არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნებით გაღებულმა მსხვერპლმა ბედნიერება და კმაყოფილება მოგვიტანა

ნებით გაღებულმა მსხვერპლმა ბედნიერება და კმაყოფილება მოგვიტანა

ბიოგრაფია

ნებით გაღებულმა მსხვერპლმა ბედნიერება და კმაყოფილება მოგვიტანა

მოგვითხრეს მარიან და როზა შუმიგმებმა

„ნებით შემოგწირავ მსხვერპლს“, — ვკითხულობთ ფსალმუნების 53:8–ში. ეს სიტყვები საფრანგეთში მცხოვრები წყვილის მარიან და როზა შუმიგების ცხოვრების ნაწილად იქცა. ამას წინათ მათ გვიამბეს იეჰოვას მსახურებაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში გატარებული მდიდარი ცხოვრებიდან ყველაზე საინტერესო შემთხვევები.

მარიანი: ჩემი მშობლები კათოლიკე იმიგრანტები იყვნენ პოლონეთიდან. მამა უბრალო ადამიანი იყო. მას არასდროს ჰქონია სკოლაში სიარულის შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, პირველი მსოფლი ომის დროს მან წერა–კითხვა სანგარში ჯდომისას ისწავლა. მამაჩემი ღვთისმოშიში პიროვნება იყო, მაგრამ ეკლესია ხშირად იმედს უცრუებდა.

ერთი შემთხვევა მას არასოდეს ავიწყდებოდა. ერთ დღეს, ომის დროს, მამაჩემის სამხედრო ნაწილს მღვდელი ესტუმრა. როდესაც ახლომახლო ჭურვი აფეთქდა, მღვდელი თავზარდაცემული გავარდა და ცხენს ჯვარი შემოჰკრა, რათა გაქცეულიყო. მამა შეცბუნდა, როდესაც დაინახა, რომ „ღვთის წარმომადგენელმა“ ცხენის გასაჭენებლად „წმინდა“ საგანი გამოიყენა. ასეთი შემთხვევებისა და ომში ნანახი საშინელებების მიუხედავად, მამას ღვთის მიმართ რწმენა არ შესუსტებია. ის ხშირად ღმერთს უმადლოდა, რომ ომიდან უვნებელი დაბრუნდა.

„პატარა პოლონეთი“

1911 წელს მამა დაქორწინდა მეზობელ სოფელში მცხოვრებ გოგონაზე — ანა ცისოვსკიზე. 1919 წელს, ომის დამთავრებიდან ცოტა ხნის შემდეგ, მშობლები პოლონეთიდან საფრანგეთში გადასახლდნენ, სადაც მამაჩემმა ქვანახშირის მაღაროში დაიწყო მუშაობა. მე, 1926 წლის მარტში, საფრანგეთის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კანიაკლე–მინში დავიბადე. მას შემდეგ ჩემი მშობლები საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ლანსის მახლობლად მდებარე პოლონურ დასახლებაში, ლოს–ან–გოელეში, გადავიდნენ საცხოვრებლად. იქ მცხოვრები მცხობელი, ყასაბი და ადგილობრივი ეკლესიის მღვდელი პოლონელები იყვნენ. გასაკვირი არ იყო, რომ ამ ადგილს პატარა პოლონეთს ეძახდნენ. მშობლები აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ საქმიანობაში. მამა ხშირად ორგანიზებას უკეთებდა წარმოდგენებს — სპექტაკლებს, მუსიკასა და სიმღერებს. ის აგრეთვე რეგულარულად ესაუბრებოდა მღვდელს, მაგრამ არ იყო კმაყოფილი, რომ მღვდელი მის დასმულ კითხვებს ჩვეული სახით პასუხობდა: „ეს საიდუმლოებაა“.

