არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გაძლიერდით უფალში“

„გაძლიერდით უფალში“

„გაძლიერდით უფალში“

„გაძლიერდით უფალში და მისი ძალის სიძლიერეში“ (ეფესოელები 6:10).

1. ა) რა უჩვეულო ორთაბრძოლა მოხდა დაახლოებით 3 000 წლის წინათ? ბ) რატომ მოიპოვა დავითმა გამარჯვება?

დაახლოებით 3 000 წლის წინათ მოწინააღმდეგე ჯარების ორი მებრძოლი ერთმანეთს დაუპირისპირდა ბრძოლის ველზე. ერთ-ერთი მათგანი იყო ახალგაზრდა მწყემსი, სახელად დავითი. მის წინააღმდეგ კი გოლიათი — უჩვეულო სიმაღლისა და ძალის მქონე მეომარი გამოდიოდა. მას ჯაჭვის ჯავშანი ემოსა, რომელიც დაახლოებით 57 კილოგრამს იწონიდა და ხელში მასიური შუბი და დიდი ფარი ეპყრა. დავითს კი საერთოდ არ ჰქონდა საომარი აღჭურვილობა, მისი ერთადერთი იარაღი შურდული იყო. ფილისტიმელი გოლიათი შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს იმის გამო, რომ მასთან საბრძოლველად ყმაწვილი გამოდიოდა (1 მეფეთა 17:42—44). ორი მხარის დამკვირვებლებისთვის, ერთი შეხედვით, ნათელი იყო, რით დამთავრებოდა ორთაბრძოლა. მაგრამ ფიზიკური სიძლიერე შეიძლება ყოველთვის არ იყოს გამარჯვების საწინდარი (ეკლესიასტე 9:11). გამარჯვება დავითმა მოიპოვა, რადგან ის იეჰოვას ძალით იბრძოდა. „უფლის ნებაზეა ომი“, — თქვა მან. ბიბლია მოგვითხრობს: „სძლია დავითმა ფილისტიმელს შურდულითა და ქვით“ (1 მეფეთა 17:47, 50).

2. როგორ ბრძოლაში არიან ჩაბმულნი ქრისტიანები?

2 დღეს ქრისტიანები არ მონაწილეობენ ომებში. თუმცა ისინი ყველა ადამიანთან მშვიდობიანად ცხოვრობენ, სულიერ ბრძოლას ეწევიან ძალიან ძლიერი მტრების წინააღმდეგ (რომაელები 12:18). ეფესოელებისადმი გაგზავნილი წერილის ბოლო თავში პავლე აღწერს ბრძოლას, რომელშიც ყველა ქრისტიანია ჩაბმული. ის წერს: „სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (ეფესოელები 6:12).

3. რისი გაკეთება გვმართებს გამარჯვების მოსაპოვებლად ეფესოელების 6:10-ის თანახმად?

3 ეს „ბოროტი სულები“ არიან სატანა და დემონები, რომლებსაც სურთ, ურთიერთობა დაგვაკარგვინონ იეჰოვა ღმერთთან. ისინი ჩვენზე გაცილებით ძლიერნი არიან; ამიტომ ჩვენც დავითის მსგავს სიტუაციაში ვიმყოფებით და ღვთის ძალაზე თუ არ ვიქნებით დაიმედებულნი, ვერ შევძლებთ გამარჯვებას. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს პავლე: „გაძლიერდით უფალში და მისი ძალის სიძლიერეში“ (ეფესოელები 6:10). ამ რჩევის შემდეგ მოციქული აღწერს სულიერ აღჭურვილობასა და ქრისტიანულ თვისებებს, რისი დახმარებითაც გამარჯვებას მოვიპოვებთ (ეფესოელები 6:11—17).

4. რომელ ორ მთავარ საკითხს განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 განვიხილოთ, რა არის საღვთო წერილში ნათქვამი ჩვენი მტრის ძალასა და ტაქტიკაზე. შემდეგ კი გავარჩიოთ, როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ. თუ იეჰოვას მითითებებს მივყვებით, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი მტრები ვერ გაიმარჯვებენ.

ბოროტი სულების წინააღმდეგ ბრძოლა

5. რას ვგებულობთ ბიბლიის ორიგინალის ენაზე ეფესოელების 6:12-ში გამოყენებული სიტყვა „ჭიდილიდან“ სატანის ტაქტიკის შესახებ?

