მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
რას გულისხმობდა მოციქული იოანე „სრულყოფილ სიყვარულში“ და რა „შიშის“ განდევნაზე საუბრობდა, როდესაც წერდა: „სრულყოფილი სიყვარული დევნის შიშს“?
„სიყვარულში არ არის შიში; — წერდა მოციქული იოანე, — სრულყოფილი სიყვარული დევნის შიშს, რადგან შიში შემბოჭველია; მშიშარა ვერ აღწევს სრულყოფილებას სიყვარულში“ (1 იოანე 4:18).
კონტექსტი ცხადყოფს, რომ იოანე საუბრობს თამამად ლაპარაკზე, კერძოდ კი იმაზე, თუ რა კავშირშია ერთმანეთთან ღვთის სიყვარული და ღმერთთან თამამად ლაპარაკი. ეს ჩანს მე-17 მუხლიდან: „ამგვარად, სიყვარულმა სრულყოფილებას მიაღწია ჩვენში, რათა სასამართლოს დღეს შევძლოთ თამამად ლაპარაკი“. ის ფაქტი, თუ რამდენად უყვარს ქრისტიანს ღმერთი და თავად რამდენად გრძნობს ღვთის სიყვარულს — ან პირიქით — უშუალო გავლენას ახდენს ლოცვისას ღმერთთან თამამად ლაპარაკზე.
გამოთქმაში „სრულყოფილი სიყვარული“ მნიშვნელოვანი აზრია ჩადებული. ბიბლიაში სიტყვა „სრულყოფილი“ ყოველთვის არ ნიშნავს სრულყოფილებას ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და მასში ყოველთვის არ იგულისხმება რაღაც უმაღლეს დონემდე აყვანილი, არამედ ის ხშირად ფარდობითი მნიშვნელობით გამოიყენება. მაგალითად, მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“. იესოს აქ თავისი მიმდევრებისთვის უბრალოდ იმის თქმა სურდა, რომ მხოლოდ თავიანთი მოყვარულები თუ ეყვარებოდათ, მათი სიყვარული არასრული, არასაკმარისი, ნაკლოვანი იქნებოდა. ისინი სრულყოფილები უნდა ყოფილიყვნენ, ანუ სიყვარული სრულად უნდა გამოევლინათ იმით, რომ ყვარებოდათ თავიანთი მტრებიც კი. მსგავსად ამისა, როდესაც იოანე „სრულყოფილი სიყვარულის“ შესახებ წერდა, ის საუბრობდა მთელი გულით, სრული ერთგულებით ღვთის ისე შეყვარებაზე, რომ ეს ქრისტიანის ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე ყოფილიყო ასახული (მათე 5:46—48; 19:20, 21).
ქრისტიანს ლოცვისას კარგად ესმის, რომ ცოდვილი და არასრულყოფილია. მაგრამ, თუ ღმერთი მთელი გულით უყვარს და ღვთის სიყვარულსაც სრულად გრძნობს, ის არ არის იმის შიშით შეპყრობილი, რომ ღმერთი განსჯის ან არ მოუსმენს. პირიქით, ის ღვთის წინაშე თამამად ცლის თავის გულს და მიტევებას სთხოვს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე, რომელიც ღმერთმა იესო ქრისტეს მეშვეობით სიყვარულით გაიღო. ასეთ ადამიანს სწამს, რომ მის ლოცვას ღმერთი შეისმენს.
როგორ შეუძლია ვინმეს მიაღწიოს „სრულყოფილებას სიყვარულში“ და ამგვარად ‘განდევნოს’ იმის შიში, რომ ღმერთი განსჯის ან არ მოუსმენს? „ვინც მის [ღვთის] სიტყვას იცავს, ჭეშმარიტად, ღვთის სიყვარულმა სრულყოფილებას მიაღწია მასში“, — თქვა იოანე მოციქულმა (1 იოანე 2:5). მოდი ვიმსჯელოთ: თუ ღმერთმა ჯერ კიდევ მაშინ შეგვიყვარა, როდესაც ცოდვილები ვიყავით, განა უფრო მეტად არ ვეყვარებით მაშინ, როდესაც გულწრფელად ვინანიებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ ‘მისი სიტყვის დაცვას’? (რომაელები 5:8; 1 იოანე 4:10). ცხადია, სანამ ერთგულებას ვინარჩუნებთ, შეგვიძლია მოციქულ პავლესავით ვიყოთ დარწმუნებულები. ის ღვთის შესახებ წერდა: „ის, ვინც საკუთარი ძე გაიმეტა და ყველა ჩვენგანისთვის შესწირა, განა მასთან ერთად სხვა ყველაფერსაც არ გვიბოძებს?“ (რომაელები 8:32).