არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უფრთხილდით „უცხოთა ხმას“

უფრთხილდით „უცხოთა ხმას“

უფრთხილდით „უცხოთა ხმას“

„უცხოს არასოდეს გაჰყვება, გაექცევა, რადგან ვერ ცნობს უცხოთა ხმას“ (იოანე 10:5).

1, 2. ა) როგორ რეაგირებს მარიამი, როცა იესო სახელით უხმობს და იესოს რომელი სიტყვების თვალსაჩინო მაგალითია ეს შემთხვევა? ბ) რა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ იესოს არ ჩამოვშორდეთ?

მკვდრეთით აღდგენილი იესო ქრისტე თავის ცარიელ სამარხთან მდგარ ქალს უყურებს. ის მას კარგად იცნობს. ეს ქალი მარიამ მაგდალელია. თითქმის ორი წლის წინ იესომ მისგან დემონები განდევნა. ამის შემდეგ მარიამი იესოსთან და მის მოციქულებთან დარჩა და მათ ყოველდღიურ საჭიროებებზე ზრუნავდა (ლუკა 8:1—3). ახლა ის მწუხარებისგან მოთქვამს, რადგან საკუთარი თვალით იხილა იესოს სიკვდილი; გარდა ამისა, მარიამი ხედავს, რომ მისი სხეული სადღაც გამქრალა! იესო ეკითხება მას: „რატომ ტირი? ვის ეძებ?“ მარიამს ის მებაღე ჰგონია და პასუხობს: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე და მე წამოვიღებ“. შემდეგ იესო ეუბნება: „მარიამ!“ ამის გაგონებაზე მარიამი მაშინვე სცნობს იესოს. „მოძღვარო“, — სიხარულით ამბობს და ეხვევა (იოანე 20:11—18).

2 ეს ამაღელვებელი შემთხვევა იმის თვალსაჩინო მაგალითია, რაც იესომ ცოტა ხნით ადრე თქვა. მან საკუთარი თავი მწყემსს, ხოლო თავისი მიმდევრები ცხვრებს შეადარა და თქვა, რომ მწყემსი სახელით უხმობს თავის ცხვარს და ის კი მის ხმას ცნობს (იოანე 10:3, 4, 14, 27, 28). სინამდვილეში, როგორც ცხვარი ცნობს მწყემსის ხმას, ისე მარიამმა იცნო თავისი მწყემსი, ქრისტე. იესოს მიმდევრები დღესაც ცნობენ თავიანთ მწყემსს (იოანე 10:16). როგორც მახვილი სმენა აძლევს ცხვარს შესაძლებლობას, რომ მწყემსს არ ჩამოშორდეს, ისე ჩვენი სულიერი გამჭრიახობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კვალდაკვალ მივყვეთ კეთილ მწყემსს, იესო ქრისტეს (იოანე 13:15; 1 იოანე 2:6; 5:20).

3. რა კითხვები წამოიჭრება ცხვრის ფარეხის შესახებ იესოს მაგალითთან დაკავშირებით?

3 იესოს იმავე სიტყვებიდან გამომდინარე, ადამიანის ხმის ცნობის უნარი ცხვარს არა მხოლოდ კეთილი მწყემსის, არამედ მტრის ხმის გარჩევის შესაძლებლობასაც აძლევს. ეს ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან მზაკვარი მტრები გვყავს. ვინ არიან ისინი? როგორ მოქმედებენ? როგორ შეგვიძლია მათგან თავის დაცვა? ამის გასაგებად ვნახოთ, კიდევ რას ამბობს იესო ცხვრის ფარეხის შესახებ თავის მაგალითში.

„ვინც კარიდან არ შედის“

4. იესოს მაგალითის თანახმად, ვის მიჰყვება ცხვარი და ვის არა?

4 იესო ამბობს: „ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია. კართან მდგომი გუშაგი მას კარს უღებს და ცხვარი უსმენს მის ხმას. ის სახელით უხმობს თავის ცხვარს და გარეთ გამოჰყავს. როცა თავისებს ყველას გამორეკავს, წინ მიუძღვის მათ. ცხვარიც მიჰყვება, რადგან ცნობს მის ხმას; უცხოს არასოდეს გაჰყვება, გაექცევა, რადგან ვერ ცნობს უცხოთა ხმას“ (იოანე 10:2—5). ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ იესო სამჯერ იყენებს სიტყვას „ხმა“. ორჯერ ის მწყემსის ხმაზე ლაპარაკობს, მაგრამ მესამეჯერ „უცხოთა ხმას“ იხსენიებს. ვის გულისხმობს იესო „უცხოებში“?