5 პავლე ხსნის, რომ ჩვენ „ვიბრძვით . . . ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“. მთავარი ბოროტი სული, რასაკვირველია, არის სატანა ეშმაკი — ‘დემონების მმართველი’ (მათე 12:24—26). ბიბლიაში ორიგინალის ენაზე ჩვენი ბრძოლა შედარებულია ხელჩართულ ჭიდილთან. ძველ საბერძნეთში ჭიდაობაში გამართული შეჯიბრების დროს თითოეული მონაწილე ცდილობდა, დაერღვია მოწინააღმდეგის წონასწორობა, რათა მიწაზე დაენარცხებინა ის. მსგავსად, ეშმაკს სურს, დაგვაკარგვინოს სულიერი წონასწორობა. როგორ შეუძლია ამის გაკეთება?

6. საღვთო წერილის საფუძველზე ახსენით, რა სხვადასხვა მეთოდებს იყენებს ეშმაკი ჩვენი რწმენის შესარყევად?

6 ეშმაკს შეუძლია გველის, მბრდღვინავი ლომის და თვით სინათლის ანგელოზის სახეც კი მიიღოს (2 კორინთელები 11:3, 14; 1 პეტრე 5:8). ის აგრეთვე იყენებს ადამიანებს, რათა გაგვდევნოს ან გული გაგვიტეხოს (გამოცხადება 2:10). რადგან სატანა მთელ მსოფლიოს განაგებს, მას შეუძლია ქვეყნიური სურვილებითა და ცდუნებებით შეცდომაში შეგვიყვანოს (2 ტიმოთე 2:26; 1 იოანე 2:16; 5:19). ეშმაკი ცდილობს, ქვეყნიერებაში გავრცელებული აზროვნებისა და განდგომილთა იდეების გავლენის ქვეშ მოგვაქციოს და გვაცდუნოს, როგორც ეს ევას შემთხვევაში გააკეთა (1 ტიმოთე 2:14).

7. რა შეზღუდვები აქვთ დემონებს და რა უპირატესობა გვაქვს ჩვენ?

7 თუმცა, ერთი შეხედვით, სატანა და მისი დემონები უდიდეს ძალასა და ძლიერ იარაღს ფლობენ, ისინი შეზღუდულები არიან. ამ ბოროტ სულებს არ შეუძლიათ გვაიძულონ ჩვენი ზეციერი მამისთვის მიუღებელი ბოროტების ჩადენა. ჩვენ არჩევნის თავისუფლება გვაქვს და შეგვიძლია კონტროლი გავუწიოთ ჩვენს აზრებსა და საქმეებს. ამავე დროს, მარტო არ ვიბრძვით. როგორც ელისეს დღეებში, ისე თანამედროვე დროსაც „ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ“ (4 მეფეთა 6:16). ბიბლია გვარწმუნებს, რომ, თუ დავემორჩილებით ღმერთს და წინააღმდეგობას გავუწევთ ეშმაკს, ის გაიქცევა ჩვენგან (იაკობი 4:7).

სატანის განზრახვების მცოდნენი

8, 9. რა სირთულეები შეუქმნა სატანამ იობს, რათა მისი ერთგულება შეერყია და სულიერობისთვის საფრთხის შემქმნელ რა სიტუაციებს ვაწყდებით დღეს?

8 ჩვენთვის უცნობი არ არის სატანის განზრახვები, რადგან საღვთო წერილი გვიმჟღავნებს მის ძირითად მეთოდებს (2 კორინთელები 2:11). მართალ მამაკაცს, იობს, ეშმაკმა ბევრი სირთულე დაატეხა თავს: ის გაღატაკდა, დაკარგა საყვარელი ადამიანები, ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობას შეხვდა, საშინელი დაავადების გამო ტანჯვა მოუწია, და ეგრეთ წოდებული მეგობრების უსაფუძვლო კრიტიკის მსხვერპლი გახდა. იობი ძალიან დამწუხრდა და ფიქრობდა, რომ ღმერთმა მიატოვა (იობი 10:1, 2). შესაძლოა სატანა უშუალოდ არ იწვევდეს მსგავს სირთულეებს, მაგრამ ისინი მოქმედებს მრავალ ქრისტიანზე და ეშმაკს შეუძლია ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

9 ამ ბოლო დღეებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეიძლება, ჩვენს სულიერობას საფრთხე დაემუქროს. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნიერებაში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი მატერიალიზმისკენ სწრაფვაა და ის სულიერის ადგილს იკავებს. მედია უკანონო სექსს წარმოადგენს ბედნიერების და არა გულისტკივილის მომტან ურთიერთობად. დღეს ადამიანთა უმრავლესობა ‘უფრო სიამოვნებათა მოყვარულია, ვიდრე ღვთისა’ (2 ტიმოთე 3:1—5). ასეთი აზროვნება საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სულიერობას, თუ არ ‘ვიბრძოლებთ რწმენისთვის’ (იუდა 3).

