არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ელოდებით იეჰოვას?

როგორ ელოდებით იეჰოვას?

როგორ ელოდებით იეჰოვას?

დღევანდელ წუთისოფელში არცთუ ისე ბევრს უყვარს ვინმეს ან რამეს ლოდინი. ის, ჩვეულებრივ, ადამიანის მოთმინებას სცდის. მაგრამ საღვთო წერილი ღვთის ხალხს მოუწოდებს, განივითარონ ლოდინის უნარი. წინასწარმეტყველი მიქა, მის ირგვლივ მყოფი ხალხისგან განსხვავებით, ამბობდა: «მე კი უფალს შევცქერი [„ველოდები“, აქ], ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს» (მიქა 7:7; იერემიას გოდება 3:26).

რას ნიშნავს, ელოდოთ იეჰოვას? როგორ უნდა ელოდოს ქრისტიანი ღმერთს? დასაშვებია თუ არა, მართებულად ან უმართებულოდ ვაკეთებდეთ ამას? ვნახოთ, რას გვასწავლის ამ საკითხთან დაკავშირებით ძვ. წ. IX საუკუნეში მცხოვრები წინასწარმეტყველის, იონას, შემთხვევა.

უმართებულოდ ლოდინის მაგალითი

იეჰოვა ღმერთმა იონა ნინევეში, ასურეთის იმპერიის დედაქალაქში, გაგზავნა საქადაგოდ. ნინევე საშინელი სისასტიკით გამორჩეული „სისხლიანი ქალაქი“ იყო, რასაც ისტორიკოსებიცა და არქეოლოგებიც ადასტურებენ (ნაუმი 3:1). თავიდან იონა ცდილობდა, აერიდებინა ამ დავალების შესრულება, მაგრამ იეჰოვამ ისე გააკეთა, რომ ბოლოს წინასწარმეტყველი მაინც წავიდა ნინევეში (იონა 1:3—3:2).

«იარა იონამ ერთ დღეს ქალაქში, ქადაგებდა და ამბობდა: „კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე“» (იონა 3:4). იონას მცდელობამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო: „იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ“ (იონა 3:5). შესაბამისად, იეჰოვა ღმერთმა, რომელსაც „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“, არ გაანადგურა ქალაქი (2 პეტრე 3:9).

როგორი იყო ამაზე იონას რეაქცია? ბიბლიაში ნათქვამია: „ძალზე განაწყენდა და გამწარდა იონა“ (იონა 4:1). რატომ? ის, ალბათ, ფიქრობდა, რომ დანიშნული თარიღისთვის მის მიერ გამოცხადებული განადგურების შეუსრულებლობა მისი, როგორც წინასწარმეტყველის, ავტორიტეტს შელახავდა. როგორც ჩანს, იონას საკუთარი რეპუტაცია უფრო აღელვებდა, ვიდრე სხვების შეწყალება და ხსნა.

ცხადია, იონა იქამდე არ მისულა, რომ წინასწარმეტყველობაზე უარი ეთქვა. და მაინც, ის „დაელოდა, რა მოუვიდოდა ქალაქს“. დიახ, მის გულში გარკვეულმა გულგრილობამ მოიკიდა ფეხი. ამიტომ შეწყვიტა მსახურება და ელოდა, რა მოხდებოდა. როდესაც დაინახა, რომ მისი მოლოდინი არ გამართლდა, ფარდული გაიკეთა, ჩრდილში დაჯდა და განაწყენებული ელოდა მოვლენათა განვითარებას. იეჰოვამ არ მოიწონა იონას განწყობა. ამიტომ, შეცდომაში შესულ წინასწარმეტყველს სიყვარულით შეუსწორა აზროვნება (იონა 4:5, 9—11).

რატომ ავლენს მოთმინებას იეჰოვა?

ნინეველებმა თავიდან კი მოინანიეს და გადარჩნენ, მაგრამ მოგვიანებით მაინც თავიანთ ბოროტ გზებს დაუბრუნდნენ. ნაუმ და სოფონია წინასწარმეტყველების მეშვეობით იეჰოვამ მისი განადგურება იწინასწარმეტყველა. „სისხლიან ქალაქზე“ ლაპარაკისას იეჰოვამ განაცხადა, რომ გაანადგურებდა ასურეთს (აშურს) და ნინევეს გაატიალებდა (ნაუმი 3:1; სოფონია 2:13). ძვ. წ. 632 წელს ნინევე განადგურდა და მას შემდეგ ის არასოდეს აღუდგენიათ.

