არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განათლება, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიღებ

განათლება, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიღებ

ბიოგრაფია

განათლება, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიღებ

მოგვითხრო ჰაროლდ გლუიასმა

ახლაც, 70 წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგაც კი, თვალწინ მიდგას ერთი ბავშვობისდროინდელი ეპიზოდი. სამზარეულოში ვიჯექი და დავყურებდი ჩაის შეკვრას, რომელზეც დაკრული იყო იარლიყი „ცეილონის ჩაი“. იქვე აღბეჭდილი იყო რამდენიმე ქალის სურათი, რომლებიც ცეილონის (ახლა შრი-ლანკა) მწვანედ მოხასხასე პლანტაციაში ჩაის ფოთლებს კრეფდნენ. ეს პეიზაჟი, რომელიც სამხრეთ ავსტრალიაში ჩემი ხრიოკი საცხოვრებელი ადგილიდან საკმაოდ შორს იყო, გონებას ათასგვარი წარმოსახვით მივსებდა. რა თვალწარმტაცი და აღმაფრთოვანებელი უნდა ყოფილიყო ეს ქვეყანა! მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ცხოვრების 45 წელზე მეტს ამ საუცხოო კუნძულზე გავატარებდი მისიონერად.

დავიბადე 1922 წლის აპრილში. იმდროინდელი მსოფლიო საკმაოდ განსხვავდებოდა დღევანდელისგან. ჩვენს ოჯახს მარცვლეული მოჰყავდა. ცხოვრებით კი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებულ პატარა ქალაქ კიმბასთან ახლოს ვცხოვრობდით. ეს ქალაქი ავსტრალიის ცენტრალურ ნაწილში, კონტინენტის სამხრეთით მდებარე დიდ უდაბნოს ესაზღვრებოდა. იქ ცხოვრება საკმაოდ რთული იყო — გამუდმებით გვიწევდა გვალვასთან, მწერების შემოსევასა და პაპანაქება სიცხესთან გამკლავება. დედა წელებზე ფეხს იდგამდა, რათა მამისა და ექვსი შვილისთვის მოევლო სოფელში, სადაც ერთი პატარა, თუნუქისგან გაკეთებული ქოხი გვედგა.

ჩემთვის კი ეს თითქმის უკაცრიელი ადგილი თავისუფლად სანავარდო და აღმაფრთოვანებელი იყო. მახსოვს, ბავშვობაში რა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ხარების ძალამ, რომლებიც ბუჩქნარებისგან წმენდნენ მინდორს. აგრეთვე მახსოვს, სუნთქვაშეკრული როგორ ვუსმენდი გრიგალის ზუზუნს, რომელიც ირგვლივ ყველაფერს მტვრის სქელი ფენით ფარავდა. ასე რომ, განათლების მიღება იმაზე ადრე დავიწყე, ვიდრე ჩემი სახლიდან ხუთი კილომეტრით დაშორებულ პატარა სკოლაში შემიყვანდნენ — სკოლაში, რომელსაც მხოლოდ ერთი მასწავლებელი ჰყავდა.

ჩემი მშობლები მორწმუნეები იყვნენ, თუმცა ისინი არასოდეს დადიოდნენ ეკლესიაში. მიზეზი უმთავრესად ის იყო, რომ ეკლესია ჩვენი სახლიდან შორს — ქალაქში მდებარეობდა. მიუხედავად ამისა, 30-იანი წლების დასაწყისში დედამ მოსამართლე რუტერფორდის ბიბლიური ლექციების მოსმენა დაიწყო. ამ ლექციებს ყოველკვირეულად გადმოსცემდა ადელაიდას რადიოსადგური. ვფიქრობდი, რომ მოსამართლე რუტერფორდი ადელაიდელი მქადაგებელი იყო და მისი მოხსენებებისადმი ინტერესი მაინცდამაინც არ მქონდა. დედა კი ყოველკვირა მთელი გულით ელოდებოდა რადიოთი რუტერფორდის გამოსვლებს და სულგანაბული უსმენდა ბატარეებზე მომუშავე ძველ რადიოს, რომელიც ხშირად ხრიალებდა და სიტყვების გარჩევა არც ისე ადვილი იყო.