10—12. ა) რის შესახებ გაგვაფრთხილა იესომ მთესველზე იგავის მოყვანისას? ბ) მოიყვანეთ მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ქვეყნიერებას, მოაშთოს სულიერი ფასეულობები.

10 სატანის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეთოდი ის არის, რომ ქვეყნიურმა საზრუნავმა და მატერიალიზმისკენ სწრაფვამ გვშთანთქას. იესო მთესველის შესახებ მოყვანილ იგავში გაფრთხილებას იძლევა, რომ „ამ სისტემის საზრუნავი და სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა აშთობს სიტყვას [სამეფოს შესახებ]“ (მათე 13:18, 22).

11 ტროპიკულ ტყეებში შეგიძლიათ შეხვდეთ ფიკუსის ერთ-ერთ სახეობას (Ficus aurea). ეს მცენარე ნელა იზრდება და სხვა ხის ტანს ეხვევა. თანდათანობით ფიკუსის მცოცავი ლიანები საჰაერო ფესვებით მჭიდროდ ეხვევა მასპინძელ ხეს და უფრო და უფრო ძლიერდება. საბოლოოდ ფიკუსის ფესვები ხის გარშემო ნიადაგიდან იღებს თითქმის მთელ მასაზრდოებელ ნივთიერებებს, მისი ვარჯი კი ჩრდილავს მასპინძელ ხეს და მის სიკვდილს იწვევს.

12 მსგავსად, ამ ბოროტი სისტემის საზრუნავმა, გამდიდრებისკენ სწრაფვამ და კომფორტულად ცხოვრების სურვილმა შეიძლება თანდათანობით უფრო და უფრო მეტი დრო და ენერგია წაგვართვას. თუ ყურადღებას ქვეყნიურ მისწრაფებებზე გადავიტანთ, შეიძლება ადვილად უგულებელვყოთ ბიბლიის პირადი შესწავლა და ჩვევად გავიხადოთ ქრისტიანული შეხვედრების გაცდენა; ამგვარად კი სულიერი კვების წყაროს ჩამოვშორდებით. მატერიალიზმისკენ სწრაფვა სულიერის ადგილს დაიკავებს და საბოლოოდ სატანისთვის ადვილად დასაჭერი მსხვერპლნი აღმოვჩნდებით.

საჭიროა მტკიცედ დგომა

13, 14. როგორი პოზიცია უნდა დავიკავოთ, როცა სატანისგან წინააღმდეგობას ვხვდებით?

13 პავლე მოუწოდებდა თანამორწმუნეებს, ‘მტკიცედ დადგომოდნენ ეშმაკის ხრიკებს’ (ეფესოელები 6:11). რასაკვირველია, ჩვენ ვერ შევძლებთ ეშმაკისა და მისი დემონების განადგურებას. ღმერთმა ამის გაკეთება იესო ქრისტეს დაავალა (გამოცხადება 20:1, 2). მაგრამ სატანა სანამ არსებობს, ჩვენ ‘მტკიცედ უნდა დავუდგეთ’, რომ არ გვძლიოს.

14 პეტრე მოციქულიც ხაზს უსვამდა სატანის წინაშე მტკიცედ დგომის აუცილებლობას. „იფხიზლეთ და გეღვიძოთ — წერდა ის. — თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დადის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით, რადგან იცით, რომ მსგავს სატანჯველს თქვენი საძმოც ხვდება ქვეყნიერებაში“ (1 პეტრე 5:8, 9). როდესაც ეშმაკი მბრდღვინავი ლომის მსგავსად გვესხმის თავს, სულიერი და-ძმების მხარდაჭერა ძალიან გვეხმარება მტკიცედ დგომაში.

15, 16. ბიბლიიდან მოიყვანეთ იმის მაგალითი, თუ როგორ გვეხმარება თანამორწმუნეთა მხარდაჭერა მტკიცედ დგომაში.