5. რატომ არ ვავლენთ სტუმართმოყვარეობას „უცხოს“ მიმართ, რომელიც იოანეს მე-10 თავშია მოხსენიებული?

5 აქ იესო არ ლაპარაკობს „უცხოზე“, ვის მიმართაც სტუმართმოყვარეობა უნდა გამოვავლინოთ. ის არ იყენებს სიტყვას „სტუმართმოყვარეობა“, რომელიც ბიბლიის ორიგინალის ენაზე სიტყვასიტყვით „უცხოთა სიყვარულს“ ნიშნავს (ებრაელთა 13:2). იესოს მაგალითში „უცხო“ არ გულისხმობს მოპატიჟებულ სტუმარს. ის „კარიდან არ შედის ფარეხში, არამედ სხვა ადგილიდან გადადის“. ის „ქურდი და მძარცველია“ (იოანე 10:1). ღვთის სიტყვის თანახმად ვინ არის ის, ვინც პირველად ქურდი და მძარცველი გახდა? სატანა ეშმაკი. ამას ბიბლიის წიგნი „დაბადება“ ცხადყოფს.

როცა პირველად გაისმა ‘უცხოს ხმა’

6, 7. რატომ შეიძლება სატანასაც „უცხო“ და ქურდი ეწოდოს?

6 დაბადების 3:1—5-ში აღწერილია, როგორ გაისმა ‘უცხოს’ ხმა პირველად დედამიწაზე. როგორც ბიბლიაშია მოთხრობილი, სატანა პირველ ქალს, ევას, გველის საშუალებით დაელაპარაკა და შეაცდინა ის. მართალია, ბიბლიის ამ მონაკვეთში სატანა პირდაპირ არ იწოდება „უცხოდ“, მაგრამ მისი მოქმედებიდან კარგად ჩანს — ის ბევრი რამით ჰგავს „უცხოს“, რომელიც იოანეს მე-10 თავში მოცემულ იესოს მაგალითშია მოხსენიებული. განვიხილოთ ეს მსგავსებები.

7 იესო ამბობს, რომ ფარას „უცხო“ პირდაპირ კი არ უახლოვდება, არამედ ფარულად. მსგავსად ამისა, სატანაც არ მისულა თავის მსხვერპლთან აშკარად, მან სალაპარაკოდ გველი გამოიყენა. ასე მიდგომა სატანის ნამდვილ სახეს — მის ცბიერებასა და ბოროტ ჩანაფიქრს ააშკარავებს. გარდა ამისა, „უცხოს“ განზრახული აქვს, რომ ცხვარი კანონიერ პატრონს მოჰპაროს. სინამდვილეში ის ქურდზე უარესია — მისი მიზანია, „მოკლას და მოსპოს“ (იოანე 10:10). მსგავსად, სატანაც ქურდია. მოტყუებით მან, ასე ვთქვათ, ევას ღვთისადმი ერთგულება მოჰპარა. უფრო მეტიც, მან სიკვდილს აზიარა ადამიანები. ამიტომ ის კაცის მკვლელია.

8. როგორ დაამახინჯა სატანამ იეჰოვას სიტყვები და მოტივები?

8 სატანის მზაკვრობა მაშინაც გამოჩნდა, როცა მან იეჰოვას სიტყვები დაამახინჯა და მისი მოტივები არასწორად წარმოაჩინა. „ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, რომ ბაღის არც ერთი ხისგან არ ჭამოთო?“ — ჰკითხა მან ევას. სატანა თითქოს გაოგნებული იყო და ამბობდა: „როგორ მოიქცა ღმერთი ასე უგუნურად?!“ სატანამ ევას უთხრა: „უწყის ღმერთმა, რომელ დღესაც შეჭამთ მაგ ნაყოფს, აგეხილებათ თქვენ თვალები“. ყურადღება მიაქციეთ მის სიტყვებს: „უწყის ღმერთმა“. ფაქტობრივად, სატანამ ამ სიტყვებით თქვა: „ვიცი ის, რაც ღმერთმა იცის. ჩემთვის მისი უარყოფითი მოტივებიც ცნობილია“ (დაბადება 2:16, 17; 3:1, 5). სამწუხაროდ, ადამი და ევა არ მოერიდნენ „უცხოს“ ხმას. მათ ყური დაუგდეს ამ ხმას და შედეგად უბედურება მოუტანეს როგორც საკუთარ თავს, ისე თავიანთ შთამომავლობას (რომაელები 5:12, 14).

