არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ განადიდებს დღეს ღმერთს?

ვინ განადიდებს დღეს ღმერთს?

ვინ განადიდებს დღეს ღმერთს?

„შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება“ (გამოცხადება 4:11).

1, 2. ა) რა მაგალითები გვიქმნის ნათელ წარმოდგენას ბიონიკაზე? ბ) რა კითხვა წამოიჭრება და როგორ ვუპასუხებდით მას?

ერთხელ, 1940 წელს, შვეიცარიელმა ინჟინერმა ჯორჯ დე მესტრალმა ძაღლი სასეირნოდ წაიყვანა. სახლში დაბრუნებისას მან შენიშნა, რომ მის ტანსაცმელსა და ძაღლის ბეწვს მცენარის კაუჭიანი ეკლით შემოსილი პატარა ნაყოფები მიკრობოდა. ცნობისმოყვარეობით აღძრული ჯორჯი მიკროსკოპით დააკვირდა ამ პაწაწინა კაუჭა ჯაგრებით დაფარულ ნაყოფებს, რომლებიც ყველაფერს ეწებებოდა, რასაც კი მარყუჟი ჰქონდა. საბოლოოდ, ამ მცენარეზე დაკვირვების შედეგად ჯორჯ დე მეტრალმა გამოიგონა სინთეტიკური ეკვივალენტი — პრაქტიკული შესაკრავი, რომელიც ქსოვილს ერთმანეთზე აწებებს. ჯორჯ დე მეტრალი ერთადერთი არ იყო, რომელმაც ბუნებიდან „ისესხა“ იდეა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ძმებმა რაიტებმა მოზრდილ ფრინველთა ფრენის მექანიზმის შესწავლის საფუძველზე გამოიგონეს საფრენი აპარატი. ფრანგმა ინჟინერ-მშენებელმა ალექსანდრ გიუსტავ ეიფელმა პარიზში მისი სახელით ცნობილი კოშკის დასაპროექტებლად იგივე პრინციპები გამოიყენა, რომლებიც ბარძაყის ძვალს საშუალებას აძლევს, რომ მთელი სხეულის საყრდენი იყოს.

2 ეს მაგალითები ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ბიონიკაზე — მეცნიერებაზე, რომელიც სწავლობს ბიოლოგიურ სისტემებსა და პროცესებს, რათა ცოცხალი ბუნებიდან „ისესხოს“ იდეები და ცოცხალი ორგანიზმების ანალოგიით შექმნას ახალი მოწყობილობები. სამართლიანი იქნებოდა, თუ ვიკითხავდით: მიაგებენ სათანადო პატივს გამომგონებლები მას, ვინც შექმნა კაუჭიანი ეკლით შემოსილი პაწაწინა ნაყოფის მქონე მცენარე, დიდი ფრინველები, ადამიანის ბარძაყის ძვალი და სხვა გასაოცარი ქმნილებები, რომელთა მიხედვითაც ბევრი გამომგონებელი სხვადასხვა მექანიზმებს ქმნის? სამწუხაროდ, დღევანდელ ქვეყნიერებაში იშვიათად თუ მიაგებენ ღმერთს ისეთ პატივს, როგორსაც ნამდვილად იმსახურებს.

3, 4. რა მნიშვნელობა აქვს „დიდებად“ თარგმნილ ებრაულ სიტყვას და რას უნდა გულისხმობდეს ეს სიტყვა ღმერთთან მიმართებაში?

3 ზოგს შეიძლება დააინტერესოს: „რატომ უნდა მივაგოთ ღმერთს პატივი? ღმერთი ხომ ისედაც განდიდებულია?“ მართალია, იეჰოვა ყველაზე დიდებული პიროვნებაა სამყაროში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი თვლის მას დიდებულად. ბიბლიაში „დიდებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვის ძირითადი მნიშვნელობაა „სიმძიმე“. ის მიუთითებს ისეთ რამეზე, რაც ადამიანს სხვების თვალში მნიშვნელოვან პიროვნებად ხდის. ღმერთთან მიმართებაში გამოყენებული სიტყვა „დიდება“ გულისხმობს იმას, რაც ადამიანებს ღვთისადმი მოწიწებას უნერგავს.

