ჩესტერ ბიტის საგანძური
ჩესტერ ბიტის საგანძური
„აქ მივიწყებული ცივილიზაციების უამრავი განძი ინახება . . . მინიატურული ნამუშევრების და ნახატების სილამაზე თვალისმომჭრელია“. ასე აღწერა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში არსებული ჩესტერ ბიტის ბიბლიოთეკა მისმა ყოფილმა გამგემ, რიჩარდ ჰეისმა. ამ ბიბლიოთეკაში თავმოყრილია უძველესი დროის უამრავი ფასდაუდებელი განძი — ხელოვნების საუცხოო ნიმუშები, ძალიან ძვირფასი წიგნები და იშვიათი ხელნაწერები. საინტერესოა, ვინ იყო ჩესტერ ბიტი? და რა განძს მოუყარა მან თავი?
ალფრედ ჩესტერ ბიტი დაიბადა ნიუ–იორკში (აშშ) 1875 წელს. მისი წინაპრები წარმოშობით შოტლანდიელები, ირლანდიელები და ინგლისელები იყვნენ. ბიტი 32 წლის ასაკში ძალიან გამდიდრდა, რადგან ინჟინრად და კონსულტანტად მუშაობდა სამთო მრეწველობის დარგში. მან თავისი სიცოცხლის მანძილზე სიმდიდრის დიდი ნაწილი მაღალი ოსტატობითა და სინატიფით შესრულებულ ხელოვნების ნიმუშთა შეგროვებას მოახმარა. ბიტი 1968 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა; მან თავისი გასაოცარი საგანძური ირლანდიელ ხალხს დაუტოვა.
რა შეაგროვა მან?
ბეტის კოლექცია იმდენად მრავლისმომცველი და მრავალფეროვანია, რომ მის მიერ შეგროვებულ ექსპონატთა დაახლოებით ერთი პროცენტია ერთი დღის განმავლობაში დასათვალიერებლად გამოფენილი. ბეტმა თავი მოუყარა იშვიათ და ძვირფას საგნებს, რომლებიც ათასწლოვანი პერიოდის სხვადასხვა მონაკვეთსა და კულტურას მიეკუთვნება; და ამ საგანთა შორის წარმოდგენილია როგორც შუა საუკუნეებისა და აღორძინების ხანის ევროპის, ისე ბევრი აზიური და აფრიკული ქვეყნების ხელოვნების ნიმუშები. მაგალითად, იაპონური გრავიურის — ხეზე ამოკვეთილი საუცხოო ნახატების — კოლექციას მსოფლიოში ყველაზე ნატიფ ხელოვნების ნიმუშებად მიიჩნევენ.
სახვითი ხელოვნების ნიმუშებისგან სრულიად განსხვავდება ძალიან საინტერესო კოლექცია — ლურსმული დამწერლობის ასზე მეტი ბაბილონური და შუმერული თიხის ფილა. 4 000 წელზე მეტი ხნის წინათ შუამდინარეთში მცხოვრებლებმა დაწვრილებით აღწერეს თავიანთი ცხოვრება თიხის ჯერ კიდევ სველ ფილებზე, რომლებსაც მოგვიანებით გამოწვავდნენ. დღემდე შემონახული ბევრი ასეთი ფილა იმ ფაქტს ადასტურებს, რომ დამწერლობა უძველესი დროიდან არსებობდა.
წიგნებით მოხიბლული
როგორც ჩანს, ჩესტერ ბიტის იზიდავდა მაღალმხატვრულად შესრულებული წიგნები. მან თავი მოუყარა ათასობით უძველეს წიგნს, მათ შორის რელიგიურ წიგნებსაც; მაგალითად, რთული ორნამენტებით გაფორმებული ყურანის რამდენიმე ეგზემპლარს. როგორც ერთი მწერალი ამბობს, ბიტი „მოხიბლული იყო არაბულ ენაზე შესრულებული ტექსტის გეომეტრიული პროპორციებით . . . ის აღტაცებაში მოჰყავდა ოქროთი, ვერცხლითა და სხვა თვალისმომჭრელი მინერალებით გაფორმებული ნატიფი ხელნაწერების ფერთა ჰარმონიულობას“.
ჩესტერ ბიტის ისევე ხიბლავდა ნეფრიტი, როგორც საუკუნეებით ადრე მცხოვრებ ჩინეთის იმპერატორებს. ისინი ნეფრიტს თვლიდნენ ყველაზე ძვირფას მინერალად და ოქროზე მეტად აფასებდნენ. ეს მმართველები დახელოვნებულ ხელოსნებს ნეფრიტისგან თხელი, გლუვი ზედაპირის მქონე ფურცლებს აკეთებინებდნენ. შემდეგ კი ნიჭიერი მხატვრები ამ ფურცლებზე ნატიფად შესრულებულ წარწერებს აკეთებდნენ და ოქროთი მოოჭდოვილი ილუსტრაციებით აფორმებდნენ; ამგვარად მზადდებოდა ყველაზე შთამბეჭდავი და არაჩვეულებრივად ლამაზი წიგნები, რომლებიც კი ოდესმე გამოცემულა. ბიტის მიერ შეგროვებული ასეთი წიგნების კოლექცია მთელ მსოფლიოშია ცნობილი.