ერთხელაც, ნაშუადღევს, პაპანაქება სიცხეში მტვრიან გზაზე ძველი პიკაპი გამოჩნდა. მანქანა ჩვენს სახლთან გაჩერდა და იქიდან ორი კარგად ჩაცმული მამაკაცი გადმოვიდა. ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ. დედამ მოუსმინა მათ და ფულიც გაიღო რამდენიმე წიგნისთვის, რომელთა კითხვასაც მაშინვე შეუდგა. წაკითხულმა დედაზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მალე მამას სთხოვა, მანქანით მეზობლად მცხოვრებ ხალხთან მიეყვანა, რათა მათთვის ეს ახალი ინფორმაცია გაეზიარებინა.

დადებითი გავლენის შედეგი

ამ შემთხვევიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ თითქმის უკაცრიელი რეგიონის მძიმე პირობებმა იძულებულები გაგვხადა, საცხოვრებლად 500 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ადელაიდაში გადავსულიყავით. იქ ჩვენი ოჯახი იეჰოვას მოწმეთა კრებას დაუკავშირდა და სულიერად წინ წაიწია. ამ გადასვლით ჩემი განათლებაც დასრულდა ოფიციალურად. 13 წლის ასაკში 7 კლასი დავამთავრე. ბუნებით დამყოლი ადამიანი ვიყავი. ამიტომ ადვილი იყო, ჭეშმარიტების გზიდან გადამეხვია და სხვა მიმართულებით წავსულიყავი, მაგრამ რამდენიმე შესანიშნავმა ძმამ — პიონერებმა, ანუ სრული დროით მსახურებმა — ჩემდამი პირადი ინტერესი გამოავლინა და ამგვარად დამეხმარნენ.

გავიდა დრო და ამ გულმოდგინე ძმების გავლენით ჩემშიც გაიღვიძა სულიერისადმი ლტოლვამ. მიყვარდა მათთან ერთად ყოფნა და მომწონდა მათი შრომისმოყვარეობა. ამიტომ, როდესაც 1940 წელს ადელაიდაში გამართულ კონგრესზე გაკეთდა განცხადება, რომელიც მოწმეებს სრული დროით მსახურებისკენ მოუწოდებდა, ჩემდა გასაოცრად, სხვებთან ერთად მეც გამოვთქვი ამგვარად მსახურების სურვილი. მაშინ მონათლულიც კი არ ვიყავი და ქადაგების გამოცდილებაც საკმაოდ მწირი მქონდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის შემდეგ, მეც შემომთავაზეს, შევერთებოდი უორნამბულელ პიონერთა მცირერიცხოვან ჯგუფს. უორნამბული ადელაიდადან დაახლოებით 500 კილომეტრით იყო დაშორებული და მეზობელი ვიქტორიის შტატში მდებარეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავიდან გაბედული არ ვიყავი, მალე სამქადაგებლო საქმისადმი სიყვარული განმივითარდა; სიყვარული, რომელზეც სიხარულით შემიძლია ვთქვა, რომ წლების განმავლობაში არ გამნელებია. ფაქტობრივად, ეს იყო ას ოთხმოცი გრადუსით შემობრუნების პერიოდი; მაშინ რეალურად დავიწყე სულიერად წინ წაწევა. იმ დროს გავიგე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ ხალხთან ახლო ურთიერთობას, რომლებსაც უყვართ სულიერი. მაშინ დავინახე, როგორ შეიძლება კარგი მაგალითის გავლენით ჩვენში ყოველივე საუკეთესოს განვითარება, მიუხედავად ჩვენი განათლებისა. აგრეთვე მივხვდი, თუ როგორ შეიძლება ამგვარად ნასწავლი მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოგვადგეს.