4 დღეს ცოტას თუ აქვს ღვთისადმი მოწიწების გრძნობა (ფსალმუნები 9:25; 13:1). სინამდვილეში, გამოჩენილი ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არა სწამთ ღმერთი, ხშირად სხვებზეც ახდენენ გავლენას, რომ სამყაროს დიდებულ შემოქმედს უპატივცემულოდ მოეპყრონ. როგორ აკეთებენ ამას?

„მათ გამართლება არა აქვთ“

5. როგორ ხსნის ბევრი მეცნიერი გასაოცარი ქმნილებების არსებობას?

5 ბევრი მეცნიერი ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობს. მაშ როგორ ხსნიან ისინი საოცარი ქმნილებების, მათ შორის ადამიანების არსებობას? როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს სასწაულებრივი ცოცხალი არსებები ევოლუციის გზით, ბრმა შემთხვევითობის წყალობით წარმოიშვნენ. მაგალითად, ევოლუციონისტმა სტივენ ჯეი გულდმა დაწერა: «ჩვენი არსებობა იმით არის განპირობებული, რომ თევზების ერთ უჩვეულო ჯიშს ფარფლების თავისებური აგებულება ჰქონდა და შესაძლოა ეს ფარფლები ხმელეთზე არსებული ცოცხალი არსებების კიდურებად გარდაიქმნა . . .  შეიძლება ჩვენ უფრო „ამაღლებულ“ მიზეზს ვეძებთ ამის ასახსნელად, მაგრამ ასეთი მიზეზი არ არსებობს». რიჩარდ ლიკმა და როჯერ ლუინმაც მსგავსი აზრი გამოთქვეს: „ადამიანთა მოდგმის არსებობა შეიძლება ბუნების უხეში შეცდომა იყოს“. ის მეცნიერებიც კი, რომლებიც აღფრთოვანებულნი არიან ბუნების მშვენიერებითა და ცოცხალი არსებების ბიოლოგიური სტრუქტურით, არ მიაგებენ ღმერთს სათანადო პატივს.

6. რა უშლის ბევრს ხელს იმაში, რომ ღმერთს, როგორც შემოქმედს, სათანადო პატივი მიაგონ?

6 როდესაც უაღრესად განათლებული ადამიანები ევოლუციის თეორიას ფაქტებით დასაბუთებულ მოძღვრებად წარმოადგენენ, ამით იმას ამბობენ, რომ მხოლოდ გაუნათლებელთათვის არის ის მიუღებელი. როგორ რეაგირებს ბევრი ასეთ განაცხადზე? რამდენიმე წლის წინ ევოლუციის თეორიაში კარგად გათვითცნობიერებულმა კაცმა ინტერვიუ აიღო მათგან, ვინც მხარს უჭერდა ამ მოძღვრებას. მან აღნიშნა: „როგორც აღმოჩნდა, უმეტესობას მხოლოდ იმიტომ სწამს ევოლუციის თეორიის, რომ სხვების ნათქვამის თანახმად, ყველა განათლებულ ადამიანს სწამს მისი“. დიახ, როდესაც განათლებული ადამიანები გამოთქვამენ თავიანთ ათეისტურ თვალსაზრისს, სხვების აზროვნებაზე ახდენენ გავლენას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელები ღმერთს, როგორც შემოქმედს, სათანადო პატივს არ მიაგებენ (იგავები 14:15, 18).

7. რისი დანახვა შეგვიძლია ხილული ქმნილებების მეშვეობით რომაელების 1:20-ის თანახმად და რატომ?

7 დასაბუთებული ფაქტების საფუძველზე მივიდნენ მეცნიერები იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერი ევოლუციის გზით განვითარდა? არა. ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა, შემოქმედის არსებობაზე მოწმობს. მის შესახებ პავლე მოციქულმა დაწერა: „მისი უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა, ნათლად ჩანს ქვეყნიერების [კაცობრიობის] შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა, ასე რომ, მათ [ურწმუნოებს] გამართლება არა აქვთ“ (რომაელები 1:20). შემოქმედის თითების ანაბეჭდი ნათლად ჩანს მის ქმნილებებზე. ამიტომ ამბობს პავლე, რომ კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე ადამიანებს შეეძლოთ ‘შეეცნოთ’ ღმერთი მისი ხილული ქმნილებების მეშვეობით. რა მოწმობს ღვთის არსებობაზე?

8. ა) როგორ მოწმობს ცა ღვთის ძალასა და სიბრძნეზე? ბ) რა ცხადყოფს, რომ არსებობს სამყაროს შექმნის პირველმიზეზი?

