არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საფქვავები მათ გარეშე პური არ გვექნებოდა

საფქვავები მათ გარეშე პური არ გვექნებოდა

საფქვავები მათ გარეშე პური არ გვექნებოდა

მას „მთავარ საკვებ პროდუქტს“, „საჭმელების მეფეს“ უწოდებენ; ის აგრეთვე „უძველესი დროიდან ადამიანის ძირითადი საკვები იყო“. დიახ, უხსოვარი დროიდან ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე გადაუდებელი საჭიროება ყოველდღიური პურის შოვნაა.

პურის ძირითადი შემადგენელი ნაწილი ფქვილია, რომელიც მარცვლეულის დაფქვის შედეგად მიიღება. ამიტომ ადამიანი მარცვლეულს უხსოვარი დროიდან ფქვავს. ადვილი წარმოსადგენია, რამდენად რთული იქნებოდა თანამედროვე წისქვილების გარეშე მარცვლეულისგან ფქვილის მიღება! ბიბლიურ დროში მარცვლეულის დაფქვა მხიარულებასთან, კარგ და მშვიდობიან ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული; ხოლო საფქვავების გაჩერება უბედურების მომასწავლებელი იყო (იერემია 25:10, 11).

როგორ ფქვავდა ადამიანი მარცვლეულს ძველ დროს? რა მეთოდებსა და მოწყობილობებს იყენებდნენ ამისთვის? და წისქვილის რა ნაირსახეობები არსებობს დღეს?

რატომ არის საჭირო?

ადამიანთა პირველ წყვილს, ადამსა და ევას, იეჰოვამ უთხრა: „აჰა, მოგეცით თქვენ ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რომელიც მიწის პირზეა, და ყოველი ხე, რომელზეც თესლის მთესველის ნაყოფია — საჭმელად“ (დაბადება 1:29). საჭმელებს შორის იეჰოვა ღმერთმა ადამიანებს მარცვლეულიც მისცა. ეს საკვები მნიშვნელოვანი საარსებო წყარო იყო მათთვის. პურეული მარცვლოვნები — ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, ბრინჯი, ფეტვი, სორგო და სიმინდი — შეიცავს სახამებელს ანუ ნახშირწყლებს, რომლებსაც ორგანიზმი გარდაქმნის ენერგიის ძირითად წყაროდ — გლუკოზად.

ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია დაუმუშავებელი მარცვლეულის გადამუშავება. ის უფრო ადვილად ითვისებს დაფქვილ ან დაღერღილ მარცვლეულს. მარცვლეულის ფქვილად ქცევის უმარტივესი მეთოდი მისი დანაყვა ან ორ ქვას შუა მისი გასრესვაა. ზოგჯერ ამ ორივე მეთოდის კომბინაციას იყენებენ.

საფქვავები, რომლებიც ადამიანის ძალას მოითხოვდა

ძველი ეგვიპტის აკლდამების გათხრების დროს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქანდაკებები, რომელთა საფუძველზეც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეგვიპტელები ხელის სასრესელას იყენებდნენ. ის ცხენის უნაგირს წააგავდა. ეს ხელის „წისქვილი“ ორი ქვისაგან შედგებოდა — ქვედა ქვა ოდნავ ჩაზნექილი და დახრილი იყო, ხოლო ზედა — შედარებით მცირე ზომისა. მუშა, ჩვეულებრივ, ქალი — მუხლებზე დგებოდა და ორივე ხელით ეჭიდებოდა ზემოთა ქვას. შემდეგ ის მთელი ძალით აწვებოდა მას და წინ და უკან ამოძრავებდა; ამით ის მარცვალს ორ ქვას შორის სრესდა. რა უბრალო, მაგრამ ეფექტური მოწყობილობა იყო!

მაგრამ მუხლებზე საათობით დგომა სხეულისთვის საზიანო იყო. როდესაც მუშა ზემოთა ქვას ბოლომდე აწვებოდა და შემდეგ კვლავ უკან ეწეოდა, ზურგი, ხელები, თეძოები, მუხლები და ფეხის თითები მუდმივად დაძაბული ჰქონდა. ძველი სირიის ტერიტორიაზე ნაპოვნი ჩონჩხების ანომალიების შესწავლისას პალეონტოლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ასეთ სასრესელაზე მომუშავე ახალგაზრდა ქალებს მუხლები და ხერხემლის მალები უზიანდებოდათ, ხოლო ფეხის ცერა თითზე ოსტეოართრიტის მძიმე ფორმა უვითარდებოდათ. ძველ ეგვიპტეში, როგორც ჩანს, მარცვლეულს მოსამსახურეები ფქვავდნენ (გამოსვლა 11:5) *. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ისრაელები ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ეგვიპტურ სასრესელას იყენებდნენ.