ერთ დღეს, 1930 წელს, ჩვენს კარზე ორმა ქალმა დააკაკუნა. ისინი ბიბლიის მკვლევარები (მოგვიანებით მათ იეჰოვას მოწმეები ეწოდათ) იყვნენ. მამამ მათგან ბიბლია მიიღო, წიგნი, რომლის წაკითხვის სურვილიც მას წლების მანძილზე ჰქონდა. ის და დედა დიდი ინტერესით კითხულობდნენ ქალების მიერ დატოვებულ ბიბლიაზე დაფუძნებულ ლიტერატურას. წაკითხული ჩემი მშობლების გულს ძალიან შეეხო. გადატვირთული ცხოვრების მიუხედავად, მშობლებმა ბიბლიის მკვლევარების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე დასწრება დაიწყეს. მღვდელთან საუბრები კამათში გადაიზარდა; ის ერთ დღეს დაემუქრა ჩემს მშობლებს, რომ ისინი თუ კვლავ განაგრძობდნენ ურთიერთობას ბიბლიის მკვლევარებთან, ჩემს დას, სტეფანის, გამოაგდებდნენ კატეხიზმოს შემსწავლელი კლასიდან. „ნუ წუხხართ, — უპასუხა მამამ. — ამიერიდან ჩემი ქალიშვილი და სხვა შვილებიც ჩვენთან ერთად დაესწრებიან ბიბლიის მკვლევართა შეხვედრებს“. მამამ მიატოვა ეკლესია; 1932 წლის დასაწყისში ჩემი მშობლები მოინათლნენ. იმ დროისთვის საფრანგეთში დაახლოებით 800–მდე მაუწყებული იყო.

როზა: ჩემი მშობლები უნგრეთიდან იყვნენ; მარიანის ოჯახის მსგავსად, ისინიც საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში დასახლდნენ, რათა ქვანახშირის მაღაროში ემუშავათ. მე 1925 წელს დავიბადე. 1937 წელს იეჰოვას ერთმა მოწმემ, ავგუსტ ბოეგემ, რომელსაც მეტსახელად პაპა ავგუსტს ვეძახდით, ჩემს მშობლებთან უნგრულ ენაზე ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ მოჰქონდა. მათთვის ეს ჟურნალები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გამხდარა იეჰოვას მოწმე.

თუმცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ჩემს გულს ღრმად შეეხო ის, რასაც „საგუშაგო კოშკში“ ვკითხულობდი. იმ პერიოდში პაპა ავგუსტოს რძალმა, სიუზან ბოეგემ, ჩემ მიმართ დიდი ყურადღება გამოავლინა. მშობლებმა მას ნება დართეს, რომ შეხვედრებზე ვეტარებინე. მოგვიანებით, როდესაც მუშაობა დავიწყე, მამა ღიზიანდებოდა, კვირაობით რომ შეხვედრებს ვესწრებოდი. თუმცა ის ბუნებით რბილი ადამიანი იყო, უკმაყოფილებას მაინც გამოთქვამდა: „მთელი კვირის განმავლობაში სახლში არა ხარ და კვირაობითაც კრების შეხვედრებზე დადიხარ!“ ამის მიუხედავად, მაინც განვაგრძობდი სიარულს. ერთ დღესაც მან განმიცხადა: „აიღე, შენი პირადი ნივთები და წადი სახლიდან“. უკვე გვიანი იყო. მე მხოლოდ 17 წლის ვიყავი და აზრადაც არ მომსვლია, სად უნდა წავსულიყავი. საბოლოოდ, აცრემლებული თვალებით, სიუზანის კარს მივადექი. სიუზანთან დაახლოებით ერთი კვირა დავრჩი, სანამ მამამ არ გამოგზავნა ჩემი და, რათა სახლში დავბრუნებულიყავი. ბუნებით მორცხვი ვიყავი, მაგრამ 1 იოანეს 4:18–ში ჩაწერილი სიტყვები დამეხმარა, მტკიცედ ვმდგარიყავი. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „სიყვარულში არ არის შიში“ (1 იოანე 4:18). 1942 წელს მოვინათლე.

ძვირფასი სულიერი მემკვიდრეობა

მარიანი: 1942 წელს ჩემს დებთან, სტეფანისთან, მელანისთან და ძმასთან, სტეფანესთან ერთად, მოვინათლე. ჩვენს ოჯახში მთავარი ყურადღება ღვთის სიტყვას ეთმობოდა. ყველანი მაგიდის გარშემო ვსხდებოდით ხოლმე და მამა პოლონურ ენაზე ბიბლიას გვიკითხავდა. საღამოობით ხშირად მშობლებს ვუსმენდით, რადგან ისინი გვიამბობდნენ თავიანთ შემთხვევებს სამქადაგებლო მსახურებიდან. ამ სულიერად გამამხნევებელმა შემთხვევებმა იეჰოვასადმი უფრო მეტი ნდობა და სიყვარული გვასწავლა. ავადმყოფობის გამო, მამა იძულებული გახდა სამსახურისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ ის კვლავაც ზრუნავდა ჩვენზე სულიერად და მატერიალურად.