8 ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ღვთის არსებობის დამადასტურებელი ფაქტია. „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას“ — ნათქვამია ფსალმუნების 18:2-ში. „ცანი“ — მზე, მთვარე და ვარსკვლავები — ღვთის ძალასა და სიბრძნეზე მოწმობს. ვარსკვლავთა აურაცხელი სიმრავლე მოწიწებას გვინერგავს. ყველა ეს ციური სხეული კოსმოსურ სივრცეში ფიზიკური კანონების შესაბამისად — ურთიერთშეწყობილად მოძრაობს (ესაია 40:26) *. ნუთუ გონივრული იქნება, ასეთი წესრიგი ბრმა შემთხვევითობას მივაწეროთ? აღსანიშნავია, რომ ბევრი მეცნიერის აზრით, სამყაროს ჰქონდა უეცარი დასაწყისი. ამის ასახსნელად ერთმა პროფესორმა დაწერა: „აზრი იმის შესახებ, რომ სამყარო ყოველთვის არსებობდა, უფრო ათეისტებისთვის ან აგნოსტიკოსებისთვისაა მისაღები. მაგრამ სამყაროს თუ ჰქონდა დასაწყისი, მაშინ უნდა არსებობდეს ამის პირველმიზეზი; განა ვინმეს შეიძლება აზრად მოუვიდეს, რომ ასეთი შედეგის მიღწევა ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეიძლებოდა?“

9. როგორ მოწმობს იეჰოვას სიბრძნეზე ცხოველთა სამყარო?

9 დედამიწაზეც ვხედავთ ღვთის არსებობის დამადასტურებელ ფაქტებს. ფსალმუნმომღერალმა გრძნობით წარმოთქვა: „რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით“ (ფსალმუნები 103:24). იეჰოვას „მონაგარი“, მათ შორის ცხოველთა სამყარო, მის სიბრძნეზე მოწმობს. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ცოცხალი არსებების ბიოლოგიური სტრუქტურა იმდენად უნიკალურია, რომ მეცნიერები ხშირად სწორედ ბუნებიდან „სესხულობენ“ იდეებს. განვიხილოთ კიდევ რამდენიმე მაგალითი. მეცნიერები იკვლევენ ირმის რქას უფრო ძლიერი კასკის გამოსაგონებლად. ისინი აკვირდებიან ბუზების ისეთ სახეობას, რომლებსაც ძლიერი სმენა აქვთ, რათა გააუმჯობესონ სასმენი აპარატები. აგრეთვე შეისწავლიან ბუს ფრთის ბუმბულებს, რათა დახვეწონ ისეთი თვითმფრინავები, რომლებსაც რადიოლოკატორები ვერ აფიქსირებს. მაგრამ, როგორ ძალისხმევასაც არ უნდა ახმარდეს ადამიანი ცოცხალი არსებების მიბაძვის გზით რაიმე ახლის გამოგონებას, ვერასდროს შეძლებს ცოცხალი ქმნილების ზუსტი ანალოგის შექმნას. ერთ წიგნში, რომელშიც ბიონიკაზეა საუბარი, აღნიშნულია: „ცოცხალი ბუნება უკვე საუკუნეების მანძილზე აკეთებს ყველაფერ აუცილებელს, რის გაკეთებასაც ადამიანები მხოლოდ ვისურვებდით; და ამავდროულად ის არ ხაპავს საწვავს, არ აბინძურებს დედამიწას და არ უქმნის საფრთხეს თავის მომავალს“ (Biomimicry—Innovation Inspired by Nature). მართლაც რა შეუდარებელი სიბრძნეა!

10. რატომ არის ალოგიკური დიდებული შემოქმედის არსებობის უარყოფა? მოიყვანეთ მაგალითი.

10 რასაც არ უნდა დააკვირდეთ — იქნება ეს ციური სხეულები თუ დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებები — ყველაფერს შემოქმედის ხელი ატყვია (იერემია 10:12). რასაკვირველია, სიხარულით უნდა შევუერთდეთ ზეციერ ქმნილებებს, რომლებიც მჭექარე ხმით ამბობენ: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“ (გამოცხადება 4:11). თუმცა ბევრი მეცნიერი შეიძლება აღტაცებას ვერ მალავს, როდესაც საკუთარი თვალით ხედავს ცოცხალი ბუნების შედევრებს, ისინი „გულის თვალებით“ ვერ ხედავენ შემოქმედს (ეფესოელები 1:18). შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი: მოიხიბლო ბუნების მშვენიერებითა და ცოცხალი არსებების ბიოლოგიური კონსტრუქციებით და ამავდროულად უარყო დიდებული შემოქმედის არსებობა, ისევე ალოგიკურია, როგორც შესანიშნავმა ნახატმა მოგიყვანოს აღტაცებაში, მაგრამ უარყო მხატვრის არსებობა, რომელმაც უბრალო ტილო შედევრად აქცია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათ, რომლებიც უარყოფენ ღვთის რწმენას, „გამართლება არა აქვთ“.