9. რატომ უნდა მოველოდეთ, რომ „უცხოთა ხმა“ დღესაც გაისმება?

9 სატანა ღვთის ხალხის შესაცდენად დღესაც იმავე მეთოდებს იყენებს (გამოცხადება 12:9). ის „სიცრუის მამაა“, ხოლო ადამიანები, რომლებიც მის მსგავსად ღვთის მსახურების შეცდენას ცდილობენ, მისი შვილები არიან (იოანე 8:44). განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, თუ რა სახით შეიძლება გაისმას „უცხოთა ხმა“ დღეს.

როგორ ისმის „უცხოთა ხმა“ დღეს?

10. როგორ გაისმის დღეს „უცხოთა ხმა“?

10 დამაბნეველი მსჯელობა. პავლე მოციქული ამბობს: „ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა და უცხო სწავლება“ (ებრაელები 13:9). რა სწავლებაზეა ლაპარაკი? ცხადია, პავლე გულისხმობს სწავლებას, რომელიც სულიერ წონასწორობას დაგვაკარგვინებს, რადგან ამ სწავლებას შეუძლია ‘გაგვიტაცოს’. ვისგან მომდინარეობს ასეთი უცხო სწავლება? პავლემ ქრისტიან უხუცესებს უთხრა: „თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქმეები 20:30). მართლაც, დღეს, როგორც პავლეს დღეებში, არიან ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ქრისტიანულ კრებას მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ ახლა ‘უკუღმართი ლაპარაკით’ — გაყალბებული სიმართლითა და აშკარა სიცრუით — ცდილობენ ცხვრების შეცდენას. როგორც პეტრე მოციქული ამბობს, ისინი იყენებენ „ყალბ სიტყვებს“, რომლებიც სიმართლეს წააგავს, მაგრამ ისეთივე უსარგებლოა, როგორც ყალბი ფული (2 პეტრე 2:3).

11. როგორ ამხელს 2 პეტრეს 2:1, 3-ში ჩაწერილი სიტყვები განდგომილთა მეთოდებსა და მიზნებს?

11 პეტრე განაგრძობს განდგომილთა მეთოდების მხილებას და ამბობს, რომ „ისინი შემოაპარებენ დამღუპველ სექტანტობას“ (2 პეტრე 2:1, 3). როგორც იესოს მაგალითშია მოხსენიებული, ქურდი „კარიდან არ შედის ფარეხში, არამედ სხვა ადგილიდან გადადის“, ისე განდგომილები გვეპარებიან შეუმჩნევლად (გალატელები 2:4; იუდა 4). რა მიზნით? პეტრე ამბობს: „გამოგიყენებენ [ისინი]“. ნამდვილად, როგორც უნდა შეეცადონ განდგომილები თავიანთი საქციელის გამართლებას, მათი მიზანია, ‘მოიპარონ, მოკლან და მოსპონ’ (იოანე 10:10). ამიტომ უფრთხილდით ასეთ „უცხოებს“!

12. ა) როგორ შეუძლიათ „უცხოთა ხმის“ გავლენის ქვეშ მოგვაქციონ მათ, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს? ბ) რით ჰგავს ერთმანეთს სატანისა და „უცხოთა“ მეთოდები?

12 ცუდი საზოგადოება. „უცხოთა ხმა“ შეიძლება მათი მხრიდანაც გაისმოდეს, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს. ცუდი საზოგადოება განსაკუთრებულ საფრთხეს ახალგაზრდებს უქმნის (1 კორინთელები 15:33). გაიხსენეთ, სატანამ თავდაპირველად მიზანში ამოიღო ევა — შედარებით ახალგაზრდა და გამოუცდელი. მან ის დაარწმუნა, რომ იეჰოვა მის თავისუფლებას მეტისმეტად ზღუდავდა, მაშინ როცა ღმერთს უყვარდა ადამი და ევა — თავისი ქმნილებები — და მათ კეთილდღეობაზე ზრუნავდა (ესაია 48:17). დღესაც, „უცხოებს“ სურთ დაგარწმუნონ თქვენ, ახალგაზრდებო, რომ ქრისტიანი მშობლები მეტისმეტად გზღუდავენ. როგორი ზეგავლენა შეიძლება მოახდინონ თქვენზე ასეთმა „უცხოებმა“? ერთი ქრისტიანი გოგონა აღიარებს: „რაღაც პერიოდის განმავლობაში თანაკლასელების ზეგავლენით რწმენა დამისუსტდა. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ჩემი რელიგია მეტისმეტად მზღუდავდა, რაც არაგონივრული იყო“. სიმართლე კი მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ მშობლებს უყვარხართ. ასე რომ, როცა სკოლაში შეეცდებიან, მშობლების მიმართ უნდობლობით განგაწყონ, ევასავით ნუ შეცდებით.