მსგავსი სახით, დღეს მსოფლიოში ბევრად უფრო მეტად იღვრება სისხლი, ვიდრე ძველ ნინევეში. ამ და სხვა მიზეზების გამო, იეჰოვამ განაცხადა, რომ დღევანდელი ბოროტი სისტემა უპრეცედენტო „დიდ გასაჭირში“ განადგურდება (მათე 24:21, 22).

მიუხედავად ამისა, იეჰოვა ჯერ არ ანადგურებს ამ წუთისოფელს, რათა ნინევეში მცხოვრებ მომნანიებელთა მსგავსად, გულწრფელმა ადამიანებმა დღესაც შეძლონ მონანიება და გადარჩენა. პეტრე მოციქული ღვთის მოთმინებაზე ამგვარად მიუთითებს: „იეჰოვა არ აყოვნებს დანაპირების შესრულებას, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ მომთმენია თქვენ მიმართ, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტრე 3:9, 10, 13).

ლოდინი სათანადო სახით

პეტრე განაგრძობს: „თუ ყველაფერი ასე დაიშლება, მაშ, როგორები უნდა იყოთ წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში თქვენ, ვინც ელით და ყოველთვის გახსოვთ ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე“ (2 პეტრე 3:11, 12). ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ იეჰოვას დღის მოლოდინში ჩვენ ‘წმინდა საქციელი და ღვთისადმი ერთგულება’ უნდა გამოვავლინოთ ანუ საჭიროა მოქმედება და არა უმოქმედობა.

დიახ, მართებულად ლოდინით ცხადვყოფთ ჩვენს აბსოლუტურ დაჯერებულობას იმაში, რომ იეჰოვას დღეს ზუსტად იმ დროს დადგება, როდესაც თავად იეჰოვას აქვს განზრახული. ასეთი რწმენა წარმოშობს წმინდა საქციელსა და ღვთის მოსაწონ საქმეებს, რომელთა შორის სასიხარულო ცნობის ქადაგება უმთავრესია. იესომ ქადაგების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. მან ცხებული მიმდევრები დაარიგა: „წელზე სარტყელი გქონდეთ შემორტყმული, ლამპრები კი — ანთებული. მათი მსგავსნი იყავით, რომლებიც თავიანთი ბატონის ქორწილიდან დაბრუნებას ელიან, რომ როგორც კი მოვა და დააკაკუნებს, მაშინვე გაუღონ. ბედნიერები არიან მონები, რომლებსაც ფხიზლებს ნახავს დაბრუნებული ბატონი!“ (ლუკა 12:35—37).

პირველ საუკუნეში მონები ტანსაცმლის ბოლოებს იკეცავდნენ და ქამარში ჩაიტანდნენ ხოლმე; ამგვარად ისინი ‘წელზე სარტყელშემორტყმულნი’ იყვნენ, რათა ფიზიკური საქმის კეთება გაადვილებოდათ. ასე რომ, ქრისტიანი ენერგიულად, გულმოდგინედ უნდა აკეთებდეს კარგ საქმეებს. მან უნდა სძლიოს სულიერ საქმეებში ‘ზოზინისკენ’ მიდრეკილებას ანუ ენერგია სიამოვნებისა თუ მატერიალური ქონების ძიებას კი არ უნდა მოახმაროს, არამედ იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის მოლოდინში ‘ბევრი იშრომოს უფლის საქმეში’ (რომაელები 12:11; 1 კორინთელები 15:58).

ლოდინის პერიოდში აქტიურად მოქმედება

ჭეშმარიტი ქრისტიანები იეჰოვას დღის მოლოდინში აქტიურად მოქმედებენ. მაგალითად, 2003 სამსახურებრივ წელს ისინი ყოველდღე საშუალოდ 3 383 000 საათს ქადაგებდნენ იეჰოვას სიტყვას. ამდენი რომ ერთ მოწმეს ექადაგა, მას 386 წლის განმავლობაში შეუჩერებლივ ქადაგება დასჭირდებოდა!

და მაინც, კარგი იქნებოდა საკუთარი თავისთვის დაგვესვა კითხვა: „პირადად მე როგორი მოლოდინის გრძნობა მაქვს?“ იესომ მოყვა იგავი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ერთგული ცხებული ქრისტიანებისგან მოელოდნენ, საქმით ყოფილიყვნენ დაკავებულები. მან ილაპარაკა სამ მონაზე: „ერთს [ბატონმა] ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს — ორი და მესამეს — ერთი, თითოეულს თავისი უნარისდა მიხედვით, და წავიდა. ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ფული ბრუნვაში გაუშვა და კიდევ ხუთი მოიგო; ორის მიმღებმაც კიდევ ორი მოიგო; ის კი, რომელმაც მხოლოდ ერთი მიიღო, წავიდა, მიწა ამოთხარა და დამალა თავისი ბატონის ვერცხლის ფული. კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიშსწორებას შეუდგა“ (მათე 25:15—19).