„ბრმა მეგზურები“ ბევრს გზა-კვალს ურევენ

11, 12. რა ვარაუდზეა დაფუძნებული ბედისწერის დოგმატი და რა ცხადყოფს, რომ ამით არ განდიდდება ღმერთი?

11 ბევრ მორწმუნე ადამიანს გულწრფელად სჯერა, რომ თავიანთი თაყვანისმცემლობის ფორმით ღმერთს განადიდებენ (რომაელები 10:2, 3). მაგრამ დღევანდელი რელიგიები, როგორც საზოგადოების კიდევ ერთი ნაწილი, სინამდვილეში არ აძლევენ მილიონობით ადამიანს ღვთის განდიდების საშუალებას. ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია? ვნახოთ ორი მაგალითი.

12 უპირველეს ყოვლისა, დღევანდელი რელიგიები თავიანთი ცრუ სწავლებებით ჩირქს სცხებენ იეჰოვას; მაგალითად რწმენა ბედისწერის შესახებ. ეს დოგმატი დაფუძნებულია ვარაუდზე, რომ რამდენადაც ღმერთს შეუძლია მომავლის განჭვრეტა, მან წინასწარ უნდა იცოდეს ყველაფრის შედეგი. ამგვარად, ბედისწერა ნიშნავს, რომ ღმერთმა უკვე დიდი ხნის წინათ განსაზღვრა თითოეული ადამიანის ბედი ანუ ვინ იქნება ბედნიერი და ვინ — უბედური. ასეთი თვალსაზრისის თანახმად, გამოდის, რომ დღეს არსებულ ტანჯვასა და ბოროტებაში ღმერთია დამნაშავე. რასაკვირველია, ღვთის განდიდებაზე ზედმეტია ლაპარაკი, როცა მას ისეთ რამეში ადანაშაულებენ, რაშიც სინამდვილეში მისი მთავარი მოწინააღმდეგე, სატანაა დამნაშავე; ბიბლიაში მას „ქვეყნიერების მმართველი“ ეწოდება (იოანე 14:30; 1 იოანე 5:19).

13. რატომ არის არაგონივრული ვიფიქროთ, რომ ღმერთს არ შეუძლია თავი შეიკავოს მომავლის განჭვრეტისგან? მოიყვანეთ მაგალითი.

13 ბედისწერა არაბიბლიური რწმენაა, რომელიც ცილს სწამებს ღმერთს. ეს დოგმატი ერთმანეთში ურევს იმას, რისი გაკეთება შეუძლია ღმერთს და სინამდვილეში რას აკეთებს. ბიბლიაში გასაგებად არის ნათქვამი, რომ ღმერთს შეუძლია განჭვრიტოს მომავალი მოვლენები (ესაია 46:9, 10). მაგრამ ალოგიკურია ვიფიქროთ, რომ მას არ შეუძლია, თავი შეიკავოს მომავლის განჭვრეტისგან ან, რომ ის პასუხისმგებელია ნებისმიერ შედეგზე. მაგალითად დაფიქრდით, დიდი ფიზიკური ძალის პატრონი რომ ყოფილიყავით, ნუთუ ნებისმიერი მძიმე საგნის აწევა მოგინდებოდათ, რაც გზად შეგხვდებოდათ? რასაკვირველია, არა. მსგავსად, მომავლის წინასწარ განჭვრეტის უნარი არ აიძულებს ღმერთს, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდეს, განსაზღვროს. ის თავის უნარს მაშინ იყენებს, როცა ამის საჭიროებას ხედავს *. ნათელია, რომ ცრუ სწავლებები, მათ შორის რწმენა ბედისწერის შესახებ, არ განადიდებს ღმერთს.

14. როგორ სცხებენ ჩირქს რელიგიები ღმერთს?