განსაცდელებით განმტკიცებული

პიონერად მსახურება ახალი დაწყებული მქონდა, როდესაც ავსტრალიაში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აიკრძალა. ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვქცეულიყავი; ამიტომ დახმარებისთვის ძმებს მივმართე. მათ ამიხსნეს, რომ ვერავინ აგვიკრძალავდა ბიბლიის შესახებ ხალხთან საუბარს. ასე რომ, სხვა პიონერებთან ერთად კარდაკარ სიარული დავიწყე და ხალხს ბიბლიიდან უბრალო საკითხებზე ვესაუბრებოდი. ამან განმამტკიცა და იმ განსაცდელებისთვის მომამზადა, რომლებიც მალე მომელოდა.

ოთხი თვის შემდეგ 18 წელი შემისრულდა და სამხედრო სამსახურში გამიწვიეს. ამგვარად მომეცა შესაძლებლობა ჩემი რწმენა რამდენიმე სამხედრო პირისა და მოსამართლის წინაშე დამეცვა. იმ დროს თავიანთი ნეიტრალური პოზიციისთვის ადელაიდას ციხეში დაახლოებით 20 ძმა იხდიდა სასჯელს და მალე მათ რიგებს მეც შევუერთდი. საკმაოდ მძიმე სამუშაოს შესრულება გვიწევდა; გვამუშავებდნენ ქვის სამტეხლოსა და გზების შეკეთებაზე. ეს ამტანობისა და სიმტკიცის განვითარებაში დამეხმარა. კარგი ქცევისა და ჩვენი მტკიცე პოზიციის გამო ციხის მრავალი მცველის პატივისცემა მოვიპოვეთ.

რამდენიმე თვის შემდეგ გამათავისუფლეს და კვლავ შემეძლო დავმტკბარიყავი ნორმალური საჭმელებითა თუ პიონერული მსახურებით. იმ დროს პარტნიორის პოვნა არც ისე ადვილი იყო, ამიტომ მთხოვეს, მარტო მემსახურა სამხრეთ ავსტრალიის მოშორებულ ტერიტორიებზე. მეც დავთანხმდი და გემით იორკისკენ გავემგზავრე, თან მხოლოდ საქადაგოდ აუცილებელი ნივთები და ველოსიპედი წავიღე. დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ დაინტერესებულთა ოჯახმა პატარა სასტუმროში მიმიყვანა. იქ ერთმა კეთილმა ქალბატონმა საკუთარი შვილივით მიმიღო. დღის განმავლობაში ველოსიპედით დავდიოდი მტვრიან გზებზე, რათა მექადაგა პატარა ქალაქებში, რომლებიც იორკის მთელ ნახევარკუნძულზე იყო მიმოფანტული. ზოგჯერ შორ მანძილებზე მოგზაურობისას ღამის გასათევად პატარა სასტუმროებში ვჩერდებოდი. ამგვარად, ველოსიპედით ასობით კილომეტრს გავდიოდი და გზებზე ათასგვარი საინტერესო შემთხვევა გადამხდა. არასოდეს მაწუხებდა ის, რომ მსახურებაში პარტნიორის გარეშე ვიყავი; ყოველთვის ვგრძნობდი იეჰოვას მზრუნველობას და ეს მასთან კიდევ უფრო მაახლოებდა.