13. როგორი გონივრული გადაწყვეტილება მიიღო დავითმა და რა შემთხვევაში შეგვიძლია მას მივბაძოთ?

13 ცუდ საზოგადოებასთან დაკავშირებით ფსალმუნმომღერალმა დავითმა თქვა: «არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან [„თვალთმაქცებთან“, აქ] არ მივალ» (ფსალმუნები 25:4). ამჩნევთ კიდევ ერთ, ‘უცხოთათვის’ დამახასიათებელ ნიშანს? ისინი თვალთმაქცობენ — მალავენ თავიანთ ნამდვილ ვინაობას ისევე, როგორც სატანამ დამალა საკუთარი ვინაობა, როდესაც გველი გამოიყენა. დღეს ზოგი უზნეო ადამიანი ვინაობასა და ნამდვილ მოტივებს ინტერნეტის საშუალებით მალავს. „ჩეთში“ შესაძლოა დამახინჯებული აზროვნების მქონე უფროსებმა მოზარდებადაც კი წარმოადგინონ თავი, რათა მახეში გაგაბან. ახალგაზრდებო, გთხოვთ, განსაკუთრებულად იფრთხილოთ, რათა მათ სულიერი ზიანი არ მოგაყენონ (ფსალმუნები 118:101; იგავები 22:3).

14. როგორ ავრცელებენ საინფორმაციო საშუალებები დროდადრო „უცხოთა ხმას“?

14 ცრუ ბრალდებები. საინფორმაციო საშუალებების მიერ იეჰოვას მოწმეების შესახებ ზოგჯერ სიმართლე გადაიცემა, მაგრამ დროდადრო ისინი „უცხოთა ხმას“ — დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებენ. მაგალითად, ერთ ქვეყანაში საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, რომ იეჰოვას მოწმეები II მსოფლიო ომის დროს მხარს უჭერდნენ ჰიტლერის რეჟიმს. სხვაგან მოწმეები ეკლესიების დარბევაში დაადანაშაულეს. რამდენიმე ქვეყანაში საინფორმაციო საშუალებებმა მოწმეებს ბრალი დასდეს, რომ ისინი უარს ამბობდნენ საკუთარი შვილების მკურნალობაზე და აგრეთვე თვალს ხუჭავდნენ თანამორწმუნეთა სერიოზულ ცოდვებზე (მათე 10:22). ასეთ შემთხვევებშიც კი, გულწრფელი ადამიანები, რომლებიც პირადად გვიცნობენ, ხედავენ, რომ ეს და ამის მსგავსი ბრალდებები სრული სიცრუეა.

15. რატომ იქნება უგუნურება ყველაფრის დაჯერება, რასაც კი საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ?

15 როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ჩვენ წინააღმდეგ ასეთი ხმები ვრცელდება? კარგი იქნება, ყურად ვიღოთ იგავების 14:15-ში მოცემული სიტყვები: „გულუბრყვილოს სწამს ყოველი სიტყვა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯს“. უგუნურება იქნება, დავიჯეროთ ყველაფერი, რაც საინფორმაციო საშუალებების მიერ ვრცელდება. ცხადია, ყოველგვარ ინფორმაციას არ უარვყოფთ, მაგრამ გვესმის, რომ „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“ (1 იოანე 5:19).

„შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები“

16. ა) როგორ ადასტურებს ცხვრის ქცევა იოანეს 10:4–ში ჩაწერილი იესოს სიტყვების ჭეშმარიტებას? ბ) რისკენ მოგვიწოდებს ბიბლია?