14 დღევანდელი რელიგიების მიმდევრები თავიანთი საქციელითაც სცხებენ ჩირქს ღმერთს. ქრისტიანებისგან მოითხოვება, რომ მიჰყვნენ იესოს სწავლებებს. იესო ასწავლიდა თავის მიმდევრებს, რომ ‘ყვარებოდათ ერთმანეთი’ და ‘არ ყოფილიყვნენ ქვეყნიერების ნაწილი’ (იოანე 15:12; 17:14—16). რისი თქმა შეიძლება ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებაზე? მიჰყვებიან ისინი იესოს სწავლებებს?

15. ა) რა წვლილი მიუძღვის სამღვდელოებას ერებს შორის კონფლიქტებში? ბ) როგორ მოქმედებს სამღვდელოების საქციელი მილიონობით ადამიანზე?

15 დავფიქრდეთ, რა წვლილი მიუძღვის კონფლიქტებში სამღვდელოებას. ისინი მხარს უჭერდნენ და სათავეშიც კი ედგნენ ერებს შორის ომებს და თვალს ხუჭავდნენ სისხლისღვრაზე. ისინი ლოცავდნენ ჯარებს და ამართლებდნენ ადამიანთა ხოცვა-ჟლეტას. იბადება კითხვა: „ნუთუ არასდროს მოსდიოდათ აზრად სამღვდელოების წარმომადგენლებს, რომ მოწინააღმდეგე მხარის სამღვდელოებაც იმავეს აკეთებდა?“ (იხილეთ ჩარჩო „ვის მხარეზეა ღმერთი?“). სამღვდელოება არ განადიდებს ღმერთს, როცა აცხადებს, რომ ღმერთი მხარს უჭერს მათ სისხლისმღვრელ ომებში. ისინი იმითაც სცხებენ ჩირქს მას, როცა ამტკიცებენ, რომ ბიბლიური ნორმები მოძველებულია და აგრეთვე იმითაც, რომ ამართლებენ ნებისმიერ სექსუალურ უზნეობას. დღევანდელი სამღვდელოების წარმომადგენლები მართლაც ძველი დროის რელიგიურ წინამძღვრებს მოგვაგონებენ, რომლებსაც იესო ქრისტე „უკანონობის მოქმედთ“ და „ბრმა მეგზურებს“ უწოდებდა (მათე 7:15—23; 15:14). სამღვდელოების საქციელის გამო მილიონობით ადამიანს უქრება ღვთის მიმართ სიყვარული (მათე 24:12).

ვინ განადიდებს სინამდვილეში ღმერთს?

16. რატომ უნდა მივმართოთ ბიბლიას იმისათვის, რომ გავიგოთ, ვინ განადიდებს სინამდვილეში ღმერთს?

16 თუ ქვეყნიებაში გამოჩენილი და გავლენიანი ადამიანები არ განადიდებენ ღმერთს, მაშ ვინ აკეთებს ამას სინამდვილეში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად უნდა მივმართოთ ბიბლიას. ლოგიკურია, რომ ღმერთს აქვს იმის უფლება, თავად გადაწყვიტოს, როგორ უნდა განადიდონ იგი და ამასთან დაკავშირებით მისი ნორმები მოცემულია მის სიტყვაში, ბიბლიაში (ესაია 42:8). დავფიქრდეთ, რა სამი საშუალებით შეგვიძლია ღვთის განდიდება და თითოეულის განხილვისას დავუფიქრდეთ, სინამდვილეში ვინ განადიდებს ღმერთს.

17. როგორ ცხადყო იეჰოვამ, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისი სახელის განდიდება და ვინ ასხამს დღეს ხოტბას ღვთის სახელს მთელ დედამიწაზე?

17 უპირველეს ყოვლისა ღვთის განდიდება შეგვიძლია მისი სახელისთვის ხოტბის შესხმით. ეს რომ იეჰოვას ნებაა, იესოს მიმართ ნათქვამი სიტყვებიდან ჩანს. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იესო ლოცულობდა: „მამა, განადიდე შენი სახელი“. ამ სიტყვების შემდეგ მოისმა ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“ (იოანე 12:28). უეჭველია, რომ ეს სიტყვები თავად იეჰოვამ წარმოთქვა. ღვთის პასუხიდან ჩანს, რომ ის ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს თავისი სახელის განდიდებას. მაშ ვინ განადიდებს დღეს იეჰოვას და ვინ ხდის მის სახელს ცნობილს მთელი დედამიწის ზურგზე? იეჰოვას მოწმეები, რომლებიც 235 ქვეყანაში განადიდებენ ღმერთს (ფსალმუნები 85:11, 12).