უღირსობის გრძნობასთან გამკლავება

1946 წელს წერილი მივიღე. მნიშნავდნენ მიმომსვლელ მსახურად — საძმოს მსახურად (ახლა ასეთ ძმებს სარაიონო ზედამხედველები ეწოდებათ). ეს იმას ნიშნავდა, რომ დანიშნულ რაიონში კრებები უნდა მომენახულებინა. უნდა ვაღიარო, რომ ამ პასუხისმგებლობის შესრულება ძალიან რთულად მიმაჩნდა. ერთხელ ყური მოვკარი ერთი ძმის სიტყვებს: „ჰაროლდი ბრწყინვალე მომხსენებელი არ არის, მაგრამ ქადაგებაში ძლიერია“. ამ სიტყვებმა ფრთები შემასხა. ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ორატორობა და ორგანიზაციული საქმეები მთლად კარგად ვერ გამომდიოდა, მაგრამ მჯეროდა, რომ ქრისტიანისთვის უმთავრესი ქადაგება იყო.

1947 წელს დიდი სიხარულით შევხვდით ბრუკლინში არსებული იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოდან ძმა ნეითან ნორისა და მილტონ ჰენშელის ჩამოსვლას. ამ მხარეში 1938 წელს ძმა რუტერფორდის სტუმრობის შემდეგ, ეს ამ ძმების პირველი ვიზიტი იყო. ამ დროს სიდნეიში დიდი კონგრესი ჩატარდა. სხვა მრავალი ახალგაზრდა პიონერის მსგავსად, მეც ვიყავი დაინტერესებული საუთ–ლანსინგში (ნიუ–იორკი, აშშ) არც ისე დიდი ხნის წინათ გახსნილი სკოლა „გალაადით“, რომელიც მისიონერებს ამზადებდა. რამდენიმე ჩვენგანს ძალიან აინტერესებდა, მოითხოვებოდა თუ არა ამ სკოლაში შესასვლელად დიდი განათლება. ძმა ნორმა კი აგვიხსნა, რომ „საგუშაგო კოშკიდან“ თუ სტატიის წაკითხვა და მთავარი აზრების დამახსოვრება შეგვეძლო, სკოლა „გალაადსაც“ კარგად გავართმევდით თავს.

ასე მეგონა, რომ ჩემი მწირი განათლების გამო ამ სკოლაში შეიძლება ვერ მოვხვედრილიყავი. ჩემდა გასაოცრად, რამდენიმე თვის შემდეგ ანკეტა მომივიდა, რომელსაც სკოლა „გალაადში“ სწავლის მსურველები ავსებდნენ. შემდეგ სკოლაშიც მიმიწვიეს და 1950 წელს მე–16 კლასის სტუდენტი გავხდი. ეს ბრწყინვალე პერიოდი იყო, რამაც საკუთარი თავისადმი რწმენა განმიმტკიცა. სკოლამ დამანახვა, რომ აკადემიური მოსწრება არ არის წარმატების უმთავრესი საწინდარი. მთავარი მოთხოვნა გულმოდგინება და მორჩილება იყო. მასწავლებლები წაგვახალისებდნენ, მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ჩვენი შესაძლებლობები. მე გავითვალისწინე მათი რჩევა და თანდათანობით წინ მივიწევდი, რის წყალობითაც სასწავლო პროგრამა საკმაოდ კარგად დავძლიე.