ვინაიდან მამას უფრო მეტი თავისუფალი დრო ჰქონდა, კვირაში ერთხელ კრების ახალგაზრდებთან პოლონურ ენაზე ბიბლიის შესწავლას ატარებდა. სწორედ მაშინ ვისწავლე კითხვა პოლონურ ენაზე. მამა სხვა სახითაც ამხნევებდა ახალგაზრდებს. ერთხელ ჩვენს კრებას ეწვია ძმა გიუსტავ ზოპფერი, რომელიც იმ დროს საფრანგეთში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას ხელმძღვანელობდა; მაშინ მამამ ორგანიზება გაუწია მომღერალთა გუნდის შეკრებასა და ბიბლიური დრამის დადგმას, რომელშიც ნაჩვენები იყო, თუ რა მოხდა მეფე ბელშაცარის მიერ გამართული ლხინის დროს და როგორ გამოჩნდა კედელზე წარწერა (დანიელი 5:1—31). დანიელის როლს ლუი პიეჰოტა ასრულებდა, რომელმაც მოგვიანებით, ნაცისტური რეჟიმის დროს სიმტკიცე გამოავლინა *. ასეთ სასიამოვნო ატმოსფეროში გავიზარდეთ. ჩვენ შენიშნული გვქონდა, რომ მშობლები ყოველთვის სულიერი საქმეებით იყვნენ დაკავებულნი. დღეს უკვე მესმის, თუ რა მდიდარი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს მშობლებმა.

როდესაც 1939 წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა საფრანგეთში ოფიციალურად აიკრძალა. ერთხელ დაიწყეს ჩვენი სოფლის ჩხრეკა. ყველა სახლს გარს გერმანელი ჯარისკაცები შემოეხვივნენ. მამამ ტანსაცმლის კარადის ქვედა ნაწილში გააკეთა შეუმჩნეველი სათავსი, სადაც სხვადასხვა სახის ბიბლიურ ლიტერატურას ვმალავდით. მაგრამ ბროშურის „ფაშიზმი თუ თავისუფლება“ რამდენიმე ეგზემპლარი შენახული გვქონდა ჭურჭლის კარადის უჯრაში. მამამ ისინი სწრაფად გადამალა დერეფანში ჩამოკიდული ქურთუკის ჯიბეში. ჩვენი სახლი ორმა ჯარისკაცმა და ფრანგმა პოლიციელმა გაჩხრიკა. ძალიან ვღელავდით. ერთმა ჯარისკაცმა დერეფანში ჩამოკიდული ტანსაცმლის ჩხრეკა დაიწყო და მალე ბროშურებით ხელში შემოვიდა სამზარეულოში, სადაც ჩვენ ვიყავით. ის მოგვაშტერდა, ბროშურები მაგიდაზე დადო და სხვაგან განაგრძო ჩხრეკა. მე უცბად ხელი დავავლე ბროშურებს და იმ უჯრაში ჩავაგდე, რომელიც ჯარისკაცებს უკვე გაჩხრეკილი ჰქონდათ. ჯარისკაცს აღარაფერი უკითხია იმ ბროშურებზე, თითქოს ამის შესახებ სულ გადაავიწყდა!

სრული დროით მსახურების დაწყება

1948 წელს გადავწყვიტე, იეჰოვასთვის სრული დროით მემსახურა. რამდენიმე დღის შემდეგ საფრანგეთის იეჰოვას მოწმეთა ფილიალიდან მივიღე წერილი. მატყობინებდნენ, რომ ბელგიასთან ახლოს მდებარე ქალაქ სედანის კრებაში დამნიშნეს პიონერად. ჩემი მშობლები ძალიან გახარებულები იყვნენ, რომ იეჰოვასთვის ასეთი სახით მსახურება გადავწყვიტე. ამის მიუხედავად, მამამ აღნიშნა, რომ პიონერობა არც ისე ადვილი საქმე იყო; ეს მოითხოვდა დიდ შრომას. მაგრამ მითხრა, რომ მისი სახლის კარი ყოველთვის ღია იქნებოდა ჩემთვის და სირთულეების დროს შემეძლო მისი დახმარების იმედი მქონოდა. თუმცა ჩემს მშობლებს არ ჰქონდათ ბევრი ფული, მათ ახალი ველოსიპედი მიყიდეს. დღემდე შენახული მაქვს ამ ველოსიპედის ყიდვის დროს მიღებული ქვითარი და, როდესაც დავხედავ ხოლმე, თვალები ცრემლებით მევსება. დედ–მამა 1961 წელს გარდაიცვალა. მამაჩემის დამრიგებლური სიტყვები ჯერ კიდევ ჩამესმის ყურში; ეს სიტყვები მთელი ჩემი მსახურების მანძილზე მამხნევებდა და მანუგეშებდა.