18. როგორ შეგვიძლია ამოვიცნოთ ისინი, ვინც თაყვანს სცემენ ღმერთს „ჭეშმარიტებით“, და ადამიანთა რომელი ჯგუფი ასწავლის ხალხს ბიბლიურ ჭეშმარიტებას საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში?

18 მეორე საშუალება, რითაც ღმერთს განვადიდებთ, ეს არის სხვებისთვის ღვთის შესახებ ჭეშმარიტების სწავლება. იესომ თქვა, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები „ჭეშმარიტებით . .  სცემდნენ თაყვანს [ღმერთს]“ (იოანე 4:24). როგორ შეგვიძლია ამოვიცნოთ ისინი, ვინც ღმერთს „ჭეშმარიტებით“ სცემენ თაყვანს? ასეთმა ადამიანებმა უნდა უკუაგდონ ისეთი მოძღვრებები, რომლებიც არ არის ბიბლიაზე დაფუძნებული და გვიმახინჯებს ღმერთსა და მის ნებაზე წარმოდგენას. ნაცვლად ამისა, მათ სხვებს უნდა ასწავლონ წმინდა ბიბლიური ჭეშმარიტება, მათ შორის ის, რომ იეჰოვაა უზენაესი ღმერთი და მხოლოდ ის იმსახურებს განდიდებას (ფსალმუნები 82:19); იესო იეჰოვას ძე და ღვთის მესიანური სამეფოს დანიშნული მმართველია (1 კორინთელები 15:27, 28); ღვთის სამეფო განწმენდს იეჰოვას სახელს და განახორციელებს დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებულ ღვთის განზრახვას (მათე 6:9, 10); სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა უნდა იყოს ნაქადაგები მთელ დედამიწაზე (მათე 24:14). ერთ საუკუნეზე მეტია, რაც ადამიანთა მხოლოდ ერთი ჯგუფი — იეჰოვას მოწმეები — ასწავლის ერთგულად ხალხს ამ ძვირფასს ჭეშმარიტებას.

19, 20. ა) რატომ შეიძლება ქრისტიანთა სამაგალითო საქციელმა განადიდოს ღმერთი? ბ) რა კითხვები დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ ვინ განადიდებს დღეს ღმერთს სამაგალითო საქციელით?

19 მესამე საშუალება, რითაც შეგვიძლია განვადიდოთ ღმერთი, ეს არის ღვთის სამართლიანი ნორმების თანახმად ცხოვრება. პავლე მოციქულმა დაწერა: „კვლავაც კარგად მოიქეცით ქვეყნიერებაში, რათა, რაშიც გძრახავენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კარგი საქმეები და განადიდონ ღმერთი შემოწმების დღეს“ (1 პეტრე 2:12). ქრისტიანის საქციელი მის რწმენაზე მეტყველებს. როდესაც გარშემომყოფნი ხედავენ, რომ ქრისტიანის კარგი საქციელი მისი რწმენის ნაყოფია — ამას დიდება მოაქვს ღვთისთვის.

20 ვინ განადიდებს დღეს ღმერთს თავისი კარგი საქციელით? მოდი დავფიქრდეთ, რომელ რელიგიას აქებს მთავრობის ბევრი წარმომადგენელი იმის გამო, რომ მისი წევრები მშვიდობიანი, კანონის მორჩილი მოქალაქეები არიან და პატიოსნად იხდიან გადასახადებს? (რომაელები 13:1, 3, 6, 7). ვინ ცხოვრობს დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთობაში — ერთიანობაში, რომელიც რასობრივ, ნაციონალურ და ეთნიკურ სხვაობებს აბათილებს? (ფსალმუნები 132:1; საქმეები 10:34, 35). რომელი ჯგუფი ეწევა ორგანიზებული სახით ბიბლიის მსოფლიო საგანმანათლებლო საქმიანობას, რაც ადამიანებს აღძრავს, დააფასონ კანონი, ოჯახი და ბიბლიაში მოცემული ზნეობრივი ნორმები? მხოლოდ ერთი ჯგუფი არის ამ და სხვა სფეროებში სამაგალითო და ამაზე მათი საქმეები მოწმობს. ესენი არიან იეჰოვას მოწმეები.

თქვენ განადიდებთ ღმერთს?