ხრიოკი კონტინენტიდან აყვავებულ კუნძულზე

სკოლის დამთავრების შემდეგ მე და ორი ავსტრალიელი ძმა ცეილონში (ამჟამად შრი–ლანკა) დაგვნიშნეს. 1951 წლის სექტემბერში კი მის დედაქალაქ კოლომბოში ჩავედით. იქ ჰავა ცხელი და ტენიანი იყო. სრულიად უცხო გარემოში მოვხვდით — მზერას გვიტკბობდა განსხვავებული პეიზაჟი, გვესმოდა უცხო ხმები და ჰაერი საოცარი არომატით იყო გაჟღენთილი. გემიდან როგორც კი გადმოვედით, თბილად შეგვხვდა ერთი მისიონერი, რომელიც უკვე მსახურობდა იქ. მან გადმომცა მოსაწვევი ბარათი — მომდევნო კვირას ქალაქის მოედანზე საჯარო მოხსენებაზე დასასწრებად მიწვევდნენ. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მოსაწვევ ბარათზე მომხსენებლად საკუთარი სახელი და გვარი ამოვიკითხე! ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი შიშის გრძნობა დამეუფლა. მაგრამ ავსტრალიაში პიონერად მსახურებამ მასწავლა, მიმეღო ნებისმიერი დანიშნულება. ამიტომ იეჰოვას დახმარებით საჯარო მოხსენებამ კარგად ჩაიარა. მაშინ კოლომბოს მისიონერთა სახლში ოთხი დაუქორწინებელი ძმა უკვე მსახურობდა; ჩვენ სამნიც შევუერთდით მათ რიგებს და რთული სინჰალური ენის შესწავლასა და სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობას შევუდექით. უმეტესწილად მარტო ვმსახურობდით და ძალიან გვახარებდა მოკრძალებული და სტუმართმოყვარე ადგილობრივ ხალხთან შეხვედრა. მალე კრებაზე დამსწრეთა რიცხვმა იმატა.

გავიდა დრო და სერიოზულად დავიწყე ფიქრი ერთ მიმზიდველ პიონერ დაზე, სიბილიზე, რომელსაც სკოლა „გალაადისკენ“ მიმავალი გემზე შევხვდი. ის ნიუ–იორკში საერთაშორისო კონგრესზე მიემგზავრებოდა. მოგვიანებით სიბილიც სწავლობდა სკოლა „გალაადში“ და 21–ე კლასი დაამთავრა. 1953 წელს ის მისიონერად ჰონკონგში დანიშნეს. გადავწყვიტე, წერილი მიმეწერა მისთვის. ამგვარ მიმოწერას 1955 წლამდე განვაგრძობდით. 1955 წელს კი დავქორწინდით და სიბილიმ ჩემთან ერთად განაგრძო ცეილონზე მსახურება.

ჩვენ, როგორც წყვილმა, პირველი მისიონერული დანიშნულება ჯაფნაში მივიღეთ. ეს ქალაქი შრი–ლანკის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. 50–იან წლებში სინჰალა და ტამილი ხალხები პოლიტიკურად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც შემდგომ ათწლეულებში შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. გულს სითბოთი გვივსებდა იმის დანახვა, რომ იმ რთული წლების განმავლობაში სინჰალელი და ტამილელი მოწმეები თვეობით იფარებდნენ ერთმანეთს. იმ განსაცდელებმა ძმების რწმენა დახვეწა და განამტკიცა.

შრი–ლანკაზე ქადაგება და სწავლება

ინდოელ და მუსლიმან ხალხში საცხოვრებლად მოთმინება და შეუპოვრობა იყო საჭირო. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან ვაფასებდით ამ ორ კულტურასა და მათი ხალხის შესანიშნავ თვისებებს. იქაურებისთვის უჩვეულო იყო ადგილობრივ ავტობუსებში უცხოელების დანახვა. ამიტომ ცნობისმოყვარე თვალები ხშირად მოგვაჩერდებოდნენ ხოლმე. სიბილიმ გადაწყვიტა მათთვის გაეღიმა. სასიამოვნო იყო იმის დანახვა, თუ როგორ ისახებოდა მათ ცნობისმოყვარე სახეებზე საპასუხო ღიმილი!

ერთხელ პოსტთან გავჩერდით. მას შემდეგ, რაც პოლიციელმა გვკითხა, საიდან ვიყავით და სად მივდიოდი, მისმა კითხვებმა უფრო პირადული ხასიათი მიიღო.

— ეს ქალი ვინ არის? — იკითხა მან.

— ჩემი ცოლია, — ვუპასუხ მე.

— რამდენი ხანია, რაც დაქორწინდით?

— რვა წელი.

— ბავშვები გყავთ?

— არა.

— მართლა?! ექიმთან იყავით?