15 როდესაც აფრიკის სავანაში ლომის ღრიალი ისმის, ანტილოპები სწრაფად გარბიან უსაფრთხო ადგილისკენ. რაც შეეხებათ სპილოებს, ისინი ერთმანეთს უწევენ დახმარებას. წიგნში „სპილოები — აფრიკისა და აზიის კეთილშობილი გოლიათები“, ახნილია: „თავის დასაცავად სპილოების ჯოგი, ჩვეულებრივ, წრეს კრავს. წრეს გარედან უფროსი სპილოები აკეთებენ და შიგნით კი უსაფრთხოების მიზნით ახალგაზრდებს აყენებენ“. ასეთი ძალისა და მხარდაჭერის დანახვაზე ლომები ახალგაზრდა სპილოებსაც კი იშვიათად ესხმიან თავს.

16 როდესაც სატანისა და მისი დემონების მხრიდან საფრთხე გვემუქრება, ჩვენც ერთად უნდა დავრჩეთ და იმ ძმების მხარდამხარ ვიდგეთ, რომლებსაც მტკიცე რწმენა აქვთ. პავლემ აღნიშნა, რომ პატიმრობის დროს რომში ზოგი თანაქრისტიანი მისთვის ‘გამაძლიერებელი’ აღმოჩნდა (კოლოსელები 4:10, 11). „გამაძლიერებლად“ თარგმნილი ბერძნული სიტყვა მხოლოდ ერთხელ გვხვდება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში. ვაინის „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებით ლექსიკონში“ ნათქვამია, რომ ამ სიტყვის ზმნური ფორმა მიუთითებს სამედიცინო საშუალებაზე, რომელიც გაღიზიანებას ხსნის. შვების მომგვრელი მალამოს მსგავსად, იეჰოვას მოწიფული თაყვანისმცემლების მხარდაჭერა ამსუბუქებს ემოციური თუ ფიზიკური ტანჯვის შედეგად გამოწვეულ ტკივილს.

17. რა დაგვეხმარება ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებაში?

17 თანაქრისტიანებისგან მიღებული გამხნევება გვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, რომ ერთგულად ვემსახუროთ ღმერთს. განსაკუთრებით ქრისტიანი უხუცესები გვთავაზობენ მთელი გულით სულიერ დახმარებას (იაკობი 5:13—15). ერთგულების შენარჩუნებაში აგრეთვე გვეხმარება ბიბლიის რეგულარულად შესწავლა და ქრისტიანულ შეხვედრებსა და კონგრესებზე დასწრება. ამ მხრივ, რასაკვირველია, დამხმარეა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა. მართლაც, ვჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს ვაკეთებთ, ჩვენი სურვილი უნდა იყოს, ყველაფერი ღვთის სადიდებლად ვაკეთოთ (1 კორინთელები 10:31). რა თქმა უნდა, ღვთის მოსაწონი გზით რომ ვიაროთ, მნიშვნელოვანია, ლოცვის საშუალებით მივენდოთ იეჰოვას (ფსალმუნები 36:5).

18. რატომ არ უნდა ჩამოვყაროთ ხელები მაშინაც კი, თუ რთულ სიტუაციებში გვეცლება ძალები?

18 ზოგჯერ სატანა იმ დროს გვესხმის თავს, როცა სულიერად ძლიერები არა ვართ. ლომი დასუსტებულ ცხოველს ესხმის თავს. ოჯახურ პრობლემებს, ეკონომიკურ სიდუხჭირეს ან ავადმყოფობას შეუძლია სულიერი ძალები გამოგვაცალოს. მაგრამ ნუ ჩამოვყრით ხელებს და კვლავაც განვაგრძოთ იმის კეთება, რაც ღვთისთვის არის მოსაწონი, რადგან პავლე ამბობს: „როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორინთელები 12:10; გალატელები 6:9; 2 თესალონიკელები 3:13). რას გულისხმობდა პავლე? მას მხედველობაში ჰქონდა ის, რომ იეჰოვას თუ მივმართავთ დახმარებისთვის, ჩვენი სისუსტეების მიუხედავად, გაგვაძლიერებს. დავითის მიერ გოლიათის დამარცხება ცხადყოფს, რომ ღმერთს შესწევს იმის ძალა, გააძლიეროს თავისი ხალხი და ის ასეც იქცევა. თანამედროვე დროში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ღმერთმა ისინი ყველაზე კრიტიკულ პერიოდებში გააძლიერა (დანიელი 10:19).

19. მოიყვანეთ იმის მაგალითი, თუ როგორ აძლიერებს იეჰოვა თავის მსახურებს.