21. რატომ უნდა დავფიქრდეთ თითოეული ჩვენგანი, პირადად განვადიდებთ თუ არა იეჰოვას?

21 კარგი იქნება, თუ თითოეული ჩვენგანი შევეკითხებით საკუთარ თავს: „პირადად მე განვადიდებ იეჰოვას?“ 148-ე ფსალმუნის თანახმად, ცოცხალ ქმნილებათა უმეტესობა დიდებას მიაგებს ღმერთს. ანგელოზები, ზეცა, დედამიწა და ცხოველთა სამყარო იეჰოვას განადიდებს (1—10 მუხლები). რა სამწუხაროა, რომ დღეს ადამიანთა უმრავლესობა არ აკეთებს ამას! თუ თქვენი ცხოვრების წესით დიდებას მიაგებთ ღმერთს, დანარჩენ ქმნილებებთან ერთად ერთხმად განადიდებთ იეჰოვას (11—13 მუხლები). ეს არის ცხოვრების საუკეთესო გზა.

22. რა კურთხევებს მიიღებთ იეჰოვას განდიდებით და რა გადაწყვეტილების მიღება გმართებთ?

22 იეჰოვას განდიდების შედეგად უამრავ კურთხევებს მიიღებთ. ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლისადმი რწმენის გამოვლენით შეურიგდებით ღმერთს და ძალიან თბილი და აზრით აღსავსე ურთიერთობა გექნებათ თქვენს ზეციერ მამასთან (რომაელები 5:10). როდესაც ეძებთ ღვთის განდიდების მიზეზებს, უფრო მეტად იმუხტებით დადებითად და გული მადლიერებით გევსებათ (იერემია 31:12). ამის შედეგად თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, დაეხმაროთ სხვებს, იცხოვრონ ბედნიერად და აზრიანად. და ამგვარად უფრო მეტი ბედნიერება ჰპოვოთ (საქმეები 20:35). დაე იყავით მათ შორის, რომლებსაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, განადიდონ ღმერთი ახლაც და სამუდამოდ!

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 იხილეთ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“ მე-5 და მე-17 თავები, სადაც დაწვრილებით განიხილება, თუ როგორ მოწმობს ცა ღვთის ძალასა და სიბრძნეზე (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

^ აბზ. 13 იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი 1, გვერდი 853, (ინგლ.) და 1998 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 3—8 (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

როგორ უპასუხებდით?

• რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ მეცნიერთა უმეტესობა არ აძლევს ადამიანებს ღვთის განდიდების საშუალებას?

• რა ორი საშუალებით უშლიან ხელს დღევანდელი რელიგიები ადამიანებს ღვთის განდიდებაში?

• როგორ შეგვიძლია ღვთის განდიდება?

• რატომ უნდა დაფიქრდეთ, პირადად განადიდებთ თუ არა იეჰოვას?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 10 გვერდზე]

„ვის მხარეზეა ღმერთი?“

ერთი მამაკაცი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის სამხედრო–საჰაერო ძალების შემადგენლობაში მსახურობდა, მოგვიანებით კი იეჰოვას მოწმე გახდა, იხსენებს:

«შინაგანად მაფორიაქებდა, როდესაც ომის წლებში . .  ქრისტიანული სამყაროს თითქმის ყველა რელიგიური მიმდინარეობის — კათოლიკური, ლუთერანული, ანგლიკანური თუ სხვა ეკლესიების — სამღვდელოების წარმომადგენლები აკურთხებდნენ სამხედრო საჰაერო ხომალდებსა და მათ ეკიპაჟს, სანამ საბრძოლო დავალების შესასრულებლად გაემართებოდნენ და გამანადგურებელ ჭურვებს ჩამოაგდებდნენ. ხშირად ვფიქრობდი, ვის მხარეზე იყო ღმერთი.

გერმანელ ჯარისკაცებს ქამრის ბალთაზე ასეთი წარწერა ჰქონდათ: „ღმერთი ჩვენთან არის“. მაგრამ ყოველთვის მიკვირდა, ნუთუ ღმერთი არ იყო მოწინააღმდეგეთა მხარეზეც, რომლებიც იმავე რელიგიას მიეკუთვნებოდნენ და იმავე ღმერთს მიმართავდნენ ლოცვით?!»

[სურათი 10 გვერდზე]

ღმერთს სინამდვილეში იეჰოვას მოწმეები განადიდებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.