მოგვიანებით საფქვავები გააუმჯობესეს და პრაქტიკულობის თვალსაზრისით ორივე ქვას ღარი გაუკეთეს. ცოტა ხანში ზემოთა ქვის ღარს ძაბრისებრი ფორმა მისცეს, რათა მუშას შეძლებოდა მასში ხორბლის ჩაყრა, რომელიც იქიდან ქვებს შორის თავისით ხვდებოდა. ძვ. წ. IV—V საუკუნეების საბერძნეთში გამოიგონეს პირველი მარტივი საფქვავი მექანიზმი. ზედა ქვაზე ჰორიზონტალურად დამაგრებული იყო ბერკეტი, რომლის ამოძრავების შედეგად ზედა ქვა ქვედას ეხახუნებოდა.

ყველა ზემოთ მოხსენიებულ საფქვავს სერიოზული ნაკლი ჰქონდა. მათ ასამუშავებლად ისეთი მოქმედება იყო საჭირო, რომელსაც პირუტყვი ვერ შეასრულებდა, ამიტომ მათ ადამიანის ძალა სჭირდებოდა. მოგვიანებით გამოიგონეს ახალი მექანიზმი — საბრუნებელი საფქვავი. აქედან მოყოლებული, მარცვლეულის დასაფქვავად პირუტყვის გამოყენება გახდა შესაძლებელი.

საბრუნებელი საფქვავები საქმეს აადვილებს

ითვლება, რომ საბრუნებელი საფქვავი ძვ. წ. II საუკუნეში ხმელთაშუაზღვისპირეთში გამოიგონეს. თუმცა ამის თაობაზე განსხვავებული აზრები არსებობს. ახ. წ. I საუკუნეში, პალესტინელი იუდევლებისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ასეთი სახის საფქვავი, რადგან იესო ქრისტემ ერთხელ მოიხსენია დოლაბი, რომელსაც ვირი ატრიალებს (მარკოზი 9:42).

საფქვავს, რომელიც პირუტყვის ძალას მოითხოვდა, იყენებდნენ რომის იმპერიის სხვადასხვა კუთხეში. ბევრი ასეთი საფქვავის ნახვა კვლავაც შეიძლება პომპეიში. მისი მძიმე ზედა ქვა ქვიშის საათს ჰგავს და ძაბრის მოვალეობას ასრულებს, ხოლო ქვედა ქვა კონუსისებური ფორმისაა. როდესაც ზედა ქვა ქვედაზე გადაადგილდებოდა, მათ შორის მოხვედრილი მარცვალი სიმძიმის შედეგად ფქვილად იქცეოდა. დღემდე შემორჩენილი ასეთი სახის ზემოთა ქვების დიამეტრი სხვადასხვა ზომისაა — დაახლოებით 45-დან 90 სანტიმეტრამდე. ასეთი საფქვავების სიმაღლე 180 სანტიმეტრს აღწევდა.

ცნობილი არ არის პირველად პირუტყვის საბრუნებელი საფქვავი გამოიგონეს თუ ხელით საფქვავი. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელსაფქვავს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ ის ადვილად გადასატანი და გამოსაყენებლად მარტივი იყო. ის შედგებოდა ორი 30-60-სანტიმეტრიანი დიამეტრის მქონე მრგვალი ქვისაგან. ქვედა ქვის ზედა ნაწილი ოდნავ ამობურცული იყო, ხოლო ზემოთა ქვის ქვედა ნაწილი ოდნავ შეზნექილი. ზემოთა ქვა ცენტრში ღერძზე იყო დამაგრებული და ხის სახელური ჰქონდა. ჩვეულებრივ, ორი ქალი ერთმანეთის პირისპირ ჯდებოდა და ორივე ცალი ხელით ერთდროულად ატრიალებდა ზემოთა ქვის სახელურს (ლუკა 17:35). თავისუფალი ხელით ერთ-ერთი ქალი ცოტა ხორბალს ყრიდა ზემოთა ქვის ხვრელში, ხოლო მეორე მაშინვე აგროვებდა ფქვილს, რომელიც საფქვავიდან ქვესადგამზე ან ქვემოთ გაშლილ ტილოზე იყრებოდა. ასეთი სახის საფქვავები მოხერხებული იყო მეომრებისთვის, მეზღვაურებისთვის ან პატარა ოჯახებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი წისქვილებისგან მოშორებით ცხოვრობდნენ.