ჩემთვის კიდევ ერთი გამხნევების წყარო 75 წლის ქრისტიანი და ელიზ მოტი იყო — სედანის კრებიდან. ზაფხულის პერიოდში საქადაგოდ ველოსიპედით მივდიოდი მოშორებულ სოფლებში, ელიზი კი მატარებლით მოდიოდა და ერთად ვქადაგებდით. მაგრამ ერთ დღეს მატარებლის მემანქანეები გაიფიცნენ და მას არ შეეძლო სახლში დაბრუნება. ვფიქრობდი, რომ ერთადერთი გამოსავალი იყო, ველოსიპედზე შემომესვა და ასე არაკომფორტულად წამეყვანა სახლში. მეორე დილას ველოსიპედის უკანა დასაჯდომზე ბალიში დავდე, ელიზი ზედ დავსვი და ასე მივიყვანე სახლში. მას შემდეგ ელიზი აღარ მგზავრობდა მატარებლით, დაზოგილი ფულით კი ნაშუადღევისთვის ჩვენთვის ცხელ სასმელს ყიდულობდა. ვინ იფიქრებდა იმას, რომ ჩემი ველოსიპედი ისე მომემსახურებოდა, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მეტი პასუხისმგებლობები

1950 წელს მთხოვეს, რომ სარაიონო ზედამხედველად მემსახურა საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში. რადგან მხოლოდ 23 წლის ვიყავი, თავდაპირველად შიშის გრძნობა დამეუფლა. ვფიქრობდი, რომ ფილიალში რაღაც შეეშალათ. თავში ბევრი კითხვა მომდიოდა: „ვარ ამ საქმისთვის სულიერად და ფიზიკურად მომზადებული? შევძლებ ყოველ კვირას სხვადახვა ადგილას ცხოვრებას?“ და კიდევ ის მიქმნიდა პრობლემას, რომ ექვის წლის ასაკიდან ელამი ვიყავი. იმის გამო, რომ ცალი თვალი გამირბოდა, თავს უხერხულად ვგრძნობდი და ვნერვიულობდი იმაზე, თუ რა რეაგირება ექნებოდათ სხვებს. საბედნიეროდ, ძმა სტეფან ბეჰუნიკმა, მისიონერული სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულმა, ამ მხრივ დიდი დახმარება აღმომიჩინა. ძმა ბეჰუნიკი განდევნილ იქნა პოლონეთიდან სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის გამო, რის შემდეგაც ის საფრანგეთში დაინიშნა. მისმა სიმამაცემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ბეჰუნიკი ძალიან აფასებდა იეჰოვას და ჭეშმარიტებას. ზოგი ფიქრობდა, რომ ის მკაცრი იყო ჩემ მიმართ, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლე მისგან. მის მიერ გამოვლენილი გაბედულება დამეხმარა, რომ საკუთარი თავისადმი ნდობა განმევითარებინა

სარაიონო მსახურების დროს სამქადაგებლო მსახურებაში ძალიან ბევრი შემთხვევები მქონდა. 1953 წელს მთხოვეს, რომ აუცილებლად მივსულიყავი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებ ბატონ პაოლისთან, რომელსაც გამოწერილი ჰქონდა ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“. ჩვენ შევხვდით ერთმანეთს; გავიგე, რომ სამხედრო პირი იყო, პენსიაში გასული და ძალიან მოსწონდა ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“. მან მითხრა, რომ ერთ–ერთ ბოლო ნომერში წაიკითხა სტატია ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე და თავად აღნიშნა ეს საღამო, შემდეგ დარჩენილი დრო კი ფსალმუნების კითხვას დაუთმო. მთელი ნახევარი დღე ვსაუბრობდით მე და პაოლი. სანამ მისგან წამოვიდოდი, ნათლობაზეც ვისაუბრეთ. მოგვიანებით მოსაწვევი გავუგზავნე, რომ სარაიონო კონგრესს დასწრებოდა, რომელიც 1954 წლის დასაწყისში უნდა ჩატარებულიყო. ის დაესწრო კონგრესს და მასზე მონათლული 26 ადამიანიდან ერთ–ერთი ძმა პაოლი იყო. მსგავსი შემთხვევები დღემდეა ჩემი სიხარულის წყარო.