ფასდაუდებელი ბიბლიური ხელნაწერები
მათთვის, ვინც ნადვილად აფასებს ბიბლიას, ჩესტერ ბიტის მრავალფეროვანი კოლექციიდან ყველაზე დიდი განძი ბიბლიის ძველი და შუა საუკუნეებით დათარიღებული უამრავი ხელნაწერია. არაჩვეულებრივად გაფორმებული ხელნაწერები გადამწერთა მოთმინებასა და დახელოვნებულობაზე მეტყველებს. დაბეჭდილი წიგნები კი ცხადყოფს პირველი მკინძავებისა და მბეჭდავების სიმარჯვესა და ოსტატობას. მაგალითად, ლათინური ბიბლია 1479 წელს დაბეჭდა ნიურნბერგში ანტონ კობერგერმა; ის დაახლოებით იმავე პერიოდში ცხოვრობდა, რომელშიც იოჰან გუტენბერგი, და ცნობილია იყო როგორც „ერთ–ერთი ყველაზე სახელგანთქმული და აქტიური პირველი მესტამბე“.
ჩესტერ ბიტის ბიბლიოთეკაში ერთ–ერთი არაჩვეულებრივი ექსპონატია IV საუკუნის დასაწყისში სირიელი მწერლის, ეფრემ ასურის, მიერ პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი. ეფრემ ასურს საკმაოდ ბევრი ციტატა აქვს მოყვანილი II საუკუნით დათარიღებული ტატიანეს ნაშრომიდან „დიატესარონი“. ტატიანემ ბიბლიის ოთხ სახარებაში აღწერილი იესოს ცხოვრება ერთ ნაშრომად აქცია. მოგვიანებით სხვა მწერლებიც იღებდნენ ციტატებს „დიატესარონიდან“, მაგრამ ამ ნაშრომის არც ერთი ეგზემპლარი არ შემონახულა. XIX საუკუნის ზოგ სწავლულს ეჭვიც კი ეპარებოდა მის არსებობაში. მაგრამ 1956 წელს ბიტიმ აღმოაჩინა ეფრემის მიერ ტატიანეს „დიატესარონზე“ გაკეთებული კომენტარი. ეს აღმოჩენა კიდევ ერთი მოწმობა იყო იმისა, რომ ბიბლია უტყუარი და სანდოა.
პაპირუსზე შესრულებული ფასდაუდებელი ხელნაწერები
ბიტიმ აგრეთვე შეაგროვა პაპირუსზე შესრულებული უამრავი როგორც საერო, ისე სასულიერო ხასიათის ხელნაწერი. 50–ზე მეტი პაპირუსის ხელნაწერი დათარიღებულია ახ. წ. IV საუკუნის პერიოდამდე. ზოგი მათგანი პაპირუსის უზარმაზარ — როგორც ჩანს, უვარგისი ქაღალდების — გროვაში იქნა აღმოჩენილი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ეგვიპტის უდაბნოში ეყარა და ყურადღებას არავინ აქცევდა. ბევრი პაპირუსის გრაგნილი, უკვე თითქმის ნაკუწებად იყო ქცეული, როცა მათი გაყიდვა დაიწყეს. ვაჭრები პაპირუსის ნაგლეჯებით სავსე მუყაოს ყუთებს დაატარებდნენ. „მას, ვისაც სურდა მისი ყიდვა, ყოფდა ყუთში ხელს და იღებდა ყველაზე დიდ ნაგლეჯს, რომელიც ტექსტის დიდ მონაკვეთს შეიცავდა,“ — ამბობს ჩარლზ ჰორტონი, ჩესტერ ბიტის ბიბლიოთეკის დასავლური კოლექციის გამგე.
როგორც ჰორტონი აღნიშნავს, ბიტის „ყველაზე სენსაციური აღმოჩენა“ იყო ფასდაუდებელი ბიბლიური კოდექსები, მათ შორის „ძველი და ახალი აღთქმის ყველაზე უძველესი, ცნობილი ხელნაწერების ასლები“. ვაჭრები, რომლებმაც იცოდნენ ამ კოდექსების ფასი, უფრო მეტ სარგებელს ნახავდნენ, თუ ცალკეულ ნაწილებად გაყიდიდნენ მათ. მაგრამ ბიტიმ მოახერხა ამ კოდექსების უმეტესობის ერთიანად ყიდვა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს კოდექსები? ფრედერიკ კენიონის აზრით, ეს „ყველაზე მნიშვნელოვანი“ აღმოჩენაა 1844 წელს ტიშენდორფის მიერ სინური კოდექსის პოვნის შემდეგ.
