერთმა ჩვენგანმა არ უნდა ჩაიცვას ისეთი ტანსაცმელი და არ უნდა ატაროს ისეთი ვარცხნილობა, რომელიც უცნაურად გამოიყურება, მოკრძალებული არაა ან ქვეყნიური ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი (1 იოანე 2:15—17). ქრისტიანებს ახსოვთ, რომ ყოველთვის, მაშინაც კი, როცა ისვენებენ, უზენაესი ხელისუფალის მსახურები და წარმომადგენლები არიან (ესაია 43:10; იოანე 17:16; 1 ტიმოთე 2:9, 10). მაგრამ ბევრ სფეროში ქრისტიანებს შეუძლიათ ღვთისთვის მისაღები ერთმანეთისგან განსხვავებული არჩევანი გააკეთონ *.

მოერიდეთ სხვების დაბრკოლებას

15. რა შემთხვევებში არ ცდილობს ქრისტიანი თავისი უფლებების დაცვას ძმების საკეთილდღეოდ?

15 არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელზეც პავლე რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში ამახვილებს ყურადღებას. ზოგჯერ კარგად განსწავლული სინდისის მქონე ქრისტიანმა შესაძლოა გადაწყვიტოს, თავი შეიკავოს იმისგან, რისი გაკეთების უფლებაც შესაძლოა ჰქონდეს. რატომ? მას ესმის, რომ მისმა არჩევანმა შეიძლება სხვებს ავნოს. მაშ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში? პავლე ამბობს: „კარგს იზამ, თუ არ შეჭამ ხორცს, არ დალევ ღვინოს ან არ გააკეთებ ისეთ რამეს, რაც აბრკოლებს შენს ძმას“ (რომაელები 14:14, 20, 21). ამგვარად, „ჩვენ, ძლიერებმა, საკუთარ თავს კი არ უნდა ვასიამოვნოთ, არამედ უძლურთა სისუსტეები უნდა ვატაროთ. თითოეულმა ჩვენგანმა ასიამოვნოს თავის მოძმეს ყველაფერში, რაც სასიკეთოა მის აღსაშენებლად“ (რომაელები 15:1, 2). თუ ჩვენი საქციელი გაანაწყენებს თანაქრისტიანს, ძმური სიყვარული აღგვძრავს, ანგარიში გავუწიოთ მას და თავი შევიკავოთ ასეთი მოქმედებისგან. ამის კარგი მაგალითია ალკოჰოლური სასმელების გამოყენება. ქრისტიანს უფლება აქვს ზომიერად დალიოს. მაგრამ ეს თუ თანამორწმუნეს დააბრკოლებს, ქრისტიანი არ შეეცდება, თავისი უფლებები დაიცვას.

16. როგორ შეგვიძლია ანგარიში გავუწიოთ ჩვენს მხარეში მცხოვრებ ხალხს?

16 ამავე პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობის შემთხვევაშიც, რომლებიც ქრისტიანულ კრებას არ მიეკუთვნებიან. მაგალითად, შესაძლოა ისეთ მხარეში ვცხოვრობთ, სადაც სახელმწიფო რელიგია თავის მიმდევრებს ასწავლის, რომ კვირაში ერთი დღე სრული დასვენების დღედ მიიჩნიონ. ამის გამო, ხალხი რომ არ დავაბრკოლოთ და ქადაგებისას სირთულეები რომ არ შეგვექმნას, შევეცდებით შეძლებისდაგვარად მოვერიდოთ იმ დღეს ისეთი რამის გაკეთებას, რაც ხალხს გააღიზიანებს. აგრეთვე, შესაძლოა მდიდარი ქრისტიანი მაუწყებლებზე მეტი მოთხოვნის გამო საქადაგოდ გადავიდეს ისეთ მხარეში, სადაც ხალხი ღარიბულად ცხოვრობს. მან შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს, ანგარიში გაუწიოს ახალ მეზობლებს და ძალიან სადად ჩაიცვას ან იმაზე უბრალოდ იცხოვროს, ვიდრე ამის შესაძლებლობა აქვს.

17. რატომ არის გონივრული, რომ არჩევნის გაკეთებისას მხედველობაში მივიღოთ სხვები?