19 ერთმა წყვილმა ღვთისგან მიღებული მხარდაჭერის შესახებ დაწერა: „იეჰოვას მსახურებაში გატარებული წლების მანძილზე უხვად მივიღეთ კურთხევები და ბევრი შესანიშნავი ადამიანი გავიცანით. აგრეთვე ამ დროის მანძილზე იეჰოვა გვასწავლიდა სირთულეების გადალახვას და გვაძლიერებდა. იობის მსგავსად, ჩვენ ყოველთვის არ გვესმოდა, რატომ იქმნებოდა ესა თუ ის სირთულე, მაგრამ ვიცოდით, რომ იეჰოვა ყოველთვის მზად იყო დახმარების აღმოსაჩენად“.

20. როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ იეჰოვა ყოველთვის მხარს უჭერს თავის ხალხს?

20 იეჰოვას ხელი მოკლე არ არის იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს თავის ერთგულ მსახურთ და გააძლიეროს ისინი (ესაია 59:1). ფსალმუნმომღერალი დავითი გალობდა: „უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა“ (ფსალმუნები 144:14). მართლაც, ჩვენი ზეციერი მამა „დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე“ და ყველაფერ აუცილებელს გვაძლევს (ფსალმუნები 67:20).

ჩვენ გვჭირდება „ღვთის სრული საჭურველი“

21. როგორ გაუსვა ხაზი პავლემ სულიერი საჭურვლით შემოსვის აუცილებლობას?

21 ჩვენ განვიხილეთ სატანის ზოგიერთი მეთოდი და დავინახეთ, რომ მისი შემოტევის დროს მტკიცედ უნდა ვიდგეთ. ახლა განვიხილავთ სხვა მნიშვნელოვან დამხმარე საშუალებას, რომელიც რწმენის დაცვას შეგვაძლებინებს. ეფესოელებისადმი მიწერილ წერილში პავლე ორჯერ იხსენიებს მნიშვნელოვან ასპექტს, რაც დაგვეხმარება, მტკიცედ დავუდგეთ სატანის ხრიკებს და ბოროტ ძალებთან ბრძოლაში გამარჯვება მოვიპოვოთ. პავლე წერდა: „შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურვლით, რათა მტკიცედ დაუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, . . . აიღეთ სრული საჭურველი, რომელიც ღვთისგან არის, რათა შეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა ბოროტ დღეს, ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულოთ და მტკიცედ იდგეთ“ (ეფესოელები 6:11, 13).

22, 23. ა) რა შედის ჩვენს სულიერ საჭურველში? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

22 დიახ, საჭიროა, შევიმოსოთ „ღვთის სრული საჭურვლით“. როდესაც პავლე ეფესოელებს წერდა წერილს, ის რომაელი ჯარისკაცის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა; ეს ჯარისკაცი შესაძლოა დროდადრო სრული საომარი საჭურვლით იყო შემოსილი. მაგრამ მოციქულმა ღვთის შთაგონებით დაწერა სულიერი საჭურვლის შესახებ, რომლის ქონაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იეჰოვას თითოეული მსახურისთვის.

23 ღვთის სრული საჭურველი მოიცავს თვისებებს, რომლებიც ქრისტიანს უნდა ჰქონდეს, და ასევე ღვთის მიერ ორგანიზებულ სულიერ ღონისძიებებს. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ ამ სულიერი საჭურვლის თითოეულ ნაწილს. ეს საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ, რამდენად კარგად ვართ აღჭურვილნი სულიერი ბრძოლისთვის. გარდა ამისა, დავინახავთ, როგორ გვეხმარება იესო ქრისტეს შესანიშნავი მაგალითი სატანა ეშმაკისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.

როგორ უპასუხებდით?

• რა ბრძოლას ეწევა თითოეული ქრისტიანი?

• აღწერეთ სატანის ზოგი მეთოდი.

• როგორ გვაძლიერებს თანამორწმუნეთა მხარდაჭერა?

• ვის ძალაზე უნდა ვიყოთ დაიმედებულნი და რატომ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 11 გვერდზე]

ქრისტიანები ‘იბრძვიან ბოროტი სულების წინააღმდეგ’.

[სურათი 12 გვერდზე]

ამ ბოროტი სისტემის საზრუნავმა შეიძლება მოაშთოს სამეფოს სიტყვა.

[სურათი 13 გვერდზე]

თანაქრისტიანები შეიძლება „გამაძლიერებლები“ აღმოჩნდნენ.

[სურათი 14 გვერდზე]

თხოვთ ღმერთს ლოცვაში, რომ მოგცეთ ძალები?