წყლისა და ქარის წისქვილები

დაახლოებით ძვ. წ. 27 წელს, რომაელმა ინჟინერმა ვიტრუვიუსმა აღწერა თავისი დროის წყლის საფქვავი მექანიზმი. წყლის ნაკადი ეხეთქებოდა ჰორიზონტალურ ღერძზე დამაგრებული ბორბლის ფრთებს, რის შედეგადაც ბორბალი ტრიალს იწყებდა. კბილანებიანი ბორბალი ამოძრავებდა ვერტიკალურ ღერძს, რომელიც თავის მხრივ საფქვავის ზედა ქვას ატრიალებდა.

რამდენად ეფექტურია წყლის წისქვილი? ხელის საფქვავს, ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, საათში შეეძლო 10 კილოგრამამდე მარცვალი დაეფქვა; ხოლო საფქვავს, რომელიც პირუტყვის მეშვეობით მოძრაობდა — მაქსიმუმ 50 კილოგრამი. ვიტრუვიუსის წყლის წისქვილს კი საათში 150—200 კილოგრამამდე მარცვლის დაფქვა შეეძლო. საუკუნეების განმავლობაში ეს მექანიზმი მრავალმხრივ გაუმჯობესდა, მაგრამ ვიტრუვიუსის მიერ აღწერილი ძირითადი პრინციპი უცვლელი დარჩა.

წისქვილის ასამუშავებლად წყლის ნაკადი ენერგიის ერთადერთი წყარო როდი იყო. წყლის ბორბალს თუ ქარის წისქვილის აფრებით შევცვლიდით, იგივე შედეგს მივიღებდით. ქარის წისქვილის გამოყენება ევროპაში დაახლოებით ახ. წ. XII საუკუნეში დაიწყეს. ის ფართოდ გავრცელდა ბელგიაში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და სხვა ქვეყნებში. მათ საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, სანამ ისინი თანდათანობით არ შეცვალეს ორთქლზე ან სხვა თანამედროვე ენერგიის წყაროზე მომუშავე წისქვილებით.

„დღეისთვის სამყოფი პური“

ტექნიკის წინსვლის მიუხედავად, მარცვლეულის დაფქვის ესა თუ ის ძველი ხერხი დღემდე შემორჩა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. აფრიკის ზოგიერთ ნაწილში ჯერ კიდევ გამოყენება მარცვლეულის ნაყვისა და სრესვის მეთოდი. მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში ხელის სასრესელას გამოყენებით სრესენ სიმინდის მარცვლებს კვერ „ტორტილასათვის“. ქარისა და წყლის წისქვილებიც გვხვდება ზოგ ქვეყანაში.

დღეს პურის გამოსაცხობად საჭირო ფქვილის უმეტეს ნაწილს განვითარებულ მსოფლიოში მთლიანად მექანიზებული წისქვილები აწარმოებენ. მარცვალი დამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის და თანდათანობით ფქვილად იქცევა. ამისთვის იყენებენ ცილინდრული ფორმის მქონე მეტალის ლილვებს, რომელთაც დაღარული ზედაპირი აქვთ და სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ. ასეთი სისტემის საშუალებით სხვადასხვა ხარისხის ფქვილის წარმოება შეიძლება, თანაც არც ისე დიდი დანახარჯებით.

პურის გამოსაცხობად საჭირო ფქვილის წარმოება აღარ მოითხოვს მძიმე შრომას, როგორც ეს ადრე იყო. და მაინც, მადლიერები ვართ შემოქმედისა, რომელმაც შექმნა მარცვლეული და გამოგონების უნარით დაგვაჯილდოვა, რომ მარცვლის „დღეისთვის სამყოფ პურად“ გარდაქმნა შეგვძლებოდა (მათე 6:11).

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 ბიბლიურ დროში ტყვეებს, როგორც ეს სამსონისა და სხვა ისრაელების შემთხვევაში იყო, მარცვლეულის დაფქვაზე ამუშავებდნენ (მსაჯულთა 16:21; იერემიას გოდება 5:13). თავისუფალი ქალები კი თავისი ოჯახებისთვის ფქვავდნენ (იობი 31:10).

[სურათი 23 გვერდზე]

ეგვიპტური ხელის სასრესელა.

[საავტორო უფლება]

Soprintendenza Archeologica per la Toscana, Firenze

[სურათი 23 გვერდზე]

საფქვავის დახმარებით, რომლის ასამუშავებლადაც პირუტყვს იყენებდნენ, ზეთისხილისგან ზეთს ამზადებდნენ.

[სურათის საავტორო უფლება 22 გვერდზე]

From the Self-Pronouncing Edition of the Holy Bible, containing the King James and the Revised versions