ეს კოდექსები თარიღდება ახ. წ. II—IV საუკუნეებით. ბერძნული სეპტუაგინტის ებრაულ წერილებს შორის არის წიგნის „დაბადების“ ორი ეგზემპლარი. როგორც კენიონი ამბობს, ეს განსაკუთრებით ძვირფასი წიგნებია, „რადგან ამ წიგნის [დაბადების] უმეტესი ნაწილი არ გვხვდება IV საუკუნით დათარიღებულ ვატიკანურ და სინურ კოდექსებში“, პერგამენტზე შესრულებულ ხელნაწერებში. სამი კოდექსი შეიცავს ქრისტიანულ–ბერძნული წერილების წიგნებს. ერთ–ერთ კოდექსში თითქმის მთლიანი ოთხი სახარებაა მოცემული და წიგნ „საქმეების“ უმეტესი ნაწილი. მეორე მათგანში, რომლის ზოგი გვერდი ბიტიმ მოგვიანებით შეიძინა, პავლე მოციქულის წერილების თითქმის მთლიანი ასლია, მათ შორის ებრაელებისადმი მიწერილი წერილიც. მესამე კოდექსი კი წიგნ „გამოცხადების“ დაახლოებით
ერთ მესამედს მოიცავს. როგორც კენიონი აღნიშნავს, პაპირუსზე შესრულებული ეს ხელნაწერები „კიდევ უფრო გვიძლიერებს ისედაც მტკიცე რწმენას ახალი აღთქმის ტექსტისადმი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია“.ჩესტერ ბიტის ბიბლიური პაპირუსები ცხადყოფს, რომ ქრისტიანებმა ძალიან ადრე, შესაძლოა ახ. წ. პირველი საუკუნის დასასრულამდეც კი დაიწყეს მოუხერხებელი გრაგნილების ნაცვლად კოდექსების, წიგნად აკინძული ხელნაწერების გამოყენება. ეს ხელნაწერები აგრეთვე აჩვენებს, რომ რამდენადაც გადამწერები მოკლებულნი იყვნენ საწერ მასალას, ხშირად გამოყენებული პაპირუსის ფურცლებს იყენებდნენ. მაგალითად, ერთი კოპტური ხელნაწერი, რომელიც იოანეს სახარების ნაწილს მოიცავს, შესრულებულია „როგორც ჩანს, მათემატიკისთვის განკუთვნილ სასკოლო რვეულში“.
პაპირუსის ეს ხელნაწერები სილამაზით არ გამოირჩევა, მაგრამ ისინი ძალიან ფასობს. ეს ხელნაწერები ქრისტიანობასთან დამაკავშირებელი ხილული ჯაჭვის როლს ასრულებს. „საკუთარი თვალით შეგიძლიათ იხილოთ წიგნები, — ამბობს ჩარლზ ჰორტონი, — რომელთა მსგავს წიგნებსაც პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანული დაჯგუფებები იყენებდნენ და ძალიან აფასებდნენ“ (იგავები 2:4, 5). თუ როდესმე ჩესტერ ბიტის ბიბლიოთეკაში წარმოდგენილი განძეულობის დათვალიერების შესაძლებლობა მოგეცემათ, ნამდვილად არ ინანებთ.
[სურათი 31 გვერდზე]
კაცუსიკა ხოკუსაის მიერ შესრულებული იაპონური გრავიურა.
[სურათი 31 გვერდზე]
ლათინური ბიბლია ერთ–ერთი პირველი ნაბეჭდი წიგნია.
[სურათი 31 გვერდზე]
ეფრემ ასურის მიერ ტატიანეს „დიატესარონზე“ გაკეთებული კომენტარი ბიბლიის უტყუარობაზე მოწმობს.
[სურათი 31 გვერდზე]
ჩესტერ ბიტის პაპირუსი P45, ერთ–ერთი უძველესი კოდექსი მსოფლიოში, თითქმის მთლიან ოთხ სახარებასა და წიგნ „საქმეების“ უმეტეს ნაწილს მოიცავს.
[სურათის საავტორო უფლება 29 გვერდზე]
Reproduced by kind permission of The Trustees of the Chester Beatty Library, Dublin
[სურათის საავტორო უფლება 31 გვერდზე]
All images: Reproduced by kind permission of The Trustees of the Chester Beatty Library, Dublin