16 როგორ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, კეთილისმყოფელთან გვაქვს საქმე თუ მტერთან? როგორც იესომ აღნიშნა, ცხვარი მწყემსს მიჰყვება, „რადგან ცნობს მის ხმას“ (იოანე 10:4). ცხვარი გარეგნობით კი არ ცნობს მწყემსს, არამედ ხმით და ამის გამო მიჰყვება მას. ერთ წიგნში, რომელიც ბიბლიურ ადგილებს ეხება, შემდეგი შემთხვევაა მოთხრობილი: ერთი დამთვალიერებელი ამტკიცებდა, რომ ცხვარი ტანსაცმლით ცნობდა მწყემსს და არა ხმით. ამაზე მწყემსმა მიუგო, რომ ცხვარი მწყემსს სწორედ ხმით ცნობდა. ამის დასამტკიცებლად მან სტუმარს ტანსაცმელი გაუცვალა. მწყემსის ტანსაცმელში გამოწყობილმა სტუმარმა ცხვარს დაუძახა, მაგრამ ფარას მის ხმაზე რეაქცია არ ჰქონდა; ცხვარმა მისი ხმა ვერ იცნო. მწყემსის ხმის გაგონებაზე კი ცხვარი მაშინვე მისკენ დაიძრა მიუხედავად იმისა, რომ მას სხვისი ტანსაცმელი ეცვა. როგორც ვხედავთ, ვინმე შეიძლება მწყემსივით გამოიყურებოდეს, მაგრამ ცხვარი მას მწყემსად არ ცნობდეს. ცხვარი მის ხმას უკვირდება და მწყემსის ხმას ადარებს. ღვთის სიტყვა მსგავსის კეთებისკენ მოგვიწოდებს: „შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა“ (1 იოანე 4:1; 2 ტიმოთე 1:13). რა დაგვეხმარება ამაში?

17. ა) როგორ ვსწავლობთ იეჰოვას ხმის ცნობას? ბ) რაში გვეხმარება იეჰოვას ხმის ცნობის უნარი?

17 გასაგებია რომ, რაც უფრო უკეთესად ვცნობთ იეჰოვას ხმას, ანუ ვიცით, მისგან რა ცნობა მომდინარეობს, მით უფრო ადვილად ვცნობთ „უცხოთა ხმას“. ბიბლია გვეუბნება, თუ რა განგვივითარებს ასეთ უნარს. მასში ნათქვამია: «შენი ყურები მოისმენენ სიტყვას, ნათქვამს შენს უკან: „აი, გზა, მას გაჰყევით“» (ესაია 30:21). ეს „სიტყვა“, რომელიც ჩვენ უკან ისმის, ღვთის სიტყვიდან მომდინარეობს. ყოველთვის, როცა ღვთის სიტყვას ვკითხულობთ, ასე ვთქვათ, ჩვენი დიდი მწყემსის, იეჰოვას, ხმას ვისმენთ (ფსალმუნები 22:1). აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტად ვსწავლობთ ბიბლიას, მით უკეთესად ვცნობთ ღვთის ხმას. ეს კი, თავის მხრივ, შესაძლებლობას გვაძლევს, „უცხოთა ხმაც“ სწრაფადვე ვიცნოთ (გალატელები 1:8).

18. ა) რას მოიცავს იეჰოვას ხმის ცნობა? ბ) რატომ უნდა დავემორჩილოთ იესოს ხმას მათეს 17:5–ის თანახმად?

18 კიდევ რას გულისხმობს იეჰოვას ხმის ცნობა? არა მარტო მის ცნობას, არამედ მისადმი მორჩილებასაც. კიდევ ერთხელ მიაქციეთ ყურადღება ესაიას 30:21–ში ჩაწერილ სიტყვებს. ღმერთი გვეუბნება: „აი, გზა“. დიახ, ბიბლიის შესწავლისას იეჰოვას მითითებები გვესმის. შემდეგ ბიბლია მოგვიწოდებს: „მას გაჰყევით“. იეჰოვას სურს, რომ მოსმენილის თანახმად მოვიქცეთ. ნასწავლის გამოყენებით ცხადვყოფთ, რომ არა მარტო გვესმის იეჰოვას ხმა, არამედ მას ვემორჩილებით კიდეც (მეორე რჯული 28:1). იეჰოვას ხმისადმი მორჩილება იესოს ხმისადმი მორჩილებასაც მოიცავს, რადგან იეჰოვამ ამისკენ თვითონვე მოგვიწოდა (მათე 17:5). რისკენ მოგვიწოდებს იესო, კეთილი მწყემსი? ის გვასწავლის, რომ მოწაფეები მოვამზადოთ და „ერთგული და გონიერი მონის“ მიმართ ნდობა გამოვავლინოთ (მათე 24:45; 28:18—20). მისი ხმისადმი მორჩილება მარადიულ სიცოცხლეს მოგვიტანს (საქმეები 3:23).