სამივე მონა ელოდა ბატონის დაბრუნებას. ორ მონას, რომლებიც ბატონის მოლოდინში საქმით იყვნენ დაკავებულნი, უთხრეს: „ყოჩაღ, კარგი და ერთგული მონა ხარ!“. იმ მონას კი, რომელიც ლოდინის დროს არაფერს აკეთებდა, სხვაგვარად მოეპყრნენ. ბატონმა ბრძანა: „გადააგდეთ ეს არაფრის მაქნისი მონა გარეთ, სიბნელეში“ (მათე 25:20—30).

ეს იგავი ცხებულ ქრისტიანებს ეხება, მაგრამ მასში კარგი გაკვეთილია მოცემული ყველასთვის, იმისდა მიუხედავად, ზეცაში ცხოვრების იმედი აქვთ თუ დედამიწაზე. ბატონი, იესო ქრისტე, თითოეული ჩვენგანისგან მოელის, რომ იეჰოვას დიდ დღეს მის მოსვლამდე გულმოდგინედ ვიმსახურებთ. ის აფასებს თითოეული ჩვენგანის შრომას, რომელსაც ჩვენი მდგომარეობისა და ‘უნარისდა მიხედვით’ ვეწევით. რა სასიამოვნო იქნება, როდესაც ლოდინის დრო ამოიწურება და ბატონი გვეტყვის: „ყოჩაღ!“

ჩვენი უფლის მოთმინება ხსნას ნიშნავს

რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ეს სისტემა იმაზე მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე ჩვენ მოველოდით? ეს უმიზეზოდ არ ხდება. მოციქულმა პეტრემ დაწერა: „უფლის მოთმინება კი ხსნად მიიჩნიეთ“ (2 პეტრე 3:15). ღვთის განზრახვის შესახებ ზუსტი შემეცნება და თავმდაბლად იმის აღიარება, რომ ჩვენით არ განისაზღვრება ყველაფერი, შეგვაძლებინებს მოთმინებით ავიტანოთ ეს ძველი სისტემა იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც იეჰოვა მიიჩნევს ამას საჭიროდ.

ქრისტიანები მოთმინების გამოვლენისკენ რომ წაეხალისებინა, ბიბლიის ერთ–ერთმა დამწერმა იაკობმა თვალსაჩინო მაგალითი მოიყვანა. მან დაწერა: „აი, ელოდება მიწათმოქმედი ძვირფას ნაყოფს და მოთმინებით ელის საადრეო და საგვიანო წვიმას. თქვენც მოითმინეთ, განიმტკიცეთ გულები, რადგან მოახლოვდა უფლის მოსვლის დრო“ (იაკობი 5:7, 8).

იეჰოვა ღმერთს არ სურს, რომ მოლოდინის პერიოდში ძალა გამოგვეცალოს და ლოდინი შევწყვიტოთ. მას ჩვენთვის სამუშაო აქვს და სიამოვნებს, როდესაც ლოდინის პერიოდს ამ საქმის გულმოდგინედ შესასრულებლად ვიყენებთ. იეჰოვას სურს, მათ შორის ვიყოთ, ვისაც მოციქული პავლე ებრალებისთვის მიწერილ თავის წერილში მოიხსენიებს: „გვსურს, რომ თითოეული თქვენგანი ამავე მონდომებას იჩენდეს, რათა აღსასრულამდე სრულად იყოს დარწმუნებული იმედში, რომ არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, რომლებიც რწმენითა და მოთმინებით იმკვიდრებენ ყველა დანაპირებს“ (ებრაელები 6:11, 12).

ასე რომ, ნუ მოვიქანცებით! ნაცვლად ამისა, ჩვენს ცხოვრებაში ძალის მომცემი იყოს იეჰოვა ღმერთთან პირადი ურთიერთობა, იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენა და ახალი სისტემის ნათელი მომავალი. იესოს მიერ იგავში მოყვანილი „კარგი და ერთგული“ მონის მსგავსად, დაე ჩვენი ღმერთის განდიდებით ქებისა და ჯილდოს მიღების ღირსნი ვიყოთ და მივბაძოთ ფსალმუნმომღერალს, რომელმაც თქვა: „მე მსურს მარად მოველოდე და ვამრავლებდე შენს დიდებას“ (ფსალმუნები 70:14).

[სურათი 21 გვერდზე]

განაწყენებული იონა ელოდა, თუ რა მოუვიდოდა ნინევეს.

[სურათები 22, 23 გვერდებზე]

მოდი იეჰოვას დღის მოლოდინში ღვთისადმი ერთგულება გამოვავლინოთ.