არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რატომ ეძლეოდათ ისრაელ მამაკაცებს უცხოელ ტყვე ქალებზე დაქორწინების ნება მაშინ, როცა მოსეს რჯულით არაისრაელებზე დაქორწინება იკრძალებოდა? (მეორე რჯული 7:1—3; 21:10, 11).

მიზეზი, რომლის გამოც მათ ამის უფლება ეძლეოდათ, განსაკუთრებულ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული. იეჰოვას ნაბრძანები ჰქონდა, რომ ისრაელებს ქანაანის მიწაზე მცხოვრები შვიდი ერის ქალაქები გაენადგურებინათ და მოსახლეობა მთლიანად გაეწყვიტათ (მეორე რჯული 20:15—18). სხვა ერებში კი სრულწლოვნებიდან შეეძლოთ მხოლოდ ტყვე ქალწულები დაეტოვებინათ ცოცხალი (რიცხვნი 31:17, 18; მეორე რჯული 20:14). ისრაელ მამაკაცს შეეძლო ასეთ ქალზე დაქორწინება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა.

ბიბლიაში ნათქვამია, რისი გაკეთება მოეთხოვებოდა ტყვე ქალს: „შეიჭრას ქალმა თავი და დაიჭრას ფრჩხილები, გაიხადოს სამოსელი ტყვეობისა და დაჯდეს შენს სახლში და ერთი თვე იტიროს თავისი მამა და თავისი დედა. მერე კი შედი მასთან და შეირთე, და გახდება შენი ცოლი“ (მეორე რჯული 21:12, 13).

ტყვე ქალწულს, რომელზეც ისრაელ მამაკაცს უნდოდა დაქორწინება, თავი უნდა გადაეპარსა. თმის შეჭრა გლოვისა და მწუხარების გამომხატველი იყო (ესაია 3:24). მაგალითად, როცა პატრიარქ იობს შვილები დაეღუპა და ამასთანავე მთელი ქონება დაკარგა, გლოვის ნიშნად თავი გადაიპარსა (იობი 1:20). ტყვე ქალს ფრჩხილებიც უნდა დაეჭრა, რათა მისი თითები მიმზიდველი აღარ ყოფილიყო იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფრჩხილები შეღებილი ჰქონდა (მეორე რჯული 21:12). რა იგულისხმებოდა „ტყვეობის ტანსაცმელში“, რომელიც ქალს უნდა გაეხადა? ქანაანის ქალაქებში ქალები, ჩვეულებრივ, საუკეთესო ტანსაცმელს იცვამდნენ, როცა დამპყრობლებს უნდა დაეტყვევებინათ ისინი. ამას კი მათი მოხიბლვის მიზნით აკეთებდნენ. გლოვის დღეებში დატყვევებულ ქალს ასეთი ტანსაცმელი უნდა გაეხადა.

ტყვე ქალს, რომელიც ისრაელი მამაკაცის ცოლი უნდა გამხდარიყო, დაღუპული ნათესავები ერთი მთვარისმიერი თვის განმავლობაში უნდა ეგლოვა. ქანაანელთა ქალაქებში ქვა ქვაზე არ დარჩებოდა, ამიტომ ქალის ნათესავებისგან და ახლობლებისგან აღარავინ იქნებოდა ცოცხალი. გარდა ამისა, ისრაელები მის კერპებსაც გაანადგურებდნენ, ასე რომ, აღარც მისი თაყვანისმცემლობის საგნები იარსებებდა. გლოვის თვე მისთვის განწმენდის პერიოდიც იქნებოდა, რომლის განმავლობაშიც ტყვე ქალი ძველი რელიგიური თაყვანისმცემლობის ყოველგვარ ნიშანს მოიშორებდა.

სხვა არაისრაელ ქალებთან დაკავშირებით კი მდგომარეობა სრულიად სხვაგვარი იყო. ამ შემთხვევაში შემდეგი პრინციპი მოქმედებდა: „არც დაუმოყვრდე მათ: ასული შენი არ მისცე მის ძეს, და ასული მისი არ მოუყვანო შენს ძეს“ (მეორე რჯული 7:3). რა იყო ასეთი შეზღუდვის მიზეზი? მეორე რჯულის 7:4-ში ნათქვამია: „განაშორებენ შენს ძეს ჩემგან, და მსახურებას დაუწყებენ უცხო ღმერთებს“. ასე რომ, აკრძალვის მიზანი ისრაელი ერის რელიგიური გაუწმინდურებისგან დაცვა იყო. მეორე რჯულის 21:10—13-ში აღწერილ მდგომარეობაში კი უცხო ეროვნების ქალი ისრაელ მამაკაცს ასეთ საფრთხეს ვეღარ შეუქმნიდა. მისი ნათესაობიდან აღარავინ იყო ცოცხალი. აგრეთვე ყოველგვარი კერპი, რომლითაც მისი ღმერთები იყვნენ წარმოდგენილი, განადგურებული იყო. ტყვე ქალს კავშირი აღარ ჰქონდა მათთან, ვინც ცრუ რელიგიაში იღებდა მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში ისრაელ მამაკაცს უფლება ეძლეოდა, დაქორწინებულიყო არაისრაელ ქალზე.