როზა: პიონერული მსახურება 1948 წლის ოქტომბერში დავიწყე. ბელგიის ახლოს მდებარე ქალაქ ანორში მსახურების შემდეგ ერთ პიონერთან, ირენ კოლანსკისთან (ამჟამად ლერუა), ერთად დამნიშნეს პარიზში. ჩვენ პატარა ოთახში ვცხოვრობდით ქალაქის ცენტრში, სენ–ჟერმენ–დე–პრეში. რამდენადაც სოფელში ვიყავი გაზრდილი, პარიზელების მიმართ მოწიწების მომგვრელ შიშს ვგრძნობდი. ისეთი წარმოდგენა მქონდა, რომ თითქმის ყველა პარიზელი ძალიან დახვეწილი და განათლებული იყო. მაგრამ მალე ქადაგების შედეგად მივხვდი, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. ხშირად დარაჯი გვაძევებდა სადარბაზოდან, რის გამოც ბიბლიის შესწავლების დაწყება ძალიან რთული იყო. და მაინც, ზოგიერთი ადამიანი ღებულობდა ცნობას.

1951 წელს სარაიონო კონგრესზე ირენმა და მე ინტერვიუში ჩვენი პიონერული მსახურების შესახებ ვისაუბრეთ. შეგიძლიათ გამოიცნოთ, ვინ აიღო ჩვენგან ინტერვიუ? ახალგაზრდა სარაიონო ზედამხედველმა — მარიან შუმიგმა. მანამდე მას ერთხელ შევხვდი, მაგრამ კონგრესის შემდეგ მიწერ–მოწერა გვქონდა. მე და მარიანს ბევრი რამ გვქონდა საერთო, კერძოდ, რომ ერთი და იმავე წელს მოვინათლეთ და პონერებიც ერთი და იმავე წელს გავხდით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ორივეს გვსურდა, სრული დროით მსახურები დავრჩენილიყავით. მას შემდეგ, რაც ლოცვით ავწონ–დავწონეთ ყველაფერი, 1956 წელს 31 ივლისს დავქორწინდით. ქოწინებამ სრულიად ახლებურად წარმართა ჩემი ცხოვრება. მხოლოდ მეუღლის მოვალეობა კი არ უნდა შემესრულებინა, არამედ მარიანს სარაიონო მსახურებაში თან უნდა ვხლებოდი და ყოველ კვირას სხვადასხვა სახლში მეცხოვრა. თავდაპირველად ეს ძალიან ძნელი იყო, მაგრამ წინ დიდი სიხარული გველოდა.

მდიდარი ცხოვრება

მარიანი: წლების მანძილზე წილად გვხვდა პატივი, რომ დახმარება გაგვეწია რამდენიმე კონგრესის ორგანიზებისთვის. განსაკუთრებული სიყვარულით მახსენდება ქალაქ ბორდოში 1966 წელს ჩატარებული კონგრესი. იმ დროისთვის იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა პორტუგალიაში ოფიციალურად იყო აკრძალული. ამიტომ კონგრესის პროგრამა ჩატარდა პორტუგალიულ ენაზე იმ მოწმეებისთვის, რომლებმაც შეძლეს საფრანგეთში ჩამოსვლა. ასობით თანაქრისტიანი ჩამოვიდა პორტუგალიიდან, მაგრამ დაბინავებასთან დაკავშირებით სიძნელეები შეექმნათ. ბორდოელ მოწმეებს საკმარისი ადგილი არ ჰქონდათ სახლებში, ამიტომ ვიქირავეთ კინოთეატრი, რათა საერთო საძინებლად გამოგვეყენებინა. ყველა სკამი ავიღეთ და სცენის ფარდით დარბაზი ორ საძინებლად გავყავით, ერთი ძმებისთვის და მეორე — დებისთვის. ჩვენ აგრეთვე საშხაპეები და ხელ–პირის დასაბანი ბაკები დავამონტაჟეთ, ბეტონის იატაკზე თივა დავაფინეთ და ზედ ტილოს ზეწრები გადავაფარეთ. ამით ყველა კმაყოფილი იყო.