მათთვის ჩვეული ეს ცნობისმოყვარეობა თავიდან ჩვენთვის უცხო იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში დავინახეთ, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამახასიათებელი თვისება სხვებისადმი გულწრფელი პირადი ინტერესის გამოვლენა იყო. ფაქტობრივად, ეს ჩვენთვის ამ ხალხისთვის დამახასიათებელი ერთ–ერთი საყვარელი თავისებურებაც გახდა. საკმარისი იყო, ვინმე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე რამდენიმე წუთით შეჩერებულიყო, რომ მასთან მივიდოდნენ და ჰკითხავდნენ: „დახმარება ხომ არ გჭირდებათ?“.

ცვლილებებთან შეგუება

შრი–ლანკაზე მისიონერული მსახურების გარდა, წლების განმავლობაში არაერთი დანიშნულება მივიღეთ. ვმსახურობდი სარაიონო და საოლქო ზედამხედველად. ვიყავი ფლიალის კომიტეტის წევრი. 1996 წლისთვის უკვე 70 წელს გადაცილებული ვიყავი და სიამოვნებით შემეძლო შრი–ლანკაზე მისიონერულ მსახურებაში გატარებული 45 წლის გახსენება. პირველად კოლომბოში კრებას რომ დავესწარი, შეხვედრაზე ოციოდე ადამიანი იყო. ეს რიცხვი გაიზარდა და ახლა ის 3 500–ს აჭარბებს! მე და სიბილი ამ საყვარელი ხალხიდან მრავალს ჩვენს სულიერ შვილებად და შვილიშვილებად მივიჩნევთ. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ბევრი რამ იყო გასაკეთებელი; მის შესრულებას უფრო ახალგაზრდული ენერგია და უნარი სჭირდებოდა, ვიდრე ჩვენი. ამიტომ სიამოვნებით მივიღეთ ხელმძღვანელი საბჭოს წინადადება და ავსტრალიაში დავბრუნდით. ამან ახალგაზრდა წყვილებს შრი–ლანკაზე ჩვენი შეცვლის საშუალება მისცა.

ახლა 83 წლის ვარ. მე და სიბილის ძალიან გვიხარია, რომ ჯანმრთელობა ხელს გვიწყობს და ჩემს მშობლიურ ადელაიდაში სპეციალურ პიონერად მსახურება შეგვიძლია. მსახურება გვეხმარება, შევინარჩუნოთ სხარტი აზროვნების უნარი და ადვილად შევეგუოთ ცვლილებებს. ის აგრეთვე გვეხმარება, შევეგუოთ ავსტრალიაში სრულიად განსხვავებულ ცხოვრების წესს.

იეჰოვა კვლავაც განაგძრობს ჩვენს მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვას. ადგილობრივი კრების ძმები და დები კი სიყვარულსა და მხარდაჭერას არ გვაკლებენ. არც ისე დიდი ხნის წინ ახალი დანიშნულება მივიღე. ჩვენს კრებაში მდივნად დამნიშნეს. ამგვარად, ვხედავ, რომ სანამ იეჰოვასთვის ერთგულად მსახურებას ვცდილობ, ჩემი განათლების საქმე კვლავაც გრძელდება. გასულ წლებს რომ ვიხსენებ, ისევ და ისევ გაოცების გრძნობა მეუფლება და ვფიქრობ — მე ხომ ერთი უბრალო, დამყოლი სოფლელი ბიჭი ვიყავი, რომელმაც ასეთი შესანიშნავი განათლებით ვისარგებლე — განათლებით, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიღებ.

[სურათი 26 გვერდზე]

ჩვენი ქორწილის დღეს, 1955 წელი.

[სურათი 27 გვერდზე]

რაჯან კადიგმართან, ადგილობრივ ძმასთან ერთად მსახურებაში, 1957 წელი.

[სურათი 28 გვერდზე]

მე და სიბილი დღეს.