17 გონივრულია „ძლიერებისგან“ ამგვარად მოქცევას მოველოდეთ? მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: დავუშვათ, გზაზე მანქანით მივდივართ და ვხედავთ, რომ ბავშვები უახლოვდებიან სახიფათო ადგილს — სამანქანო გზას. განვაგრძობთ მაქსიმალური დასაშვები სიჩქარით სვლას მხოლოდ იმიტომ, რომ ამის უფლება გვაქვს? არა, ასეთ შემთხვევაში შევანელებთ სვლას საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ზოგჯერ ასეთივე შენელება ანუ თავშეკავება გვჭირდება თანამორწმუნეებთან და სხვებთან ურთიერთობისას. შეიძლება იმას ვაკეთებდეთ, რისი კეთების სრული უფლებაც გვაქვს და არავითარ ბიბლიურ პრინციპს არ ვარღვევდეთ. მიუხედავად ამისა, ჩვენი საქციელი თუ შეურაცხყოფას მიაყენებს სხვებს ან ავნებს სუსტი სინდისის მქონეებს, ძმურმა სიყვარულმა მეტი სიფრთხილით მოქმედებისკენ უნდა აღგვძრას (რომაელები 14:13, 15). ერთობის შენარჩუნება და სამეფოს ინტერესების წინ წაწევა ჩვენი პირადი უფლებების დაცვაზე მეტად მნიშვნელოვანია.

18, 19. ა) როგორ ვბაძავთ იესოს მაგალითს სხვებისთვის ანგარიშის გაწევით? ბ) რა საკითხებთან დაკავშირებით არის ჩვენ შორის სრული ერთსულოვნება და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

18 ასე მოქცევით საუკეთესო მაგალითს მივბაძავთ. პავლე ამბობს: «არც ქრისტე ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე, არამედ, როგორც დაწერილია: „შენი მლანძღველების ლანძღვა მე დამატყდა“». ქრისტე მზად იყო ადამიანებისთვის საკუთარი სიცოცხლის გასაღებად. ცხადია, ჩვენც მზად ვართ, ესა თუ ის უფლება გავიღოთ, თუ ეს „უძლურებს“ ჩვენთან ერთად ღვთის განდიდების შესაძლებლობას მისცემს. მართლაც, თუ შემწყნარებლობას ვავლენთ სუსტი სინდისის მქონე ქრისტიანების მიმართ, ან საკუთარი ნებით ვიკავებთ თავს რაღაცისგან და საკუთარი უფლებების დაცვას არ ვცდილობთ, ამით ვცხადყოფთ, რომ გვაქვს „ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“ (რომაელები 15:1—5).

19 მართალია, ჩვენი შეხედულებები შეიძლება განსხვავდებოდეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ბიბლიურ პრინციპებთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ თაყვანისმცემლობის საკითხებში ჩვენ შორის სრული ერთსულოვნებაა (1 კორინთელები 1:10). ასეთი ერთსულოვნება, კარგად ჩანს მაგალითად, იმ ადამიანებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაში, რომლებიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ეწინააღმდეგებიან. ღვთის სიტყვა ამ მოწინააღმდეგეებს „უცხოებს“ უწოდებს და მოგვიწოდებს მოვერიდოთ „უცხოთა ხმას“ (იოანე 10:5). როგორ უნდა ამოვიცნოთ „ასეთი უცხოები“? რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათდამი? ამ საკითხებს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 14 ჩაცმასთან დაკავშირებით ბავშვებს მშობლები მეთვალყურეობენ.

როგორ უპასუხებდით?

• რატომ არ უქმნის პირად საკითხებთან დაკავშირებული განსხვავებული შეხედულებები ერთობას საფრთხეს?

• რატომ უნდა გავუწიოთ ქრისტიანებმა სიყვარულით ერთმანეთს ანგარიში?

• რა შემთხვევებში შეგვიძლია პავლეს მიერ ერთობასთან დაკავშირებით მოცემული რჩევის გამოყენება და რა აღგვძრავს ამისკენ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 9 გვერდზე]

პავლეს მიერ ერთობასთან დაკავშირებით მიცემული რჩევა მნიშვნელოვანი იყო კრებისთვის.

[სურათი 10 გვერდზე]

განსხვავებული წარმოშობის მიუხედავად, ქრისტიანები გაერთიანებულები არიან.

[სურათი 12 გვერდზე]

როგორ უნდა მოიქცეს ეს მძღოლი?