კონგრესის დამთავრების შემდეგ თანაქრისტიანებს ვესტუმრეთ ამ საერთო საძინებელში, სადაც შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა. ჩვენთვის გამამხნევებელი იყო, რომ მრავალწლიანი წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ სიმტკიცე შეინარჩუნეს და დიდი გამოცდილება შეიძინეს! როდესაც კონგრესის დამთავრების შემდეგ ერთმანეთს დავშორდით, ყველა ავცრემლდით.

კიდევ ერთი პატივი მხვდა წილად, როდესაც ორი წლით ადრე, 1964 წელს, მთხოვეს საოლქო ზედამხედველად მსახურება. კვლავაც დამაფიქრა იმან, შევძლებდი თუ არა ასეთი სახის მსახურებას. მაგრამ დავასკვენი, რომ რადგან პასუხისმგებელი ძმები მთხოვენ ამ დავალების შესრულებას, ალბათ, იმასაც ფიქრობენ, რომ შევძლებ მისთვის თავის გართმევას. მიმომსვლელ ზედამხედველებთან მჭიდროდ თანამშრომლობა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. მე მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ბევრი ძმა მოთმინებისა და შეუპოვრობის კარგ მაგალითს იძლეოდა; ამ თვისებებს კი ძალიან აფასებს იეჰოვა. ჩემთვის გასაგები ხდებოდა, რომ მოთმინებას თუ ვსწავლობთ, იეჰოვამ იცის, სად მოგვძებნოს.

1982 წელს ფილიალმა გვთხოვა, რომ გვეზრუნა პოლონელი მაუწყებლებისგან შემდგარ 12 კაციან პატარა ჯგუფზე ბულონ–ბიანკურში, პარიზის გარეუბანში. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. თეოკრატიული ენა მესმოდა პოლონურად, მაგრამ მიჭირდა ამ ენაზე წინადადებების ჩამოყალიბება. მაგრამ ძმების მიერ გამოვლენილმა სიკეთემ და ჩემთან სათანამშრომლოდ მათმა მზადყოფნამ დიდი დახმარება გამიწია. დღეს ამ კრებაში დაახლოებით 170 მაუწყებელია, აქედან თითქმის 60 პიონერად მსახურობს. მოგვიანებით მე და როზამ პოლონური ჯგუფები და კრებებიც მოვინახულეთ ავსტრიაში, დანიასა და გერმანიაში.

მდგომარეობა იცვლება

სხვადასხვა კრებების მონახულება ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობის გამო იძულებული გავხდი, რომ 2001 წელს მიმოსვლითი მსახურება შემეწყვიტა. საცხოვრებლად ქალაქ პიტივიეში დავსახლდით, სადაც ჩემი და რუთი ცხოვრობს. ფილიალმა სპეციალურ პიონერებად დაგვნიშნა და ჩვენი მდგომარეობის გათვალისწინებით საათების ნორმა შეგვიმცირა.

როზა: პირველ წელს, როდესაც სარაიონო მსახურება შევწყვიტეთ, ძალიან მიჭირდა. ეს იმდენად რადიკალური ცვლილება იყო, რომ თავს არაფრის მაქნისად მივიჩნევდი. შემდეგ კი საკუთარ თავს შევახსენე: „შენ კიდევ შეგიძლია დრო და ძალები ეფექტურად გამოიყენო პიონერულ მსახურებაში“. დღეს ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კრების სხვა პიონერებთან ერთად ვმსახურობ.

იეჰოვა ყოველთვის ზრუნავს ჩვენზე

მარიანი: იეჰოვასი ძალიან მადლიერი ვარ, რომ ბოლო 48 წლის განმავლობაში როზა ჩემი ცხოვრების თანამგზავრია. მთელი მიმოსვლითი მსახურების დროს ის დიდ მხარდაჭერას მიწევდა. არასოდეს მსმენია მისგან: „ძალიან მინდა, რომ შევწყვიტოთ აქეთ–იქით სიარული და საკუთარ სახლში ვიცხოვროთ“.