‘ისინი მას გაექცევიან’

19. როგორი რეაგირება უნდა მოვახდინოთ „უცხოთა ხმაზე“?

19 შეიძლება წამოიჭრას კითხვა: როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს „უცხოთა ხმაზე“? ისეთივე, როგორიც ცხვარს აქვს. იესო ამბობს: „უცხოს არასოდეს გაჰყვება, გაექცევა“ (იოანე 10:5). ჩვენ ორნაირად ვრეაგირებთ: პირველი — ‘ჩვენ უცხოს არასოდეს გავყვებით’. დიახ, ჩვენ მტკიცე წინააღმდეგობას ვუწევთ „უცხოებს“. ბერძნული წერილების ორიგინალში სიტყვები, რომლებიც ითარგმნება, როგორც „არასოდეს“, უარყოფის გამომხატველი ყველაზე ძლიერი ფორმაა ბერძნულ ენაში (მათე 24:35; ებრაელები 13:5). მეორე — ჩვენ ‘უცხოს გავექცევით’ ანუ ზურგს შევაქცევთ. სწორედ ასეთი რეაქცია უნდა გვქონდეს მათ ხმაზე, ვისი სწავლებაც კეთილი მწყემსის ხმას არ ეთანხმება.

20. როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს ა) განდგომილთა სიცრუეზე, ბ) ცუდ ზეგავლენაზე, გ) მასმედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე?

20 ასე რომ, როცა განდგომილთა იდეები გვესმის, ის უნდა გავაკეთოთ, რისკენაც ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს: „თვალი გეჭიროთ მათზე, ვინც უთანხმოებებს იწვევს და აბრკოლებს სხვებს, რითაც ეწინააღმდეგება იმას, რაც გისწავლიათ. ერიდეთ მათ“ (რომაელები 16:17; ტიტე 3:10). მსგავსად ამისა, ახალგაზრდა ქრისტიანებმა, რომლებსაც საფრთხეს უქმნის ცუდი საზოგადოება, უნდა გამოიყენონ პავლეს მიერ ახალგაზრდა ტიმოთესთვის მიცემული რჩევა: „გაექეცი ახალგაზრდულ სურვილებს“. და იმ შემთხვევაში, როცა საინფორმაციო საშუალებებით ცილს დაგვწამებენ, კარგი იქნება, გავიხსენოთ ის, რასაც პავლე ურჩევს ტიმოთეს: „[ის ადამიანები, რომლებიც უცხოთა ხმას უსმენენ], ზღაპრებზე გადავლენ. შენ კი ყველაფერში იფხიზლე“ (2 ტიმოთე 2:22; 4:3—5). როგორ სასიამოვნოდაც უნდა ჟღერდეს „უცხოთა ხმა“, ჩვენ გავურბივართ ყველაფერს, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს რწმენას (ფსალმუნები 25:5; იგავები 7:5, 21; გამოცხადება 18:2, 4).

21. რა კურთხევები მოელის ყველას, ვინც „უცხოთა ხმას“ მოერიდება?

21 „უცხოთა ხმის“ უგულებელყოფით, ცხებული ქრისტიანები ეხმაურებიან კეთილი მწყემსის სიტყვებს, რომლებიც ლუკას 12:32–შია ჩაწერილი. იესო მათ ეუბნება: „ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“. „სხვა ცხვრები“ კი სულითა და გულით ელიან იესოს სიტყვების გაგებას: „მოდით, მამაჩემისგან კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ ქვეყნიერების შექმნიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო“ (იოანე 10:16; მათე 25:34). მართლაც რომ კურთხევები არ მოგვაკლდება, თუ „უცხოთა ხმას“ მოვერიდებით!

გახსოვთ თუ არა?

• რატომ შეესაბამება სატანა იესოს მაგალითში აღწერილ „უცხოს“?

• როგორ ისმის დღეს „უცხოთა ხმა“?

• როგორ შეგვიძლია „უცხოთა ხმის“ ცნობა?

• რა რეაქცია უნდა გვქონდეს „უცხოთა ხმაზე“?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

მარიამმა იცნო იესო.

[სურათი 16 გვერდზე]

„უცხო“ პირდაპირ არ მიდის ცხვართან.

[სურათი 18 გვერდზე]

როგორ ვრეაგირებთ „უცხოთა ხმაზე“?