როზა: ზოგჯერ უთქვამთ ჩემთვის: „თქვენ არ გაქვთ ნორმალური ცხოვრება, რადგან ყოველთვის სხვებთან ცხოვრობთ“. მაგრამ რა არის სინამდვილეში „ნორმალური ცხოვრება“? ხშირად იმდენ რამეს ვაგროვებთ, რომ ამან შეიძლება ხელი შეგვიშალოს ჩვენს სულიერ საქმიანობაში. სინამდვილეში კი, რაც ნამდვილად გვჭირდება, ეს არის კომფორტული საწოლი, მაგიდა და სხვა ძირითადი საგნები. რადგან პიონერად ვმსახურობთ, ძალიან ცოტა რამ გაგვაჩნია; მაგრამ ყველაფერი აუცილებელი გვაქვს, რათა იეჰოვას ნება შევასრულოთ. ხანდახან ჩემს თავს ვეკითხები: „რას გააკეთებ, როდესაც მოხუცდები და საკუთარი სახლი და პენსიაც კი არ გექნება?“ ასეთ დროს მახსენდება ფსალმუნების 33:11–ში ჩაწერილი სიტყვები: „უფლის მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ“. იეჰოვა ყოველთვის ზრუნავს ჩვენზე.

მარიანი: ეს ნამდვილად ასეა! იეჰოვამ იმაზე მეტი მოგვცა, ვიდრე საჭირო იყო. მაგალითად, წილად მხვდა პატივი, 1958 წელს ნიუ–იორკში გამართულ საერთაშორისო კონგრესზე ჩვენი რაიონი წარმედგინა. მაგრამ იმის სახსრები არ მქონდა, რომ როზასთვის ბილეთი მეყიდა. ერთ საღამოს ძმამ გადმოგვცა კონვერტი, რომელსაც ეწერა „ნიუ–იორკი“. წერილში ჩადებულმა საჩუქარმა როზას საშუალება მისცა, ჩემთან ერთად წამოსულიყო!

მე და როზა ერთი წუთითაც კი არ ვნანობთ, რომ მთელი ეს წლები იეჰოვას მსახურებაში გავატარეთ. ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს, პირიქით, ყველაფერი მივიღეთ — სრული დროით მსახურებამ ბედნიერება და კმაყოფილება მოგვიტანა. იეჰოვა ასეთი შესანიშნავი ღმერთია! ჩვენ იეჰოვასადმი სრული მინდობა ვისწავლეთ და მისადმი სიყვარული უფრო გავიღრმავეთ. ზოგიერთმა ქრისტიანმა ძმამ ერთგულების შენარჩუნებისთვის მსხვერპლად საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანს წლების მანძილზე ყოველდღიურად შეუძლია იეჰოვასთვის მსხვერპლის გაღება. სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ დღემდე მე და როზა, და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ მომავალშიც ამგვარად მოვიქცეთ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 14 ლუი პიეჰოტას ბიოგრაფია «მე, გადავურჩი „სასიკვდილო მარშს“» გამოქვეყნებული იყო 1981 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ (რუს.).

[სურათი 20 გვერდზე]

ფრანსუა და ანა შუმიგები და მათი შვილები, სტეფანი, სტეფანე, მელანი და მარიანი დაახლოებით 1930 წელს. მარიანი ტაბურეტზე დგას.

[სურათი 22 გვერდზე]

ზემოთ: ბაზრის დახლიდან ვთავაზობთ გამვლელებს ბიბლიურ პუბლიკაციებს საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ არმანტიერში, 1950 წელი.

[სურათი 22 გვერდზე]

მარცხნივ: სტეფან ბეჰუნიკი მარიანთან ერთად 1950 წელს.

[სურათი 23 გვერდზე]

როზა (მარცხნიდან პირველი) პიონერულ მსახურებაში თავის თანამშრომელ ირენთან (მარცხნიდან მეოთხე) ერთად კონგრესზე იწვევს ხალხს, 1951 წელი.

[სურათი 23 გვერდზე]

მარიანი და როზა ქორწინების წინა დღეს.

[სურათი 23 გვერდზე]

სარაიონო მონახულებების დროს უმთავრესად ველოსიპედით დავდიოდით.